საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141317700109556
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
აქმე №319აპ-20 ქ. თბილისი
გ. მ., 319აპ-20 29 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ-ს, მსჯავრდებულების - ა. მ-სა და მ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ბ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ-მ, მსჯავრდებულების - ა. მ-სა და მ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ-მ.
- მსჯავრდებულ ბ. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, სასამართლომ დაცვის მხარის მტკიცებულებები ტენდენციურად და უსამართლოდ შეაფასა; განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულ ჯ. ნ-ს ჩვენებას, რომელიც არის არასანდო და არათანმიმდევრული; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ არის უტყუარი მტკიცებულება.
მსჯავრდებულების - ა. მ-სა და მ. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: განაჩენი უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელია, რომელიც ემყარება მხოლოდ დაზარალებულ ჯ. ნ-ს ჩვენებას, რომელიც არის დაინტერესებული პირი და მსჯავრდებულებს აბრალებს დანაშაულის ჩადენას; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ არის უტყუარი მტკიცებულება და, ამასთან, მსჯავრდებულებიც არ უარყოფენ დაზარალებულთან ერთად ყოფნის ფაქტს; დაცვის მხარის არაერთი მოწმე ადასტურებს, რომ 2016 წლის 29 მარტს ა. მ. თავის ბიძებთან ერთად იმყოფებოდა ს-ს რაიონის სოფელ ი-ში მდებარე ი. ქ-ს კუთვნილ კაფეში; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულება, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, გამომდინარეობს დაზარალებულის ცრუ ჩვენებიდან და ვერ ადასტურებს მსჯავრდებულების ბრალეულობას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. მ-ს, ბ. ა-სა და მ. გ-ს ბრალი დაედოთ: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, ჩადენილი ჯგუფურად (2 ეპიზოდი); მძევლად ხელში ჩაგდებაში იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს მოქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, შვიდ დღეზე მეტი ხნით, ანგარებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად;
მ. გ-ს ასევე ბრალი დაედო საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში;
ხ. ა-ს ბრალი დაედო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში წინასწარ შეუპირებლად; ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში;
მ. ნ-ს ბრალი დაედო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში წინასწარ შეუპირებლად;
ა. ზ-ს - დანაშაულის შეუტყობინებლობაში იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
მათ მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2016 წლის 29 მარტს ა. მ-მ, მ. გ-მ და ბ. ა-მ ჯგუფურად ა-ს რესპუბლიკის მიმართულებით უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
2016 წლის 29 მარტს ა-ს რესპუბლიკაში, საქართველოს მოსაზღვრედ, ტ-ს რაიონში, საქართველოს მოქალაქე მ. გ., ასევე საქართველოს მოქალაქეებთან - ბ. ა-ს და ა. მ-თან წინასწარი შეთანხმებით, შეხვდა ა-ს რესპუბლიკის მოქალაქე ჯ.ნ-ს, მისი მძევლად ხელში ჩაგდების მიზნით. მ. გ-მ ჯ. ნ. მოტყუებით მიიყვანა წინასწარ შერჩეულ ადგილას, სადაც ელოდებოდნენ ბ. ა. და ა. მ., რომლებმაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მძევლად ხელში ჩაიგდეს ჯ. ნ., მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, თოკით შეუკრეს ხელები, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ჯ. ნ. იძულებით გადმოიყვანეს საქართველოში.
შემდეგ ჯ. ნ., მისი ნების საწინააღმდეგოდ, მიიყვანეს ს-ს რაიონის სოფელ ბ-ს მიმდებარედ არსებულ სადგომში, სადაც იარაღების გამოყენების მუქარით, წაართვეს მობილური ტელეფონი და 300 აზერბაიჯანული მანათი. ჩასვეს ,,ნივის” მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით ... და, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მიიყვანეს ს-ს რაიონის სოფელში არსებულ სახლში. 2016 წლის 30 მარტს, იარაღის გამოყენების მუქარით, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაალაპარაკეს ძმასთან - ა. ნ-სთან და ათქმევინეს, რომ მისი განთავისუფლების სანაცვლოდ გადაეხადა ფულადი თანხა - 500 000 აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდნენ. აღნიშნულის შემდეგ, დანაშაულის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ჯ. ნ., მისი ნების საწინააღმდეგოდ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გადაჰყავდათ სხვადასხვა მისამართზე. ამასთან, პერიოდულად უკავშირდებოდნენ ა. ნ-ს და ძმის განთავისუფლების სანაცვლოდ ითხოვდნენ ფულს. 2016 წლის 16 აპრილს ჯ. ნ. კვლავ იარაღის გამოყენების მუქარით, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაალაპარაკეს ძმასთან - ა. ნ-სთან და ათქმევინეს, რომ მისი განთავისუფლების სანაცვლოდ გადაეხადა ფული.
2016 წლის 29 აპრილს ა. მ-მ, ბ. ა-მ და მ. გ-მ გაათავისუფლეს ჯ. ნ. და სამართალდამცავ ორგანოში მხილების შემთხვევაში დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით.
- მ. გ-მ, ბ. ა-მ და ა. მ-მ ა-ს რესპუბლიკის მოქალაქე ჯ. ნ., მისი ნების საწინააღმდეგოდ, მიიყვანეს ნ-ს რაიონის სოფელ ფ-ში მდებარე ხ. ა-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც ხ. ა-მ შეიტყო ჯ. ნ-ს მიმართ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ და წინასწარ შეუპირებლად თავშესაფარი მისცა მ. გ-ს, ბ. ა-სა და ა. მ-ს, რომლებმაც მძევალი ჯ. ნ., მისი ნების საწინააღმდეგოდ, ხ. ა-ს ხელშეწყობით გააჩერეს მითითებულ საცხოვრებელ სახლში.
- ხ. ა-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატი, რომელიც მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის როგორც ერთეულ, ასევე ავტომატურ რეჟიმში. ასევე - ათი ცალი ქარხნული წესით დამზადებული ვაზნა, რომელიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ნ-ს რაიონის სოფელ ფ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც 2016 წლის 11 მაისს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
- ა. ზ-მ მ. გ.სგან, ბ. ა-სა და ა. მ-სგან შეიტყო, რომ მძევლად ჰყავდათ აყვანილი ა-ს რესპუბლიკის მოქალაქე ჯ. ნ.. ასევე მათთან ერთად იმყოფებოდა ნ-ს რაიონის სოფელ ფ-ში მდებარე ხ. ა-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც მძევალი ჯ. ნ., მისი ნების საწინააღმდეგოდ, ჰყავდათ გაჩერებული. მიუხედავად იმისა, რომ ა. ზ-მ შეიტყო ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, აღნიშნულის თაობაზე არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს.
- მ. გ.მ, ბ. ა-მ და ა. მ-მ ა-ს რესპუბლიკის მოქალაქე ჯ. ნ., მისი ნების საწინააღმდეგოდ, მიიყვანეს ს-ს რაიონის სოფელ ი-ში მდებარე მ. ნ-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც მ. ნ-მ შეიტყო ჯ. ნ-ს მიმართ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ და წინასწარ შეუპირებლად თავშესაფარი მისცა მ. გ-ს, ბ. ა-ს და ა. მ-ს, რომლებმაც მძევალი ჯ. ნ., მისი ნების საწინააღმდეგოდ, მახმად ნაბიევის ხელშეწყობით რამდენიმე დღე გააჩერეს მითითებულ საცხოვრებელ სახლში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით:
ა. მ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;
ა. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
ბ. ა. - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;
ბ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მ. გ., - დაბადებული 19. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;
მ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. გ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
ხ. ა., - დაბადებული 19.. წელს - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ხ. ა-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
ა. ზ., - დაბადებული 19.. წელს - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2016 წლის 10 მაისიდან - 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდი) გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 6000 (ექვსი ათასი) ლარი;
მ. ნ., - დაბადებული 19.. წელს - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გაუქმდა ა. ზ-ს, ა. მ-ს, ბ. ა-ს, მ. გ.ს, ხ. ა-სა და მ. ნ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
ა. მ-სა და მ. გ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოთ - 2016 წლის 4 მაისიდან, ბ. ა-ს - 2016 წლის 3 მაისიდან, მ. ნ-ს - 2016 წლის 10 მაისიდან, ხოლო ხ. ა-ს - 2016 წლის 11 მაისიდან, მათი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ვაჟა თოდუამ; მსჯავრდებულებმა - ბ. ა-მ; მ. გ-მ და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - მ. გ-მ; მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ქ-მ; ა. ზ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-მ და მსჯავრდებულ მ. ნ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ო-მ.
- ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა შემდეგი მიმართებით: ბ. ა-სა და ა. მ.ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; მ. გ.ს დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179-ე მუხლი მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მათთვის უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრა; მ. ნ-სათვის, ა. ზ-სა და ხ. ა-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
- მსჯავრდებულებმა - ბ. ა-მ, მ. გ-მ და მათმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. გ-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ბ. ა-სა და მ. გ.ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
- მსჯავრდებულ ა. მ-ს ადვოკატმა მ. ქ-მ, მსჯავრდებულ ა. ზ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-მ და მ. ნაბიევის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ო-მ სააპელაციო საჩივრებით ითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო კასატორების მოსაზრებას მსჯავრდებულების - ბ. ა-ს, ა. მ.სა და მ. გ.ს უდანაშაულოდ ცნობისა და მათი გამართლების შესახებ არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულების მიმართ მსჯავრად შერაცხულ დანაშაულებთან მიმართებით და მიაჩნია, რომ მათი ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია არა მარტო დაზარალებულ ჯ. ნ-ს ჩვენებით, არამედ - ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმე ა. ნ-ს ჩვენებით, დაზარალებულ ჯ. ნ-ს მონაწილეობით ჩატარებული 2016 წლის 5 მაისისა და 12 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2016 წლის 5 მაისის ოქმით, ჯ. ნ-ს მიმართ ჩატარებული რენტგენოლოგიური კვლევით, ფორმა №100-ითა და მისი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ფ. ა.-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების 2016 წლის 12 მაისის ოქმით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნით, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №... დასკვნით, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის №... დასკვნით, ა. ნ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერების 2016 წლის 15 აპრილის და მის მობილური ტელეფონის ნომერზე ... განხორციელებული ზარების ფარული მიყურადების ოქმებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2016 წლის 5 სექტემბრის დასკვნით, ს-ს რაიონის სოფელ ბ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ა. ა-ს ფერმის ჩხრეკის 2016 წლის 4 მაისის ოქმით, ჯ. ნ-ს მონაწილეობით ჩატარებული 2016 წლის 4 მაისის დათვალიერების ოქმით, ჯ. ნ-ს მონაწილეობით ჩატარებული მსჯავრდებულების - მ. გ-ს, ა. მ-ს, ბ. ა-ს, მ. ნ-ს, ხ. ა-სა და ა. ზ-ს ამოცნობის ოქმებით, ექსპერტთა და საქმეზე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი გამომძიებლების ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული მოქმედებების სისწორე და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
9. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ დაზარალებული ჯ. ნ. დაინტერესებული პირია და მსჯავრდებულებს აბრალებს დანაშაულის ჩადენას, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ამასთან, მისი ჩვენება სრულად არის თანხვდენილი მოწმე ა. ნ-ს ჩვენებასთან, რომელიც, დაზარალებულთან ერთად, არის მოცემული დანაშაულებრივი შემთხვევის უშუალო მონაწილე. ისინი თანმიმდევრულად, ლოგიკურად და დამაჯერებლად გადმოსცემენ საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებსა და საკითხებს, ხოლო მათ ჩვენებებს შორის არსებითი სხვაობა არ არის. გარდა ამისა, დაზარალებულ ჯ. ნ-ს ჩვენება ასევე სრულად შეესაბამება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს და, ამდენად, არ არსებობს მისი ჩვენების გაუზიარებლობისა და საეჭვოდ მიჩნევის რაიმე საფუძველი.
10. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ყველა იმ ძირითად საკითხზე, რომელთა შესახებაც კასატორები საკასაციო საჩივრებში აპელირებენ, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე არ უთითებს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ-ს, მსჯავრდებულების - ა. მ-სა და მ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს საკასაციო საჩივრები.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი