შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №365აპ- 17 13 დეკემბერი, 2017 წელი
დ. შ., 365აპ-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. დ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის განაჩენით შ. დ., – დაბადებული ........, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (...... ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (.......ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. დ–ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
შ. დ–ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
შ. დ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 18 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2015 წლის ........ ეპიზოდისათვის) დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 31 აგვისტოდან იმავე წლის 4 სექტემბრის ჩათვლით.
2015 წლის 4 სექტემბერს ი. დ–ის (პ/ნ ......) მიერ გირაოს სახით შეტანილი თანხა - 2000 ლარი და 2015 წლის ...... შ. დ–ის (პ/ნ ........) მიერ გირაოს სახით შეტანილი თანხა - 1000 ლარი გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის ნასამართლევმა შ. დ–მ განმეორებით, კვლავ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის), რაც გამოვლინდა 2015 წლის 13 აგვისტოს და 2015 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმებების შედეგად (ნარკოლოგიური ექსპერტიზის 2015 წლის ...... №..... და 2015 წლის........ №..... დასკვნები).
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის ნასამართლევმა შ. დ–მ უკანონოდ შეიძინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება “......,” რომელსაც უკანონოდ ინახავდა. 2016 წლის 18 აპრილს, .... რაიონის სოფელ .... შ. დ–ის პირადი ჩხრეკისას, ამოიღეს მის მიერ უკანონოდ შეძენილი და ასევე უკანონოდ შენახული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - 0.00615 გრამი “………...“
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი - მსჯავრდებული შ. დ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლისათვის შეფარდებული ჯარიმის გაუქმებას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლთან მიმართებით - კვალიფიკაციის შეცვლასა და სასჯელის შემსუბუქებას. კასატორისათვის გაუგებარია, მის მიერ გადახდილი თახნა რატომ უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში და რატომ უნდა ჰქონდეს დაკისრებული 3 000 ლარის გადახდა მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად სსკ-ის 273-ე მუხლი აღარ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ასევე არ უნდა გასამართლებულიყო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. კასატორი აღიარებს და სრულად აცნობიერებს ჩადენილ დანაშაულს და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების - „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის. ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენით შ. დ. მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, კერძოდ, 2015 წლის 13 აგვისტოსა და 2015 წლის 2 ნოემბერს გამოვლენილი „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) კვლავ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში უნდა შეწყდეს დევნა.
3. რაც შეეხება შ. დ–ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მაკვალიფიცირებელი გარემოება (იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული) წარმოშვა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ნოემბრის განაჩენით შ. დ–ის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დამნაშავედ ცნობამ („ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის). ამდენად, ის ფაქტობრივი გარემოება, რომელმაც გამოიწვია შ. დ–ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღარ იწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შ. დ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა). ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს შ. დ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
4. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებსა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო ელემენტებს, ჩადენილი დანაშაულის კატეგორიას (ნაკლებად მძიმე), მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, შ. დ–ის მიერ დანაშაულის აღიარებასა და მონანიებას.
5. ამასთან, საკასაციო საჩივრის თანახმად, მსჯავრდებულისათვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა დაისაჯოს იგი 3000 ლარით მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი სისხლისსამართლებრივად დასჯადი აღარ არის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ორივე ეპიზოდისათვის დანიშნული ჰქონდა ჯარიმები 2000-2000 ლარი და აღნიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით შთანთქა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 5 წლით. ამდენად, შ. დ–ს ჯარიმის სახით არც ერთ ეპიზოდში 3000 ლარი დანიშნული არ ჰქონია. თუკი კასატორი გულისხმობს გირაოს სახით გადახდილ თანხას (ჯამში 3000 ლარი), ამის შესახებ გორის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითა, რომ შ. დ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამოვლენის დროს მას 2015 წლის 1 სექტემბრისა და 2015 წლის 1 დეკემბრის განჩინებებით შეფარდებული ჰქონდა გირაო. ამდენად, გირაოს სახით შეტანილი თანხა, საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ შ. დ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. შ. დ–ის მიმართ შეწყდეს დევნა საქართველოს სსკ–ის 273-ე მუხლით (2015 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
4. შ. დ–ის მიმართ შეწყდეს დევნა საქართველოს სსკ–ის 273-ე მუხლით (…… ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
5. შ. დ–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
6. შ. დ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
7. შ. დ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2016 წლის 18 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2015 წლის 31 აგვისტოდან იმავე წლის 4 სექტემბრის ჩათვლით.
8. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ შ. დ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებები გაუქმებულია. 2015 წლის ....... ი. დ–ის (პ/ნ......) მიერ გირაოს სახით შეტანილი თანხა - 2000 ლარი და 2015 წლის ..... შ. დ–ის (პ/ნ ....) მიერ გირაოს სახით შეტანილი თანხა - 1000 ლარი უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განაჩენი უფლებების ჩამორთმევისა და ნივთმტკიცებების ნაწილში დარჩეს უცვლელად.
10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. ქათამაძე