საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.09.2020
საქმის ნომერი
2კ-586აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.09.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #010141318700066809

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №586აპ-18 ქ. თბილისი

შ–ა დ., 586აპ-18 18 სექტემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. შ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. შ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. მ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და დ. შ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ ძირითად მოტივებზე მითითებით: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; დ. შ–ს ბრალეულობა არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ემყარება მხოლოდ სასამართლოს ვარაუდს; დაზარალებული თ. ჟ–ი დაინტერესებული პირია, ვინაიდან იგი განაწყენებული იყო დ. შ–ზე, რის გამოც მისი ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული. ამასთან, მისი ჩვენება წინააღმდეგობრივია და შეიცავს არაერთ უზუსტობას; როდესაც შ. მ–მ უარი განაცხადა საკუთარი მეუღლის, დ. შ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, სასამართლოში მოწმის სახით იგი აღარ უნდა დაკითხულიყო, თუმცა მოსამართლემ მისი დაკითხვის საშუალება პროკურორს მაინც მისცა; მხოლოდ დაზარალებულ თ. ჟ–ისა და გამომძიებლის მიერ შედგენილი თ. ჟ–ის კუთვნილი ,,Facebook“ გვერდისა და ელექტრონული ფოსტის დათვალიერების ოქმი საკმარისი არ არის იმ ფაქტის უტყუარად დასადგენად, რომ დაზარალებულის ფეისბუქ გვერდზე წვდომა სწორედ დ. შ–ს ჰქონდა; მითითებული IP მისამართიდან დაზარალებულის კომპიუტერში შეღწევა თავისუფლად შეეძლო სრულიად სხვა პირს, სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი მანიპულაციის გამოყენებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დ. შ–ა, - დაბადებული ..... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა - 2000 ლარი; სსკ-ის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა - 2000 ლარი; სსკ-ის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა - 5000 ლარი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დ. შ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.

გაუქმდა დ. შ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).

აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. შ–მ ჩაიდინა: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა; კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლა და კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონო შენახვა.

დ. შ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

დ. შ–მ თავისი ნაცნობის, თ. ჟ–საგან იცოდა მისი კუთვნილი ელფოსტის ................ ავტორიზაციისათვის საჭირო პაროლი. 2017 წლის 9 იანვარს 22:48 საათზე, დ. შ–მ თავისი საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე ქ. ......ში, ...... ქ. N.., ბინა N..-ში, თავისი კუთვნილი კომპიუტერის გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწია თ. ჟ–ის ელფოსტაზე, რის შემდეგაც ელფოსტის მეშვეობით, 2017 წლის 9 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით, რამდენჯერმე უნებართვოდ შეაღწია თ. ჟ–ის კუთვნილ სოციალურ ქსელ ,,Facebook-ის” გვერდზე, სახელწოდებით ,,თ. ჟ–ი” და 12 იანვარს, 02:35 საათსა და 02:54 საათზე უნებართვოდ შეცვალა პაროლი, აგრეთვე თ. ჟ–ის მიერ მითითებული ტელეფონის ნომერი ჩაანაცვლა თავისი მეუღლის - შ. მ–ის კუთვნილი ტელეფონის ნომრით. დ. შ–ა მითითებულ პერიოდში უნებართვოდ ეცნობოდა თ. ჟ–ის მიმოწერებს სხვადასხვა პირთან, მათ შორის ს. ჩ–სთან, რომელიც სოციალურ ქსელ ,,Facebook-ის” გვერდზე ფიქსირდება მონაცემებით ,,.... .....” და ზ. ჟ–თან, რომელიც დარეგისტრირებულია მომხმარებლის სახელით ,,.... ......“. მიმოწერების გაცნობის შემდგომ, 2017 წლის 16 იანვარს, დ. შ–მ ზემოაღნიშნულ პირებთან თ. ჟ–ის მიერ განხორციელებული კერძო კომუნიკაციის ჩანაწერი, ამ უკანასკნელის კუთვნილი „Facebook Massenger-დან“ გადააგზავნა და შეინახა საკუთარ „Facebook Massenger-ზე“ - სახელწოდებით ,,...... .......”.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. შ–ს ადვოკატმა დ. მ–მ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ. შ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ დ. შ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

დ. შ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი; სსკ-ის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით -ჯარიმა 2000 ლარი; სსკ-ის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. შ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

5.საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ დ. შ–ს უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, რომელთა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ. ჟ–ის ჩვენებით, მოწმეების - ლ. დ–ის, მ. გ–ის, შ. ჯ–ს, ს. ჩ–სა და ზ. ჟ–ის ჩვენებებით, 2017 წლის 3 თებერვლის დათვალიერების ოქმით, 2017 წლის 4 თებერვლის დათვალიერების ოქმით, 2017 წლის 10 თებერვლის დათვალიერების ოქმით, 2017 წლის 16 მარტის დათვალიერების ოქმებით, 2017 წლის 8 თებერვლის შპს ,,........“ წერილით, 2017 წლის 8 მაისით დათარიღებული ტელეფონის N ...................-ის დეტალური ამონაბეჭდითა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ დ. შ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

8. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება დაზარალებულ თ. ჟ–ის დაინტერესებისა და მისი ჩვენების არასარწმუნოობის შესახებ, ვინაიდან რაიმე ინტერესი, რომ მას მსჯავრდებულისათვის დანაშაულის ჩადენა დაებრალებინა, საქმის მასალებიდან არ იკვეთება. ამასთან, დამაჯერებლად და მკაფიოდ გადმოსცა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც არ არსებობს მისი ჩვენების საეჭვოდ მიჩნევისა და გაუზიარებლობის საფუძველი.

9. რაც შეეხება დაცვის მხარის პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოში შ. მ–ის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მან უარი განაცხადა თავისი მეუღლის, დ. შ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა კასატორის აღნიშნული პრეტენზია და განმარტა, რომ მას, მართალია, არ უნდა მიეცა ჩვენება, მაგრამ ამ უფლებით სარგებლობა არ გამორიცხავს დ. შ–ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს და, ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლოს შ. მ–ის ჩვენება საერთოდ არ გამოუყენებია.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. შ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ–ის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი