საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100118002456691
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№739აპ-19 ქ. თბილისი
ნ. ა., 739აპ-19 27 თებერვალი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. ნ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი საფუძვლებით: განაჩენი არის დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან; ა. ნ-სგან საპროცესო ნორმების დაცვით ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი 1 აბი, რადგან ნივთმტკიცება ამოიღო იმ ორგანოს წარმომადგენელმა, კერძოდ, საბაჟო სამსახურის მებაჟე-ოფიცერმა, რომელსაც კანონით ევალებოდა მისი აღმოჩენა და ამოღება; გამომძიებელს სგპ „...“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში გადაეცა შეტყობინება დანაშაულის შესახებ, ნივთიერი მტკიცებულება და მგზავრის ხელბარგის დათვალიერების ოქმი; ნივთმტკიცების ხელზე გადაცემის დროს ვის ეკავა ნივთიერი მტკიცებულება, ვინ გადასცა ან ვისი ოთახის მაგიდიდან აიღო გამომძიებელმა, არ არის მნიშვნელოვანი, რადგან ნივთმტკიცება ამოღებული იყო კანონიერად იმ ორგანოს თანამშრომლის მიერ, ვისაც კანონით ევალებოდა მისი აღმოჩენა და ამოღება. ამასთან, როდესაც კანონმდებლობის დაცვით ამოღებულ ნივთს საგამოძიებო ორგანოში აგზავნის სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელი, გამომძიებელი მას ვერ ამოიღებს, რადგან მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, იძულების ღონისძიება გამოიყენოს კანონიერად ამოღებული ნივთის მოსაპოვებლად სახელმწიფო წარმომადგენლის მიმართ, რომელსაც კანონით ევალება მისი ამოღება; შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მტკიცებულება მოიპოვა საამისოდ უფლებამოსილმა პირმა - მებაჟე-ოფიცერმა, აღარ არსებობდა საგამოძიებო მოქმედების გზით აღნიშნული ნივთმტკიცების საპროცესო დამაგრების საფუძველი.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ნ-მ ჩაიდინა დიდიოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.
ა. ნ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
20... წლის ... მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე, მ-ს რაიონში, ,,...’’ გამშვებ პუნქტზე, ა-ს რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ა. ნ.. საბაჟო კონტროლის გავლისას, კერძოდ, ა. ნ-ს ხელბარგის დათვალიერებისას ჩემოდანში მოთავსებული სპორტული შარვლის ჯიბეში იპოვეს ა. ნ-ს მიერ უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალების შემცველი, 1 (ერთი) სამკუთხა ფორმის აბი წარწერით „TESLA“. ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, აღნიშნული აბი შეიცავს - 0,1235 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - „მდმა-ს“ (3,4 -მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს).
20.. წლის .. მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე, მ-ს რაიონში, „...“ საბაჟო - გამშვებ პუნქტზე, ა-ს რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ა. ნ., რომელმაც საქართველოში უკანონოდ შემოიტანა მის მიერ უკანონოდ შენახული, 0,1235 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „მდმა“ (3,4 -მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), 1 (ერთი) აბის სახით, წარწერით „TESLA“, რასაც ა. ნ. უკანონოდ ინახავდა ხელბარგში, კერძოდ, ჩემოდანში მოთავსებული სპორტული შარვლის ჯიბეში და რაც იპოვეს საბაჟო კონტროლის დროს.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ა. ნ., - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა ა. ნ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
გამართლებულ ა. ნ-ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სოფიკო ფცქიალაძემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ა. ნ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ საბაჟო-გამშვებ პუნქტ „...“ მებაჟე-ოფიცერმა ა. შ-მ ამავე საბაჟოს კონტროლის ზონაში ა-ს რესპუბლიკიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე ა. ნ-ს ხელბარგის დათვალიერებისას ამოიღო ერთი სამკუთხა ფორმის აბი წარწერით „TESLA“, რომელიც შეიცავს - 0,1235 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - „მდმა-ს“ (3,4 -მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს). შემდეგ იგი დალუქა შესაბამისი ლუქით, რომელიც არის უნიკალური და არ მეორდება. მან ასევე შეადგინა მგზავრისა და ხელბარგის დათვალიერების ოქმი. აღნიშნულის თაობაზე ა. შ-მ აცნობა ხელმძღვანელობას.
9. სგპ „..." უფროსის - ვ. კ-ს მიერ 20.. წლის ..მაისის შსს მ-ს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის - კ. ხ-ს სახელზე შედგენილი მიმართვით დგინდება, რომ 20.. წლის .. მაისს სგპ „...“ კონტროლის ზონაში ა-ს რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ა. ნ., რომლის ხელბარგის დათვალიერებისას აღმოჩნდა მწვანე ფერის სამკუთხედის ფორმის აბი წარწერით „TESLA", რომელიც დაილუქა საბაჟო წებოვანი ლუქით N0490118. დანართის სახით კ. ხ-ს წარედგინა მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი N.. და საბაჟო ლუქით (...) დალუქული პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო ზემოხსენებული აბი.
10. 20.. წლის .. მაისის დათვალიერების ორი ოქმით ირკვევა, რომ გამომძიებელმა ო.ბ-მ ა. შ-ს წერილობითი თანხმობის საფუძველზე დაათვალიერა ა. ნ-ს ხელბარგის დათვალიერებისას ამოღებული აბი წარწერით „TESLA" და მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი N....
11. საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას იმ ნაწილში, რომ ა-ს რესპუბლიკიდან საქართველოში მოქალაქე ა. ნ-ს შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტ „...“ კონტროლის გავლის დროს, მისი როგორც პირადი, ისე ხელბარგის დათვალიერება, დათვალიერების შედეგად აბის, წარწერით „TESLA" ამოღება და მისი დალუქვა საბაჟო სამსახურის მებაჟე-ოფიცერმა ა. შ-მ კანონიერად ჩაატარა, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომლის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის - ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო - და აუდიოჩაწერა), დაათვალიეროს ფიზიკური პირი, დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია.
12. რაც შეეხება ა. შ-ს მიერ აბის მოპოვების შემდეგ განვითარებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სისხლისსამართლებრივ პროცედურებს, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში არ ეთანხმება პროკურორის მოტივაციას და მიაჩნია, რომ შემდგომი პროცედურები განხორციელდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით, კერძოდ:
13. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას ამახვილებს ნივთმტკიცების (ნარკოტიკული საშუალების) გადაცემასთან დაკავშირებით მოწმეთა ჩვენებებს შორის გამოკვეთილ არსებით წინააღმდეგობებზე, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს უმნიშვნელო დეტალად, სახელდობრ: საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ გამომძიებელ ო. ბ-ს სგპ „...“ ტერიტორიაზე გადაეცა მებაჟე-ოფიცრის მიერ ამოღებული, დალუქული ნივთიერი მტკიცებულება, მაგრამ ცალსახად არ დგინდება და გაურკვეველია, ზუსტად სად, როდის, რა ვითარებაში და ვინ გადასცა მას ეს მტკიცებულება, ვინაიდან მებაჟე-ოფიცერ ა. შ-ს ჩვენებით, მან ნივთიერი მტკიცებულება გადასცა ხელმძღვანელობას, ხელმძღვანელობამ კი - გამომძიებელს. სგპ ,,...“ ცვლის უფროსის - გ. ხ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ მგზავრის ხელბარგისა და ბარგის დათვალიერების ოქმი თავად გადასცა გამომძიებელს, ხოლო ნივთიერი მტკიცებულება დაუბრუნა ა. შ-ს, რომელმაც გადასცა იგი გამომძიებელს. თავის მხრივ, გამომძიებელმა ო. ბ-მ განმარტა, რომ ნარკოტიკული საშულება საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მისვლისას კონკრეტულად ვის გამოართვა, არ ახსოვს. ამასთან, ივარაუდა, რომ ნივთიერი მტკიცებულება შესაძლოა, ოქმთან ერთად იდო მაგიდაზე, რომელიც თვითონ აიღო. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებებში იკვეთება არსებითი სახის წინააღმდეგობები, რის გამოც უტყუარად ვერ დგინდება, თუ კონკრეტულად საბაჟო სამსახურის რომელი თანამშრომელი ინახავდა მტკიცებულებას და რომელმა გადასცა იგი გამომძიებელს.
14. პროკურორი საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან კანონმდებლობის დაცვით ამოღებული ნივთი საგამოძიებო ორგანოში გაიგზავნა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელის - სგპ „..." უფროსის ვ. კ-ს 20.. წლის .. მაისის მიმართვით, ერთი მხრივ, აღნიშნული წარმოადგენს ამოღებული ნივთის საპროცესო დამაგრების საკმარის და კანონიერ საფუძველს, ხოლო, მეორე მხრივ, გამომძიებელი მას ვერ ამოიღებდა, რადგან არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, იძულებითი ღონისძიება გამოეყენებინა სახელმწიფო წარმომადგენლისაგან კანონიერად მოპოვებული ნივთის ამოსაღებად. საბაჟო სამსახურს კანონით ისედაც ევალება მისი ამოღება, რის შესაბამისადაც, არ არსებობდა საგამოძიებო მოქმედების გზით მითითებული ნივთმტკიცების საპროცესო დამაგრების საფუძველი. აღნიშნულის დასადასტურებლად კასატორი აპელირებს შემოსავლების სამსახურის უფროსის N12858 ბრძანებაზე, რომლითაც მოწესრიგებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურები. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს შემდეგს:
15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გამოძიება არის უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება.
16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ.
17. საქართველოს სსსკ-ის 119-ე მუხლის თანახმად, დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი შეიძლება ამოღებულ იქნეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მისი ძებნა საჭირო არ არის.
18. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ პროცესის მწარმოებელი პირი - გამომძიებელი მტკიცებულებების შეგროვებისას და საპროცესო დამაგრებისას უნდა ხელმძღვანელობდეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან გამომძიებელმა იცოდა, თუ სად ინახებოდა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბი, რომლის ძებნაც საჭირო არ იყო, იგი ვალდებული იყო, ჩაეტარებინა საგამოძიებო მოქმედება - ამოღება და შეედგინა საგამოძიებო მოქმედების შესაბამისი ოქმი, რა დროსაც გამოირიცხებოდა ყოველგვარი ეჭვი, რაც მოცემულ შემთხვევაში გაჩნდა მითითებული ნივთიერი მტკიცებულების საპროცესო დამაგრებასთან დაკავშირებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია მტკიცებულებების მოპოვებისა და მათი პროცესუალური დამაგრების ერთნაირი სტანდარტი, რითიც გამოირიცხება მათი საეჭვოდ მიჩნევისა და არასანდოობის საკითხი. გამომძიებლისთვის საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების გარეშე ამ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისთვის მკაცრად გაწერილი პროცესუალური ჩარჩოების მიღმა ნივთიერი მტკიცებულების გადაცემით დაირღვა პროცესუალური ჯაჭვი, რაც უწყვეტად უნდა ხორციელდებოდეს ნივთიერი მტკიცებულების მოპოვებიდან მის საპროცესო დამაგრებამდე. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს ისეთ საგამოძიებო მოქმედებას, როგორიც არის ნივთის გამოძიებისთვის გადაცემა და ამდენად, მითითებული მტკიცებულების წერილობითი სახით გამომძიებლისათვის გადაცემა არ წარმოადგენს ნივთიერი მტკიცებულების საპროცესო დამაგრების კანონიერ გზას.
19. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ კიდევ ერთ საპროცესო დარღვევაზე, სახელდობრ:
20. მოცემული საქმის გამომძიებელმა ო. ბ-მ 20.. წლის .. მაისს შეადგინა დათვალიერების ორი ოქმი, რომლებითაც ირკვევა, რომ მან მებაჟე-ოფიცერ ა. შ-ს წერილობითი თანხმობის საფუძველზე დაათვალიერა ა. ნ-ს ხელბარგის დათვალიერებისას ამოღებული აბი, წარწერით „TESLA" და მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი N...
21. საქართველოს სსსკ-ის 125-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას.
22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა, აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებაში. დათვალიერებაში მონაწილე პირს უფლება აქვს, მხარის ყურადღება მიაპყროს ყველაფერს, რამაც, მისი აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოვლენას.
23. ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია გამომძიებელ ო. ბ-ს მიერ ჩატარებული დათვალიერების არსი და მიზანი, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, როდესაც ბრალდების მხარე თვითონვე ადასტურებს, რომ სგპ „..." უფროსის - ვ. კ-ს 20.. წლის .. მაისის მიმართვით გამომძიებლისათვის გადაცემული ნივთიერი მტკიცებულება წარმოადგენდა მისი საპროცესო დამაგრების საკმარის და კანონიერ საფუძველს, რაც დამატებით რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას აღარ საჭიროებდა, მაშინ რამ განაპირობა მებაჟე-ოფიცერ ა. შ-საგან დათვალიერებისათვის წერილობითი თანხმობის მიღება და დათვალიერების ჩატარება. ამასთან, დათვალიერების დროს გამომძიებელს ნივთიერი მტკიცებულება (ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბი) არ ამოუღია და არც დაულუქავს. შესაბამისად, ურთიერთსაწინააღმდეგოა პროკურორისავე პოზიცია და კასატორი ცდილობს ეს ახსნას იმით, რომ გამომძიებელმა მეტი სრულყოფილების მიზნით ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც დათვალიერდა ნივთმტკიცება, დოკუმენტი, შემოწმდა ნივთმტკიცებულების ლუქის მთლიანობა ხომ არ იყო დარღვეული, ასევე შემოწმდა ხელბარგის დათვალიერების ოქმის ავთენტურობა, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 125-ე მუხლის მოთხოვნებს.
24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ამ მოტივაციას და მითითებულ შემთხვევაშიც ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ თუ დათვალიერება მიზნად ისახავდა ნივთიერი მტკიცებულების საპროცესო დამაგრებას, მაშინ გამომძიებელს იგი უნდა ამოეღო არა დათვალიერების, არამედ საგამოძიებო მოქმედება - ამოღების გზით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა, ხოლო თუ გამომძიებლის მიზანი იყო ნივთიერი მტკიცებულების შეფუთვა და ლუქის მთლიანობის შემოწმება, გაუგებარია, რატომ ჩატარდა იგი მოგვიანებით, ნივთმტკიცების პოლიციის განყოფილებაში ტრანსპორტირების შემდეგ და არა დაუყოვნებლივ - მისი გამომძიებლისათვის გადაცემისთანავე, სგპ „...“ ტერიტორიაზე.
25. ამასთან, ასევე საყურადღებოა ის მნიშვნელოვანი უზუსტობები, რომლებიც იკვეთება ა. შ-ს მიერ შედგენილ მგზავრისა და ხელბარგის დათვალიერების ოქმში, გამომძიებლის მიერ 20.. წლის .. მაისის ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერების ოქმსა და 20.. წლის .. მაისის ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნის აღწერილობით ნაწილში, კერძოდ: ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბის დათვალიერებისას გამომძიებელმა დათვალიერების ოქმში მიუთითა, რომ დათვალიერების ობიექტს წარმოადგენდა მწვანე ფერის სამკუთხედი ფორმის ერთი აბი, წარწერით „TESLA”, რომელიც მოთავსებული იყო ე.წ. „ფაილში“. დაკითხვისას მოწმე ა. შ-მ განმარტა, რომ მან ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო ა. ნ-ს ჩემოდანში არსებული სპორტული შარვლის ჯიბიდან, რომელიც მოთავსებული იყო ფოლგის ქაღალდში, აღმოჩენის შემდეგ კი ისევე დალუქა როგორც აღმოაჩინა, გადაახვია და ფოლგიანად ჩადო ე.წ. „ფაილში“. ფოლგა არ არის გამჭვირვალე, შესაბამისად, მასში არსებული საგნის ნიშან-თვისებების აღწერა შეუძლებელია გამოთავისუფლების გარეშე. შესაბამისად, თუ გავიზიარებთ ა. შ-ს ჩვენებას, რომ მან აბი გადაახვია ფოლგაში და ჩადო ე.წ. „ფაილში“, გამომძიებელი ვერ შეძლებდა ფოლგაში შეხვეული აბის შეფერილობისა და მასზე არსებული წარწერის წაკითხვას. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის აღწერილობით ნაწილში კი მითითებულია, რომ უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში აღმოჩნდა მოყვითალო-მომწვანო, სამკუთხა ფორმის აბი, წარწერით „TESLA“ და ვერცხლისფერი ფოლგის ნაჭერი. ფოლგის ნაჭრის თაობაზე არ არის მითითებული არც ა. შ-ს შედგენილ მგზავრისა და ხელბარგის დათვალიერების ოქმსა და არც გამომძიებლის შედგენილ ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერების ოქმში.
26. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ნ-ს როგორც პირადი, ისე მისი ხელბარგის დათვალიერება საბაჟო სამსახურის მებაჟე-ოფიცერმა კანონიერად ჩაატარა, რა დროსაც ასევე კანონიერად მოიპოვა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბი, თუმცა მოგვიანებით, მითითებული ნივთმტკიცება გამომძიებელს გადაეცა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით, ერთი მხრივ, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ცალსახად ვერ დადგინდა, თუ ზუსტად სად, როდის, რა ვითარებაში და ვისგან გადაეცა გამომძიებელს ეს ნივთიერი მტკიცებულება, ხოლო, მეორე მხრივ, იმის გამო, რომ მისი საპროცესო დამაგრება მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნების უგულებელყოფით. მითითებულიდან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი მტკიცებულების მოპოვებისა და საპროცესო დამაგრების კანონიერებასთან დაკავშირებით, რაც მას უკარგავს სანდოობას და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, არაკანონიერად მოპოვებული და არასანდო მტკიცებულებებისგან მიღებული სხვა ახალი მტკიცებულება - მათ შორის ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნა, რომლის თანახმად დადგენილია, რომ ა. ნ-საგან ამოღებული აბი შეიცავს - 0,1235 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მდმა-ს“ (3,4 -მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირის მსჯავრდებისათვის.
27. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
28. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა. ნ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
30. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი