დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№55აგ-16 13 ივლისი, 2016 წელი
ა-ი გ., 55აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი(თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე,ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 ივნისის განაჩენით გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 28 მარტის ეპიზოდი) - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 17 პარილის ეპიზოდი) - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 28 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 17 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და მსჯავრდებულ გ. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით - 3 წლის გამოსაცდელი ვადით და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ გ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 21 აპრილიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
3. 2016 წლის 28 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ა-მა, რომელმაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ა-მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე–100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის დებულებებს, გარდა ამ კოდექსის საპროცესო ნორმებისა, აქვს უკუძალა, თუ ამით უმჯობესდება არასრულწლოვნის მდგომარეობა.
4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის განაჩენით მსჯავრდებული გ. ა-ი დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის იყო სრულწლოვანი.
5. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 აპრილისა და 2013 წლის 22 ივლისის განაჩენებს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული განაჩენებით გ. ა-ი მსჯავრდებული იყო მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის.
6. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს არასრულწლოვანს, თუ მან ჩაიდინა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ან თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს, ანდა მის მიმართ წარსულში გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.
7. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე