დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700059364
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №113აგ-18 ქ. თბილისი
ჩ. ჯ. 113აგ-18 17 ივნისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - ჯ. ჩ-ს და ჯ. ე-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 ივნისის განაჩენით:
ჯ. ჩ. - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ჯ. ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ჯ. ე. - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მას მიესაჯა 32 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ჯ. ე-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა მსჯავრდებულების _ ჯ. ჩ-ს და ჯ. ე-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
მსჯავრდებულ ჯ. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
მსჯავრდებულ ჯ. ე-ს საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 26 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად:
ჯ. ჩ. გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები; ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 12 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.
ჯ. ე. გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები; ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 12 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ცვლილება შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განაჩენში, კერძოდ:
მსჯავრდებულ ჯ. ჩ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისის შემდგომ მოქმედი რედაქცია).
მსჯავრდებულ ჯ. ე-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისის შემდგომ მოქმედი რედაქცია).
განაჩენში ცნობად იქნა მიღებული, რომ მსჯავრდებულები - ჯ. ჩ. და ჯ. ე. გათავისუფლებული იყვნენ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ჯ. ჩ. და ჯ. ე. გათავისუფლდნენ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან.
7. 2018 წლის 10 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულებმა - ჯ. ჩ- მ და ჯ. ე-მ . წარმოდგენილი შუამდგომლობით მსჯავრდებულები საქართველოს სსკ- ის 310-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვდნენ მათ მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვას. შუამდგომლობის ავტორთა მითითებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის გადაწყვეტილებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და პროკურატურას არ ჰქონდათ მტკიცებულებები მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით, რის გამოც მათ განზრახ მიაყენეს ძლიერი ტკივილი, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა, რათა ეღიარებინათ დანაშაულის ჩადენა. ბრალდების აღნიშნულ ნაწილთან მიმართებით მოპოვებული ყველა მტკიცებულება არის ფალსიფიცირებული, რაც დასტურდება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნებით. ფალსიფიცირებულია როგორც ჯ. ჩ-ს, ასევე, ჯ. ე-ს დაკავებისა და დაკითხვის ოქმები, ასევე, ფალსიფიცირებულია ბრალდების შესახებ დადგენილებები.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინებით მსჯავრდებულების - ჯ. ჩ-ს და ჯ. ე-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - ჯ. ჩ-მ და ჯ. ე-მ, რომლებმაც მოითხოვეს აღნიშნული განჩინების გაუქმება იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდნენ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე საქმის გარემოებები სამართლებრივად სწორად შეაფასა.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება.
4. პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რათა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადაისინჯოს განაჩენი, ერთდროულად უნდა არსებობდეს ორი სავალდებულო პირობა, კერძოდ: წამების წინააღმდეგ კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილი იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და ის, რომ გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევაზეა დაფუძნებული.
5. კასატორების მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის გადაწყვეტილებით დგინდება შემდეგი:
კომიტეტი მიუთითებს ორივე მომჩივნის განცხადებაზე, რომ დაკავების შემდეგ მათ პოლიციის განყოფილებაში პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლები დაახლოებით რვა საათს ჰკითხავდნენ და ამ დროის განმავლობაში მათ ხელბორკილები ედოთ, სცემდნენ და წიხლებს ურტყამდნენ, ახრჩობდნენ და ფანჯრიდან გადაგდებით ემუქრებოდნენ. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ პირველი მომჩივნის განცხადებით, იმის ხილვა, თუ როგორ ეპყრობოდნენ მეორე მომჩივანს - მის შვილს - ოფიციალური პირები, რათა მათ ეღიარებინათ დანაშაული, წარმოადგენდა წამებას კონვენციის პირველი მუხლის თანახმად.
2010 წლის 10 და 11 ოქტომბერს დროებითი მოთავსების იზოლატორის მორიგე ექიმმა დოკუმენტურად აღრიცხა დაჟეჟილობები და სისხლჩაქცევები ორივე მომჩივნის სხეულზე. მიწოდებული მტკიცებულებების საფუძველზე კომიტეტი მიიჩნევს, რომ მომჩივანთა მონათხრობი სანდოა. უფრო მეტიც, აღნიშნული ფაქტებით მოპასუხე სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენლებს ისეთ ქმედებაში ედებათ ბრალი, რომელიც უტოლდება ,,მძიმე ტკივილსა და ტანჯვას“ კონვენციის 1 (1) -ლი მუხლის თანახმად.
მეორე მომჩივანს, რომელიც დაავადებული იყო დიაბეტით, არ მისცეს ინსულინის ინიექციის გაკეთების შესაძლებლობა პოლიციის განყოფილებასა და დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავების მთელი პერიოდის განმავლობაში, 2010 წლის ათიდან - ცამეტ ოქტომბრამდე, რამაც გამოწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. აღნიშნული წარმოადგენს სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას კონვენციის მე-16 მუხლის მნიშვნელობით და მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი მეორე მომჩივანთან მიმართებით.
მომჩივნებმა გამოთქვეს პრეტენზია, რომ ზემოხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-12 მუხლი, რადგან ვერ ჩაატარა სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება. კომიტეტემა აღნიშნა, რომ მხოლოდ გამოძიების დაწყება არ არის საკმარისი მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულების შესასრულებლად. კომიტეტმა მიიჩნია, რომ ექვს წელზე მეტი ხანგრძლივობით მიმდინარე გამოძიება, რაც მოიცავს ხუთ წელზე მეტი დროით გაჭიანურებულ პერიოდს ბოლო არსებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებიდან, ვერ პასუხობს მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება მაშინ, როდესაც არსებობს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ჩადენილია წამება კონვენციის მე-12 მუხლის მნიშვნელობით.
მოპასუხე სახელმწიფომ ასევე ვერ შეასრულა კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, უზრუნველეყო მომჩივნის მიერ საჩივრის შეტანის უფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ამგვარ საჩივარზე ადეკვატური რეაგირება სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიების დაწყების გზით. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ ციხის თანამშრომლებმა ხელში ჩაიგდეს მათ მიერ კომიტეტში წარსადგენი საჩივარი და მათი ოჯახის წევრს თავს დაესხნენ და ემუქრებოდნენ პირები, რომლებიც მოქმედებდნენ ოფიციალური ორგანოების სახელით, მომჩივანთა ქმედებების საპასუხოდ. კომიტეტმა მიიჩნია, რომ დაირღვა კონვეციის მე-13 მუხლი.
გადაწყვეტილების ბოლო ნაწილში კი მითითებულია, რომ კომიტეტი მოუწოდებს მოპასუხე სახელმწიფოს, ჩაატაროს განხილული ფაქტების მიუკერძოებელი გამოძიება, რათა დაზარალებულების მიმართ მოპყრობაზე პასუხისმგებელი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე და მომჩივნებისათვის უზრუნველყოფილი იყოს დაცვის ეფექტური საშუალებები, მათ შორის - სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაცია მიყენებული ზიანის გამო, ასევე - სამედიცინო რეაბილიტაცია. მოპასუხე სახელმწიფო ასევე ვალდებულია, მიიღოს წინასწარი ზომები მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან ასაცილებლად.
6. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მართალია, წარმოდგენილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელშიც მითითებულია, რომ ჯ. ჩ. და ჯ. ე. პოლიციის განყოფილებასა და დროებითი მოთავსების იზოლატორში დაექვემდებარნენ წამებას, მაგრამ არ იკვეთება მეორე სავალდებულო პირობა - კასატორები ვერ ასაბუთებენ და არც საქმის მასალებით დგინდება, რომ გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება და გადაწყვეტილებაში მითითებულმა უკანონო ქმედებებმა გავლენა მოახდინეს მათ დამნაშავედ ცნობაზე.
7. რაც შეეხება კასატორების მითითებას, რომ ფალსიფიცირებულია მტკიცებულებები საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ნაწილში, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მტკიცებულებათა სიყალბე (რომლებიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს) უნდა დადგინდეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რაც მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულებს არ წარმოუდგენიათ.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულების - ჯ. ჩა-ს და ჯ. ე-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების - ჯ. ჩ-ს და ჯ. ე-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე