დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 20.02.2018
საქმის ნომერი
84აგ.-2017
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
20.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №84აგ-17 20 თებერვალი, 2018 წელი

უ-ე პ-ა, 84აგ-17 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. უ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 თებერვლის განაჩენით პ. უ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 2 წლის მოხდა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 5 წლის მოხდა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელიდან - 7 წლის მოხდა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 5 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. პ. უ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 7 დეკემბრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ პ. უ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული პ. უ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან.

მსჯავრდებულ პ. უ-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა პროპორციულად ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა - უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი და 9 თვე. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 თებერვლის განაჩენში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლისა და 10 თებერვლის განჩინებებში შევიდა შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ პ. უ-ის ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260–ე მუხლის პირველ ნაწილზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 დეკემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 31 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ პ. უ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განაჩენში პ. უ-ის მიმართ შევიდა ცვლილება:

პ. უ-ის ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, საიდანაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 3 თვით, ხოლო ერთი წელი და 3 თვე ჩაეთვალა პირობით;

მასვე საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ამნისტიის გათვალისწინებით) მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით;

სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ პ. უ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით, საიდანაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 9 თვით, ხოლო 2 წელი და 9 თვე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის, 9 თვისა და 22 დღის გამოსაცდელი ვადით.

პ. უ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2010 წლის 7 დეკემბრიდან.

7. 2017 წლის 4 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ პ. უ-ის შუამდგომლობა, რომლითაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვა, კერძოდ: შუამდგომლობის ავტორი უთითებს, რომ ვინაიდან იყო პოლიტიკური ორგანიზაცია „აღორძინების“ წევრი, პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებოდა საქართველოს სხვადასხვა მთავრობის მიერ, რაც გამოიხატა მის უკანონო ბრალდებებსა და განაჩენებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს, საქართველოს სსკ–ის 310–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 3321–ე მუხლის შესაბამისად, მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვას.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

9. კასატორი - მსჯავრდებული პ. უ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას საქართველოს სსსკ–ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და 3321-ე მუხლის საფუძველზე იმ მოტივით, რომ 1992 წლიდან მოყოლებული არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

3. საქართველოს სსსკ–ის 3321-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 310–ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76–Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს 2017 წლის 1 ივლისამდე წარედგინება.

4. იმის გათვალისწინებით, რომ პ. უ-ე „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76–Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული არ არის, პალატა კანონისმიერადაა მოკლებული შესაძლებლობას, გადასინჯოს პ. უ-ის მიმართ დადგენილი განაჩენები საქართველოს სსსკ–ის 3321-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

5. უსაფუძვლოა ასევე კასატორის მოთხოვნა განაჩენის საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გადასინჯვს თაობაზე, ვინაიდან რაიმე გარემოებაზე, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს, კასატორი ვერ მიუთითებს.

6. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ პ. უ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ პ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ პ. უ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე