საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.07.2020
საქმის ნომერი
2კ-112აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #190100119002891737

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№112აპ-20 ქ. თბილისი

ხ–ე ბ., 112აპ-20 15 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა.

2. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ბ. ხ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებებში. პროკურორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია; ბ. ხ–ის მიმართ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საპროცესო მოქმედებების ჩატარებსას კანონი უხეშად არ დარღვეულა; ადმინისტრაციული წესით დაკავების ოქმი შედგა პოლიციის განყოფილებაში, პირველივე შესაძლებლობისთანავე და მას ხელს აწერენ მონაწილე პირები. ოქმზე გაკეთებულია აღნიშვნა ნივთის ჩამორთმევის შესახებ. ამოღებული იარაღი აღიწერა და დაილუქა ბ. ხ–ის თანდასწრებით, რაც დასტურდება ადმინისტრაციული დაკავების ოქმით, რომელსაც მან შენიშვნის გარეშე მოაწერა ხელი; ის, რომ პოლიციის განყოფილების სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებულ ჩანაწერში არ ფიქსირდება ჩამორთმეული იარაღის მსგავსი საგნის დათვალიერებისა და დალუქვის ფაქტი, არ ნიშნავს, რომ იგი არ დათვალიერებულა და არ დალუქულა კანონით დადგენილი წესით; სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან ბ. ხ–მ პირადი გასინჯვის დაწყებისას თავად თქვა, რომ ჰქონდა იარაღი, პირად გასინჯვაში მონაწილე პირებს არ უნდა გაეგრძელებინათ გასინჯვა და უნდა ჩაეტარებინათ პირადი ჩხრეკა, შემდეგ კი ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე უნდა დაემაგრებინათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 120-ე მუხლით დადგენილი წესით, თუმცა ადმინისტრაციულად დაკავებული პირის პირადი გასინჯვა და პოლიციის შესახებ კანონში მითითებული ზედაპირული შემოწმება განსხვავდება ერთმანეთისგან და მათი ჩატარება რეგულირდება სხვადასხვა საკანონმდებლო აქტით; პოლიციის განყოფილებიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით დადასტურებულია, რომ ბ. ხ–სათვის იარაღი არავის „ჩაუდია“, რასაც ამტკიცებდა თავად ბ. ხ–ე; ადმინისტრაციული დაკავების ოქმში მითითებული ამოღებული ნივთმტკიცების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები სრულად შეესაბამება იმ იარაღის მონაცემებს, რომელიც თ. გ–მ ამოიღო ზ. ვ–სგან და რომელზეც ჩატარდა ბალისტიკური ექსპერტიზა; ზ. ვ–ისა და დ. ს–ის ჩვენებები, ბ. ხ–ის ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება და ამ მტკიცებულებაზე ჩატარებული ბალისტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებენ ბ. ხ–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. ხ–ს ბრალი დაედო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2019 წლის 21 იანვარს, 18:10 საათზე, ქ. .....ში, ......ის ქუჩა №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ. ხ–ე პირადად, ჯინსის შარვლის წინა, შიდა მხარეს, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ, ქარხნული წესით დამზადებულ, .... წარმოების, 9 მმ კალიბრიან ,,JERICHO 941 PSL“ მოდელის №...... პისტოლეტს, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

- 2019 წლის 21 იანვარს, 18:10 საათზე, ქ. .....ში, .....ის ქუჩა №....-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, ბ. ხ–ე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, .... წარმოების, 9 მმ კალიბრიან ,,JERICHO 941 PSL“ მოდელის №..... პისტოლეტს, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

4. ბ. ხ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენით ბ. ხ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ბ. ხ–ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8.საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9.საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 21 იანვარს ადმინისტრაციულად დაკავებული ბ. ხ–ის პირადი გასინჯვის შედეგად ამოღებულ იქნა იარაღისმაგვარი საგანი.

11. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი მტკიცებულებების პროცესუალური და შინაარსობრივი მხარე, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და იზიარებს პროკურორის მოტივაციას იმ ნაწილში, რომ ბ. ხ–ის ადმინისტრაციული დაკავება და პირადი გასინჯვა შეესაბამებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.

13. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის პირებს), კერძოდ: ა) შინაგან საქმეთა ორგანოებს - წვრილმანი ხულიგნობის, .. პოლიციის მუშაკის, … კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, … შემთხვევებში. ამავე კოდექსის 248-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირადი გასინჯვა შეიძლება აწარმოონ შინაგან საქმეთა, ... სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ... საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა.

14. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 248-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის შესახებ შედგება ოქმი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული დაკავების ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ამავე კოდექსის 249-ე პირველი ნაწილის თანახმად, დაკავების, პირადი გასინჯვის ან ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილ ნივთებსა და დოკუმენტებს, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდარღვევის იარაღს ან უშუალო ობიექტს, ჩამოართმევენ ამ კოდექსის 246-ე და 248-ე მუხლებში აღნიშნული ორგანოების თანამდებობის პირები.

15. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ბ. ხ–ის ადმინისტრაციული დაკავება და პირადი გასინჯვა იყო უკანონო, ვინაიდან მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდამცავებს ჰქონდათ ბ. ხ–ის ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვისა და ამ დროს აღმოჩენილი ნივთის ჩამორთმევის კანონიერი უფლება, ვინაიდან არსებობდა ამ ღონისძიებების სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და ისინი ჩატარდა უფლებამოსილი პირების მიერ.

16. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, თუ ზედაპირული შემოწმების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, პოლიციელი ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის შინაარსობრივი ანალიზისა და საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან ბ. ხ–მ პირადი გასინჯვის დაწყებისას წამოიძახა, რომ ჰქონდა იარაღი, მის პირად გასინჯვაში მონაწილე პირებს ავალდებულებდა, მის მიმართ ჩაეტარებინათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პირადი ჩხრეკა და ამოღებული მტკიცებულება დაემაგრებინათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 121-ე მუხლით დადგენილი წესით.

17. საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის დანაწესი შეეხება ზედაპირულ შემოწმებას, რომელიც პრევენციული პოლიციური ღონისძიებაა და არა პირადი გასინჯვა, რომელიც გათვალისწინებულია სულ სხვა კანონით - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. 2019 წლის 21 იანვარს ადმინისტრაციულად დაკავებულ ბ. ხ–ს ჩაუტარდა პირადი გასინჯვა და არა ზედაპირული შემოწმება და, ამდენად, გაურკვეველია, როგორ უნდა გადაზრდილიყო პრევენციული პოლიციური ღონისძიება - ზედაპირული შემოწმება საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკაში, როდესაც ბ. ხ–ს ზედაპირული შემოწმება საერთოდ არ ჩატარებია.

18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია საგამოძიებო მოქმედება - პირადი ჩხრეკა, რომელიც ამავე კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოსაღებად პირადი ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მის აღმოსაჩენად საჭიროა ძებნა. ამდენად, პირად ჩხრეკას გააჩნია კონკრეტული მიზნები და საფუძველი, რომლებიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოკვეთილი არ ყოფილა, ვინაიდან პირადი შემოწმებისას ბ. ხ–მ თავად განაცხადა, რომ ჰქონდა იარაღი და, შესაბამისად, მის აღმოსაჩენად ძებნა საჭირო არ იყო.

19. რაც შეეხება ბ. ხ–გან იარაღის მაგვარი საგნის სამართალდამცავების ხელში გადასვლის შემდეგ განვითარებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სისხლისსამართლებრივპროცედურებს, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში არ ეთანხმება პროკურორის მოტივაციას და მიაჩნია, რომ შემდგომი პროცედურები ჩატარდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით, კერძოდ:

20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი შეიძლება ამოღებულ იქნეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მისი ძებნა საჭირო არ არის.

21. საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოწმეთა ჩვენებებს, ამოღების ოქმსა და პოლიციის განყოფილებიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებს შორის არსებულ არსებით განსხვავებებზე, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს უმნიშვნელოდ, სახელდობრ: ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 21 ინვარს, 21:20-21:45 საათზე, გამომძიებელმა თ. გ–მ შსს რუსთავის პოლიციის მე-3 განყოფილებაში ზ. ვ–სგან ამოიღო ამ უკანასკნელის მიერ ბ. ხ–ის პირადი გასინჯვისას ამოღებული შავი ფერის იარაღისმაგვარი საგანი; მოწმეების: დ. ს–ისა და ზ. ვ–ის ჩვენებების მიხედვით, პირადი გასინჯვისას ისინი აკავებდნენ ბ. ხ–ს, ხოლო იარაღისმაგვარი საგანი ამოიღო პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილემ - მ. ბ–მ. მოწმე ზ. ა–მ განმარტა, რომ ის, დ. ს–ი და ზ. ვ–ი აკავებდნენ ბ. ხ–ს, რომელსაც იარაღისმაგვარი საგანი ამოუღო მ. ბ–მ; პოლიციის განყოფილებიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში კარგად ჩანს, როგორ იჭერს ბ. ხ–ს თავიდან ორი, ხოლო მოგვიანებით - სამი პირი (სავარაუდოდ, დ. ს–ი, ზ. ვ–ი და ზ. ა–ე) და მისგან იარაღისმაგვარ საგანს იღებს სულ სხვა პირი (სავარაუდოდ, მ. ბ–ე), რომელსაც გააქვს ბ. ხ–საგან ამოღებული, დაულუქავი საგანი სხვა ოთახში; საყურადღებოა, რომ ამოღების ოქმის მიხედვით, მოგვიანებით ნივთმტკიცება ამოღებულია ზ. ვ–სგან, მაშინ, როდესაც მოწმეთა ჩვენებებითა და ვიდეოჩანაწერის დათვალიერებით აშკარაა, რომ ბ. ხ–საგან იარაღისმაგვარი საგანი მოიპოვა მ. ბ–მ, რომელიც ასევე არ ფიგურირებს ადმინისტრაციული დაკავების ოქმში. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებებს, ამოღების ოქმსა და ვიდეოჩანაწერებს შორის იკვეთება არსებითი სახის წინააღმდეგობები, რის გამოც უტყუარად ვერ დგინდება, როდის, სად და რა ვითარებაში აღმოჩნდა ამოღებული ნივთმტკიცება ზ. ვ–ის ხელში, რომელთანაც მოგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით - ამოღებით დამაგრდა იგი სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების სახით. ამოღებული ნივთმტკიცების ბ. ხ–სათვის ჩამორთმევისას არ აღუწერიათ და არ დაულუქავთ იგი, ასევე, გაურკვეველია მისი ბედი საპროცესო დამაგრებამდე, რის გამოც არ არის უგულებელყოფილი ეჭვი ნივთმტკიცების შესაძლო გამოცვლის თაობაზე.

22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროცესის მწარმოებელი პირი - გამომძიებელი მტკიცებულებების შეგროვებისას და საპროცესო დამაგრებისას უნდა ხელმძღვანელობდეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველებს ჰქონდათ კანონიერი უფლება, ადმინისტრაციულად დაეკავებინათ ბ. ხ–ე, ჩაეტარებინათ მისი პირადი გასინჯვა და ჩამოერთმიათ ამოღებული ნივთი, იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კვალდაკვალ უტყუარად ვერ დგინდება, რა გზით აღმოჩნდა ნივთმტკიცება იმ პირთან, ვისგანაც ამოიღეს იგი მოგვიანებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის უგულებელყოფილი ეჭვი ნივთიერი მტკიცებულების შესაძლო გამოცვლასა და მისი საპროცესო დამაგრების კანონიერებასთან დაკავშირებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია მტკიცებულებების მოპოვებისა და მათი პროცესუალური დამაგრების ერთნაირი სტანდარტი, რითიც გამოირიცხება მათი საეჭვოდ მიჩნევისა და არასანდოობის საკითხი. ზ. ვ–საგან ნივთმტკიცების ამოღებით, რომელიც გაურკვეველია, როდის, სად და რა ვითარებაში აღმოჩნდა მასთან მას შემდეგ, რაც იგი სხვა ოთახში გაიტანა მ. ბ–მ, დაირღვა პროცესუალური ჯაჭვი, რომელიც უწყვეტად უნდა გრძელდებოდეს ნივთიერი მტკიცებულების მოპოვებიდან მის საპროცესო დამაგრებამდე და გამორიცხავდეს საპირისპიროს მტკიცების გონივრულ შესაძლებლობას.

24. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ. ხ–ის დაკავება, პირადი გასინჯვა და ნივთის ამოღება კანონიერად ჩატარდა, თუმცა მოგვიანებით მითითებული ნივთმტკიცება ამოღებულ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით, ვინაიდან ცალსახად ვერ დადგინდა, თუ ზუსტად სად, როდის, რა ვითარებაში და ვისგან აღმოჩნდა დაულუქავი ნივთმტკიცება იმ პირთან, რომელთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებითაც დამაგრდა იგი სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად. მითითებულიდან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი მტკიცებულების შესაძლო გამოცვლისა და მისი საპროცესო დამაგრების კანონიერებასთან დაკავშირებით, რაც მას უკარგავს სანდოობას და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს.

25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, არაკანონიერად მოპოვებული და არასანდო მტკიცებულებებისგან მიღებული სხვა, ახალი მტკიცებულება - მათ შორის ბიოლოგიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებზეც ასევე აპელირებდა კასატორი თავის საჩივარში, ვერ დაედება საფუძვლად პირის მსჯავრდებას.

26. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

27. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბ. ხ–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

29. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი