დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №162აგ-16 18 იანვარი, 2017 წელი
ჩ-ა ჯ. 162აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - ჯ. ჩ-სა და ჯ. ე-ს საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 ივნისის განაჩენით:
ჯ. ჩ-ა, _ დაბადებული 19.. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჯ. ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.
მასვე `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ჯ. ე-ი, _ დაბადებული 19.. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მას მიესაჯა 32 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ჯ. ე-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.
მასვე `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა მსჯავრდებულების _ ჯ. ჩ-სა და ჯ. ე-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
მსჯავრდებულ ჯ. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.
მასვე `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
მსჯავრდებულ ჯ. ე-ს საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 26 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.
მასვე `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად:
- ჯ. ჩ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე აღუდგა `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები; ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 12 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.
- ჯ. ე-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე აღუდგა `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები; ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 12 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ცვლილება შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განაჩენში, კერძოდ:
- მსჯავრდებულ ჯ. ჩ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისის შემდგომ მოქმედი რედაქცია).
- მსჯავრდებულ ჯ. ე-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისის შემდგომ მოქმედი რედაქცია).
განაჩენში ცნობად იქნა მიღებული, რომ მსჯავრდებულები - ჯ. ჩ-ა და ჯ. ე-ი გათავისუფლებული იყვნენ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. 2016 წლის 24 ივნისს მსჯავრდებულებმა - ჯ. ჩ-მ და ჯ. ე-მ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს გამართლება საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით შერაცხული მსჯავრდების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო გაყალბებული და დაუშვებელი მტკიცებულებები, რასაც ადასტურებს მათ მიერ მოპოვებული და მოცემული შუამდგომლობისათვის თანდართული ექსპერტიზის 13 დასკვნა, რომლებითაც დასტურდება, რომ საქმეში არსებული, მოსამართლის ბრძანების გარეშე, უკანონოდ მოპოვებული ფარული ვიდეოჩანაწერები არის ყალბი და დამონტაჟებული; პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა დაზიანებული დისკი, რომლის კოპირება და გახსნა შეუძლებელია და გარდა ამისა, გაანადგურა ვიდეოჩანაწერების უმეტესი ნაწილი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულების - ჯ. ჩ-სა და ჯ. ე-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - ჯ. ჩ-მ და ჯ. ე-მ და მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, შემდეგ გარემოებათა გამო: შუამდგომლობის ავტორებმა სასამართლოში წარადგინეს ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, მათ შორის - მათი ინიციატივით ჩატარებული ვიდეო, ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და კომპიუტერული ექსპერტიზის 13 დასკვნა, რომლებითაც უდავოდ დასტურდება მსჯავრდებულთა უდანაშაულობა. ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩატარებული უკანონო, ფარული ვიდეოგადაღების ამსახველი ორი დისკი არის ყალბი და დამონტაჟებული, ხოლო მათზე ასახული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი პროკურატურამ შეგნებულად გაანადგურა, რის გამოც მათ იურიდიული ძალა არ გააჩნიათ და წარმოადგენენ დაუშვებელ მტკიცებულებებს, ხოლო ამ დისკების საფუძველზე მოპოვებული სხვა არაერთი მტკიცებულება, კერძოდ - ვ. ქ-სა და თ. მ-თან ჩატარებული ამოცნობის ოქმები, სოდ-ის თანამშრომლების - გ. რ-სა და დ. გ-ს დაკითხვის ოქმები, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი და სხვა, ასევე წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებებს, ვინაიდან ყველა მათგანი მოპოვებულია დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერის საფუძველზე; კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნებით დამატებით დასტურდება, რომ მათ შემხებლობა არ ჰქონდათ ელფოსტის მეშვეობით გამოძალვის შემცველი წერილების გაგზავნასთან; გარდა ამისა, ისინი აგრეთვე უთითებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 თებერვლის, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებებზე, რომელთა თანახმად, მათი მოსაზრებით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმის რიგი მასალები არ არის ავთენტური და წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მომწესრიგებელი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი აგებულია იმ პრინციპზე, რომ სასამართლოს უნდა წარედგინოს ისეთი ახალი მტკიცებულება ან ფაქტი, რომელიც სამართალწარმოების განხორციელებისა და განაჩენის გამოტანის დროს ობიექტურად არ იყო ცნობილი, ასევე მხარემ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ შეძლო სამართალწარმოების დროს ამ მტკიცებულების მოპოვება და სასამართლოსათვის წარდგენა.
5. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორების მოსაზრებას, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი მათ მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების (ექსპერტიზის 13 დასკვნა) საფუძვლით განაჩენის გადასინჯვაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: მოცემულ შემთხვევაში კასატორების მიერ მითითებული ექსპერტიზის დასკვნები მოპოვებულია სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც მათი მსჯავრდების საქმეზე დასრულდა სამართალწარმოება. ამასთან, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე კასატორებისათვის სრულად იყო ხელმისაწვდომი ყველა ის მასალა და ინფორმაცია (მათ შორის ვიდეოგადაღების ამსახველი ორი დისკი), რომელზედაც მათი ინიციატივით - მხოლოდ და მხოლოდ სამართალწარმოების დასრულების შემდეგ ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
6. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ საქმეში არსებული მთელი რიგი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეებთან - ვ. ქ-სა და თ. მ-თან ჩატარებული ამოცნობის ოქმები, სოდ-ის თანამშრომლების - გ. რ-სა და დ. გ- ჩვენებები, ვიდეოჩანაწერის ამსახველი 2 დისკი, მისი დათვალიერების ოქმი და სხვა - არის დაუშვებელი მტკიცებულებები, რაც, მათივე მოსაზრებით, წარმოადგენს განაჩენის სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გადასინჯვის საფუძველს და აღნიშნავს, რომ ისეთი ახალი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლობას და რომელიც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ცნობილი არ ყოფილა, კასატორებს არ წარმოუდგენიათ.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულების - ჯ. ჩ-სა და ჯ. ე-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების - ჯ. ჩ-სა და ჯ. ე-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განჩინება მსჯავრდებულების - ჯ. ჩ-სა და ჯ. ე-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი