დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №173აგ-16 10 მარტი, 2017 წელი
კ-ი ვ, 173აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. თ-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 ივლისის განაჩენით ვ. კ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ვ. კ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 18 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 23 დეკემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 21 იანვრის განაჩენით შეიცვალა, კერძოდ: ვ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ვ. კ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 18 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 23 დეკემბრიდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ვ. კ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 21 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 23 დეკემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ვ. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განაჩენით ამავე სასამართლოს 2010 წლის 21 იანვრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. 2016 წლის 2 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ვ. კ-მა, რომელმაც საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ პუნქტის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განაჩენის გადასინჯვა. მსჯავრდებული ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 23 თებერვლის განაჩენით დადგენილი, სსკ–ის 117–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული საქართველოს სსკ–ის 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით განეკუთვნებოდა მძიმე კატეგორიის დანაშაულს და ნასამართლობის გაქარწყლების ვადად განსაზღვრული იყო სასჯელის მოხდიდან 6 წელი, ხოლო დღეის მდგომარეობით, აღნიშნული მუხლი განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს და ნასამართლობის გაქარწყლების ვადაა 3 წელი. ამდენად, მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მისი ნასამართლობა გაქარწყლებულია, რის შესახებაც 2013 წლის 16 ივლისის განაჩენის გამომტანი სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო. დადებით შემთხვევაში სასამართლო საბოლოო სასჯელის დადგენისას გამოიყენებდა არა სასჯელთა შეკრების, არამედ - შთანთქმის პრინციპს, რაც არსებითად გააუმჯობესებდა მის მდგომარეობას (შუამდგომლობას ერთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის სამმართველოს წერილი). მსჯავრდებულის შუამდგომლობის დაშვებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე პერიოდში სააპელაციო სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობაც, რომლითაც იგი დამატებით ითხოვდა, რომ მსჯავრდებულ ვ. კ-ე გავრცელებულიყო საქართველოს სსკ–ის მე–17 მუხლის მე–4 ნაწილისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე–12 მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან მსჯავრდებულს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 23 თებერვლის განაჩენით დადგენილი დანაშაული ჩადენილი აქვს არასრულწლოვანების ასაკში.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
10. კასატორები - მსჯავრდებული ვ. კ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. თ-ე საკასაციო საჩივრებით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის განაჩენის გაუქმებას შუამდგომლობებში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
3. მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილი წერილი ვერ დაედება საფუძვლად განაჩენის გადასინჯვას, ვინაიდან საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლში 2006 წლის აპრილში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები გადასასინჯი განაჩენის გამომტანი სასამართლოსთვის ცნობილი იყო. ამასთანავე, პალატა მიუთითებს იმაზეც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 23 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდიდან ახალი დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის - 2006 წლის ნოემბერისთვის - გასული არ იყო არც 3 - წლიანი ნასამართლობის გაქარწყლების ვადა, რაზეც აპელირებს ვ. კ-ი.
4. რაც შეეხება ადვოკატის მოთხოვნას ვ. კ-ის მიმართ საქართველოს სსკ–ის მე–17 მუხლის მე–4 ნაწილითა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე–12 მუხლით დადგენილი რეგულაციების გავრცელების შესახებ, პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 23 თებერვლის განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ ვ. კ-ს (დაბადებული 1985 წლის 27 აგვისტოს) დანაშაული ჩადენილი აქვს არასრულწლოვანების ასაკში, თუმცა მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის 23.02.12 №53/68/დ გადაწყვეტილების თანახმად, თავად ვ. კ-ის განცხადების საფუძველზე დადგენილად იქნა მიჩნეული მისი დაბადების თარიღის - 1985 წლის 27 აგვისტოს - გაყალბების ფაქტი და დაბადების ნამდვილ თარიღად დადგინდა - 1983 წლის 27 აგვისტო (პირ. №01008021301). აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. კ-ზე საქართველოს სსკ–ის მე–17 მუხლის მე–4 ნაწილითა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე–12 მუხლით დადგენილი რეგულაციები - ვ. კ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საბოლოო სასჯელის შთანთქმის წესით განსაზღვრის მიზნებისთვის - ვერ გავრცელდება. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ საკითხზე - ვ. კ-ისთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრაზე სსკ-ის 59-ე მუხლში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას ნამსჯელი და მიღებული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილება (საქმე №1109აგ-13, 25.03.14).
5. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ვ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. თ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე