დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141319700076303
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №12აგ-19 4 იანვარი, 2021 წელი
ბ–ი გ., 12აგ-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ღ–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 2 ივლისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებელსა და გ. ბ–ს შორის, კერძოდ: გ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 18,179–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, იმავე კოდექსის 55–ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (უ–ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი), იმავე კოდექსის 55–ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბ–ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი), იმავე კოდექსის 55–ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (კ–ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი), იმავე კოდექსის 55–ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჩ–ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი), იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით, იმავე კოდექსის 55–ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ გ. ბ–ს სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყო 2012 წლის 2 მარტიდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ–ის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 2 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს - 14 წლით, 11 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 1 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 8 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით გ. ბ–ს საბოლოოდ განესაზღვრა 16 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყო ბოლო განაჩენის მიღების დღიდან - 2012 წლის 2 ივლისიდან. განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 1 მაისის განაჩენითა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 2 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელები და სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 2 მარტიდან.
4. 2019 წლის 1 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. ბ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ღ–მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 ივლისის N .... ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გ. ბ–ის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 2 ივლისის განაჩენის გადასინჯვა, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 ივლისის N......... ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ. ბ-ზე მისი დაკავების მომენტიდან პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს, რის გამოც იძულებული გახდა, მიეცა აღიარებითი ჩვენება, რაც შემდეგ საფუძველად დაედო მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს; ამასთან, გ. ბ–ის აღიარებითი ჩვენების გარდა, საქმეში არ მოიპოვება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი რაიმე სხვა მტკიცებულება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ღ–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ბ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ღ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დაუშვას განსახილველად, მასში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
3. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 ივლისის N.... ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, გ. ბ–ს აღენიშნება ნაწიბურები თავის, ორივე ზედა და ქვედა კიდურის მიდამოში, რომლებიც ჭრილობების შეხორცების შემდგომ კვლებს წარმოადგენს და, იზოლირებულად აღებული, ატარებს მსუბუქი ხარისხის დაზიანების ნიშნებს. ნაწიბურების მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე, მათი განვითარებიდან გასულია 1,5 წელზე მეტი დრო, რის გამოც პირადი გასინჯვის მონაცემებით, მათი მიმყენებელი საგნისა და ზუსტი ხანდაზმულობის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია.
4. კასატორის მოსაზრებით, ამ დასკვნით დგინდება, რომ გ. ბ–მა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 2 ივლისის განაჩენით მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეზე აღიარებითი ჩვენება მისცა პოლიციელთა ფიზიკური ზეწოლის შედეგად, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მითითებული ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს ახალ ფაქტს ან მტკიცებულებას, რომელიც შეიძლება, საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას, კერძოდ: ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული არ არის, თუ კონკრეტულად როდის და რა საშუალებით მიადგა დაზიანებები გ. ბ–ს მართალია, დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულს სხეულზე აქვს ნაწიბურები, რომლებიც ჭრილობების შეხორცების შემდგომ კვლებს წარმოადგენს, მაგრამ ეს დაზიანებები მსჯავრდებულს როდის, სად ან რის შედეგად მიადგა, ექსპერტიზა მითითებულ დასკვნაში ვერ საზღვრავს, რისი გათვალისწინებითაც, სრულიად გაურკვეველია, თუ რა გარემოებაზე დაყრდნობით აპელირებს დაცვის მხარე, რომ დაზიანებები გ. ბ–მა სწორედ 2012 წლის 2 ივლისის მსჯავრდების საქმეზე პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური ზეწოლის შედეგად მიიღო.
5. გარდა ამისა, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე გადაამოწმა საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იმპერატიული მოთხოვნები, მათ შორის - საპროცესო შეთანხმება ხომ არ იყო დადებული წამების, არაადამინური, ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების საფუძველზე, რის შესახებაც გ. ბ–ს არ განუცხადებია. ამასთან, გ. ბ–ს ასევე არ უსარგებლია საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდებულისათვის მინიჭებული უფლებამოსილებით, რომ განაჩენი, რომლითაც საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა, გაასაჩივროს მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში, თუ ,,საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო“.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ გ. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ღ–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ღ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინება მსჯავრდებულ გ. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ღ–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი