საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №168აპ-17 ქ. თბილისი
ქ-ა თ 168აპ-17 17 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით თ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედე და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (31.12.2015წ.-05.01.2016წ. ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 388-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (29.02.2016წ.-04.03.2016წ. ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ თ. ქ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 11 ოქტომბრიდან. თ. ქ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 4 მარტიდან იმავე წლის 22 აპრილის ჩათვლით. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა, ხოლო გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენით მსჯავრდებულ თ. ქ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე თ. ქ-ა 2015 წლის 29 დეკემბერიდან ამავე წლის 31 დეკემბრამდე იმყოფებოდა შვებულებაში; გ-ს რაიონის დაბა ვ-ი დისლოცირებულ სამხედრო ნაწილში უნდა გამოცხადებულიყო 2015 წლის 31 დეკემბრის 09:00 საათზე, მაგრამ იგი საპატიო მიზეზის გარეშე დროულად არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში და იყო თვითდათხოვნილი 2016 წლის 5 იანვრის 16:05 საათამდე (31.12.2015 წ. - 05.01.2016 წ. ეპიზოდი).
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე თ. ქ-ა 2016 წლის 29 იანვრიდან ამავე წლის 1 თებერვალის 08:15 საათამდე იმყოფებოდა შვებულებაში; გ-ს რაიონის დაბა ვ-ი დისლოცირებულ სამხედრო ნაწილში უნდა გამოცხადებულიყო 2016 წლის 1 თებერვალს, 08:15 საათზე, მაგრამ საპატიო მიზეზის გარეშე დროულად არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში და იყო თვითდათხოვნილი 2016 წლის 4 თებერვლის 08:00 საათამდე (29.02.2016 წ. - 04.03.2016წ. ეპიზოდი).
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე თ. ქ-ა 2016 წლის 19 თებერვალს იმავე წლის 29 თებერვლამდე იმყოფებოდა შვებულებაში. გ-ს რაიონის დაბა ვ-ი დისლოცირებულ სამხედრო ნაწილში უნდა გამოცხადებულიყო 2016 წლის 29 თებერვალს, 09:00 საათზე, მაგრამ თ. ქ-ა არ გამოცხადდა სამსახურში, სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით და 2016 წლის 4 მარტს, საღამოს საათებში, ტოვებდა საქართველოს ტერიტორიას სასაზღვრო საკონტროლო – გამშვები პუნქტის „სარფის” გავლით.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ვანო ალუღიშვილმა, მსჯავრდებულმა თ. ქ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. კ-მ.
პროკურორი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას; ასევე – გირაოს სახით შეტანილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას იმის გათვალისწინებით, რომ თ. ქ-მ დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა და კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაულებრივი ქმედება, რასაც მოწმობს მის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ.
მსჯავრდებული თ. ქ-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. კ-ა სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის პირველ ეპიზოდში სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას პირობითად, ხოლო სხვა ეპიზოდებში - გამართლებას. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა თ. ქ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – სამივე ეპიზოდში, ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თ. ქ-ს მიერ ჩადენილ ქმედებებს. თ. ქ-ს მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - პ. გ-ს, ვ. გ-ს, ზ. თ-ს, რ. ჩ-ს, ი. კ-ს, ბ. გ-ს, დ. შ-ს, გ. მ-ა და გ. მ-ს ჩვენებებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თ. ქ-ს შორის 25.03.2013 წლის №60546 დადებული კონტრაქტით, კ-ს რეგიონული სამმართველოს მორიგე ლეიტენანტს – ლ. გ-ს 2016 წლის 4 იანვრის მოხსენებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის შტაბის უფროსის – ი. რ-ს 12/01/2016 წლის მიმართვით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის კ-ი – ქ-ს რეგიონული სამმართველოს მორიგე ლეიტენანტის – ლ. გ-ს 03.02.2016 წლის და 04.02.2016 წლის მოხსენებით ინციდენტის შესახებ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის კ-ი-ქ-ს რეგიონული სამმართველოს კაპიტნის – ილია ზურაბიშვილის 29.02.2016 წლის მოხსენებით, სამხედრო პოლიციის კ-ი-ქ-ს რეგიონული სამმართველოს მორიგე თანაშემწის დ. ჯ-ს 02.03.2016 წლის მოხსენებით; საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, გამოქვეყნდა მოწმე ს. ა-ს ჩვენება, რომლის მიხედვითაც დადასტურებულია, რომ 2016 წლის 4 მარტს თ. ქ-ა ცდილობდა, გადაეკვეთა სახელმწიფო საზღვარი ”სარფის” საბაჟო გამშვები პუნქტის მეშვეობით და დაეტოვებინა ქვეყანა, რა დროსაც ხელი შეეშალა სამართალდამცავთა დროული რეაგირებით. დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები: პატაკები თ. ქ-ს საფინანსო და საქვაბე კმაყოფიდან მოხსნის თაობაზე, დათხოვნის ბრძანებები, მოხსენებითი ბარათები, პატაკები. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლომ მიიღო გამოკვლევის გარეშე.
1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე თ. ქ-მ წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის პირველი ნაწილით ორივე ეპიზოდში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, ხოლო სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით - ნაწილობრივ და განმარტა, რომ მას სამხედრო სამსახურის მიტოვება არ სურდა. თ-ი ბიძასთან აპირებდა წასვლას ფულის გამოსართმევად ზ. რ-ნ დაქორწინების მიზნით, რის შემდეგაც დაბრუნდებოდა სამხედრო სამსახურში.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის პოზიციას დეზერტირობის ეპიზოდთან დაკავშირებით, რომ თ. ქ-ს სამხედრო ნაწილში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა და თ-ს რესპუბლიკაში წასვლა, სადაც ბიძამისი რ. შ-ე მსახურობდა, განპირობებული იყო ოჯახური პრობლემების მოგვარებით და არა სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდებით, ვინაიდან გამომძიებელ გ. მ-ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2016 წლის 3 მარტს თ. ქ-ს ჩაბარებული ჰქონდა უწყება სამხედრო პოლიციაში 2016 წლის 4 მარტს, 10:00 საათზე, გამოცხადების თაობაზე. დადასტურებულია ასევე, რომ თ. ქ-მ სწორედ 2016 წლის 4 მარტს, დილის საათებში, შეიძინა თ-ი მიმავალი ავტობუსის ბილეთი და შეეცადა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ. ქ-ს აღნიშნული ქმედება ადასტურებს მის განზრახვას – თავი აერიდებინა სამხედრო სამსახურისთვის, რადგან საქართველოს იურისდიქციის ფარგლებს გარეთ გასვლა წარმოადგენდა განზრახვის შესრულების ერთ-ერთ ყველაზე რეალურ და მარტივ საშუალებას. მსჯავრდებულის განმარტება, რომ სურდა თ-ი ბიძასთან წასვლა ფულის გამოსართმევად და შემდეგ უკანვე დაბრუნება, არარეალურია, რადგან დღეის მდგომარეობით, დროის მოკლე პერიოდში, ფულადი გზავნილების საბანკო წესით გადარიცხვა და ხელზე მიღება პრობლემას არ წარმოადგენს და ქვეყნის დატოვება არ სჭირდება, მით უფრო, რომ მას, როგორც სამხედრო მოსამსახურეს, ეკრძალებოდა საზღვრის გადალახვა. თ. ქ-ს განმარტებას არადამაჯერებლობას მატებს ისიც, რომ თუ ფულის აღებისთანავე უკან დაბრუნებას აპირებდა, რატომ არ ჰქონდა შეძენილი უკან დასაბრუნებელი ბილეთი. ასევე ალოგიკურია ის გარემოება, რომ თ. ქ-ა სატელეფონო კომუნიკაციით სრულყოფილად ვერ აუხსნიდა ბიძას - რ. შ-ს ზ.რ-ნ ქორწინებასთან წამოჭრილ პრობლემებს.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვითაც მან არ გაიზიარა დაცვის მხარის მოწმის – ზ. რ-ს განმარტება, რომ თ. ქ-ა მასთან ოჯახის შექმნის მიზნით მიდიოდა თ-ი ფულის ჩამოსატანად, რადგან მისგან იყო ორსულად და შეეძინა შვილი, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც თ. ქ-ს, ასევე ზ. რ-ს დედის - ლ. ტ-ს განმარტებას, რომ მისი ქალიშვილი გათხოვილია სხვა პირზე.
ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოება, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები წინააღმდეგობრივია, ვინაიდან მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ წერილობით და მოწმეთა ჩვენებებში არ შეინიშნება რაიმე წინააღმდეგობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარის მიერ დაკითხულ მოწმეთა განმარტებებს საეჭვოს გახდიდა ან აღძრავდა ეჭვს, რომ მათ რაიმე ინტერესი ამოძრავებდათ, რათა მიეცათ მამხილებელი ჩვენება თ. ქ-ს წინააღმდეგ.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს სხდომის ოქმის თანახმად, დაცვის მხარეს მოწმე რ. შ-ს ჩვენების გამოქვეყნების თაობაზე შუამდგომლობა არ წარუდგენია, ხოლო მოსამართლის შეკითხვაზე, ხსნიდა თუ არა დაცვის მხარე აღნიშნული მოწმის დაკითხვას, ვინაიდან დაცვის მხარისავე მოსამართლისათვის მიწოდებული ინფორმაციით რ. შ-ე არ იყო თ-ი და ვერ დაიკითხებოდა, დაცვის მხარე დაეთანხმა მოწმის დაკითხვის მოხსნას. აღნიშნულს ასევე დაეთანხმა მსჯავრდებული თ. ქ-ც.
სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარის მიერ მითითებულ კიდევ ერთ გარემოებასთან დაკავშირებით – რომ თითქოს 1-ლი ინსტანციის სასამართლომ 2016 წლის 3 ოქტომბერს მომდევნო პროცესი ჩანიშნა 11 ოქტომბრის 17 საათზე და იმის გამო, რომ 17 საათზე თ. ქ-ს პატიმრობაში აყვანა პრობლემებს უქმნიდა საბადრაგო სამსახურს, ჩაიდინეს სამსახურებრივი სიყალბე – სასამართლო სხდომის ოქმში შეიტანეს შესწორება და სხდომის ჩატარების დროდ მიუთითეს 11 ოქტომბრის 15 საათი – აღნიშნა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმის თანახმად, მომდევნო პროცესი სწორედ მხარეებთან შეთანხმებით ჩაინიშნა 11 ოქტომბერს, 15 საათზე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, აგრეთვე ის, რომ მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა - გირაოს სახით შეტანილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის თაობაზე და დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას (2016 წლის 11 ივლისის განჩინება), რომლის თანახმადაც, ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სს № საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით თ. ქ-ს შეუფარდა პატიმრობა, ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ მან ნამდვილად დაარღვია მოცემულ სს საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობა, რის გამოც გირაო უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რადგან სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომლის თანახმადაც, პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, თუნდაც პატიმრობის, არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ახალი დანაშაული. გირაოს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხებოდა იმ შემთხვევაში, თუ ბრალდება, რაც თ. ქ-ს სს № საქმეზე წარედგინა, დადასტურდებოდა.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ქ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. კ-მ.
მსჯავრდებულ თ. ქ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. კ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და თ. ქ-ს ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან სსკ-ის 388-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და სასჯელის პირობითად ჩათვლას.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო ასეთი დარღვევების არსებობა არ დასტურდება საქმის გულდასმით შესწავლის შედეგად. ამდენად, საკასაციო საჩივარში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოტივაცია სამართლებრივ დარღვევებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას არ აძლევს იმის დასაბუთებულ საფუძველს, რომ, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და საქმის განხილვის შემთხვევაში, დადგინდება ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო ხასიათის დარღვევები, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი უცვლელად დატოვა.
9. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო. ასევე არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საკასაციო სასამართლოს, მსგავს საქმეებზე გამოტანილ განაჩენებში მითითებული განმარტებებისა და დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ ექნება არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის (მაგალითისათვის იხ. №381ap-12).
10. ამრიგად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი