გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003065459
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№97აპ-20 ქ. თბილისი
გ. თ., 97აპ-20 14 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბერის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბერის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა.
2. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბერის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და თ. გ-ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებაში. პროკურორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ა-მ არ მისცა სასამართლოს მეუღლის მამხილებელი ჩვენება, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკამრისია თ. გ-ს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმეების: ა. ქ-ს, ლ. ც-ს, ვ. თ-ს, პ. წ-სა და ა-ს ჩვენებებით, შსს ,,112-ის“ ოპერატიული მართვის ცენტრიდან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერითა და მისი დათვალიერების ოქმით უტყუარად დადასტურებულია თ. გ-ს მიერ ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტი.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. გ-ს (დაბადებულს ...) ბრალი დაედო ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2... საათზე, თ. გ. . მდებარე №-- ბინაში ყოფნისას, ეჭვიანობის ნიადაგზე, სატელეფონო საუბრისას სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ა-ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თ. გ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენით თ. გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
6. ბათუმისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და თ. გ-ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ განიხილა პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3. ამდენად, უნდა შეფასდეს სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსობრივი მხარე, რათა დადგინდეს, თუ რა ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადასტურების შესაძლებლობას იძლევა თითოეული მტკიცებულება და აკმაყოფილებს თუ არა მათი ერთობლიობა ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, კერძოდ:
4. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ა-მ სასამართლოს არ მისცა თავისი ახლო ნათესავის - თ. გ-ს მამხილებელი ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სასამართლომ დაადგინოს ფაქტები და მითუფრო - საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.
5. საკასაციო პალატამ ყურადღება მიაქცია დაზარალებულის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რომელიც იყო მოტივირებული, რათა ხელი შეეწყო ობიექტური გამოძიებისთვის - თავად შეატყობინა სამართალდამცავებს დანაშაულის შესახებ, ნებაყოფლობით გამოიკითხა, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში, მათ შორის ,,112-ში“ მისი ზარის აუდიოჩანაწერის დათვალიერებაში, რაც სრულიად განსხვავდება მისი შემდგომი ქცევისაგან, როდესაც უარი განაცხადა გამომძიებლის დადგენილებით დანიშნული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე, უარი განაცხადა არასრულწლოვანი შვილების: თ. და ა. გ-ს გამოკითხვაზე და არ მისცა ჩვენება სასამართლოს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა-ს ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას და ფაქტად იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, უკიდურესად შეშინებულია და მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებას (თვითგადარჩენას), მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს, რამაც განაპირობა სწორედ მისი პირვანდელი მტკიცე ნების - ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის - რადიკალურად შეცვლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.
6. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენცია მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან, მათ შორის, კონვენცია მოუწოდებს მხარეებს, მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს ისეთი წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც ადამიანზე სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს იძულების ან მუქარის გამოყენებით. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
7. ამდენად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს მოცემულობას, როდესაც, ერთი მხრივ, დაზარალებულმა ა-მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა თ. გ-ს მამხილებელი ჩვენება სასამართლოს, ხოლო, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი უკან დაზარალებულმა ან შეურიგდა თუ არა მოძალადეს.
8. საკასაციო პალატამ უნდა შეაფასოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ცალ-ცალკე და გადაწყვიტოს, საკმარისია თუ არა მათი ერთობლიობა თ. გ-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედების გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად.
9. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ... №... შეტყობინება გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრ ,,112-ში“, რომლის თანახმად, სახლში დაბრუნების შემთხვევაში ა-ს მეუღლე ემუქრება დანის დარტყმით.
10. ..., 01:35 საათზე, გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრ ,,112-ს“ შემდეგი შინაარსის შტყობინებით მიმართა ა-მ:
,,ოპერატორი: 112 გისმენთ.
ინიციატორი: გამარჯობა.
ოპერატორი: გამარჯობა, გისმენთ.
ინიციატორი: დაახლოებით ორი საათია ვარ სახლიდან გამოსული და მეუღლე მემუქრება, სახლში რომ მივიდე, დანას დამარტყამს და რა ვიცი, ასეთ რაღაცეებს და ვერ მივდივარ სახლში, ორი ბავშვი მყავს.
ოპერატორი: დიახ, სად იმყოფებით?
ინიციატორი: და სახლში ვერ ავდივარ და მჭირდება დახმარება, რომ საპატრულო პოლიციის დახმარებით ავიდე სახლში და ეს ადამიანი გამოაძევონ. უკვე სამჯერ მყავს პატრული გამოძახებული, ჰქონდა ერთთვიანი შემაკავებელი ორდერი სამივეჯერ და მაინც თავი დავხარე და შემოვუშვი ოჯახის ხათრით, რომ ბავშვებთან ყოფილიყო და ეს ადამიანი ჩემზე ზეწოლას მაინც არ ანებებს თავს. ძალიან მინდა დახმარება, ვერ ავდივარ სახლში, უკვე მეშინია და ბავშვებიც იქ მყავს.
ოპერატორი: მითხარით...
ინიციატორი: ხელსაც არ მიწერს, იძულებით ვარ ამ ადამიანთან და მე გამოვიძახებ ეხლა, მისამართს გეტყვით, დამხვდნენ ქვემოთ, რომ ერთად ავიდეთ, თან ისეც არ მინდა, რომ ზემოდან თვითონ დაინახოს, რომ პატრულთან ერთად ავდივარ, რომ ბავშვებს რამე არ დაუზიანოს...
ოპერატორი: ბავშვები არიან სახლში მეუღლესთან?
ინიციატორი: სახლში ორი ბავშვი არის, კი.
...
ოპერატორი: ქალბატონო, მომისმინეთ, თქვენ უნდა მითხრათ, სად იმყოფებით ეხლა და პატრული მოვა იქ, სადაც თქვენ იმყოფებით და შემდგომ მისი თანხლებით მოხდება რეაგირება.
ინიციატორი: მე ეხლა ვარ ... და აქედან მინდა წასვლა, რომ თან არ დამინახოს, რომ მე პატრულთან ერთად მივდივარ, თორემ ბავშვებს არ დაუზიანოს რამე, მეშინია.
...
ოპერატორი: ქუჩაში ხართ უშუალოდ ქალაქ ....?
ინიციატორი: არა, სტუმრად ვარ ჩემს ახლობელთან და სახლში ვერ მივდივარ.
...
ოპერატორი: თქვენი გვარი და სახელი, თქვენი გვარი და სახელი ქალბატონო.
ინიციატორი: ა.
...“
11. 2019 წლის 8 ივნისს დაზარალებულ ა-ს მონაწილეობით დათვალიერდა გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრ ,,112-ში“ ..., 01:35 საათზე, ა-ს (სატელეფონო ნომრიდან: ...) შეტყობინების აუდიოჩანაწერი. დაზარალებულმა მოუსმინა აუდიოჩანაწერს და დაადასტურა, რომ მითითებული შეტყობინების ინიციატორი არის თვითონ. ასევე დაადასტურა, რომ ქალის ხმა, რომელიც ესაუბრება ,,112-ის“ ოპერატორს და აწვდის ინფორმაციას მეუღლის მხრიდან მუქარის თაობაზე, ეკუთვნის მას, ხოლო მეორე ხმა - ,,112-ის“ ოპერატორს და დათვალიერების დროს „ინიციატორის“ სახელით მოხსენიებული პირის მიერ წარმოთქმული სიტყვები ეკუთვნის მას. აუდიოჩანაწერში გაჟღერებული შეტყობინება ..., 01:35 საათზე, მან მიაწოდა „112-ის“ ოპერატორს სატელეფონო ნომრიდან ... განხორციელებული ზარით. საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელს აწერს და მის შინაარსს ადასტურებს დაზარალებული ა., რომელსაც რაიმე შენიშვნა არ გამოუთქვამს.
12. საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზედაპირულ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარლებულის მიერ გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრ ,,112-ში“ შეტყობინების აუდიოჩანაწერი ვერ მიიჩნევა თ. გ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან თავად შეტყობინების ავტორმა ა-მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და იგი სასამართლოში არ დაკითხულა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოწმის (დაზარალებულის) მიერ ჩვენების მიცემაზე უარი აპრიორი არ ნიშნავს მისი მონაწილებით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგების უგულებელყოფას და ავტომატურად არ აბათილებს ამ მოქმედებებით დადგენილ ფაქტებს, თუ გამოკვეთილი არ არის ისეთი მტკიცებულება, რომელიც ფაქტობრივად (შინაარსობრივად) არის მოწმის (დაზარალებულის) ჩვენების ან მიწოდებული ინფორმაციის შემოწმება, რომელიც ასახულია გამოკითხვის ოქმში. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე გვექნებოდა რაოდენობრივად სხვადასხვა სამხილი, ისინი დამოუკიდებელ და საკმარის მტკიცებულებებად ვერ განიხილებოდა. არსებითად საწინააღმდეგო მოცემულობა გვაქვს განსახილველ შემთხვევაში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია, ერთი მხრივ, დამოუკიდებელი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულის მიერ გადაუდებელი დახმარების ცენტრ ,,112-ში“ განხორციელებული ზარის აუდიოჩანაწერის სახით, რომელიც მტკიცების ხარისხის თვალსაზრისით, შესაძლებელია, უფრო მეტად წონადი და დამაჯერებელი სამხილიც იყოს, ვიდრე თავად მოწმის (დაზარალებულის) სასამართლო ჩვენება, ხოლო, მეორე მხრივ, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, რომელშიც ნებაყოფლობით მონაწილეობდა ა., რომელმაც ცალსახად დაადასტურა აუდიოჩანაწერის შინაარსი და ავთენტურობა და განმარტა, რომ ,,112-ში“ ზარის ინიციატორი ქალის ხმა, რომელიც მეუღლის მუქარის გამო არის შეშინებული და სამართალდამცავებისაგან ითხოვს შველას, ეკუთვნის მას.
13. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი აუდიოჩანაწერი ვერ დაედება საფუძვლად თ. გ-ს მსჯავრდებას, ვინაიდან იგი არ დაუდასტურებია შეტყობინების ავტორს, არ არის მართებული და არ გამომდინარეობს მტკიცებულებების რაციონალური ანალიზიდან.
14. მოწმე ა-ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული, დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ... ა., რომელთანაც მეგობრობს, იყო მასთან სახლში - ..... გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათის შემდეგ, ანამ უთხრა, რომ შინ უნდა წასულიყო, რადგან სახლიდან მეუღლე ურეკავდა და ასეც მოიქცა.
15. ... გამოცემულ №... შემაკავებელ ორდერსა და ორდერზე თანდართულ ოქმში ასახულია ინფორმაცია სავარაუდო მსხვერპლის - ა-ს, მოძალადის - თ. გ-სა და ინციდენტის შესახებ (ინციდენტის ფაბულა: ა-ს მეუღლე თ. გ. სატელეფონო საუბრისას დაემუქრა დანის დარტმით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში), ასევე ასახულია მსხვერპლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. კითხვებზე: №... „ფიქრობთ, რომ მოძალადე ჯანმრთელობის დაზიანებას მოგაყენებთ ან მოგკლავთ თქვენ ან/და თქვენს შვილებს ან/და თქვენს ახლობელს?“, პასუხად მითითებულია „კი“, ხოლო ველში ,,დადებით შემთხვევაში მიუთითეთ, რატომ ფიქრობს მსხვერპლი ამგვარად“, მითითებულია: ,,მოძალადე დაემუქრა დანის დარტყმით, რაც მსხვერპლმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა შიში“; კითხვებზე: №8. ,,მოძალადემ მუქარისას ან ფიზიკური შეურაცხყოფისას გამოიყენა დანა, სხვა ბასრი საგანი ან/და სხვა ნივთი (მაგ: დაგიმიზნათ, მოახდინა დემონსტრირება და ა.შ)?“ პასუხად მითითებულია „კი“, ხოლო ველში ,,რა იარაღი ან/და საგანი გამოიყენა“, მითითებულია: ,,სატელეფონო საუბრისას დაემუქრა, რომ დაარტყამს დანას, თუ სახლში მივა“; კითხვებზე: №10. ,,მოძალადე დაგემუქრათ ჯანმრთელობის დაზიანებით ან მოკვლით?“ პასუხად მითითებულია „კი“, ხოლო ველში ,,მიუთითეთ, როდის დაგემუქრათ და რაში გამოიხატა“ პასუხად მითითებულია ,,დაემუქრა დანის დარტყმით“. შემაკავებელი ორდერისა და ორდერზე თანდართული ოქმის სისწორე ხელმოწერით დადასტურებული აქვს დაზარალებულ ა-ს.
16. საკასაციო პალატას მიაჩნია: სააპელაციო სასამართლოს მტკიცება, რომ დაზარალებულ ა-ს ჩვენების გარდა, რომელმაც უარი განაცხადა დაკითხვაზე, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა თ. გ.ს მიერ ... ა-ს მიმართ მუქარის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და საქმის მასალების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასებიდან არ გამომდინარეობს. საკასაციო პალატას გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრ ,,112-ში“ ა-ს შეტყობინების აუდიოჩანაწერის, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმის, შემაკავებელი ორდერის, მასზე თანდართული ოქმისა და მოწმე ა-ს ჩვენების ერთობლივად შეფასების საფუძველზე ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ .... საათზე, თ. გ. სატელეფონო საუბრისას დანის დარტყმით დაემუქრა მეუღლეს - ა-ს.
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს: სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ მოწმეების: ვ. თ-ს, ა. ქ-სა და პ. წ-ს ჩვენებები არის ირიბი და შეუძლებელია მათ საფუძველზე სასამართლომ უტყუარად დაადგინოს ფაქტები და მითუფრო - საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს, არასწორია, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
19. საკასაციო პალატა კვლავაც იმეორებს, რომ შესაძლებელია, პირდაპირი მტკიცებულება, მათ შორის პირდაპირი ჩვენებაც, ასახავდეს მომხდარ ფაქტს, მაგრამ არა მთლიანად, არამედ მხოლოდ მის ერთ, თუმცა მნიშვნელოვან მონაკვეთს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება N626აპ-17 საქმეზე, პუნქტი 34). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც თ. გ-ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების შემადგენლობისათვის აუცილებელია დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის რეალურობის დადგენა, სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ მოწმეების: ა. ქ-ს, ვ. თ-სა და პ. წ-ს ჩვენებები, რომლებმაც შემთხვევიდან მალევე პირადად ნახეს, რა მდგომარეობაში იყო დაზარალებული და რას განმარტავდა იგი მომხდართან დაკავშირებით, კერძოდ:
20. მოწმეების: ა. ქ-ს, ვ. თ-სა და პ. წ-ს (უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები) ჩვენებებით უტყუარად დადგენილია, რომ ... ა-ს მიერ გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრ ,,112-ში“ შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პოლიციის განყოფილებაში მალევე ნახეს დაზარალებული, რომელიც იყო აღელვებული, ტიროდა და პოლიციის თანხლების გარეშე ეშინოდა სახლში დაბრუნება, ვინაიდან მეუღლე ემუქრებოდა დანის დარტყმით.
21. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ლ. ც-მ (გამომძიებელი), რომელმაც დამატებით აღნიშნა, რომ არა მარტო დაზარალებულს, არამედ მასაც გაუჩნდა თ. გ-ს მხრიდან მუქარის განხორციელების რეალური შიში, ვინაიდან ეს არ ყოფილა მისი მხრიდან მეუღლეზე ძალადობის პირველი შემთხვევა და მის მიმრთ წარსულში სამჯერ იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი.
22. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. გ-ს მხრიდან მეუღლე - ა-ზე ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, 2017 წლის 8 მარტს, 2017 წლის 3 ივლისსა და 2018 წლის 20 დეკემბერს გამოცემულია შემაკავებელი ორდერები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე.
23. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ცალმხრივ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოწმეების: ვ. თ-ს, ა. ქ-სა და პ. წ-ს ჩვენებები, მათი შინაარსიდან გამომდინარე, არის ირიბი, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებების ნაწილი მართლაც შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რაც მათთვის დაზარალებულისაგან გახდა ცნობილი, თუმცა მათი მონათხრობი ასევე ეხება ისეთ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც მათ საკუთარი თვალით იხილეს. ასე, მაგალითად, რას განიცდიდა დაზარალებული მეუღლის მუქარის შემდეგ, რა მდგომარეობაში მიმართა მან პოლიციის განყოფილებას და რატომ ვერ ბედავდა იგი სამართალდამცავების გარეშე სახლში დაბრუნებას. ზემოაღნიშნული ჩვენებები, ერთი მხრივ, ავსებს საქმეზე არსებულ სხვა პირდაპირ მტკიცებულებებს, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოადგენს მათ გაგრძელებას, რაც არათუ უმნიშვნელოა, არამედ ბრალად წარდგენილი ქმედების (მუქარის) სამართლებრივი შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და არაფრით შეიძლება შეფასდეს ირიბ ჩვენებებად. სასამართლოს, ამ მტკიცებულებების ბუნებიდან გამომდინარე, არც უნდა ჰქონოდა იმაზე მეტის დადგენის მოლოდინი, ვიდრე ეს თავად ამ მტკიცებულებების შინაარსიდან გამომდინარეობს. სასამართლო ზემოაღნიშნულ ჩვენებებს მიიჩნევს საქმისთვის მნიშვნელოვან სამხილებად, რომელთა ერთობლივი ანალიზი, გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრ ,,112-ში“ ა-ს შეტყობინების აუდიოჩანაწერთან, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმთან, შემაკავებელ ორდერსა და მასზე თანდართულ ოქმთან ერთად, იძლევა ... განვითარებული მოვლენების მთლიანად აღქმისა და საქმეზე ობიექტური რეალობის დადგენის შესაძლებლობას.
24. საკასაციო პალატა აქვე დასძენს, რომ ზემოაღნიშნული მოწმეები ვერ იქნებოდნენ ა-ზე მეუღლის მხრიდან მუქარის უშუალოდ შემსწრე პირები და არც განუცხადებიათ რაიმე ფაქტზე წასწრების შემთხვევაზე, ვინაიდან დადგენილია, რომ თ. გ. მეუღლეს სატელეფონო საუბრისას დაემუქრა, რა დროსაც მოძალადე იმყოფებოდა თავის სახლში, ხოლო ა. - მეგობარ ა-სთან, რომელმაც, ბუნებრივია, სიტყვა-სიტყვით ვერ მოისმინა სატელეფონო საუბარი, თუმცა ცალსახად დაადასტურა, რომ ა. გვიან ღამით სწორედ იმიტომ წავიდა მისგან, რომ მეუღლემ დაურეკა. გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრ ,,112-ში“ ა-ს შეტყობინების აუდიოჩანაწერით, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერითა და მასზე თანდართული ოქმით უტყუარად დადგენილია თ. გ-ს მხრიდან ა-ზე მუქარის კონკრეტული შინაარსი, კერძოდ, სახლში თუ დაბრუნდებოდა დანას დაარტყამდა, ხოლო ა. ქ-ს, ვ. თ-ს, პ. წ-სა და ლ. ც-ს ჩვენებებით თვალნათლივ იკვეთება დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის რეალურობა, ვინაიდან დადგენილია, რომ ა. იყო აღელვებული, ტიროდა და პოლიციელების თანხლების გარეშე ეშინოდა სახლში დაბრუნების.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული, საკმარისი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებლად მიაჩნია ის გარემოება, რომ ... თ. გ. ა-ს დაემუქრა დანის დარტყმით, რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რომლის კვალიფიკაციაზე სასამართლო ქმედების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
26. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისათვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.
27. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331-ე, 1332-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443-ე, 149-ე−1511-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551-ე, 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება, მათ შორის - მეუღლე.
28. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდებს მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თ. გ-სათვის ბრალად შერაცხული ქმედების - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - ჩადენა და იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თ. გ-ს მართლწინააღმდეგობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
30. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
31. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
32. საკასაციო პალატა სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ეჭვიანობის ნიადაგზე, ოჯახის წევრის დაშინება), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (თ. გ. სატელეფონო საუბრისას ცივი იარაღის გამოყენებით დაემუქრა ა-ს), ასევე მის პიროვნებას (მსჯავრდებული ადმინისტრაციულსახდელდადებულია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების შურაცხყოფისათვის, ასევე ოჯახური ძალადობის ფაქტზე მის მიმართ გამოცემულია არაერთი შემაკავებელი ორდერი, რაც ცალსახად მიუთითებს მსჯავრდებულის მიდრეკილებაზე ძალადობისა და ანტისოციალური ქცევისკენ და მის პიროვნებას უარყოფითად ახასიათებს), ასევე მის ოჯახურ მდგომარეობას (ჰყავს მეუღლე, რომელთანაც ერთ ოჯახად აგრძელებს ცხოვრებას და ორი შვილი) და დაზარალებულის პოზიციას, რომელიც მსჯავრდებულთან შერიგებულია და მიიჩნევს, რომ თ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს. ამასთან, სასამართლო თ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სახისა და ხერხიდან გამომდინარე (ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა), მართებულად მიიჩნევს, მისთვის დამატებითი სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის დანიშვნას.
33. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო (2019 წლის 26 მაისიდან 2019 წლის 28 მაისის ჩათვლით) თ. გ-ს უნდა ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 105 საათით.
34. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ თ. გ-ს მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დადგენილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 308–ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბერის განაჩენი თ. გ-ს მიმართ;
3. თ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 120 საათით;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო (2019 წლის 26 მაისიდან 2019 წლის 28 მაისის ჩათვლით) თ. გ-ს ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 105 საათით;
3. თ. გ-ს დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით შეეზღულოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, რომლის ვადა აითვალოს სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
5. თ. გ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს;
6. ნივთმტკიცება - ერთი DVD დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.ვასაძე
მოსამართლეები: ლ.ფაფიაშვილი
მ.გაბინაშვილი