დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.03.2018
საქმის ნომერი
96აგ.-2017
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
28.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №96აგ-17 თბილისი

გ-ი ე., 96აგ-17 28 მარტი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ დავით გუმბერიძის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ივლისის განაჩენით:

· ე. გ-ს, - დაბადებულს 19.. წელს, - მოეხსნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა; ე. გ-ს მოეხსნა სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი; ე. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და ე. გ-ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის მე-60 მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დადგენილ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 18 იანვრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ერთი წელი და საბოლოოდ ე. გ-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2004 წლის 10 იანვრიდან.

· გ. ვ-ს, - დაბადებულს 19.. წელს, - მოეხსნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა; გ. ვ-ს მოეხსნა სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი; გ. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ გ. ვ-ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2004 წლის 10 იანვრიდან.

· ბ. ს-ს, - დაბადებულს 19.. წელს, - მოეხსნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 237-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა; ბ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 2 წლით, 6 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2004 წლის 10 იანვრიდან.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ივლისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ე. გ-სა და გ. ვ-ს ქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (განჩინების გამოტანის დროს მოქმედი რედაქცია). განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. 2014 წლის პირველ დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულების - ე. გ-სა და გ. ვ-ს ადვოკატმა გ. დ-მ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ივლისის განაჩენის გადასინჯვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ე. გ-სა და გ. ვ-ს ადვოკატ გ. დ-ს შუამდგომლობა დასაშვებად იქნა ცნობილი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულების - ე. გ-სა და გ. ვ-ს ადვოკატ გ. დ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ივლისის განაჩენი გაუქმდა და მსჯავრდებულები - ე. გ-ი, გ. ვ-ე და ბ. ს-ე ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებებში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა დავით გუმბერიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების - ე. გ-ს, გ. ვ-სა და ბ. ს-ს დამნაშავეებად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2009 წლის 9 ოქტომბრის კანონი) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ანალოგიური დათქმაა ძველ - 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, კერძოდ: ამ კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რომელიც მოქმედებს წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 1681-ე და 1682-ე მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა.

3. ამდენად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების მიხედვით, ხოლო დასაშვებობის ეტაპის გადალახვის შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვა უნდა წარიმართოს იმ საპროცესო კოდექსით, რომლითაც კონკრეტული მსჯავრდებულის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, მიმდინარეობდა საქმისწარმოება და მიღებულ იქნა გასაჩივრებული განაჩენი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის №222აგ-16 განჩინება; 2017 წლის 4 ივლისის №27აგ-17 განჩინება).

4. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ე. გ-ს, გ. ვ-სა და ბ. ს-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა წარმართულია ძველი - საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მათი ადვოკატის შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის შემდეგ სასამართლო საქმეს იხილავს ამავე კოდექსით დადგენილი წესით.

5. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება.

6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის სხდომაზე (.....საქართველოს წინააღმდეგ) საქმის მორიგებით დასრულების შესახებ მხარეთა მიერ წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, საქართველოს მთავრობამ ცნო კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა და განმცხადებლებს უფლება მიეცათ, მიმართონ ადგილობრივ სასამართლოს თავიანთი საქმის განახლების მოთხოვნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ე. გ-ი, გ. ვ-ე და ბ. ს-ე მართებულად ცნო უდანაშაულოდ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ივლისის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში, ვინაიდან ამ მოცემულობით არ დასტურდება მათ მიერ სადავო განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი.

8. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებობს ისეთი ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები, რომელთა ანალიზის შედეგად ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ე. გ-ს, გ. ვ-სა და ბ. ს-ს არ ჩაუდენიათ მათთვის შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებები, რაც საერთაშორისო კანონმდებლობის, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, უნდა გადაწყდეს მათსავე სასარგებლოდ, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ[1].

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის მიხედვით, ეჭვი პირის დამნაშავედ ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხოლო ამავე კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

10. ამდენად, მართალია, საქმის განხილვის ამ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი ე. გ-ს, გ. ვ-სა და ბ. ს-საგან აღიარებითი ჩვენებების მიღების მიზნით მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების არსებობა, მაგრამ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ე. გ-ს, გ. ვ-სა და ბ. ს-ს მიერ მათთვის შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა საეჭვოა და საქმეში არ არსებობს ამ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მათი უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების საფუძველია.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც სადავო განაჩენის გაუქმების ან მსჯავრდებულების საუარესოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (ამჟამად მოქმედი რედაქცია) 314-ე, 329-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ დავით გუმბერიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

ბ. ალავიძე

[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.