დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 25.07.2017
საქმის ნომერი
2კ-21-I-17
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
25.07.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№211-17 25 ივლისი, 2017 წელი

პ-ი ი, 211-17 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - გიორგი შაიშმელაშვილის

ადვოკატ - ლ. ჯ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. პ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჯ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ი. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და დაჯარიმდა 100 დღიური მინიმალური ანაზღაურებით, რაც შეადგენს 200 ლარს.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ი. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, შეეცვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით (დანაშაული მოხდა 2004 წლის 23 ივნისს).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 თებერვლის განაჩენით ი. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2007 წლის 13 მაისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (2007 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მას მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუქმდა. სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და განაჩენთა ერთობლიობით ი. პ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების გამო მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.

2013 წლის 25 იანვარს თბილისის პროკურატურის შს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ამირან ხუციშვილმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. პ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. პ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ირაკლი პირველს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2007 წლის 13 მაისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 თვით თავისუფლების აღკვეთას; ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, იგი გათავისუფლდა ამ ეპიზოდისათვის დანიშნული და ამნისტირებული სასჯელის - 3 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ირაკლი პირველს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2007 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 თვით თავისუფლების აღკვეთას; ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, იგი გათავისუფლდა ამ ეპიზოდისათვის დანიშნული და ამნისტირებული სასჯელის - 3 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ი. პ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავებისა და შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესახლების მომენტიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 თებერვლის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ ი. პ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ჯ-მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. ადვოკატმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 19 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტით, რომლის თანახმადაც, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული; ხოლო ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა ამ კანონის მე-16 მუხლით. რადგან ი. პ-ი არის ადრე ნასამართლევი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. პ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჯ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. ქათამაძე