დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №203აგ-16 13 თებერვალი, 2017 წელი
ლ-ი შ. 203აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ლ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის განაჩენით შ. ლ-ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3000 ლარი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5000 ლარი, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 8000 ლარი. შ. ლ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 5 მარტიდან. მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინებით შ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ლ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, მსჯავრდებული შ. ლ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ხოლო სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, მსჯავრდებულ შ. ლ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელის ზომად დარჩა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის განაჩენით შ. ლ-ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივლისის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:
შ. ლ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - უვადო თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით შემცირებული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივლისის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. 2016 წლის 3 ოქტომბერს მსჯავრდებულმა შ. ლ-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელების საკითხის გადასინჯვა და მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება შემდეგ გარემოებათა გამო: აღნიშნული კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი საკასაციო საჩივარი განიხილეს ზეპირი მოსმენისა და მისი მონაწილეობის გარეშე. მართალია, ადვოკატი მონაწილეობდა სასამართლო სხდომაში, თუმცა ფორმალურად, რადგან არ შეხვედრია და არ იყო ინფორმირებული მის პოზიციასთან დაკავშირებით, რითაც დაირღვა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 26-ე მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მოთხოვნები, დარღვეულია აგრეთვე სამართლიანი სასამართლოს უფლება; შ. ლ-ი ასევე უთითებს, რომ აღნიშნული კანონის გამოყენება მის მიმართ არ ყოფილა სათანადოდ დასაბუთებული, რადგან იგი არ აისახა მისთვის დანიშნულ სასჯელზე - უვადო თავისუფლების აღკვეთაზე.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ლ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განჩინების გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. მსჯავრდებული შ. ლ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განჩინების გადასინჯვას იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
3. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განჩინების გადასინჯვას საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რის საფუძვლადაც მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენებას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება (რომელიც ითვალისწინებდა ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ პროკურორის შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობას) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად არ უცვნია შ. ლ-ს საქმეზე გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
6. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს ამნისტიის გავრცელების შესახებ განჩინების გადასინჯვას, თუმცა საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლით დადგენილი წესით გადაისინჯება კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. მიუხედავად ამისა, პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ შ. ლ-ს არგუმენტები, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დაარღვია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან მისი საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენისა და მისი მონაწილეობის გარეშე, უსაფუძვლოა, რადგან როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, სასამართლო განხილვა ჩატარდა ზეპირი მოსმენით, შ. ლ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით და აღნიშნული კანონის 26-ე მუხლით განსაზღვრული წესისა და ვადის დაცვით. მართალია, შ. ლ-ი არ ესწრებოდა საკასაციო საჩივრის განხილვის სხდომას, მაგრამ საქმის მასალებში მოთავსებულია 19.04.2013 რიცხვით დათარიღებული მისი განცხადება და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N….. დაწესებულების უსაფრთხოების ინსპექტორების მიერ შედგენილი ოქმი, რომლებითაც ირკვევა, რომ მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადა.
7. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ შ. ლ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ შ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი