საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.01.2020
საქმის ნომერი
2კ-625აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117002101353

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №625აპ-19 ქ. თბილისი

შ-ა თ., 625აპ-19 14 იანვარი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. შ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ის, მსჯავრდებულ მ. წ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ქ-სა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ გიორგი დოლაკიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენით:

1.1. თ. შ-ას წარდგენილი ბრალდებებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

თ. შ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 120 საათით.

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ თ. შ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 26 აგვისტოდან.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, თ. შ-ას 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

1.2. მ. წ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - 2000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მ. წ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 16 აგვისტოდან..

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ:

2.1. თ. შ-სთვის ცნობილი გახდა, რომ ს-ში მდებარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების - ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე არსებულ, ყოფილი მაღაზიის შენობაში, იმავე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეთა სახელფასო თანხებით დაკმაყოფილების მიზნით, სს -- ბანკომატში განთავსდა დიდი ოდენობით თანხა. თ. შ. დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, დაუკავშირდა მ. წ-სა და სხვა პირებს, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, წინასწარ გაინაწილეს როლები, მოიპოვეს დანაშაულის ჩასადენად საჭირო ხელსაწყოები, რა დროსაც ბრალდებული თ. შ. აღიჭურვა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით, რის შემდეგაც, 2017 წლის 24 მაისს, ღამის საათებში, სახმელეთო ჯარების - ქვეითი ბრიგადის ტერიტორიის დამცავი მავთულის ღობის დაზიანებით შეაღწიეს ამ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, სადაც ჯგუფის წევრებმა წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, დაიკავეს პოზიციები ყოფილი მაღაზიის შენობის გარშემო, ასევე, უშუალოდ ბანკომატის განთავსების ადგილას, შენობის შიგნით და შეუდგნენ მოქმედებას ბანკომატში მოთავსებული დიდი ოდენობით თანხის - 137165 ლარის დასაუფლებლად. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა თ. შ-ამ და მ. წ-ამ პოლიმერული მასალისა და წებოვანი ლენტების გამოყენებით შენიღბეს მაღაზიის ფანჯრები, რის შემდეგაც სპეციალური საჭრელი ხელსაწყოს გამოყენებით დაიწყეს ბანკომატის გაჭრა. აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისას თ. შ-ამ დატოვა მაღაზიის შენობა, შენობაში მოქმედ პირთა ხელშეუხებლობის დაცვის მიზნით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებულმა დაიკავა წინასწარ შერჩეული პოზიცია - მაღაზიის შენობის მიმდებარედ. იმავდროულად, ბანკომატის დაზიანების შესახებ შეტყობინება დაფიქსირდა სს -- უსაფრთხოების სამსახურში, საიდანაც შეტყობინება გადაიცა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს - ოპერატიულ განყოფილებაში. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, დაახლოებით 04:20 საათზე, ადგილზე გავიდნენ ოპერატიული ჯგუფის წევრები, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს - ოპერატიული განყოფილების ინსპექტორები - რ. ღ. და გ. გ.. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, საეჭვო გარემოების გამო, რ. ღ-ამ გადაწყვიტა, დაეთვალიერებინა მაღაზიის ირგვლივ მდებარე ტერიტორია და გაემართა შენობის დასავლეთ მხარეს, სადაც წინასწარ შერჩეულ პოზიციაზე მყოფი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული თ. შ. თავს დაესხა სამხედრო პოლიციის თანამშრომელს რ. ღ-ას და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა მის სამსახურებრივ სარგებლობაში არსებულ „JERIHO-ს“ სისტემის საშტატო იარაღს მასში არსებული ვაზნებით, რის შემდეგაც თ. შ-ამ მიმართა შენობაში, ბანკომატთან მყოფ პირებს გამოსულიყვნენ და მათთან ერთად დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია. სამხედრო პოლიციის თანამშრომლების დადევნების თავიდან ასაცილებლად, თ. შ-ამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლები. თ. შ-ამ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული „JERIHO-ს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და ვაზნებით გადამალა მ-ის რაიონის სოფელ ძ-ი მდებარე, თავისი ნათესავის - ე. მ-ას საცხოვრებელი სახლის ეზოში, რაც მოგვიანებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამხედრო პოლიციის მუშაკებმა აღმოაჩინეს და ამოიღეს.

2.2. ზემოაღნიშნული ქმედებით თ. შ. და მ. წ. შეეცადნენ, ფარულად დაუფლებოდნენ სს -- კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 137 165 ლარს.

2.3. 2016 წლის 9 აგვისტოს სენაკის რაიონული სასამართლოს დადგენილებით ადმინისტრაციულსახდელდადებულმა თ. შ-ამ უკანონოდ შეიძინა და შეინახა მცირე ოდენობით - 0,000036 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ (მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ძ-ი მდებარე ნათესავის - ე. მ-ას საცხოვრებელ სახლში).

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენით თ. შ-სა და მისი ადვოკატის - ვ. კ-ის, მ. წ-სა და მისი ადვოკატის ზ. ქ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

3.1. თ. შ-ას მსჯავრიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება და ამ ნაწილში გამართლდა.

თ. შ-ას წარდგენილი ბრალდებებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

თ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესჯა:

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 120 საათით.

საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ბრალდებულ თ. შ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო - 2017 წლის 26 აგვისტოდან.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, თ. შ-ას 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

3.2. მ. წ-ას მსჯავრიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება და ამ ნაწილში გამართლდა.

მ. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,“ მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - 2000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მ. წ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო - 2017 წლის 16 აგვისტოდან.

4. მსჯავრდებული თ. შ. და ადვოკატი ვ. კ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა (თ. შ-ას ნაწილში) და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ბრალდებულმა დაკავებისას, თითქოს, ნებაყოფლობით განმარტა, რომ 2017 წლის 24 მაისს, ქ. ს-ში სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის დროს, გატაცებულ საშტატო იარაღს ინახავდა თავისი ბიძის - ფრიდონ მირცხულავას საცხოვრებელ სახლში მ-ში, სოფელ ძ-ი. აღნიშნული მომენტისათვის თ. შ-ას დანიშნული ჰყავდა ადვოკატი, რომელიც არ ესწრებოდა ამ ინფორმაციის მიწოდებას, ბრალდებული არ იყო იურიდიული კონსულტაციით უზრუნველყოფილი, მას არ განმარტებია მის წინააღმდეგ ამ ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე, რაც საქართველოს სსსკ–ის 38–ე მუხლის აშკარა დარღვევას წარმოადგენს. საქმის განხილვისას მოწმეთა ჩენებებით (მ. და სხვა), წერილობით მტკიცებულებათა გამოკვლევისას დადასტურდა, რომ მ-ის რაიონის სოფელ ძ-ში 2017 წლის 26 აგვისტოს ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა, მაშინ, როცა კანონის მოთხოვნის მიხედვით, საგამოძიებო ორგანოები ვალდებული იყვნენ, ჩაეტარებინათ ამოღება. აღნიშნული ოქმი კანონით განსაზღვრულ პირებს არ გადასცემიათ. მითითებულ სისხლის სამართლის საქმეში გამოძიების მიმდინარეობისას ლ. თ-ემ საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების შესახებ ხუთი განჩინება გასცა. ასევე თ. შ-სა და მ. წ-ას დაკავების თაობაზე განჩინება გაცემულია იმავე მოსამართლის მიერ. ვინაიდან საქმე არსებითად განიხილა ლ. თ-ემ, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობის აშკარა დარღვევას.

5. ადვოკატი ზ. ქ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა (მ. წ-ას ნაწილში) და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

5.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, მ. წ-ას დეენემი აუღეს 2018 წლის 8 აგვისტოს. ის, რომ მ. წ. პოლიციის თანამშრომლებს თითქოს, ნებაყოფლობით წაჰყვა სამედიცინო დაწესებულებაში ბიოლოგიური კვლების ასაღებად, რეალობას არ შეესაბამება. რაც შეეხება თავად ბიოლოგიურ ექსპერტიზას, მოწმე ექსპერტმა შ. კ-ემ მოწმის სახით დაკითხვისას რამდენჯერმე ახსენა შერეული პროფილები სხვადასხვა ობიექტზე, ასევე განმარტა, რომ სხვადასხვა ზედაპირის მქონე ობიექტზე ბიომასალა სხვადასხვა ხანგრძლივობით ძლებს. მ. წ-ას დაკავებისას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა გამომძიებლის – ი. ს-ის მიერ, რომელმაც უხეშად დაარღვია საქართველოს სსსკ–ის 175–ე მუხლის მე–3 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, თუ დაკავებულს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, ამ საგამოძიებო მოქმედების თაობაზე ცალკე ოქმი არ დგება, ეს მაშინ, როდესაც დაკავებულ მ. წ-ას დაკავების ოქმი არ ჰქონდა გადაცემული და, შესაბამისად, არც უფლებები გაცნობილი.

6. პროკურორი გიორგი დოლაკიძე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ: თ. შ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ მე-3 ნაწილის „ა“ „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო მ. წ-ას - საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ,“ მე-3 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას.

6.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, საკონტროლო გამშვები პუნქტის მორიგე და ბანკომატის მომსახურე პირთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ტერიტორიაზე საინკასაციო მანქანა შედის სამხედრო ნაწილის საკონტროლო პუნქტის გავლით, რომელიც მოშორებულია ბანკომატიდან დაახლოებით 250 მეტრით. 2017 წლის 5 ივნისს სს -- მიღებული წერილის მიხედვით უტყუარად დასტურდება, რომ ბანკომატში დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის განთავსებული იყო თანხა - 137 165 ლარი. დადგენილია, რომ მ. წ-ას შვილი - ა. წ. არის იმავე სამხედრო ნაწილის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე. ჩადენილი დანაშაულის ორგანიზებულობის ხარისხისა და შემთხვევის ადგილის ხილვადობიდან გამომდინარე, თ. შ-ას, მ. წ-სა და ჯგუფის სხვა წევრებისათვის ხელმისაწვდომი იყო საინკასაციო მანქანის სამხედრო ნაწილში შესვლის კონკრეტული თარიღი. იმავდროულად, მ. წ-ას ჰქონდა სრული ინფორმაცია სამხედრო მოსამსახურეებზე სახელფასო თანხების დარიცხვის კონკრეტული თარიღის შესახებ. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა პირთა ჯგუფი, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მსჯავრდებულების მიერ მისათვისებელი თანხის ტრანსპორტირება, მისი ოდენობიდან გამომდინარე, აღემატებოდა ერთი ადამიანის შესაძლებლობებს და მოსალოდნელი სარგებელი (დიდი ოდენობით თანხა) იყო ისეთი საზოგადოებრივად საშიში დანაშაულის ჩადენის პროპორციული, როგორიც არის შეიარაღებული თავდასხმა, რაც განახორციელა ჯგუფის ერთ ერთმა წევრმა - თ. შ-მ.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. მოწმეების - ლ. ღ-ას, გ. გ-ას ჩვენებებით, ექპერტიზის დასკვნებით, საცხოვრებელი სახლის, დამხარე სათავსისა და ეზო-კარმიდამოს ჩხრეკის, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება თ. შ-სა და მ. წ-ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენის ფაქტი.

10. კასატორის პოზიციას თ. შ-ს მიმართ საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის დარღვევის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან დაკავების ოქმის თანახმად, თ. შ-ას განემარტა კანონით მისთვის მინიჭებული ყველა უფლება, რაც დაადასტურა ხელმოწერით, ხოლო ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა მას არ გამოუთქვამს. ანალოგიურად, მ. წ-ას დაკავების ოქმის თანახმად, განემარტა ბრალდებულის უფლებები და გადაეცა დაკავების ოქმის ასლი, რაც დაადასტურა თავისი ხელმოწერით; ოქმს არავითარი შენიშვნა არ ახლავს.

11. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ კრძალავს იმ მოსამართლის მიერ საქმის არსებითად განხილვას, რომელმაც გამოძიების სტადიაზე გარკვეული სახის განჩინებები გასცა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში დაცვის მხარის პრეტენზიებს აგრეთვე ვერ დაეთანხმება.

12. რაც შეეხება ბრალდებიდან საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის (დიდი ოდენობის) ამორიცხვას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების ეს ნაწილი წარმოდგენილი საქმის მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებული არ არის.

13. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალები სრულყოფილად, ობიექტურად შეაფასა და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

14. ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. შ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ის, მსჯავრდებულ მ. წ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ქ-სა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ გიორგი დოლაკიძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

ბ. ალავიძე