დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №16აგ-20 თბილისი
კ, პ-ე, 16აგ-20 23 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენით პ. კ-ე, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის რედაქცია) 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7, მე-9 პუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა; 240-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; 238-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ პ. კ-ეს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1997 წლის 24 ივნისიდან.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძველი რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილი (ძველი რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველ, მეორე ნაწილებთან და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეექვსე, მეშვიდე პუნქტები (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე და საბოლოოდ პ. კ-ეს სასჯელის ზომად დარჩა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული პ. კ-ე გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო ¼-ით შეუმცირდა ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით (ძველი რედაქცია) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
5. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2 აგვისტოს №- განკარგულებით პ. კ-ე შეწყალებულ იქნა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-9 პუნქტებით; 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 240-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძველი რედაქცია); 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით; 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით განსაზღვრული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან უნდა გათავისუფლდეს 2032 წლის 24 ივნისს.
6. 2020 წლის 15 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა პ. კ-ემ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინების შეცვლა და მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლით (ძველი რედაქცია) განსაზღვრული სასჯელის - უვადო თავისუფლების აღკვეთის - შეცვლა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, ასევე - საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, 20 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება შემდეგი საფუძვლით: პ. კ-ის მსჯავრდებისას მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლი წარმოადგენდა მძიმე დანაშაულს, ხოლო მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის არ შეიძლება უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, კერძოდ: კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. კასატორის აზრით, ეს გარემოება, მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, არის მის მიმართ ახალი კანონის უკუძალის გავრცელების საფუძველი, ვინაიდან ამსუბუქებს მის სასჯელს.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა პ. კ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსთვის მითითებას, რომ დაუშვას შუამდგომლობა და დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა. კასატორის მოთხოვნა დაფუძნებულია იმავე გარემოებებზე, რაზეც უთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა, ხოლო თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.
4. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს სასჯელი უნდა შეუმცირდეს იმ შემთხვევაში, თუ მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ პ. კ-ის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლით (ძველი რედაქცია) განსაზღვრული სასჯელის ზომა არ აღემატება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით იმავე ქმედებისათვის განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალურ ზომას და შესაბამისად, მის მიმართ ახალ კანონს არ აქვს უკუძალა, ვინაიდან ახალი კანონით მისი სამართლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება.
5. პალატა მიუთითებს, რომ პ. კ-ე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (ძველი რედაქცია) 104-ე მუხლით - განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, რომელიც იმავე კოდექსის მე-81 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა მძიმე დანაშაულს (შედიოდა მძიმე დანაშაულის ცნებათა ჯგუფში) და რომლისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებული იყო 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. მის მიერ ჩადენილ ქმედებას შეესაბამება ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს იმავე მაქსიმალურ სასჯელს - 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, არ იცვლება სასჯელის მაქსიმალური ზომა და შესაბამისად - არც დანაშაულის კატეგორია.
6. ამასთან, ძველ სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაული არ იყო დაყოფილი კატეგორიებად სიმძიმის მიხედვით, არამედ, კოდექსის მე-81 მუხლის მიხედვით, მძიმე დანაშაულად ითვლებოდა ამავე მუხლში ჩამოთვლილი განზრახი დანაშაულები (მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლი), რომლებიც წარმოადგენდნენ მომეტებულ საზოგადოებრივ საფრთხეს, ხოლო ახალი - მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით მოხდა დანაშაულთა კლასიფიკაცია მათი სიმძიმის მიხედვით, კერძოდ: კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, სასჯელის მაქსიმალური ვადის მიხედვით დანაშაული დაიყო სამ კატეგორიად - ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებად. ამასთან, განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია 10 წელზე მეტი ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
7. ამდენად, მოქმედმა სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულმა განსაკუთრებით მძიმე განზრახ დანაშაულთა კატეგორიამ მოიცვა ძველი კოდექსით განსაზღვრულ მძიმე დანაშაულთა ის ნაწილი, რომლებიც წარმოადგენდნენ მომეტებულ საზოგადოებრივ საფრთხეს და რომელთათვისაც გათვალისწინებული იყო 20 წლით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა და შესაბამისად, მსჯავრდებულ პ. კ-ის მიმართ მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსს არ აქვს უკუძალა.
8. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ პ. კ-ის მოთხოვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლით მისთვის განსაზღვრული სასჯელის - უვადო თავისუფლების აღკვეთის - ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლის ნაწილში უსაფუძვლოა ასევე იმ გარემოების გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2 აგვისტოს №-- განკარგულებით იგი შეწყალებულ იქნა და 2032 წლის 24 ივნისს გათავისუფლდება მისთვის განსაზღვრული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან, მათ შორის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ძველი რედაქციის 104-ე მუხლით განსაზღვრული უვადო თავისუფლების აღკვეთისგან.
9. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და 2020 წლის 21 იანვრის განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ პ. კ-ის შუამდგომლობა, ვინაიდან კასატორის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ამსუბუქებს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და მის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ პ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ პ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ პ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე