საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №377აპ-16 თბილისი
ჯ-ე ბ. 377აპ-16 29 ივლისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის,პროკურორ - ლიკა გრიშიკაშვილის,ადვოკატ - მ. ჯ-ს,მსჯავრდებულ - ბ. ჯ-ს,მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის - ნ. მ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მარტის განაჩენით ბ. ჯ-ე, - დაბადებული 19.. წლის ….. აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 77-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 2 წლით, 2 თვით, 3 დღით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 1000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5, მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დადგენილმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 2 წლით, 2 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი. ბ. ჯ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 27 სექტემბრიდან.
2. განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში: ქურდობისთვის სამჯერ ნასამართლევმა ბ. ჯ-მ 2015 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 05:35 საათზე, უკანონოდ შეაღწია თბილისში, ….. მოედანზე, ….. ქ. №…..-თან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში არსებულ საცხობში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ნ. დ-ს კუთვნილ ფულად თანხას - 190 ლარს, რის გამოც მას მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. ჯ-მ, რომელმაც მოითხოვა სასჯელის შემცირება იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.
6. 2016 წლის 29 ივლისს თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლიკა გრიშიკაშვილმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, შეადგინა წერილობითი შეთანხმება მასა და მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს შორის.
7. შუამდგომლობისა და საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე ოქმის თანახმად, პროკურატურამ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ასევე ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა ბ. ჯ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადა ბრალის აღიარებით, სასჯელზე შეთანხმებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, 2016 წლის 29 ივლისს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მსჯავრდებულ ბ. ჯ-სა და თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლიკა გრიშიკაშვილს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
8. 2016 წლის 29 ივლისის სასამართლო სხდომაზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლიკა გრიშიკაშვილმა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობით მოითხოვა მასა და მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს შორის 2016 წლის 29 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შემდეგი პირობით: ბ. ჯ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 6 თვე - ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 2 თვითა და 3 დღით პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 1000 ლარი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დადგენილმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 წლით, 2 თვით, 3 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ ბ. ჯ-ს განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 6 თვე - ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
9. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა ბ. ჯ-მ და მისმა ადვოკატმა მ. ჯ-მ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ლიკა გრიშიკაშვილისა და მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების - ნ. დ-ს, ქ. კ-ს, ნ. ლ-ს, ვ. ჩ-ს, ბ. გ-ს, გ. ჯ-ს, ზ. მ-ს, შ. კ-ს, ზ. ც-ს ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერითა და მისი დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ასევე თავად ბ. ჯ-ს ჩვენებით (რომელმაც თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რაც მხარეთა მიერ არ გამხდარა სადავოდ და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებად) დასტურდება მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, კერძოდ: ქურდობისთვის სამჯერ ნასამართლევმა ბ. ჯ-მ 2015 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 05:35 საათზე, უკანონოდ შეაღწია თბილისში, ….. მოედანზე, ….. ქ. №…..-თან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში არსებულ საცხობში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ნ. დ-ს კუთვნილ ფულად თანხას - 190 ლარს, რის გამოც მას მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. საკასაციო პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული ბ. ჯ-ე ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
4. მსჯავრდებულისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. ამდენად, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლიკა გრიშიკაშვილის შუამდგომლობა მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის - თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლიკა გრიშიკაშვილის შუამდგომლობა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
· დამტკიცდეს თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლიკა გრიშიკაშვილსა და მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
· ბ. ჯ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 (სამი) წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე - ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლით, 2 (ორი) თვითა და 3 (სამი) დღით პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარი;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დადგენილმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 (ორი) წლით, 2 (ორი) თვითა და 3 (სამი) დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარი და საბოლოოდ ბ. ჯ-ს განესაზღვროს 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 (სამი) წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე - ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
· ბ. ჯ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2015 წლის 27 დეკემბრიდან;
· გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორცილოს პრობაციის ბიურომ მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
· მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი