საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.09.2020
საქმის ნომერი
2კ-450აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.09.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #010100119002950595

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№450აპ-20 ქ. თბილისი

ი–ე მ., 450აპ-20 23 სექტემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილისა და მსჯავრდებულების - მ. ი–ის, მ. ი–სა და მ. კ–ის ადვოკატ დ. ჯ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა და მსჯავრდებულების - მ. ი–ის, მ. ი–სა და მ. კ–ის ადვოკატმა დ. ჯ–მ.

2. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანი ბორჩაშვილი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენის შეცვლასა და მ. ი–ის, მ. ი–სა და მ. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში და მკაცრი სასჯელების განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელების ნაწილში არის დაუსაბუთებელი; დაზარალებულების - ჰ. ე–ისა და ჯ. კ–ის ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს გამოძალვა, ჯგუფურად და, შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ ქმედებების კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით იყო სწორი; პროკურორის მოსაზრებით, მსჯავრდებულთათვის შეფარდებული სასჯელები არის მსუბუქი, არ შეესაბამება მათ პიროვნებებს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

3. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულების - მ. ი–ძის, მ. ი–სა და მ. კ–ის ადვოკატი დ. ჯ–ე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ განაჩენი არის უკანონო, რადგან მისი გამოტანისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი; განაჩენი მთლიანად ემყარება დაზარალებულების - ჰ. ე–სა და ჯ. კ–ის ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხველ ჩვენებებს, რომელთა დაკითხვაშიც დაცვის მხარეს მონაწილეობა არ მიუღია; სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმეების - მ. ჭ–ის, მ. კ–ის, მ. ი–ას გამოკითხვის ოქმები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მოწმეების - ნ. დ–ის, ნ. თ–ის, მ. ი–ის, გ. კ–ისა და ბ. ნ–ის ჩვენებები, რომლებიც მიუთითებდნენ მსჯავრდებულების უდანაშაულობაზე.

4. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, მ. ი–ს, მ. ი–სა და მ. კ–ს ბრალად დაედოთ გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების, ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 8 თებერვალს, 01:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, ქ. ......ში, .......... გზატკეცილი, №..-ში მდებარე რესტორან „...........“, იქვე მომუშავე მ. კ–მა, მ. ი–მ და მ. ი–მ .......... რესპუბლიკის მოქალაქეებს - ჰ. ე–ის და ჯ. კ–ის ჯგუფურად, ძალადობის გამოყენების მუქარითა და ძალადობით მოსთხოვეს ფულის გადაცემა, კერძოდ, დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით და მოსთხოვეს თითქოსდა შეკვეთილი, არარსებული მენიუს საზღაურის - 3200 ლარის გადახდა, რა დროსაც მ. ი–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჯ. კ–ს.

5. მ. კ–ს, მ. ი–სა და მ. ი–ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით:

- მ. კ–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რისთვისაც ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

- მ. ი–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რისთვისაც ცნობილ იქნა დამნაშავედ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

- მ. ი–ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რისთვისაც ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 თვით.

7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ–მა, მ. ი–მ და მ. ი–მ ჩაიდინეს იძულება, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჯგუფურად.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც ბრალდების, ასევე - დაცვის მხარემ.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

10.საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

12. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მ. კ–ის, მ. ი–სა და მ. ი–ის მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ჰ. ე–ისა და ჯ. კ–ის, მოწმეების - გ. კ–ის, ბ. ნ–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერითა და მისი დათვალიერების ოქმებით, ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად; საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა მოწმეებზე (მ. ჭ–ი, მ. კ–ში, მ. ი–ა, ნ. დ–ე, ნ. თ–ე, მ. ი–ე, გ. კ–ი და ბ. ნ–ე), რომლებიც, თითქოსდა, ადასტურებდნენ მსჯავრდებულთა უდანაშაულობას, კასატორი აპელირებდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოშიც და მის არგუმენტებს ამომწურავი პასუხი გასცა სასამართლომ, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს ამ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასებიდან.

13. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მითითებას, რომ თითქოსდა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაფუძნებულია მხოლოდ დაზარალებულების - ჰ. ე–სა და ჯ. კ–ის ჩვენებებზე, რომლებიც დაცვის მხარის მონაწილეობით ჯვარედინად არ დაკითხულან და იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას საქმეზე ,,ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ შემუშავებული პრინციპების მიხედვით, აუცილებელია სამ ეტაპად იქნეს შესწავლილი სამართალწარმოების შესაბამისობა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ და მე-3 (დ) პუნქტებთან, როდესაც სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების სახით გამოყენებულ იქნა იმ მოწმის ჩვენება, რომელიც არ ესწრებოდა სასამართლო პროცესს და არ დაუკითხავთ. სასამართლომ უნდა შეისწავლოს:

(i) არსებობს თუ არა მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზი და შედეგად შესაძლებელია თუ არა დაუსწრებელი მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენებების გამოყენება;

(ii) არის თუ არა დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი, ან გადამწყვეტი საფუძველი;

(iii) არსებობს თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის -ქმედითი პროცესუალური გარანტიები, რათა დაცვისთვის გადაუმოწმებელი მტკიცებულებების დაშვებით მიყენებული ზიანი დაბალანსდეს და უზრუნველყოფილი იყოს მთლიანი სასამართლო განხილვის სამართლიანობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება N9154/10 საქმეზე Schatschaschwili v. Germany, [GC], §105-107).

14. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებობდა დაზარალებულების გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი - ჯ. კ–ი და ჰ. ე–ი დიდი ხნით ტოვებდნენ საქართველოს და ისინი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაიკითხნენ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე და არსებობდა საკმარისი ქმედითი პროცესუალური გარანტიები, რათა დაცვისთვის გადაუმოწმებელი მტკიცებულების დაშვებით მიყენებული ზიანი დაბალანსებულიყო - სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რა დროსაც დაცვის მხარეს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ჰქონდა შესაძლებლობა, წინასასამართლო სხდომაზე წარედგინა შუამდგომლობა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხულ დაზარალებულთა ჩვენებების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, თუმცა სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები დასაშვებობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ დაზარალებულები კანონის დარღვევით არ დაკითხულან; საკასაციო პალატას ასევე მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულების - ჯ. კ–ისა და ჰ. ე–ის ჩვენებები არ ყოფილა არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი მტკიცებულებები, ვინაიდან მ. კ–ის, მ. ი–სა და მ. ი–ის ბრალეულობის დასადასტურებლად, გარდა დაზარალებულების ჩვენებებისა, სასამართლოს წარედგინა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც თანხვდენილია დაზარალებულების ჩვენებებთან და რომელსაც, ამ მტკიცებულების ბუნებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ სამხილების შეფასებისას აქვს უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი; დაზარალებულების - ჰ. ე–ისა და ჯ. კ–ის ჩვენებები არ შეიცავს არსებით წინააღმდეგობებს და უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შესაძლოა, შეინიშნებოდეს მათ მონათხრობში, ვერ დაუკარგავს მათ სანდოობას და, ერთობლივად აღებული, აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარობის სტანდარტს.

15. საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ თითქოსდა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც მ. კ–ის, მ. ი–სა და მ. ი–სათვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე; საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა ქმედებები ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლებრივად სწორად შეაფასეს და, შესაბამისად, მათი მსჯავრდება არის კანონიერი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქმეში არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მ. კ–ს, მ. ი–სა და მ. ი–ს სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა, რომელთა გამკაცრება არ არის მიზანშეწონილი.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილისა და მსჯავრდებულების - მ. ი–ს, მ. ი–სა და მ. კ–ის ადვოკატ დ. ჯ–ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ.თადუმაძე

მ. გაბინაშვილი