განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 28.04.2016
საქმის ნომერი
81აგ.-2014
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
28.04.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №81აგ-14 28 აპრილი, 2016 წელი

ძ-ე გ. 81აგ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ძ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით გ. ძ-ე, – დაბადებული 19… წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 273-ე მუხლითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მიესაჯა 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა, კერძოდ:

გ. ძ-ე (საპროცესო შეთანხმებით) ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 3000 ლარი. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები; სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ჯარიმა 2000 ლარი; სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. ძ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გ. ძ-ის მიმართ 2012 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 9 თვე. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ძ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები. გ. ძ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2013 წლის 12 მაისიდან.

3. მსჯავრდებულმა გ. ძ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა შემდეგი საფუძვლით: მას გადასასინჯი განაჩენით სსკ-ის 260-ე და 273-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან ერთად მსჯავრი დაედო ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის. საქართველოს სსკ-ის აღნიშნულ მუხლში 2013 წლის 11 დეკემბერს შესული ცვლილებით ქმედება, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აღარ წარმოადგენს დანაშაულს, რის გამოც ის უნდა გამართლდეს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და, შესაბამისად, უნდა მოეხსნას ამ დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი ჯარიმა - 2000 ლარი.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 ივლისის განაჩენით გ. ძ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ცვლილება შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენში, კერძოდ: გ. ძ-ე სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლდა სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 2000 ლარი ჯარიმის მოხდისაგან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. მსჯავრდებულმა გ. ძ-ემ საკასაციო საჩივრით ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა რეალურად და არა-ფორმალურად, კერძოდ: უდანაშაულოდ ცნობა სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და ამავე დანაშაულისათვის გადახდილი ჯარიმის - 2000 ლარის დაბრუნება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ გ. ძ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და წარდგინებით მიემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს:

ა) საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელიც უგულებელყოფს სასამართლოს შესაძლებლობას, გაამართლოს პირი, რომლის მიერ ჩადენილი ქმედებაც განაჩენის გამოტანის დროს დანაშაულს აღარ წარმოადგენს.

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის N 3/1/633,634 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ N633 და N634 კონსტიტუციურ წარდგინებებში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ გ. ძ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ძ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქმის მასალების მიხედვით, გ. ძ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებაში (ასევე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით).

3. 2013 წლის 11 დეკემბრის კანონით, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 8 იანვარს, შეიცვალა საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დისპოზიციის ნაწილი იმ მიმართებით, რომ ამ დანაშულის შემადგენლობას იძლევა ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული ან ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რა დროსაც მნიშვნელობა არა აქვს წარსულში ნასამართლობას.

4. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 ივლისის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება: გ. ძ-ე, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლდა სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 2000 ლარი ჯარიმის მოხდისაგან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის N 3/1/633,634 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ N633 და N634 კონსტიტუციურ წარდგინებებში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით პირის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით. აღნიშნული სამართლებრივი რეგულაცია კი უგულებელყოფდა სასამართლოს შესაძლებლობას, შეეწყვიტა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლის მიერ ჩადენილი ქმედებაც განაჩენის გამოტანის დროს დანაშაულს აღარ წარმოადგენდა.

6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მითითებულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, თუმცა, ვინაიდან აღნიშნული ქმედება ჩადენის დროს დანაშაულად ითვლებოდა და ახალი კანონით მოხდა მისი დეკრიმინალიზება, აღნიშნულ სამართლებრივ საკითხს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ აწესრიგებს, რაც წარმოადგენს ხარვეზს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის გათვალისწინებით, დასაშვებია გამოყენებულ იქნეს კანონის ანალოგია, კერძოდ, სსსკ-ის 105-ე მუხლი და შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ.

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ცვლილება უნდა შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 ივლისის განაჩენში შემდეგი მიმართებით: მსჯავრდებულ გ. ძ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში.

8. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკისრებული და გადახდილი ჯარიმის - 2000 ლარის დაბრუნების თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით მოცემული მუხლით დანიშნული სასჯელი ჯარიმა - 2000 ლარი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შთანთქა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ და ამავე მუხლით დანიშნულმა დამატებითმა სასჯელმა, ჯარიმამ - 3000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკისრებული ჯარიმა - 2000 ლარი მსჯავრდებულს არ ჰქონია გადახდილი, რის გამოც საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ამ ნაწილში ვერ დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ძ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. გ. ძ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი