საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100116002710323
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№734აპ-18 ქ. თბილისი
ა-ე მ. 734აპ-18 24 მაისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენით მ. ა-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2016 წლის 24 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2016 წლის 31 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით მ. ა-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და მ. ა-ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენში მითითებული დაკავების დღიდან - 2016 წლის 13 იანვრიდან.
საქართველოს სსკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ. ა-მ დანიშნული სასჯელი უნდა მოიხადოს შპს ,,აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში’’ (ხონი - ქუტირი) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთო წესით.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენში (სასჯელის ნაწილში) შევიდა მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება:
მ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (2016 წლის 24 მარტისა და 2016 წლის 31 მარტის ეპიზოდები) და 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2016 წლის 24 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2016 წლის 31 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულმა ერთმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით მ. ა-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა მ. ა-ისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და საბოლოოდ მ. ა-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. მსჯავრდებულ მ. ა-ეს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა პირველი განაჩენით მოხდილი სასჯელი და, შესაბამისად, საბოლოო სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის 13 იანვრიდან.
საქართველოს სსკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლი საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულმა მ. ა-ემ დანიშნული სასჯელი უნდა მოიხადოს შპს „აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთო წესით.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ:
მ. ა-ე 2016 წლის 13 იანვარს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის) და პენიტენციური დეპარტამენტის №2 პატიმრობისა და მოათავსეს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც გაეცნო ბრალდებულის უფლება-მოვალეობებსა და დაწესებულების დღის წესრიგს. 2016 წლის 24 მარტს, დაახლოებით 17:20 საათზე, №- დაწესებულების - კორპუსის №- საკანში ყოფნისას, მან მოტეხა საკანში არსებული ხელსაბანის ნიჟარა, დაიწყო ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს (რასაც არ წყვეტდა დაწესებულების თანამშრომელთა არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად). აღნიშნულის გამო, დაახლოებით 17:45 საათზე, ბრალდებულ მ. ა-ისთვის ხელბორკილის დასადებად №- საკანში შევიდნენ დაწესებულების თანამშრომლები. ამ დროს მ. ა-ემ სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ გ. გ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა - მარცხენა თვალბუდის არეში მუშტის ძლიერი დარტყმით სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა. მისი ქმედება სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლებმა აღკვეთეს.
2016 წლის 31 მარტს მ. ა-ე პენიტენციური დეპარტამენტის №- სამკურნალო დაწესებულებიდან შეიყვანეს №- პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც იგი გაეცნო ბრალდებულის უფლება-მოვალეობებსა და დაწესებულების დღის წესრიგს. შემდეგ მას ჩაუტარდა შემოწმება-დათვალიერება და დაახლოებით 21 საათსა და 45 წუთზე, სამედიცინო შემოწმებისათვის გადაიყვანეს სამორიგეო ნაწილში არსებულ სამედიცინო ოთახში, სადაც ბრალდებულმა მ. ა-ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოპერატიული მორიგე-ინსპექტორის თანაშემწეს, ლ. ქ-ეს, რომელმაც სახეში თავის დარტყმით სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.
მ. ა-ე 2016 წლის 13 იანვარს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის) და მოათავსეს პენიტენციური დეპარტამენტის №- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც გაეცნო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული დებულების №1 დანართის მეთერთმეტე პუნქტით განსაზღვრულ აკრძალულ საგანთა ნუსხასა და მასში შეტანილ ცვლილებას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მან დაშალა სტანდარტული (ქარხნული) წესით დამზადებული, მექანიკური საპარსი მოწყობილობა, რომლის განცალკევებული, ბასრი ნაწიბურების მქონე აკრძალული საგნით, 2016 წლის 10 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, შეეცადა სხეულზე დაზიანების მიყენებას, რაც დაწესებულების თანამშრომლებმა აღკვეთეს და დებულებით აკრძალული საგანი - დაშლილი, ერთჯერადი სამართებლის ბასრი პირი, მისგან სათანადო წესით ამოიღეს.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებასა და მ. ა-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
6. კასატორის მოსაზრებით, მ. ა-ემ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ვერ მიიღო მონაწილეობა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მისი სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, რათა მიეცა ჩვენება და გამოეხატა თავისი პოზიცია. მ. ა-ეს დიდი დროის გასვლის შემდეგ დაენიშნა ექსპერტიზა და კასატორი ვარაუდობს, რომ უფრო ადრე დანიშვნის შემთხვევაში შესაძლოა ამ დანაშაულებისათვის მსჯავრდებული არც ყოფილიყო.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. დაცვის მხარე არ მიუთითებს ისეთი სახის გარემოებებზე, რაც შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გამხდარიყო. მოწმეების: ზ. დ-ის, გ. ხ-ას, მ. შ-ას, რ. გ-ის, ზ. ტ-ის, მ. ნ-ისა და დაზარალებული მოწმეების: გ. გ-ისა და ლ. ქ-ის ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს მ. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე