საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119002997776
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №284აპ-20 ქ. თბილისი
გ. ა., 284აპ-20 23 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 იანვრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულების - ა. გ-სა და ზ. ხ-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 სექტემბრის განაჩენით ა. გ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნას დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 5200 (ხუთი ათას ორასი) ლარი; მასვე 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება; სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი;
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ა. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5200 (ხუთი ათას ორასი) ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ ა. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი. მასვე 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
გაუქმდა ა. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
ზ. ხ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჯარიმა -5200 (ხუთი ათას ორასი) ლარი; მასვე 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება; სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი;
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ზ. ხ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5200 (ხუთი ათას ორასი) ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ზ. ხ-ს შეუმსუბუქდა შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი; მასვე 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
გაუქმდა ზ. ხ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს;
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. გ-მა ჩაიდინა კომერციული მოსყიდვა, ესე იგი იმ პირის მიერ, რომელიც ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას პირდაპირ, თავის სასარგებლოდ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისგან თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ინტერესებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად; ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად.
ზ. ხ-მ ჩაიდინა კომერციული მოსყიდვა, ესე იგი იმ პირის მიერ, რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციაში პირდაპირ, თავის სასარგებლოდ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისგან თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ინტერესებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად. მანვე ჩაიდინა ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად.
ა. გ.სა და ზ. ხ-ს დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
„...’’ სალიანდაგო დეპარტამენტის კაპიტალური დაგეგმარების სამსახურის მექანიზაციის განყოფილების უფროსს - ა. გ-სა და ლიანდაგის სარემონტო სამშენებლო სამმართველოს მთავარ მექანიკოსს - ზ. ხ-ს ევალებოდათ სს ,,...“ კუთვნილი მანქანა-მექანიზმების გამართულობის უზრუნველყოფა, მათ შესაკეთებლად საჭირო მასალებისა და დეტალების ნუსხის შედგენა და მომარაგება.
2018 წლის 8 მაისს, სს „...“ გამოაცხადა ... ელექტრონული ტენდერი, რომელიც გულისხმობდა სამშენებლო ტექნიკის მიმდინარე შეკეთების ტექნიკურ მომსახურებას. აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „...“ და 2018 წლის 30 მაისს შპს „.“ და სს „...“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 27056.47აშშ დოლარით.
ა. გ-მ და ზ. ხ-მ შესრულებული სამუშაოს გაწეული მომსახურების რეალური ღირებულების დაფარვისა და გარკვეული ქმედებების განხორციელებისაგან თავის შეკავების სანაცვლოდ, შპს „...“ დირექტორს - ქ. ლ-ს მოსთხოვეს სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხიდან 5440 ლარის გადაცემა. ამ პირობით, ა. გ-მ და ზ. ხ-მ ქ. ლ-საგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილის ჩარიცხვის შემდეგ, 2018 წელს - ... მდებარე მის კუთვნილ ოფისში, მიიღეს 3 000 ლარი, ხოლო 2019 წლის 27 მარტს - დარჩენილი თანხა, 2440 ლარი. ასევე, ა. გ-მ და ზ. ხ-მ შემდგომში გასამართ ტენდერთან დაკავშირებით ხელშეწყობისათვის, ქ. ლ-ს მოსთხოვეს სახელშეკრულებო ღირებულებიდან გარკვეული ოდენობის თანხის გადაცემა.
ამას გარდა, ,,...” სალიანდაგო დეპარტამენტის კაპიტალური დაგეგმარების სამსახურის მექანიზაციის განყოფილების უფროსმა ა. გ-მ და ლიანდაგის სარემონტო სამშენებლო სამმართველოს მთავარმა მექანიკოსმა ზ. ხ-მ შპს „...“ დირექტორის, ქ. ლ*-სათვის გადასაცემად დაამზადეს 2018 წლის 28 ივნისის N... ყალბი დათვალიერების (დეფექტური) აქტი, შესასრულებელი მომსახურების აქტი N..., 2018 წლის 13 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი, 2019 წლის 15 თებერვლის N... დათვალიერების (დეფექტური) აქტი, შესასრულებელი მომსახურების აქტი N... და 2019 წლის 22 თებერვლის მიღება - ჩაბარების აქტი, სადაც მიუთითეს, რომ, თითქოს, შპს „...“ მიერ, ელექტრონული ტენდერის .... თანახმად, შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა ჯამურად - 18 104,78 ლარს მაშინ, როდესაც შპს „...“ მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელ დოკუმენტებში ხელოვნურად იყო გაზრდილი შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ხარჯები და რეალურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა - 10179.83 ლარს.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა. აპელანტმა საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 იანვრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე ვერ ასაბუთებს, თუ რა სამართლებრივი საფუძვლებით უნდა დაუმძიმდეთ სასჯელები მსჯავრდებულებს - ა. გ-სა და ზ. ხ-ს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - მათი ინდივიდუალური მახასიათებლები (ა. გ-ს ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, ხოლო ზ. ხ-ს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა), პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (ორივე მათგანი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყვეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორიციელებას, არ არიან ნასამართლევები) და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, განუსაზღვრათ სამართლიანი სასჯელები.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი