დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142219700091632
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №36აგ-19 ქ. თბილისი
კ. ი. 36აგ-19 25 თებერვალი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 მაისის განაჩენით ი. კ. - დაბადებული 1.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით, 19,190-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით, გადასახლების გარეშე, ხოლო 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით - დახვრეტა, ქონების კონფისკაციით. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა მსუბუქი სასჯელი და საბოლოოდ ი. კ-ს განესაზღვრა დახვრეტა.
2. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის №.. ბრძანებულებით ი. კ. შეწყალებულ იქნა და სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 მაისის განაჩენი შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: ი. კ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,190-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (2000 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 24,339-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; ი. კ-ს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან (2000 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე (განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებით (2000 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად, ი. კ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით ამავე პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებაში აღმოიფხვრა ბუნდოვანება-უზუსტობა, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით ი. კ-სათვის მისჯილ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ი. კ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 29 მარტიდან.
5. 2019 წლის 19 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი. კ-მ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 მაისის განაჩენის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მისი საქმე განიხილა სასამართლოს უკანონო შემადგენლობამ - ერთი მოსამართლისა და ორი სახალხო მსაჯულის მონაწილეობით, რასაც დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და მის მიმართ უნდა გავრცელდეს კანონის უკუძალა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. კ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. კ-მ და სსსკ-ის 310- ე მუხლის ‘ბ’ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2019წლის 2 სექტემბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის მითითება, რომ დაუშვას შუამდგომლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.
3. კასატორი მის მიმართ 1996 წლის 24 მაისს გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას ითხოვს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს სახალხო მსაჯულთა ინსტიტუტს.
4. სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ი. კ-ს საქმის განმხილველი და განაჩენის გამომტანი სასამართლო შექმნილი იყო იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ხოლო ის გარემოება, რომ საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობა განსხვავებულად არეგულირებს სასამართლოში საქმის განხილვის ( მათ შორის სასამართლოს შემადგენლობის ფორმირების და განსჯადობის) წესს a priori არ ქმნის სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გადასინჯვის საფუძველს. აღნიშნული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისთვის კასატორი უნდა უთითებდეს საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობის უკანონობის დამადასტურებელ გარემოებებზე, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ იყო.
5. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. საკასაციო პალატა კვლავ იმეორებს, რომ ამ შემთხვევაში სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი არ გამოიყენება.
6. იგივე ხაზია გატარებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებშიც, რომელთა თანახმად, საპროცესო კანონმდებლობის კავშირი რეტროაქტიულობასთან, ძირითადად, საფუძველშივე გამოირიცხება, რადგან ის არეგულირებს პროცედურებს, რომლებიც, დამოუკიდებლად იმისგან, როდის მოხდა დანაშაულის ჩადენა, მიმდინარეობს დროში, განგრძობადია, დინამიკურია... მიმდინარე ურთიერთობებზე აუცილებელია გავრცელდეს მათი (ურთიერთობების) განვითარებისას მოქმედი კანონი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13/11/2014 წლის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-73; 74).
7. საპროცესო კანონმდებლობის უკუძალით გამოყენების საკითხზე კასატორის მსჯელობასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართლებრივ ნორმებს უკუძალით გამოყენებასთან კავშირი ,,მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ კონკრეტული საპროცესო ნორმები, თავისი არსით იქნება დაკავშირებული ქმედების დანაშაულებრიობისა და დასჯადობის გაუქმებასთან ან სასჯელის შემსუბუქებასთან. მოცემულ შემთხვევაში კი საპროცესო კანონმდებლობის ცვლილება არ მიუთითებს, რომ შეიცვალა პირის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და განსხვავებულია სახელმწიფოს პასუხი ამ ქმედების მიმართ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13/01//2014 წლის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77).
8. ამდენად, სსსკ-ის მე-2 მუხლი, რომელიც ადგენს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დროში მოქმედების წესს, ვრცელდება საპროცესო-სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც ახალი ნორმის ამოქმედების დროისთვის როგორც წესი არ არის დასრულებული ან აკმაყოფილებს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს. სხვა შემთხვევაში საპროცესო ნორმის მოქმედებისას მიღებული საპროცესო აქტის გაუქმება ან შეცვლა გათვალისწინებული არ არის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, საქმე №16აგ-19).
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ი. კ-ს შუამდგომლობა, ვინაიდან მას არ მიუთითებია ისეთი გარემოების შესახებ, რომელიც დაადასტურებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას.
10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას თბილისის სააპელაციო სასამართლოში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მისი შუამდგომლობის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის - მაია თეთრაულის აცილების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მან ერთხელ უკვე არსებითად განიხილა მსჯავრდებულ ი. კ-ს საქმე, საკასაციო პალატა უთითებს, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებულ მოსამართლის აცილების საფუძველს.
11. საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი. ეს წესი ვრცელდება იმ მოსამართლეზე, რომელიც მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში. ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საპროცესო კოდექსის თანახმად, მოსამართლეს არ აქვს უფლება განიხილოს საქმე არსებითად, თუ მას ეს საქმე განხილული ჰქონდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და არა პირიქით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N17აგ-16; 416აგ-15; 28აგ-15; 76აგ-15).
12. კასატორი ასევე ერთ-ერთ საფუძვლად, რომლის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მისი შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო მოსამართლე მაია თეთრაულს მიუთითებს იმ არგუმენტს, რომ მის მიერ მიღებულ განაჩენზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა.
13. საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვის ფარგლებში მოსამართლემ, როგორც სააპელაციო პალატის წევრმა შეაფასა ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს საჩივარში მითითებული გარემოება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მოთხოვნებს და არ შესულა მსჯავრდებულის ბრალეულობის ან გამოყენებული სასჯელის შეფასების საკითხის განხილვაში. საკასაციო პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ მოსამართლე საქმის განმხილველი კოლეგიური ორგანოს წევრი იყო, სადაც გადაწყვეტილება მიიღებოდა ხმათა უბრალო უმრავლესობით ( იხ. Rustavi 2 Broadcasting company Ltd and Others v. Georgia, ECtHR, no. 16812/17, par. 363, 18/07/2019)
14. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ი. კ-ს მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ი. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 სექტემბრის განჩინება ი. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე