საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 21.10.2016
საქმის ნომერი
102აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
21.10.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №102აგ-16 21 ოქტომბერი, 2016 წელი

შ. დ., 102აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორების _ გ. ო-ის, ე. გ-ის, თ. მ-ის

ადვოკატ - მ. ქ-ას

მონაწილეობით განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ გ. ო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენით დ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ დ. შ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 28 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 13 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 15 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. შ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების - რ. შ-ის, ნ. ლ-სა და კ. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 თებერვლის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

4. 2016 წლის 12 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა გ. ო-მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ: საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებისა (რომელშიც სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად განმარტა გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისთვის საჭირო მტკიცებულებათა სტანდარტი) და დ. შ-ას მიერ საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მოითხოვა დ. შ-ას მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, გასაღებისა და გადაგზავნის ნაწილში.

5. შუამდგომლობაში პროკურორმა აღნიშნა, რომ დ. შ-ას მიერ ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, გადაგზავნისა და გასაღების ნაწილში განაჩენი ეფუძნება მხოლოდ სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება – ჩაწერის კრებსებს, რომლის უტყუარობა არ არის დადასტურებული საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით, კერძოდ: სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება ჩაწერის კრებსები საქმეზე დართულია და გაზიარებულია ისე, რომ არ არსებობს ამ კრებსების აუდიოჩანაწერი, რის გამოც არ ჩატარებულა ფონოსკოპიური ექსპერტიზა, რაც იყო სავალდებულო მოსაუბრეთა იდენტიფიცირებისთვის. გარდა ამისა, მობილური ოპერატორებისგან არ გამოთხოვილა კრებსში დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომრების მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა ამ საუბრებში მონაწილე პირთა ვინაობის დადგენა, მათი შემდგომი დაკითხვისა და საქმეზე ამომწურავი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარების მიზნით. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება-ჩაწერის კრებსები არ შეიძლება შეფასდეს როგორც უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა დ. შ-ას ბრალეულობა. ასევე არ არის დადასტურებული, რომ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ამოიღეს დ. შ-სა და ლ. ქ-საგან, არის სწორედ ის, რაც თითქოს ორგანიზებული ჯგუფმა უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.

6. პროკურორის მითითებით, საქმეში არ არსებობს დ. შ-ას მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა ნარკოტიკების უკანონო შემოტანაზე მსჯელობა, მაშინ, როცა საქმეზე მოპოვებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციით დგინდება, რომ დ. შ-ამ ბოლოს საზღვარი 2006 წლის 17 აპრილს გადაკვეთა. ამასთანავე, არ არის დადგენილი იმ დანაშაულებრივი ჯგუფის არც ერთი წევრი, რომლებთან წინასწარ შეთანხმებითაც მოქმედებდა დ. შ., შესაბამისად, შეუძლებელია მსჯელობა ჯგუფურ დანაშაულზე. ასევე არ არსებობს რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებას.

7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურორმა ითხოვა შუამდგომლობის დაშვება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 13 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით პროკურორ გ. ო-ის შუამდგომლობა დასაშვებად იქნა ცნობილი.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განაჩენით სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა პროკურორ გ. ო-ის შუამდგომლობა, არ დააკმაყოფილა იგი და უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 13 თებერვლის განაჩენი.

10. პროკურორმა გ. ო-მა საკასაციო საჩივრით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ დ. შ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, გადაზიდვა, შენახვა, გასაღებისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ნაწილში შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით, კერძოდ, პროკურორმა მიუთითა, რომ ბრალდების ეს ნაწილი არ დასტურდება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებებით.

11. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორები დაეთანხმნენ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და განმარტეს, რომ, მათი აზრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 13 თებერვლის განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, გადაზიდვა, შენახვა და გასაღება) და 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში. მათ ასევე განმარტეს, რომ მათი აღნიშნული პოზიცია შესაძლოა, ბრალდების ნაწილზე უარის თქმასაც ნიშნავდეს, რაც საკასაციო პალატის შესაფასებელია.

12. მსჯავრდებულ დ. შ-ას ადვოკატი - მ. ქ. დაეთანხმა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ გ. ო-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად იყო დაყენებული და დასაბუთებული, რის გამოც მან დაუშვა შუამდგომლობა და დანიშნა საქმის არსებითი განხილვა.

3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შუამდგომლობის დაშვების შედეგად სააპელაციო სასამართლო, სსსკ-ის 314-ე მუხლის თანახმად, გადავიდა საქმის სააპელაციო სასამართლოში არსებითად განხილვის რეჟიმში, შესაბამისად, ამოქმედდა ყველა ის ნორმა, რაც მოქმედებს სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დროს, მათ შორის - საქართველოს სსსკ-ის 250-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ბრალდების მხარეს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე ან მის ნაწილზე. ამავე მუხლის მიხედვით, ბრალდების მხარე ამ უფლებით სარგებლობს ყველა ინსტანციის სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, მართალია, 2016 წლის 24 ივნისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად (ძალაშია 2016 წლის 12 ივლისიდან) 250-ე მუხლის მე-2 ნაწილით განისაზღვრა, რომ ბრალდების მხარე ბრალდებაზე ან მის ნაწილზე უარის თქმის უფლებით სარგებლობს ყველა ინსტანციის სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე, გარდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა 2016 წლის 25 მარტს, იგი იმყოფებოდა 250-ე მუხლის იმ რედაქციის მოქმედების სფეროში, რომელიც ბრალდების მხარეს აძლევდა უფლებას, ბრალი მოეხსნა ნებისმიერ ეტაპზე, განაჩენის გამოტანამდე.

5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ ბრალდებაზე ან მის ნაწილზე უარის თქმა, თავის მხრივ, საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავალდებულებს სასამართლოს, შეწყვიტოს პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მოხსნილ ბრალდებაში/ბრალდების ნაწილში.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ გ. ო-ის შუამდგომლობაში დაფიქსირებული პოზიცია სხვა არაფერია, თუ არა ბრალდების ნაწილზე უარის თქმა, რაც დადასტურდა კიდეც ბრალდების მხარის მიერ საკასაციო პალატის სხდომაზე, რის გამოც, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სავალდებულო წესით უნდა შეეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა მსჯავრდებულ დ. შ-ას მიმართ სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნის ფარგლებში.

7. რაც შეეხება დარჩენილი ბრალდების ნაწილს - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვასა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებას - ბრალდების ამ ნაწილში გადასასინჯი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მხარეებს იგი სადავოდ არ გაუხდიათ. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. შე-ას ქმედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ნაწილში - უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ–ის 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ვინაიდან აღნიშნული ქმედებისთვის შემსუბუქდა როგორც დანაშაულის კატეგორია (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიიდან გადავიდა მძიმე დანაშაულის კატეგორიაში), ისე - სანქცია (ითვალისწინებდა 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მოქმედი რედაქციით ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას), რაც, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად (სისხლის სამართლის კანონის უკუძალა), დ. შ-ას ქმედების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის სამართლებრივ საფუძველს ქმნის.

8. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მსჯავრდებულ დ. შ-ას ბრალად შერაცხული ქმედებები ჩადენილი აქვს 2012 წლის 1-ლ ოქტომბრამდე. შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მოქმედება, კერძოდ:

9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნის შესაბამისად, დ. შ-ას მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში, მსჯავრდებულ დ. შ-ას მიმართ სრულად უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი ნარკოტიკული დანაშაული არ კვალიფიცირდება გასაღების ნიშნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სახელმწიფო ბრალმდებლის გ. ო-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა მსჯავრდებულ დ. შ-ას მიმართ საქართველოს სსკ–ის 2014 წლის 1-ლ მაისამდე მოქმედი რედაქციის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, გადაზიდვა, შენახვა და გასაღება) და 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში.

3. დ. შ-ას მიმართ წარდგენილი ბრალდება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2014 წლის 1-ლ მაისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ–ის 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა).

4. დ. შ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: სსკ-ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 273–ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–8 მუხლის საფუძველზე დ. შ. სრულად გათავისუფლდეს სსკ-ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273–ე მუხლით დანიშნული სასჯელებისგან.

6. დანარჩენ ნაწილში (მათ შორის - ლ. ქ-ის მსჯავრდების ნაწილში) გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელად.

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე