დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.06.2017
საქმის ნომერი
49აგ.-2017
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.06.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №49აგ-17 თბილისი

ა-ი გ., 49აგ-17 15 ივნისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და გ. ა-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. ა-ი, - დაბადებული 19.. წლის ….. მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე - სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დადგენილმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის განჩინებით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 7 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ა-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე - სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. გ. ა-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 21 მაისიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 თებერვლის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 აპრილის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

4. 2017 წლის 18 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ა-მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის შემსუბუქება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ა-მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის შემსუბუქება 2015 წლის 12 ივნისს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. 2015 წლის 12 ივნისს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის დებულებებს, გარდა ამ კოდექსის საპროცესო ნორმებისა, აქვს უკუძალა, თუ ამით უმჯობესდება არასრულწლოვნის მდგომარეობა. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი.

4. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 38-48-ე მუხლებით დადგენილი ნორმები 18-დან 21 წლამდე ასაკის პირზე ვრცელდება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი გამოიყენება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე ასაკის ბრალდებული პირის მიმართ ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მას შეუძლია, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.

5. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 19.. წლის ….. მარტს დაბადებულმა გ. ა-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2015 წლის 21 მაისს - სრულწლოვანმა, 21 წლის ასაკში.

6. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულ გ. ა-ს მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისივე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი