საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №693აპ-17 ქ. თბილისი
ს-ი ო., 693აპ-17 11 ივნისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. კ-სა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დიმიტრი ხვიტიას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ო. ს-ს ბრალი დაედო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 29 თებერვალს მშრალტვირთმზიდი გემი „…..” შემოვიდა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საქართველოს საზღვაო აკვატორიაში, 12 საზღვაო მილის სიღრმეში. რეიდზე ყოფნისას გემის კაპიტანმა, უკრაინის მოქალაქე ო. ს-მ, ფოთის პორტში შემოსვლის ნებართვის მიღებისა და შემდგომ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, კერძოდ: მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში არ იყო აღნიშნული საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (…..)-ს მიერ მინიჭებული გემის საიდენტიფიკაციო კოდი, ხოლო „საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის რეგლამენტის“ მე-19 მუხლის თანახმად, გემებისთვის მინიჭებული რადიოსაძახისის (…..) ნომრის პირველი სამი ციფრი არ ემთხვეოდა გემის დოკუმენტებში მითითებულ, მისი გადამცემი დროშის სახელმწიფოს - სან ტომესა და პრინციპეს საერთაშორისო კოდს, ასევე, „მეზღვაურების მომზადების, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის“ შესახებ საერთაშორისო კონვენციის 1/10 რეგულაციის თანახმად, გემის კაპიტანს გააჩნდა მეზღვაურის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ყალბი აღიარება, რომელიც ასევე არ იყო გაცემული დროშის სახელწოდების - სან ტომესა და პრინციპეს კომპეტენტური ორგანოების მიერ, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
2016 წლის 29 თებერვალს მშრალტვირთმზიდი გემის - „…..-ის” კაპიტანმა, უკრაინის მოქალაქე ო. ს-მ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რეიდზე ყოფნისას, ფოთის პორტში შემოსვლის ნებართვის მიღებისა და შემდგომ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რითაც შეეცადა საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის განაჩენით:
ო. ს-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ო. ს-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა (ჯარიმა 10000 ლარი), როგორც თანაბარმა შთანთქა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი (ჯარიმა 10000 ლარი) და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ო. ს-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.
გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული ვალდებულება-აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პასპორტისა და პირადობის მოწმობის საქმის გამომძიებლისათვის ჩაბარების შესახებ და ო. ს-ს უნდა დაუბრუნდეს უკრაინის მოქალაქის პასპორტი.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ო. ს-თვის ჩამორთმეული არასამხედრო, მშრალტვირთმზიდი გემი „…..” (ამჟამინდელი მონაცემები: (…..)-ს საიდენტიფიკაციო კოდი №….., რეგისტრაციის ადგილი/დროშა - ….., მიწერის პორტი - ….., სახელი ,,…..“, მესაკუთრე შპს „…..“ (“…..”), იურიდიული მისამართი: ქალაქი ….. (….. რესპუბლიკა), რომელიც დაკავებულია 2016 წლის 11 მარტს, არასამხედრო გემის დაკავების შესახებ №….. ოქმით და ინახება სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს ფოთის სანაპირო დაცვის ბაზაზე, უნდა დაუბრუნდეს ო. ს-ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; გემის კაპიტან ო. ს-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, გემის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დოკუმენტები, რომლებიც ინახება საგამოძიებო ორგანოში - სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ორგანოში - სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო სამსახურში, უნდა დაუბრუნდეს ო. ს-ს და ამ დოკუმენტთა მესაკუთრეებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; კონტეინერის დათვალიერების ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერი მყარ დისკზე, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში - სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ორგანოში - სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო სამსახურში, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ო. ს-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის ზომად უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას; ასევე - საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულისათვის გემის უსასყიდლოდ ჩამორთმევას სახელმწიფოს სასარგებლოდ; ხოლო დაცვის მხარე ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ო. ს-ს გამართლებას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოტივაცია ო. ს-ს ქმედების დაკვალიფიცირების შესახებ, როგორც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სრულად დაეთანხმა გასაჩივრებული განაჩენის არგუმენტებს ბრალდების ამ ნაწილში.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულ ო. ს-ს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ფოთის პორტში შემოსვლის ნებართვის მიღებისა და შემდგომ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაცია, მეზღვაურის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ყალბია. ასევე ყალბია ის დოკუმენტაცია, სადაც გემი ფიქსირდება, როგორც საო ტომესა და პრინციპეს სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავი საშუალება, რადგანაც არცერთი ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია არ არის დადასტურებული და აღიარებული ამ დროშის ქვეშ მცურავი სახელმწიფოს - სან ტომესა და პრინციპეს მიერ.
საქმეში წარმოდგენილი და 1-ლი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ გემის დოკუმენტაციაში საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის რეგლამენტით დადგენილი გემებისათვის მინიჭებული რადიოსაძახისის (…..) ნომრის პირველი სამი ციფრია …... აღნიშნული ციფრები, საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირის (…..) მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მიხედვით, არ ფიქსირდება, ხოლო სან ტომესა და პრინციპეს სახელმწიფოს ….. ნომერში პირველი სამი ციფრია …... აღნიშნულით დასტურდება, რომ გემის ის დოკუმენტაციაც, რომელშიც მითითებულია რადიოსაძახისის (…..) ნომრის პირველი სამი ციფრიც, ყალბია. სასამართლომ აქვე ყურადღება მიაპყრო საქმეში წარმოდგენილ ო. ს-ს სერტიფიკატებს, რომლითაც დასტურდება, რომ ისინი გაცემულია ,,მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ’’ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის დებულებათა და 2011 წლის მაისში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად. აღნიშნული სერტიფიკატების დონე ზემოაღნიშნული შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობის ცოდნას სავალდებულოდ მიიჩნევს.
საქართველოს საზღვაო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მთელი რეისის განმავლობაში გემის კაპიტანს ევალება გემის ზღვაოსნობა უნარიანობის უზრუნველყოფა, რაც თავისთავად გულისხმობს როგორც ტექნიკურ, ასევე - სამართლებრივ ზღვაოსნობაუნარიანობას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ,,ნავსადგურის წესების დამტკიცების შესახებ’’ 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გემი, ნავსადგურში შესვლის ან ნავსადგურიდან გასვლის დროს, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს შესამოწმებლად წარუდგენს ამ ,,წესების’’ დანართი №1-ით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, ესენია: გემის საკონვენციო სერტიფიკატების მოწმობები, დიპლომები, გენერალური დეკლარაცია (I MOFAIL 1), დეკლარაცია ტვირთის შესახებ (I MOFAIL 2), დეკლარაცია გემის მარაგის შესახებ (I MOFAIL 3) დეკლარაცია ეკიპაჟის პირადი ნივთების შესახებ ( I MOFAIL 4), ეკიპაჟის განრიგი (I MOFAIL 5), მგზავრთა სია (I MOFAIL 6), საზღვაო-სანიტარული დეკლარაცია, დეკლარაცია სახიფათო ტვირთის შესახებ, მოწმობა დერატიზაციის შესახებ, კაპიტნის განცხადება ნავსადგურში შესვლის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტების წარმომდგენად ითვლება გემის კაპიტანი, რომელიც, თავის მხრივ, არის გემთმფლობელის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მსჯავრდებულმა ო. ს-მ იცოდა გემის დროშის სახელმწიფოს შესახებ, თავისუფლად შეეძლო გადაემოწმებინა გემის დოკუმენტაციაში საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის რეგლამენტით დადგენილი გემებისათვის მინიჭებული რადიოსაძახისის (…..) კოდი და შეედარებინა იგი დროშის სახელმწიფოს კოდისთვის, რაც არ შეუსრულებია. შესაბამისად, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულმა ო. ს-მ იცოდა ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის სიყალბის შესახებ და შეგნებულად გამოიყენა ისინი.
რაც შეეხება ო. ს-თვის გამოძიებით წარდგენილ ბრალდებას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (მნიშვნელოვანი ზიანი), 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადააკვალიფიცირა იგი სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ობიექტურ პირს მსჯავრდებულის მიერ სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
სააპელაციო პალატამ ერთხელ კიდევ მიაპყრო ყურადღება იმ გარემოებას, რომ მნიშვნელოვანი ზიანის არსებობისას უნდა დადგინდეს სახელმწიფოსთვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის კონკრეტული ზიანის მოცულობა. ბრალდების მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ო. ს-მ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება და ასევე დასტურდება, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის გამოყენების ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.
სასამართლომ ყურადღება მიაპყრო საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს, რომ საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. მისი ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებელობა აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესს შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სახელმწიფო საზღვარზე დამნაშავის ფაქტობრივ გადაადგილებაში, ნებისმიერი ხერხით. საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება დამნაშავის მიერ სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში ო. ს-მ ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა საზღვრის გადაკვეთისათვის საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც ყალბი აღმოჩნდა, რაც ო. ს-თვის იმთავითვე ცნობილი იყო, მან მიიღო ყველა ზომა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის, რაც ვერ განახორციელა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
ამდენად, საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა საერთო ჯაჭვით უტყუარად დასტურდება, რომ ო. ს-მ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა.
სააპელაციო პალატა ასევე არ დაეთანხმა პროკურორის საჩივრის მოტივაციას ნივთმტკიცების - მშრალტვირთმზიდი გემის ,,…..’’, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამორთმევის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
სასამართლო დანაშაულის საგანს ან/და იარაღს ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ნივთს ჩამოართმევს - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის იმ შემთხვევაში, როდესაც გამოკვეთილია დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, გემის ჩამორთმევის აუცილებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება. აქვე სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, გემი დაყადაღებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით და აკრძალული აქვს ფოთის პორტის დატოვება.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაცია და მოთხოვნა ო. ს-ს უდანაშულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა არ იცოდა გემის დოკუმენტაციის სიყალბის შესახებ და არ ჰქონდა მათი ნამდვილობის გადამოწმების შესაძლებლობა, კერძოდ: არასამხედრო გემის - „…..” 2016 წლის 11 მარტის დაკავების შესახებ N….. ოქმის მიხედვით, დააკავეს მშრალტვირთმზიდი გემი, რომელსაც განზრახული ჰქონდა ფოთის საზღვაო ნავსადგურში შესვლა სან ტომესა და პრინციპეს მთავრობის მიერ გაცემული გემის სარეგისტრაციო დოკუმენტებით. დადგენილია, რომ მშრალტვირთმზიდი გემი „…..” სან ტომესა და პრინციპეს სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავ საშუალებას არ წარმოადგენს და ის ამ სახელმწიფოში რეგისტრირებული არ არის. გემის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დოკუმენტებით დადგენილია, რომ გემ ,,…..-ის” არ გააჩნია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (…..)-ს მიერ მინიჭებული გემის საიდენტიფიკაციო კოდი, ხოლო საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის რეგლამენტით დადგენილი, გემებისთვის მინიჭებული რადიოსაძახისის (…..) ნომრის პირველი სამი ციფრია …...
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ გემ ,,…..-ის’’ მთლიანი ტევადობა შეადგენდა 226 ტონას. დადგენილია ასევე, რომ აღნიშნულ გემზე, კერძოდ, მის კორპუსზე ….. ნომერი არ ფიქსირდება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ო. ს-მ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება და ასევე დასტურდება, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის გამოყენების ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვინაიდან სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა აღკვეთეს მის მიერ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა.
ამდენად, ო. ს-ს მიერ როგორც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ჩადენა უტყუარად დასტურდება ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცე-ბულებათა ერთობლიობით, რომლის ანალიზი იძლევა საშუალებას, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდეს ო. ს-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ ო. ს-თვის განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა მსჯავრდებულ ო. ს-ს მიერ ჩადენილი ქმედების სახე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ასევე - ინდივიდუალური მახასიათებლები. ამასთან, შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობას.
6. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
მსჯავრდებულ ო. ს-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ჯ. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ო. ს-ს გამართლებას.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი დიმიტრი ხვიტია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ო. ს-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის ზომად უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას; ასევე - საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულისათვის გემის უსასყიდლოდ ჩამორთმევას სახელმწიფოს სასარგებლოდ.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ო. ს-ს ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრის ნაწილში და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ ო.ს-ს მიერ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა დაცვის მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი გახდებოდა, კასატორი არ უთითებს.
10. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ო. ს-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირება სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება.
11. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე ნივთიერი მტკიცებულების - არასამხედრო, მშრალტვირთმზიდი გემის - „…..-ის” სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის შესახებ, პალატა ამ ნაწილშიც ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ო. ს-თვის გემის ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
12. პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე ,,ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“, (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,გადაწყვეტილება საქმეზე ,,გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECHR; 20.03.2009).
13. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს მსჯავრდებულ ო. ს-ს საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების თაობაზე, არ მიიჩნევს მიზანშეწონილად საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვებას, დაცვისა და ბრალდების მხარეთა არგუმენტებზე განმეორებით მსჯელობის მიზნით.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ო. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. კ-სა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დიმიტრი ხვიტიას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი