დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010142220700110910
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №24აგ-20 ქ. თბილისი
გ–ი ვ., 24აგ-20 10 სექტემბერი, 2020წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. გ–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის განაჩენით ვ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ე. ს–ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ი. კ–ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ს. კ–ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთას - თითოეული სხვა სასჯელიდან დაემატა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ვ. გ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 2 დეკემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. გ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. 2020 წლის 23 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ვ. გ–მა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ საქმეში არსებული დადგენილებები პირის ბრალდების შესახებ შედგენილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებენ მის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტს და სათანადოდ არ შეფასდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. გ–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. მსჯავრდებული ვ. გ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას სააპელაციო სასამართლოში არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. კასატორი აღნიშნავს რომ არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია მის მიერ ცალკეული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესახებ შუამდგომლობებზე; სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არ შეაფასა პროკურორების ინგა ჯაბანიშვილის და ნათია ქართველიშვილის მიერ გამოტანილი დადგენილების კანონიერების საკითხი; მამხილებელ მოწმეებს კასატორის ბრალდების საქმეზე წარმოადგენდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო პროკურორმა ჩაიდინა სექსუალური ხასიათის ძალადობა.
კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
3. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.
4. კასატორის მტკიცებით, გამომძიებლებს გ. მ–ს, ლ. ყ–ს, გ. ნ–ს, კ. ბ–ს სსსკ-ის 59-ე მუხლის „ბ1)“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ ჰქონდათ უფლება მონაწილეობა მიეღოთ მის მიმართ წარმოებულ სს საქმის გამოძიებაში. შესაბამისად, მათ მიერ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებით და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მათი დაკითხვით დაირღვა საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნები, რადგან აღნიშნული პირების მიმართ 2016 წლის 6 დეკემბერს დაიწყო გამოძიება N........... სისხლის სამართლის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 333-ე „ბ)“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით (აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 9 ნოემბრის N.......... წერილი და ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის - კ. გ–ის 2016 წლის 31 იანვრის წერილი).
5. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება კონკრეტულად რომელი გამომძიებლის მიმართ დაიწყო აღნიშნული გამოძიება ( იხ. მაგალითად, საქართველოს სახალხო დამცველის N ...... ანდა ქ. თბილისის პროკურატურის N ...-.... წერილი). იმავდროულად, სსსკ-ის 59-ე მუხლის „ბ1)“ ქვეპუნქტის საფუძველზე პროცესის მწარმოებელ სუბიექტს (მოცემულ შემთხვევაში - გამომძიებელს) ეკრძალება სამართალწარმოებაში მონაწილეობა იმ მომენტიდან, როდესაც დაიწყება იმავე საქმეზე მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის თაობაზე გამოძიება. მოცემულ შემთხვევაში (როგორც კასატორის მიერ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება გამოძიება დაიწყო 2016 წლის 6 დეკემბერს, ხოლო ვ. გ–ის მიერ წარმოდგენილი დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ ( იხ. ს.ფ.54) შედგენილია 2016 წლის 2 დეკემბერს. ამდენად, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების წარმოებისას არ არსებობდა სსსკ-ის 59-ე მუხილს „ბ1)“ქვეპუნქტით აცილების საფუძველი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 59-ე მუხლის „ბ1)“ ქვეპუნქტი კრძალავს პროცესის სუბიექტის ამომწურავად განსაზღვრული საპროცესო სტატუსით მონაწილეობას. კერძოდ, კრძალავს პირის მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში მხოლოდ მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებლის ან სხდომის მდივნის სახით და არაფერს ამბობს მოწმის სახით დაკითხვის შესაძლებლობაზე, მათ შორის არ კრძალავს პირის მოწმის სახით დაკითხვას იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც ადგილი ჰქონდა სსსკ-ის 59-ე მუხლის „ბ1)“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობამდე.
კ. გ–ის ზემოთ აღნიშნული წერილით ასევე არ დასტურდება კასატორის მიერ მითითებული გამომძიებლების მხრიდან სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ვ. გ–ის ბრალდების საქმის წარმოებისას, კასატორის მიერ ასევე არ არის წარმოდგენილი აღნიშნულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა სსსკ-ის 310-ე მუხლის საფუძველზე კასატორის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობას.
6. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და აღნიშნავს, რომ როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, ის მტკიცებულებები, რაზეც მსჯავრდებული ვ. გ–ი თავის საჩივარში მიუთითებს, ცნობილი იყო მხარეების და სასამართლოსთვის. აღნიშნული მტკიცებულებები და შესაბამისი საპროცესო დოკუმენტების ფორმალურ-მატერიალური საკითხები შეფასებული იქნა როგორც პირველ ინსტანციის და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ, ასევე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სსსკ-ის 303-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დასაშვეობის საკითხის გადაწყვეტისას 2019 წლის 25 აპრილს.
7. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში შეაფასოს ის გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ცნობილი იყო განაჩენის დადგენისას და რომლებიც შეაფასეს შესაბამისმა სასამართლოებმა განაჩენის დადგენის და გადასინჯვისას, თუ არ არსებობს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ვ. გ–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციონაწილი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ემუხლისმე-3 ნაწილითდა
დაადგინა :
1. მსჯავრდებულ ვ. გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინება მსჯავრდებულ ვ. გ–ის შუამდგომლობის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
შ. თადუმაძე