საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.04.2018
საქმის ნომერი
2კ-630აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№630აპ-17 ქ. თბილისი

ტ. ა., 630აპ-17 30 აპრილი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 მაისის განაჩენით ა. ტ, – -ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ა. ტ-ს მიესაჯა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ტ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 26 აგვისტოდან. ა. ტ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ., რ. კორპუსის ეზოში, ა. ტ-მა თან ნაქონი დანის გამოყენებით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შეურაცხყოფით განაწყენებულმა, განზრახ მოკვლის მიზნით, ნ. გ-ეს გულმკერდში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, შემავალი ჭრილობის სახით; ბ. თ-ს - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გულმკერდის ღრუში მარცხნივ შემავალი ჭრილობის სახით; ა. ბ-ეს - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მარცხენა ბარძაყის ნაკვეთი ჭრილობის სახით, ხოლო მ. ნ-ს - ჯანმრთელობის გაზნრახ მსუბუქი დაზიანება მარჯვენა წინა მხრის ნაკვეთი ჭრილობის სახით. მიყენებული დაზიანებების შედეგად ნ. გ-ე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებასა და ა. ტ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. კასატორის მითითებით, სასამართლომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიიჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენებები; პოლიციელები შემთხვევის ადგილზე ჩხუბის დასასრულს მივიდნენ; მ. ნ. და მ. ი. იყვნენ და არიან იმ სამინისტროს თანამშრომლები, რომლის საგამოძიებო უწყებამაც უზრუნველყო აღნიშნული საქმის გამოძიება; დადასტურებულია, რომ გარდაცვლილი და მსჯავრდებული მეგობრობდნენ, მაგრამ დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ეს ფაქტი უარყო; მსჯავრდებულს სამოქალაქო ფორმაში მყოფმა ნ-მა ხელზე ხელი მოკიდა, რის გამოც ა. ტ-ს ისიც თავდამსხმელი ეგონა და ამიტომ ხელის გაშვების მიზნით დანა კი არ მოუქნია, არამედ ხელზე „დაუსვა.“ თუ მსჯავრდებულმა გარდაცვლილს დანა გულმკერდის არეში მოუქნია, გაუგებარია, რატომ არ წაართვეს დანა ან რატომ არ გაიქცნენ მასთან ერთ მეტრამდე მანძილზე მდგომნი.

6. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სსსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბიოლოგიური ექსპერტიზის N დასკვნა დასაშვებად ცნო; კასატორი აღნიშნული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას ითხოვს; ა. ტ-მა განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მას გარდაცვლილი საერთოდ არ უნახავს; ა. ბ-ემ და ბ. თ-მა დატოვეს საქართველო, რის გამოც მათი ცრუ ჩვენებები სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა; გამოძიებამ, მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობისა, არ დაკითხა რეალური თავდამსხმელი პირები, ა. ბ-ის ძმები - მ. და გ. ბ-ეები; მოწმე ბ-ემ განმარტა, რომ ა. ტ. მან მიწაზე დაგდებული დაინახა; ამასთან, მსჯავრდებულის დაზიანებები არ ყოფილა შეფასებული; კასატორის მოსაზრებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ა. ტ. იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. სასამართლომ არ გაითვალისწინა მითითებული გარემოებები და ისე დაუნიშნა მსჯავრდებულს მკაცრი სასჯელი.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგ. იხ. №424აპ-16, №322აპ-15, №57აპ-15 გადაწყვეტილებები), ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საჩივრებიდან არ იკვეთება.

10. საკასაციო პალატა დაცვის მხარის მითითებულ პრეტენზიებზე (მათ შორის - დაინტერესებულ მოწმეებზე, ა. ტ-ს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის ფაქტთან დაკავშირებულ საკითხებზე) სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს და მიაჩნია, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა. ტ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 120-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენას.

11. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინება ბრალდების მხარის მიერ დამატებითი მტკიცებულების დაშვების თაობაზე შეესაბამება საპროცესო სამართლის ნორმებს და წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, არ გამოვლენილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

12. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ ა. ტ-ს სასამართლომ მკაცრი სასჯელი დაუნიშნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს.

13. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე