საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.07.2020
საქმის ნომერი
2კ-235აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002978753

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №235აპ-20 ქ. თბილისი

ს. გ., 235აპ-20 27 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ-პროკურორის - შორენა გვილავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით:

გ. ს-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილზე; გ. ს., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილითა და ამავე კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, გ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. მასვე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. გ. ს-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 თებერვლიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:

2019 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 23:55 საათზე, თ-ში, - გამზირზე, გ. ს-ემ, რომელიც მთვრალი მართავდა ,,ნისანის“ მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომრით --), ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-8 პუნქტის დანართი N2 ჰორიზონტალური მონიშვნა 1.3-ის მოთხოვნები და ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი მიზეზების გარეშე, გადაკვეთა გზის გამყოფი, ორმაგი, უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა მოძრაობის საპირისპირო მხარეს, სადაც დაეჯახა ,,ოპელის“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით -, რომელსაც მართავდა რ. ს.. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, რ. ს. და ავტომობილ ,,ოპელის“ მგზავრი ე. ს. ადგილზე გარდაიცვალნენ. გ. ს-ემ, რომელსაც ევალებოდა შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ რ. ს-სა და ე. ს-ზე ზრუნვა და შეეძლო მათი დახმარება, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და განსაცდელში მიატოვა დაზარალებულები, რომელთაც შესაძლებლობა არ ჰქონდათ, მიეღოთ ზომები თავის დასაცავად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.1. ამასთან, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შუამდგომლობით ითხოვა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება და უკან გათხოვა, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებულიც. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინებით დაცვის მხარის აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

4. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ და ითხოვა გ. ს-ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.

5. კასატორი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს არ გააჩნია კანონისმიერი შემამსუბუქებელი გარემოება; დანაშაული ჩაიდინა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლმა, რომლის მიმართაც მართლწესრიგის დაცვის კუთხით მეტი მოლოდინი არსებობს; ამასთან, გამოკვეთილია დანაშაულთა ერთობლიობა და სსკ-ის 276-ე მუხლის კომბინაცია სსკ-ის 128-ე მუხლთან არ არის სტანდარტული შემთხვევა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, შემამსუბუქებელი (არ არის ნასამართლევი, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, აღიარა, მოინანია დანაშაული და მტკიცებულებები ცნო უდავოდ) გარემოებები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ს-ეს სამართლიანი სასჯელი დაუნიშნა.

8. ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ-პროკურორის - შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები:

ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი