დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020141318700068288
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №4აგ-19 თბილისი დ. ზ., 4აგ-19 1 ოქტომბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. დ-ს საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ხონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აპრილის განაჩენით ზ. დ., - დაბადებული 19... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (19 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვისა და 19,3 გრამის -გადაზიდვისათვის) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ზ. დ.ს განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 12 იანვრიდან. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 124-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზ. დ.ს ჩამოერთვა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა ნივთმტკიცება - ვაზ 21011 მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - ......
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ხონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აპრილის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: სამოტივაციო ნაწილიდან ამოირიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითება. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. დ.ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. 2018 წლის 22 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ზ. დ-მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და ჯარიმისგან გათავისუფლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განჩინების საფუძველზე.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. დ-ს შუამდგომლობა დასაშვებად ცნო.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. დ.ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის მოქმედება გავრცელდა ზ. დ.ს მიმართ, კერძოდ: მსჯავრდებულ ზ. დ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. დ.მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ჯარიმისგან გათავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განჩინების საფუძველზე. კასატორი საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ მას საეჭვოდ მიაჩნია ხონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აპრილის განაჩენის საფუძველზე თავისი კუთვნილი ავტომანქანის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შემდეგ მისი გასხვისების კანონიერების საკითხი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არცერთი გადაწყვეტილება ამ საქმესთან მიმართებით არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებასა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მაგრამ, ვინაიდან დასაშვებობის ეტაპი უკვე გადალახულია, საკასაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვალდებულია, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები განიხილოს დასაშვებობის შემოწმების გარეშე.
4. კასატორის მიერ მითითებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენისა და შენახვის გამო მსჯავრდებისას პირის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლებას, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ზ. დ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ჯარიმის - 2000 ლარის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი ძირითადი სასჯელი უკვე მოხდილი აქვს, ხოლო ჯარიმა დაკისრებული აქვს დამატებითი სასჯელის სახით, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები არ ვრცელდება.
5. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის (რომლის შესაბამისად, კოდექსის 260-ე მუხლის (გარდა შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოქმედება არ ვრცელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის - „ნარკოტიკული საშუალებების“ 73-ე და 92-ე გრაფებით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებებზე - მცენარე კანაფსა და „მარიხუანაზე“, რასაც, ნორმატიული თვალსაზრისით, აწესრიგებს ამავე ცვლილებით, ამავე კოდექსში დამატებული 2731-ე მუხლი) მოქმედება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. დ.ს მიმართ არ უნდა გაევრცელებინა და მის მიმართ განსაზღვრული სანქცია უნდა დაეტოვებინა უცვლელად, ვინაიდან „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონით ზ. დ.ს სამართლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება და მოცემულ შემთხვევაში მის მიმართ კანონს არა აქვს უკუძალა, კერძოდ:
6. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო.
7. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით - 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენისა და შენახვისათვის მსჯავრდებისას პირის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა. მსგავსი აკრძალვაა კასატორის მიერ მითითებულ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებაშიც.
8. ამავე დროს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სასჯელს უნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული ვერ იქნება სასჯელის სხვა რომელიმე სახე, რაც გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-40 მუხლით, რადგან დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ადგენდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას და არ გააჩნდა სხვა ალტერნატიული სასჯელი.
9. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა, ხოლო სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონმა სისხლის სამართლის კოდექსში 2731-ე მუხლის დამატებით შეამსუბუქა ამავე კოდექსის 260-ე მუხლით - მცენარე კანაფსა და მარიხუანასთან მიმართებით დადგენილი პასუხისმგებლობა, რაც ფორმალურად შეიძლება გავრცელდეს ხონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აპრილის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ ზ. დ.ს მიმართ, მაგრამ აღნიშნული გარემოების მიუხედავად, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ცვლილების მიღებამდე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის მსჯავრდებულ ზ. დ.ს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას უფრო ამსუბუქებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომელიც კრძალავს 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენისა და შენახვისათვის მსჯავრდებისას პირის მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას, რაც თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის მოხდისგან მისი გათავისუფლების საფუძველი იყო, ვინაიდან ცვლილების მიღებამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ადგენდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას და არ გააჩნდა სხვა ალტერნატიული სასჯელი. იმის გათვალისწინებით, რომ ცვლილების შემდეგ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან 160-დან 200 საათამდე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. დ.ს ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამავე კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირებით მისი სამართლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში ახალ კანონს არა აქვს უკუძალა და ამ კანონის მოქმედება არ უნდა გავრცელდეს მის მიმართ.
11. ამდენად, არ არსებობს ზ. დ.ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ამავე კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირების (ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის) საფუძველი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ: უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის №83აგ-17 და 2018 წლის 28 მარტის №102აგ-17 განჩინებები).
12. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან წარმოდგენილია მხოლოდ მსჯავრდებულ ზ. დ.ს საკასაციო საჩივრები, რომლებითაც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვას მხოლოდ ჯარიმის გადახდისაგან გათავისუფლების ნაწილში და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამ მოცემულობით საკასაციო სასამართლოს მსჯავრდებულ ზ. დ.ს ქმედების კვალიფიკაციის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენის გაუქმების ან შეცვლის უფლებამოსილება არ გააჩნია.
13. რაც შეეხება კასატორის მითითებას მისთვის ჩამორთმეული და სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემული ნივთმტკიცების - ავტომანქანის გასხვისების კანონიერებით სასამართლოს დაინტერესების შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მოცემულობით სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამოწმოს ნივთმტკიცების გასხვისების კანონიერება.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. დ.ს საჩივრების მოთხოვნები არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც სადავო განაჩენის გაუქმების ან შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. დ.ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი