საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.07.2020
საქმის ნომერი
2კ-236აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #120100119002967395

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №236აპ-20 ქ. თბილისი

მ–ი გ., 236აპ-20 23 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მამუკა ქომოშვილისა და მსჯავრდებულ გ. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. თ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 დეკემბრისგანაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა და მსჯავრდებულ გ. მ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. თ–მა.

- სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი მამუკა ქომოშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი მოტივებით: მსჯავრდებულ გ. მ–თვის შეფარდებული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას; სასამართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიცია, დანაშაულის ჩადენის ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და მსჯავრდებულის პიროვნება.

- მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. თ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ბრალდების მხარის მოთხოვნის არ დაკმაყოფილებას, გ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას, ხოლო სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების სსკ-ის 111-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე ან სსკ-ის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას, შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს გ. მ–ის ბრალეულობას; გ. მ–ი არ მოქმედებდა შურისძიების მოტივით; 2018 წლის 3 დეკემბერს სწორედ ხ. ტ–ი მიიჭრა გ. მ–თან საქმის გასარჩევად და მუქარით დაესხა თავს, რის შესაბამისადაც, იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში; ამდენად, სასამართლომ სწორად არ შეაფასა, თუ ვინ იყო რეალურად თავდამსხმელი; გასროლის შემდეგ აფექტში მყოფმა გ. მ–მა თვითონ დარეკა 112-ში; სასამართლომ ასევე არაჯეროვნად შეაფასა დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი და კონფლიქტის მონაწილე მხარეების გადაადგილების მარშრუტი; ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია გ. მ–ზე თავდასხმისას ხ. ტ–ის თანნაქონი დანა, რომლის მოპოვება დაცვის მხარისათვის შეუძლებელი იყო; ხ. ტ–ი წლების განმვლობაში ავიწროებდა მ–ის ოჯახს; არასწორია ექსპერტების შეფასება, რომ თითქოსდა, გ. მ–ი შემთხვევის დროს არ იმყოფებოდა სულიერი აღელვების მდგომარეობაში და არ მოქმედებდა თავდაცვითი ინსტინქტით; იარაღის უკანონო ტარებასთან მიმართებით, დაცვის მხარის განმარტებით, გ. მ–ის მიერ სახლიდან იარაღის გამოტანა არ იძლევა მისი ქმედების იარაღის განზრახ ტარებად დაკვალიფიცირების შესაძლებლობას, ვინაიდან ამ ერთჯერადი წუთიერი მოქმედების მიზანი მიმართული იყო მხოლოდ თავდაცვისკენ.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენით გ. მ–ი, - დაბადებული ...... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გ. მ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. მ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2018 წლის 3 დეკემბრიდან.

გაუქმდა გ. მ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა.

აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათიდან - 15:00 საათამდე პერიოდში, ............. მუნიციპალიტეტის სოფელ ..... მდებარე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. მ–მა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მისი კუთვნილი „TISAS-KANUNI 16“ მოდელის, 9x19 კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ხ. ტ–ს გულმკერდისა და სახის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობები, რის შედეგადაც ხ. ტ–ი გარდაიცვალა.

- 2018 წლის 3 დეკემბერს, დღის საათებში გ. მ–ი .............. რაიონის სოფელ ...... გადაადგილდებოდა და მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის სახელზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ „TISAS-KANUNI ....“ მოდელის, .............. კალიბრიან ცეცხლსასროლ იარაღს, რაც იმავე დღეს, 14:50 საათზე, ქალაქ .......... მიმავალ საავტომობილო გზაზე მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. მ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. თ–მა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა.

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. მ–ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით შერაცხულ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების სსკ-ის 111-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე ან სსკ-ის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება.

ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და გ. მ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის დამძიმება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5.საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებულმა გ. მ–ა დაზარალებულს დაზიანებები მიაყენა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, თავდაცვის მიზნით, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გ. მ–ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობში. ამის თაობაზე უთითებს მხოლოდ მსჯავრდებული, რომლის ჩვენებაც ეწინააღმდგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ: საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხ. ტ–სა და გ. მ–ს შორის წარსულში არსებობდა უთანხმოება. შემთხვევის დღეს აღნიშნული პირები შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს საზოგადოებრივ ცენტრთან. ამ დღეს მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. გ. მ–ი განაწყენდა ხ. ტ–ის მხრიდან შეურაცხყოფის მიყენების გამო, რის შემდეგაც აღელვებული დაბრუნდა სახლში, აიღო ცეცხლსასროლი იარაღი, დაბრუნდა მათი შეხვედრის ადგილზე და რამდენჯერმე ესროლა ხ. ტ–ს. დადგენილია ის ფაქტიც, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა მხოლოდ მსჯავრდებულ გ. მ–ს, შემთხვევის ადგილიდან სხვა იარაღი ან ბასრი საგანი ამოღებული არ არის. გ. მ–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ მას ხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა. ხ. ტ–ის გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მას მიყენებული ჰქონდა არაერთი ჭრილობა - გულმკერდის არეში, ფილტვების, გულისა და ღვიძლის დაზიანებით; ცხვირის არეში, რომელიც შედის ქალას ღრუში და იწვევს ქალაფუძის მოტეხილობას და მარცხენა დვრილისებური მორჩის ფრაგმენტოვან მოტეხილობას; შემავალი ჭრილობა მარცხენა მხრის შუა მესამედის წინა ზედაპირზე და შემხები ჭრილობა მარცხენა მხრის სარტყელის შუა მესამედში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღით, სროლა მოხდა არა ახლო მანძილიდან. ყოველივე აღნიშნული კი ცალსახად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, რომ გ. მ–ი თავს იცავდა და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაზარალებულის მხრიდან საფრთხე ემუქრებოდა, რის გამოც იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

8. ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია გ. მ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირების შესახებ, რადგან ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ. მ–ი არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. იგი ასევე არ იმყოფებოდა სხვა არაპათოლოგიურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებასა და ქცევაზე. აღნიშნული ფაქტორები კი წარმოადგენს ქმედების მითითებული მუხლით დაკვალიფიცირების აუცილებელ პირობას. ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული დაცვის მხარის კიდევ ერთი მოსაზრება, რომ გ. მ–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის სახლიდან ერთჯერადად გამოტანა არ წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას. მოცემულ შემთხვევაში ასევე უტყუარად დგინდება, რომ გ. მ–ი ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად გადაადგილდებოდა, რომლის ტარების კანონიერი უფლება მას არ გააჩნდა, კერძოდ: მან შენახვის უფლებით შეძენილი იარაღი, რომელსაც თავის საცხოვრებელ სახლში ინახავდა, შემთხვევის დღეს გამოიტანა სახლიდან, წავიდა საზოგადოებრივი ცენტრის მიმართულებით, სადაც რამდენჯერმე ესროლა ხ. ტ–ს.

9. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. მ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის დამძიმების შესახებ, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნები, ასევე - სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, გ. მ–ის ინდივიდუალური მახასიათებლები და ისე შეუფარდა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმებაც საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პოკურორ მამუკა ქომოშვილისა და მსჯავრდებულ გ. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. თ–ის საკასაციო საჩივრები.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი