დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.11.2017
საქმის ნომერი
46აგ.-2017
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.11.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №46აგ-17 10 ნოემბერი, 2017 წელი

გ. გ-ი, 46აგ-17 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის განაჩენით გ. გ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ი“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 29 აპრილიდან.

იმავე განაჩენით:

ე. ჰ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ი“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ი“ ქვეპუნქტებით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. გ. გ-ს მსჯავრად დაედო მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

ნ. ო-მა, გ. გ-სა და ე. ჰ-თან ერთად, განიზრახა მ. მ-ის მძევლად ხელში ჩაგდება და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ მისი და ქ. ბ-ში მყოფი დაზარალებულის მეგობრისა და ბიზნესპარტნიორის რ. მ-ის კუთვნილი ქონების დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2014 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 13.00 საათისათვის, ნ. ო-მა მოტყუებით მიიყვანა მახმუდ მალაკაზიმოვი თ-ში, --, -–ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, სადაც უკვე ელოდებოდნენ გ. გ. და ე. ჰ.. მსჯავრდებულებმა მ. მ-ს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით შეუკრეს ხელები და უთხრეს, რომ მას თავისუფლება აღუკვეთეს იმიტომ, რომ გათავისუფლების პირობით ეიძულებინათ რ. მ., მათთვის გადაეხადა გარკვეული თანხა, რომლის ოდენობასა და ანგარიშის ნომერს მეორე დღეს შეატყობინებდნენ. იარაღის საშუალებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარის შემდეგ მ. მ. იძულებული გახდა, დაერეკა რ. მ-თვის და ეთქვა, რომ იყო გატაცებული და გათავისუფლების სანაცვლოდ თანხა უნდა გადაერიცხა გამტაცებლებისთვის. ამის შემდეგ, დაახლოებით 19 საათისა და 30 წუთისთვის, ნ. ო-მა, გ. გ-სა და ე. ჰ-თან ერთად, მ. მ. ავტომანქანით გადაიყვანა გ. გ-ის მეგობრის - ე. მ-ის მიერ თ-ში, ე.წ. -ის სააგარაკე ნაკვეთებზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, სადაც კვლავ აიძულეს ეს უკანასკნელი, დაერეკა რ. მ-თვის. ნ. ო. ასევე მოითხოვდა მ. მ-სგან, რომ გადაეცა მისთვის რ. მ-სგან გამოგზანვილი 20 000 აშშ დოლარის ღირებულების სამშენებლო მასალები, რაზედაც მიიღო კატეგორიული უარი. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარისთვის მეტი დამაჯერებლობის შეძენის მიზნით, მ. მ. აიყვანეს - საპყრობილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, საიდანაც კიდევ ერთხელ დაარეკვინეს რ. მ-თან. მ. მ-ვის წინააღმდეგობისა და მოთხოვნის შესრულებაზე კატეგორიული უარის გამო გ. გ. და ე. ჰ. დარწმუნდნენ, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით რ. მ-გან ვერაფერს მიიღებდნენ და 13 აპრილს, დაახლოებით 5 საათისთვის, დაზარალებული გაათავისუფლეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის განაჩენი გ. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

5. 2017 წლის 21 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. გ-მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სსსკ–ის 310-ე მუხლის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის განაჩენის გადასინჯვა. შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო დაზარალებულ მ. მ-სა და მოწმე ე. მ-ის ჩვენებები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ე. მ-ის ჩვენება წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ვინაიდან მოწმე უშუალო ფაქტის შემსწრე არ ყოფილა და მისი ჩვენება გამომდინარეობს სხვა პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან, შესაბამისად, ის, როგორც ირიბი ჩვენება, უნდა ამოირიცხოს განაჩენიდან. რაც შეეხება თავად დაზარალებულს, მას მის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნია. აღნიშნულის დასადასტურებლად შუამდგომლობას ერთვის ნოტარიული წესით დამოწმებული დაზარალებულის განცხადებები.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობა საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დაშვებულ იქნა განსახილველად, ხოლო ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით არ იქნა დაშვებული.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის განჩინება მსჯავრდებულს არ გაუსაჩივრებია.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განაჩენით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

9. კასატორი – მსჯავრდებული გ. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის განაჩენიდან ე. მ-ის ჩვენების ამორიცხვის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

3. მოწმე ე. მ. არის დანაშაულებრივი ქმედების უშუალო შემსწრე და მისი ჩვენება არის პირდაპირი ხასიათის, ვინაიდან იგი იძლევა ინფორმაციას იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა უშუალო თვითმხილველიცაა. კერძოდ, ე. მ. მივიდა გ. გ-თან, რომელმაც უთხრა, რომ ,,შარში იყო“, ნ. ო-ის ვალი ჰქონდა ერთ თათარს და მან - გ-იმ, ხელები შეუკრა ნ-ას მოვალეს. შეკითხვაზე, თუ სად იყო ნ., გ-იმ უპასუხა, რომ იყო იმ პირთან ერთად ოთახში. გ-მა უთხრა, რომ უნდა წასულიყო და მალე დაბრუნდებოდა, თვითონ კი ოთახში შევიდა და დაინახა სკამზე მჯდარი ხელებშეკრული პირი, რომელსაც თავზე ნ. და ერთი ,,კ-ლი“ იარაღებით ედგნენ თავზე. აღნიშნულის შემდეგ ე. მ. მთელი პერიოდის განმავლობაში იყო მძველის გვერდით, მის გათავისუფლებამდე. ამდენად, ე. მ-ის ჩვენების სრულად ამორიცხვაზე მითითება უსაფუძვლოა. რაც შეეხება ჩვენების იმ ნაწილს, რომელშიც ის საუბრობს გ-ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე მძევლისთვის ხელების შეკვრის შესახებ, ეს ფაქტობირივი გარემოება გარდა ე. მ-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა, რომელიც მსჯავრდებულის ახლობელია და პირიქით დაინტერესბულია მისთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქებით, დასტურდება თავად დაზარალებულ მ-ის ჩვენებითაც, კერძოდ: პროკურორის შეკითხვაზე დაზარალებულმა მკაფიოდ განმარტა, რომ მას ხელები შეუკრა ორმა პირმა და მათ შორის ნ. ო. (რომელსაც ის იცნობდა შემთხვევამდეც) არ იყო. დაზარალებულმა ასევე მკაფიოდ განმარტა, რომ მისი ხელების გაკოჭვაში არ მონაწილეობდა ასევე ის პირი, რომელმაც ხელები გაუხსნა (დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ხელები ე. მ-მა გაუხსნა). ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გარდა ნ. ო-სა და ე. მ-სა, იქ იმყოფებოდნენ ე. ჰ. და გ. გ., სწორედ ეს ორი პირი - ე. ჰ. და გ. გ. მონაწილეობდა დაზარალებულის გაკოჭვაში, ხოლო გ. გ-ის შემდგომი მონაწილეობა მძევლის გადაყვანაში სხვადასხვა ადგილას, უტყუარადაა დადგენილი დაზარალებულ მ. მ-ვის ჩვენებით, ე. მ-ის ჩვენებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

4. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე