საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.01.2020
საქმის ნომერი
2კ-639აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100114567524

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№639აპ-19 ქ. თბილისი

დ. ი, 639აპ-19 23 იანვარი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. დ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ. დი-ს, ლ. მ-სა და დ. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენით:

ი. დ., - დაბადებული 19--წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჯარიმა - 6 000 (ექვსი ათასი) ლარი; საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. დ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 6 000 (ექვსი ათასი) ლარი.

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. დ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქონებრივი უფლების მიღება და სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით; მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა, გამოყენების მიზნით და გამოყენება.

ი. დ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ფარული ფორმით ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას. იმავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხების და ტბორების წყლები; მე-6 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად, საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად, მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ., ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა გამოიყენება იმ ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ სასმელი, საყოფაცხოვრებო, სამკურნალო, საკურორტო და წყალზე სხვა საჭირო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, თევზის მეურნეობის, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სხვა საჭიროებას.

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები. იმავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად; მე-2 პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით: 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 10 მეტრი, 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 20 მეტრი, 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 30 მეტრი, 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისათვის – 50 მეტრი. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით, მდინარე ჭ-ს სიგრძე 438 კილომეტრია, ხოლო მდინარე ა-ს-წ-ს - 90 კილომეტრი. შესაბამისად, ორივე მდინარისთვის წყალდაცვითი ზოლის სიგანე წარმოადგენს მდინარის კალაპოტიდან ორივე მხარეს - 50 მეტრს.

20-- წლის --- ივლისს საქართველოს მთავრობასა და შპს „---“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აღნიშნული კომპანია --- რეგიონში, კერძოდ: მდინარეების ჭ-სა და ა-ს ხეობებში აშენებს სამ ჰიდროელექტროსადგურს. ხსენებული მემორანდუმის თანახმად, მითითებულმა კომპანიამ იკისრა პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული ყველა მიწის ნაკვეთის შესყიდვის ვალდებულება და, შესაბამისად, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით ერთ კვადრატულ მეტრში მოქალაქეებს უხდიდა 20ლარს.

ი. დ.ს საარქივო მონაცემებით ხ-ს რაიონის სოფელ მ-ში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 5000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ი. დ-მ თაღლითურად, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ-ს კალაპოტში, ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „---“ რეალიზებით თაღლითურად დაუფლებოდა იმავე კომპანიის ფულად თანხას.

ამ მიზნით ი.ნ დ-მ დახმარებისათვის მიმართა შპს „---“ ამზომველ ხ. ლ-ს და სთხოვა მის სახელზე აეზომა მდინარე ჭ-ს კალაპოტში არსებული 2884 კვ/მ ფართი. აღნიშნულზე ხ. ლ. დასთანხმდა და 2013 წლის 4 იანვარს ი. დ-ს სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც აღნიშნული ფართის დანიშნულებად, მდინარის კალაპოტის ნაცვლად, მიუთითა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფართის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად ი. დ-მ მიმართა ხ-ს რაიონის სოფელ მ-ს რწმუნებულ ჯ. ლ-ს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და იმავე ფართის მის პირად სარგებლობაში არსებობის დადასტურება. აღნიშნულზე ჯ. ლ-მ თანხმობა განუცხადა და 20-- წლის --- იანვარს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა ი. დ-ს პირად სარგებლობაში ზემოაღნიშნული 2884 კვ/მ ფართის არსებობის შესახებ.

ამის შემდეგ, 20-- წლის --- იანვარს, ი. დ-მ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები, სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ-ს სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე აღნიშნული სამსახურის უფროსის - დ. გ-ს მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად 20-- წლის --- იანვარს ი. დ-სა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა სოფელ მ-ში, რეალურად მდინარე ჭ-ს კალაპოტში, კერძოდ: ნაწილობრივ მდინარე ჭ-ში და ნაწილობრივ მდინარის ციცაბო მთის ფერდობზე არსებული 2886 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით - ---- ამ გზით ი. დ-მ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც მან შეცდომაში შეიყვანა შპს „---“ და მითითებული ფართის ამ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „---“ კუთვნილ, ჯამურად - 57 720 ლარს, რითაც სახელმწიფოსა და შპს „---“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.

20-- წლის --- აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული ზემოაღნიშნული 2886 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. დ-მ და მისმა ადვოკატებმა - დ. დ-მ და ლ.მ-მ, ასევე - საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ზაზა ქარქუსაშვილმა.

- დაცვის მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

- ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის გამკაცრების კუთხით და ი. დ-ს მიმართ სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. დ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - დ. დ-მ, ლ. მ-მ და დ. ა-მ. კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგი საფუძვლებით: ი. დ-სა და მისი ოჯახის წევრებს სახელმწიფომ მიანიჭა უფლება, საკუთრებაში დაერეგისტრირებინათ 5000 კვ/მ მიწის ფართი და, შესაბამისად, უტყუარად დასტურდება, რომ ი. დ-მ კანონიერად დაირეგისტრირა სადავო მიწის ნაკვეთი.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით (მოწმეების: ზ. წ-ს, ტ. შ-ს, ნ. თ-ს, გ. ბ-ს, ი. ჟ-ს, ი. ც-სა და სხვათა ჩვენებებით, საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოსა და 2015 წლის 23 იანვრის განაჩენებით, საარქივო ცნობებით, 20-- წლის --- თებერვლის შპს „---“ და ი. დ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, საკადასტრო აზომვითი ნახაზითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით) საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი. დ-ს მიერ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და მისი კერძო საკუთრებაში რეგისტრაცია განხორციელდა უკანონოდ.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. დ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ. დ-ს, ლ. მ-სა და დ. ა-ს საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი