დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 17.02.2021
საქმის ნომერი
106აგ.-2018
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
17.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700050434

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №106აგ-18 თბილისი

ფ–ი მ., 106აგ-18 17 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ივნისის განაჩენით მ. ფ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი, მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 (ერთი) წლით; სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2007 წლის 2 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 (ერთი) წლით; სსკ-ის 403-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 403-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2007 წლის 2 აგვისტომდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე და მ. ფ–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი. მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 2 (ორი) წლით.

მსჯავრდებულ მ. ფ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 11 იანვრიდან.

ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულებს მალხაზ ქობალიასა და ტრისტან ტყეშელიაძეს შორის.

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ფ–მ ჩაიდინა: მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაერთგზის ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; გარშემომყოფისათვის მომეტებული საშიშროების შემცველ იარაღთან მოპყრობის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ორი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე და ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

განაჩენის მიხედვით, მ. ფ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 16 დეკემბრის N.... ბრძანებით პოლკოვნიკი მ. ფ–ი დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საარტილერიო ბრიგადის მეთაურად და, ამდენად, იგი წარმოადგენდა მოხელეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2005 წლის 23 ივნისის N... ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის თანახმად, ,,საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სამსახურის წესის, კვების ორგანიზებისა და პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობის შესახებ“, სამხედრო მოსამსახურის თვითდათხოვნაში წასვლიდან ათი დღის გასვლის შემდეგ, თუ სამხედრო მოსამსახურე საპატიო მიზეზის გარეშე არ დაბრუნდა სამხედრო ნაწილში, დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის სამსახურებს. თვითდათხოვნის ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, მასალების ერთი ეგზემპლარი გადაიგზავნებოდა გენერალურ შტაბში.

ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს N... ბრძანებით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამსახურებისა და სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელებს დაევალათ ობიექტებზე სამართალდარღვევის ფაქტის თაობაზე დაუყოვნებლივ მოეხდინათ ადგილობრივი სამხედრო პოლიციის განყოფილებების ინფორმირება. მ. ფ–ი, რომელიც მუშაობდა საარტილერიო ბრიგადის მეთაურის თანამდებობაზე, ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სისტემატურად უგულებელყოფდა ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებს, უპირატესობას ანიჭებდა საარტილერიო ბრიგადაში კონტრაქტით მომუშავე სამხედრო მოსამსახურეებს და მათი თვითდათხოვნის შესახებ არ აგზავნიდა შეტყობინებებს სამხედრო პოლიციაში, მალავდა დანაშაულებს, რის შედეგადაც არ ხდებოდა დროული რეაგირება თითოეულ ფაქტზე, რითაც არსებითად ირღვეოდა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, კერძოდ: საარტილერიო ბრიგადის კონტრაქტით სამხედრო მოსამსახურე თ. ნ–მ 2007 წლის 15 იანვარს თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია ათ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით. საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა მ. ფ–მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, უპირატესობა მიანიჭა თ. ნ–ს და 10 დღის გასვლის შემდეგ, ამ უკანასკნელის თვითდათხოვნის თაობაზე დაუყოვნებლივ არ შეატყობინა სამხედრო პოლიციას, დამალა დანაშაული, რის შედეგადაც ხსენებულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 28 ნოემბერს, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

საარტილერიო ბრიგადის კონტრაქტით სამხედრო მოსამსახურე გ. დ–მ 2007 წლის 22 იანვარს თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით. საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა მ. ფ–მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, უპირატესობა მიანიჭა გ. დ–ს და 10 დღის გასვლის შემდეგ, ამ უკანასკნელის თვითდათხოვნის თაობაზე დაუყოვნებლივ არ შეატყობინა სამხედრო პოლიციას, დამალა დანაშაული, რის შედეგადაც ხსენებულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 28 ნოემბერს, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

საარტილერიო ბრიგადის კონტრაქტით სამხედრო მოსამსახურე თ. პ–მ 2007 წლის 23 მარტს თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია ათ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით. საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა მ. ფ–მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, უპირატესობა მიანიჭა თ. პ–ს და 10 დღის გასვლის შემდეგ, ამ უკანასკნელის თვითდათხოვნის თაობაზე დაუყოვნებლივ არ შეატყობინა სამხედრო პოლიციას, დამალა დანაშაული, რის შედეგადაც ხსენებულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 28 ნოემბერს, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

საარტილერიო ბრიგადის კონტრაქტით სამხედრო მოსამსახურე ვ. ყ–მ 2007 წლის 4 აპრილს თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით. საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა მ. ფ–მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, უპირატესობა მიანიჭა ვ. ყ–ს და 10 დღის გასვლის შემდეგ, ამ უკანასკნელის თვითდათხოვნის თაობაზე დაუყოვნებლივ არ შეატყობინა სამხედრო პოლიციას, დამალა დანაშაული, რის შედეგადაც ხსენებულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 28 ნოემბერს, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

საარტილერიო ბრიგადის კონტრაქტით სამხედრო მოსამსახურე მ. ს–მ 2007 წლის 2 მაისს თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია ათ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით. საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა მ. ფ–მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, უპირატესობა მიანიჭა მ. ს–ს და 10 დღის გასვლის შემდეგ, ამ უკანასკნელის თვითდათხოვნის თაობაზე დაუყოვნებლივ არ შეატყობინა სამხედრო პოლიციას, დამალა დანაშაული, რის შედეგადაც ხსენებულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 3 დეკემბერს, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

საარტილერიო ბრიგადის კონტრაქტით სამხედრო მოსამსახურე ზ. ხ–მა 2007 წლის 5 მაისს თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით. საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა მ. ფ–მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, უპირატესობა მიანიჭა ზ. ხ–ს და 10 დღის გასვლის შემდეგ, ამ უკანასკნელის თვითდათხოვნის თაობაზე დაუყოვნებლივ არ შეატყობინა სამხედრო პოლიციას, დამალა დანაშაული, რის შედეგადაც ხსენებულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 28 ნოემბერს, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

საარტილერიო ბრიგადის კონტრაქტით სამხედრო მოსამსახურე კ. ჩ–მ 2007 წლის 7 მაისს თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით. საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა მ. ფ–მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, უპირატესობა მიანიჭა კ. ჩ–ს და 10 დღის გასვლის შემდეგ, ამ უკანასკნელის თვითდათხოვნის თაობაზე დაუყოვნებლივ არ შეატყობინა სამხედრო პოლიციას, დამალა დანაშაული, რის შედეგადაც ხსენებულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 10 სექტემბერს, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

საარტილერიო ბრიგადის კონტრაქტით სამხედრო მოსამსახურე კ. ე–მა 2007 წლის 8 მაისს თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია ათ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით. საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა მ. ფ–მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, უპირატესობა მიანიჭა კ. ე–ს და 10 დღის გასვლის შემდეგ, ამ უკანასკნელის თვითდათხოვნის თაობაზე დაუყოვნებლივ არ შეატყობინა სამხედრო პოლიციას, დამალა დანაშაული, რის შედეგადაც ხსენებულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 3 დეკემბერს, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

საარტილერიო ბრიგადის კონტრაქტით სამხედრო მოსამსახურე ზ. ტ–მა 2007 წლის 8 მაისს თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია ათ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით. საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა მ. ფ–მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, უპირატესობა მიანიჭა ზ. ტ–ს და 10 დღის გასვლის შემდეგ, ამ უკანასკნელის თვითდათხოვნის თაობაზე დაუყოვნებლივ არ შეატყობინა სამხედრო პოლიციას, დამალა დანაშაული, რის შედეგადაც ხსენებულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 3 დეკემბერს, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

საარტილერიო ბრიგადის კონტრაქტით სამხედრო მოსამსახურე ბ. ბ–მ 2007 წლის 1 ივნისს თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით. საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა მ. ფ–მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, უპირატესობა მიანიჭა ბ. ბ–ს და 10 დღის გასვლის შემდეგ, ამ უკანასკნელის თვითდათხოვნის თაობაზე დაუყოვნებლივ არ შეატყობინა სამხედრო პოლიციას, დამალა დანაშაული, რის შედეგადაც ხსენებულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 10 სექტემბერს, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

საარტილერიო ბრიგადის კონტრაქტით სამხედრო მოსამსახურე დ. ქ–მ 2007 წლის 8 ივნისს თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია ათ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით. საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა მ. ფ–მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, უპირატესობა მიანიჭა დ. ქ–ს და 10 დღის გასვლის შემდეგ, ამ უკანასკნელის თვითდათხოვნის თაობაზე დაუყოვნებლივ არ შეატყობინა სამხედრო პოლიციას, დამალა დანაშაული, რის შედეგადაც ხსენებულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 10 სექტემბერს, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

საარტილერიო ბრიგადის კონტრაქტით სამხედრო მოსამსახურე ზ. კ–მ 2007 წლის 25 ივნისს თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით. საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა მ. ფ–მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, უპირატესობა მიანიჭა ზ. კ–ს და 10 დღის გასვლის შემდეგ, ამ უკანასკნელის თვითდათხოვნის თაობაზე დაუყოვნებლივ არ შეატყობინა სამხედრო პოლიციას, დამალა დანაშაული, რის შედეგადაც ხსენებულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 17 სექტემბერს, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

საარტილერიო ბრიგადის კონტრაქტით სამხედრო მოსამსახურე ვ. მ–მ 2007 წლის 29 ივნისს თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით. საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა მ. ფ–მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, უპირატესობა მიანიჭა ვ. მ–ს და 10 დღის გასვლის შემდეგ, ამ უკანასკნელის თვითდათხოვნის თაობაზე დაუყოვნებლივ არ შეატყობინა სამხედრო პოლიციას, დამალა დანაშაული, რის შედეგადაც ხსენებულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 10 სექტემბერს, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

საარტილერიო ბრიგადის კონტრაქტით სამხედრო მოსამსახურე ხ. ქ–მა 2007 წლის 16 ივლისს თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია ათ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით. საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა მ. ფ–მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, უპირატესობა მიანიჭა ხ. ქ–ს და 10 დღის გასვლის შემდეგ, ამ უკანასკნელის თვითდათხოვნის თაობაზე დაუყოვნებლივ არ შეატყობინა სამხედრო პოლიციას, დამალა დანაშაული, რის შედეგადაც ხსენებულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 17 სექტემბერს, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

საარტილერიო ბრიგადის კონტრაქტით სამხედრო მოსამსახურე ლ. შ–მ 2007 წლის 23 ივლისს თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით. საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა მ. ფ–მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, უპირატესობა მიანიჭა ლ. შ–ს და 10 დღის გასვლის შემდეგ, ამ უკანასკნელის თვითდათხოვნის თაობაზე დაუყოვნებლივ არ შეატყობინა სამხედრო პოლიციას, დამალა დანაშაული, რის შედეგადაც ხსენებულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 19 სექტემბერს, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

ზემოაღნიშნული კანონდარღვევები გამოვლინდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2007 წლის 31 აგვისტოს აქტით და სამხედრო პოლიციისთვის მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ცნობილი მ.ფ–ის მიერ დამალული დანაშაულის შესახებ, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი და თითოეულ ფაქტზე დაგვიანებით, რამდენიმე თვის შემდეგ მოხდა რეაგირება.

საარტილერიო ბრიგადის კონტრაქტით სამხედრო მოსამსახურე ვ. ყ–მ 2007 წლის 7 აგვისტოს თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია ათ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით. საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა მ. ფ–მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, უპირატესობა მიანიჭა ვ. ყ–ს და 10 დღის გასვლის შემდეგ ამ უკანასკნელის თვითდათხოვნის თაობაზე დაუყოვნებლივ არ შეატყობინა სამხედრო პოლიციას. ზემოაღნიშნული კანონდარღვევა გამოვლინდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2007 წლის 31 აგვისტოს აქტით და სამხედრო პოლიციისთვის მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ცნობილი მ.ფ–ის მიერ დამალული დანაშაულის შესახებ, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი და ხსენებულ ფაქტზე დაგვიანებით, 2007 წლის 17 სექტემბერს დაიწყო წინასწარი გამოძიება.

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის №... ბრძანებით პოლკოვნიკი მ. ფ–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისის სასწავლო სფეროს საარტილერიო ქვედანაყოფების შეფასების და მომზადების კურსის სროლისა და ცეცხლის მართვის შეფასების და მომზადების განყოფილების უფროს მასწავლებლად. ეროვნული სასწავლო ცენტრ „.....“ მეთაურის 2011 წლის 6 იანვრის №.. ბრძანებით დაიგეგმა 120 მმ-იანი ნაღმტყორცნებიდან მე-.. ქვეითი ბრიგადის ..-ე ბატალიონის ნაღმმტყორცნელთა ქვედანაყოფებთან მოწინავე მეთვალთვალეებისა და გამომთვლელების მომზადების ჯგუფებთან გეგმური საბრძოლო სროლები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო 2011 წლის 10 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით ეროვნულ სასწავლო ცენტრ „....“ სასროლეთზე. ამავე ბრძანებით სროლების საერთო ხელმძღვანელად დაინიშნა საარტილერიო ქვედანაყოფების შეფასების და მომზადების კურსის უფროსი, პოლკოვნიკი ტ. ტ–ე, ხოლო 120 მმ-იან ნაღმმტყორცნთა ხელმძღვანელად დაინიშნა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „.....“ სასწავლო სფეროს საარტილერიო ქვედანაყოფების შეფასებისა და მომზადების განყოფილების უფროსი მასწავლებელი, პოლკოვნიკი მ. ფ–ი. თავის მხრივ, სამშვიდობო მისიაში მონაწილე მსუბუქი ქვეითი (..-ე ბატალიონი) ბატალიონიდან, ამავე ქვედანაყოფის მეთაურის 2011 წლის 10 იანვრის №.. ბრძანებით, სროლების საერთო ხელმძღვანელად დაინიშნა უფროსი ლეიტენანტი მ. ქ–ა. ყველა ზემოაღნიშნულ პირს, მათი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ევალებოდა უსაფრთხოების წესების დაცვა, რომლის თანახმადაც, სროლის დროს მუდმივი მეთვალყურეობა უნდა გაეწიოს ნაღმმტყორცნის ყოველი მექანიზმის სწორ მუშაობასა და გაუმართაობას. გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში სროლა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და სათანადო ზომები იქნეს მიღებული მათ აღმოსაფხვრელად. საჭირო ყურადღება უნდა მიექცეს ორმაგი დატენვის დამცველის ნიჩბის მდგომარეობას.

120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი ტექნიკური აგებულებისა და საბრძოლო მუშაობის სახელმძღვანელოს თანახმად, რომელიც დამტკიცებულია გენერალური შტაბის უფროსის 2005 წლის 23 ივლისის №... ბრძანებით, „ცეცხლის წარმოებისათვის, ნაღმმტყორცნზე უნდა შემოწმდეს ორმაგი გატენვისაგან დამცველის მუშაობა, ასევე აუცილებელია ორმაგი გატენვისაგან დამცველი ნიჩბის მდგომარეობის მუდმივი თვალთვალი”.

მ. ფ–მ, ტ. ტ–მ და მ. ქ–მ დაარღვიეს უსაფრთხოებისა და გარშემომყოფისათვის მომეტებული საშიშროების შემცველ იარაღთან _ ნაღმმტყორცნთან მოპყრობის წესი, რის შედეგადაც 2011 წლის 11 იანვარს 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნებიდან საბრძოლო სროლები წარიმართა ორმაგი გატენვისაგან დამცველი მექანიზმის გარეშე. ორმაგი გატენვისაგან დამცველი მექანიზმის გარეშე სროლების შედეგად, მოხდა პირველი ნაღმმტყორცნის ორმაგი გატენვა და ლულაში ერთდროულად ორი ჭურვის აფეთქება, რამაც გამოიწვია პირველი ნაღმმტყორცნის გათვლის წევრების _ ე. შ–ს, დ. გ–ისა და ზ. კ–ს სიცოცხლის მოსპობა, პირველი საცეცხლე გათვლის წევრების _ ა. თ–ისა და ვ. ხ–ს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ზ. ქ–ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო ზ. ხ–ის, დ. მ–ის, გ. გ–ის, გ. ა–ის, გ. ფ–ის, გ. ჩ–ის, ა. ს–ის, ზ. კ–ისა და რ. ხ–ის სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ მ. ფ–ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ივნისის განაჩენი მ. ფ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 24 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ფ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

5.,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მ. ფ–ი 2013 წლის 13 იანვარს გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

6. 2016 წლის 4 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მ. ფ–მ და მისმა ადვოკატმა გ. მ–მ, რომლებმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოტომბრის განაჩენით მ. ფ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–ს შუამდგომლობის საფუძველზე ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ნოემბრის განაჩენში:

მ. ფ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 403-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ფ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, კერძოდ, მის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგი მოტივებით:

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ასევე არ დასტურდება, რომ მ. ფ–მ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ვინაიდან დადგენილია, რომ მას არ დაუმალავს 15 სამხედრო მოსამსახურის თვითდათხოვნაში წასვლის ფაქტები, რაზეც მეტყველებს შემდეგი გარემოებები:

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2005 წლის 23 ივნისის N... ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის თვითდათხოვნაში წასვლიდან ათი დღის გასვლის შემდეგ, თუ სამხედრო მოსამსახურე საპატიო მიზეზის გარეშე არ დაბრუნდა სამხედრო ნაწილში, დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის სამსახურებს. დაცვის მხარის მოსაზრებით, მ. ფ–მ სრულად შეასრულა მითითებული ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნები, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ მისი ბრძანებით თვითდათხოვნაში წასული სამხედრო მოსამსახურეები იმ დღესვე მოიხსნენ ყველა სახის სახელმწიფო კმაყოფიდან, რის შემდეგაც, მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად, დაიწყო მათი თვითდათხოვნაში წასვლის მიზეზის გარკვევა, იყო თუ არა მითითებული გამოწვეული საპატიო მიზეზით, რომლის გარკვევის გარეშეც, მსჯავრდებული არ იყო უფლებამოსილი, მასალები გადაეცა სამხედრო პოლიციისათვის.

გარდა ამისა, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სააპელაციო სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა - მ. მ–ს, თ. ძ–ს, დ. ბ–ისა და დ. ქ–ის ჩვენებებით დგინდება ისიც, რომ სამხედრო მოსამსახურეების თვითდათხოვნაში წასვლის შესახებ ზეპირსიტყვიერად ეცნობებოდა სამხედრო პოლიციასაც, რაც ვერ ჩაითვლება ინსტრუქციის მოთხოვნის შეუსრულებლობად, რადგან მ. ფ–ი ინსტრუქციის მიხედვით, არ იყო ვალდებული, მაინც და მაინც წერილობით ან რაიმე საბუთის გაგზავნით ეცნობებინა სამხედრო პოლიციისათვის მითითებული ფაქტების შესახებ. ზეპირსიტყვიერი შეტყობინების შემდეგ კი შესაბამისი რეაგირება უნდა მოეხდინა სამეხდრო პოლიციას და არა - მ. ფ–ს.

ამასთან, მ. ფ–ს ქმედებას არ გამოუწვევია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა, მისი ქმედებები სახელმწიფოსათვის არა ზიანის, არამედ - სარგებლის მომტანი იყო, რადგან იგი ცდილობდა, შეენარჩუნებინა სამხედრო სამსახურისათვის მნიშვნელოვანი, გამოცდილი კადრები და, შესაბამისად, ბრიგადის მაღალი საბრძოლო მზადყოფნა.

მ. ფ–ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განპირობებულია არა მის მიერ დანაშაულის ჩადენის გამო, არამედ იმ მიზნით, რომ სახელმწიფოს იმდროინდელი მაღალი თანამდებობის პირები დაინტერესებულნი იყვნენ მისი დაპატიმრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლში მითითებულია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის დამატებითი საფუძვლები, კერძოდ, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №....ს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს 2018 წლის პირველ ივლისამდე (შუამდგომლობის წარდგენის დროს მოქმედი რედაქციით - 2017 წლის პირველ ივლისამდე) წარედგინება.

3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №.... რეზოლუციის (რომელიც წარმოადგენს სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტს) მე-5 მუხლზე, რომლითაც ასამბლეა მოუწოდებს ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების შესაბამის სახელისუფლებო ორგანოებს, გადააფასონ ყველა სავარაუდო პოლიტიკური პატიმრის საქმე რეზოლუციით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით და გაათავისუფლონ ისინი ან ხელახლა განიხილონ მათი საქმეები.

4. საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2012 წლის პირველი ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №..) შექმნილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე წარდგენილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სიების შესაბამისად, იხელმძღვანელა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №... რეზოლუციის მე-3 პუნქტის a, c, d და e ქვეპუნქტებით და 2012 წლის 5 დეკემბერს მიიღო „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ №.. დადგენილება, რომლის პირველი მუხლის თანახმად, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებად მიჩნეულ იქნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2012 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №.) დამტკიცებულ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა სიაში დასახელებული მსჯავრდებულები (დანართი №.), მათ შორის სიის 180-ე ნომერი - მ. ფ–ი, ხოლო ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტს დაევალა ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პირთათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების ან/და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმების უმოკლეს ვადაში შექმნა, რაც განხორციელდა კიდეც, კერძოდ:

· „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდა პირი, რომელსაც აღნიშნული დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილის სტატუსი;

· ხოლო სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმი გაიწერა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 25-ე მუხლში, რომლის თანახმად, ყველა პირს, რომელზეც გავრცელდება ამ კანონის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით.

5. ამასთან, აღნიშნულ პირთა დარღვეული უფლების აღსადგენად ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადასინჯვის საფუძვლების გაფართოებისა და ამ გზით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა სამართლებრივი რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით („საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი), საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 22 ივნისს მიიღო კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ამ კანონით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი, რომელშიც გათვალისწინებულია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის კიდევ ერთი, დამატებითი საფუძველი, კერძოდ - „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით განსაზღვრულ პირებს მიეცათ მათ მიმართ გამოტანილი განაჩენების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის (საქმის ხელახლა განხილვის) შესაძლებლობა.

6. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მსჯავრდებულ მ. ფ–სა და მის ადვოკატ - გ. მ–ს სააპელაციო სასამართლოში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობა წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: განაჩენი მსჯავრდებულ მ. ფ–ს მიმართ გამოტანილია 2011 წლის 21 ივნისს - აღნიშნული დადგენილების მიღებამდე, ხოლო შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინეს 2016 წლის 4 ნოემბერს - 3321-ე მუხლში მითითებულ ვადაში - 2018 წლის პირველ ივლისამდე, რის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო შუამდგომლობა და განიხილა კიდეც, მაგრამ საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ზემოაღნიშნული აქტები არ წარმოადგენს შუამდგომლობის უპირობოდ დაკმაყოფილებისა და მსჯავრდებულის გამართლების საფუძველს (იხილეთ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეებზე - N199აგ-16, N69აგ-17).

7. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტმა, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა ინტერესების გათვალისწინებითა და მათთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის მიზნით, მიიღო მითითებული აქტები, რომელთა საფუძველზეც გადასინჯა სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ მ. ფ–ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. სამართლიანი სასამართლოს უფლება და საქმის ხელახლა გადასინჯვა არ გულისხმობს მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ავტომატურ გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის მიღებას.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობის საფუძველზე საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალებისა და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც მ. ფ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 403-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შერაცხული მსჯავრდების ნაწილებში დარჩა უცვლელად.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მ. ფ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შერაცხულ მსჯავრდებაში მისი უდანაშაულოდ ცნობის შესახებ დაცვის მხარის არგუმენტებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომ ბრალდების მითითებულ ეპიზოდებში საქმეში მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ მ. ფ–ს ბრალეულობა, კერძოდ:

10. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 16 დეკემბრის N2929 ბრძანებით პოლკოვნიკი მ. ფ–ი დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საარტილერიო ბრიგადის მეთაურად და, ამდენად, იგი წარმოადგენდა მოხელეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2005 წლის 23 ივნისის N... ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის თანახმად, ,,საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სამსახურის წესის, კვების ორგანიზებისა და პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობის შესახებ“, სამხედრო მოსამსახურის თვითდათხოვნაში წასვლიდან ათი დღის გასვლის შემდეგ, თუ სამხედრო მოსამსახურე საპატიო მიზეზის გარეშე არ დაბრუნდა სამხედრო ნაწილში, დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის სამსახურებს. თვითდათხოვნის ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, მასალების ერთი ეგზემპლარი გადაიგზავნებოდა გენერალურ შტაბში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს N... ბრძანებით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამსახურებისა და სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელებს დაევალათ ობიექტებზე სამართალდარღვევის ფაქტის თაობაზე დაუყოვნებლივ მიეწოდებინათ ინფორმაცია ადგილობრივი სამხედრო პოლიციის განყოფილებებისთვის.

11. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2007 წელს საარტილერიო ბრიგადის თხუთმეტმა სამხედრო მოსამსახურემ 10 დღეზე მეტი ვადით თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2005 წლის 23 ივნისის N... ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს N... ბრძანებით დადგენილი წესების საწინააღმდეგოდ, მ. ფ–მ აღნიშნულ ფაქტებზე არ მოახდინა სათანადო რეაგირება და მასალები შესაბამის ორგანოებში არ გადაგზავნა.

12. დაცვის მხარე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მ. ფ–მ წერილობით არ შეატყობინა სამხედრო მოსამსახურეების თვითდათხოვნის შესახებ სამხედრო პოლიციას, მაგრამ მიაჩნია, რომ მ. ფ–მ სრულად შეასრულა მასზე ინსტრუქციითა და ბრძანებით დაკისრებული ვალდებულებები, რასაც, კასატორის მოსაზრებით, ადასტურებს რამდენიმე გარემოება, კერძოდ: თვითდათხოვნაში წასული სამხედრო მოსამსახურეები მ. ფ–ს ბრძანებით იმავე დღეს მოიხსნენ ყველა სახის კმაყოფიდან, რის შემდეგაც ინსტრუქციის შესაბამისად დაიწყო მათი თვითდათხოვნაში წასვლის მიზეზის გარკვევა, იყო თუ არა აღნიშნული გამოწვეული საპატიო მიზეზით, რომლის გარკვევის გარეშეც, მსჯავრდებული არ იყო უფლებამოსილი, მასალები გადაეცა სამხედრო პოლიციისათვის; სამხედრო მოსამსახურეების თვითდათხოვნაში წასვლის ფაქტის შესახებ ასევე იცოდა სამხედრო პოლიციამ, რომელსაც თვითდათხოვნის ფაქტზე რეაგირება უნდა მოეხდინა, ხოლო მათთვის მაინცდამაინც წერილობითი ფორმით შეტყობინების ვალდებულება მ. ფ–ს არ გააჩნდა. გარდა ამისა, დაცვის მხარის მოსაზრებით, მ. ფ–ს ქმედებას არ გამოუწვევია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა, მისი ქმედებები სახელმწიფოსათვის ზიანის მომტანი არ ყოფილა.

13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებულ მოსაზრებებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომელიც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად მსჯელობს დაცვის მხარის აღნიშნულ პრეტენზიებზე. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს საქმის ძირითად ასპექტებზე, კერძოდ:

14. დაცვის მხარე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2005 წლის 23 ივნისის N... ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს, როდესაც განმარტავს, რომ სამხედრო მოსამსახურის თვითდათხოვნაში წასვლიდან ათი დღის გასვლის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურის თვითდათხოვნაში წასვლის მიზეზის დადგენამდე, მ. ფ–ს არ წარმოეშობოდა სამხედრო პოლიციისათვის შეტყობინების ვალდებულება, ვინაიდან მითითებულ ინსტრუქციაში იმპერატიულადაა მითითებული სამხედრო მოსამსახურის თვითდათხოვნაში წასვლიდან ათი დღის გასვლის შემდეგ შესაბამისი სამსახურებისათვის შეტყობინების ვალდებულების შესახებ - რომ სწორედ ამ დროში უნდა გამოკვლეულიყო მათი გამოუცხადებლობის მიზეზები, ხოლო ათი დღის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა გატარებულიყო შესაბამისი ღონისძიებები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. დაცვის მხარის ამ მოსაზრებით, სამხედრო მოსამსახურის თვითდათხოვნის მიზეზის დადგენა შესაძლოა სრულიად გაურკვეველი ვადით, თვეებიც კი გაგრძელებულიყო, რაც, ბუნებრივია, მოკლებულია ყველანაირ ლოგიკას და საფუძველს, ხოლო ის ფაქტი, რომ თითოეული თვითდათხოვნილი პირი მოიხსნა საქვაბე კმაყოფიდან, ვერ ჩაითვლება ინსტრუქციითა და ბრძანებით დაკისრებული ვალდებულების ჯეროვან შესრულებად და აღნიშნული მ. ფ–ს არ ათავისუფლებდა შეტყობინების ვალდებულებისგან.

15. რაც შეეხება სამხედრო პოლიციის სამხედრო ნაწილში ყოფნის ფაქტს, თუნდაც იმ შემთხვევის გათვალისწინებაც კი, რის შესახებაც დაცვის მხარე აპელირებს, რომ სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სამხედრო ნაწილში და ესწრებოდნენ სამხედროების დილის მოწყობებს, რა დროსაც მათთვის ცნობილი ხდებოდა სამხედრო მოსამსახურეების თვითდათხოვნაში წასვლის ფაქტები, მ. ფ–ს ასევე არ ათავისუფლებს შეტყობინების ვალდებულებისგან, რადგან, 2005 წლის 23 ივნისის N... ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციისა და თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №... ბრძანების მიხედვით, სწორედ პირადად მას, როგორც სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელს, ევალებოდა შესაბამისი რეაგირება, რაც მას არ შეუსრულებია. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადგენილი, სამხედრო პოლიციის თუ კონკრეტულად რომელი წარმომადგენელი იმყოფებოდა ადგილზე, ვისთვის გახდა ცნობილი სამხედრო მოსამსახურეების თვითდათხოვნაში ყოფნის ფაქტი, ან თუნდაც, წერილობით თუ არა, ზეპირსიტყვიერად მაინც, რომელ მათგანს აცნობა მ. ფ–მ ამ ფაქტების შესახებ. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება არცერთი აღნიშნული გარემოება.

16. ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მტკიცება, რომ მ. ფ–ს არავისთვის უპირატესობა არ მიუნიჭებია და რომ მის ქმედებას სახელმწიფოს ინტერესის არსებითი დარღვევა არ გამოუწვევია, რადგან, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, იქიდან გამომდინარე, რომ მ. ფ–მ თვითდათხოვნის თითოეულ ფაქტზე არ მოახდინა დროული რეაგირება, აღნიშნულით უპირატესობა მიანიჭა მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რის შედეგადაც თვითდათხოვნაში მყოფი სამხედრო პირების მიმართ გამოძიება დაიწყო დაგვიანებით, რომელთა უმეტესი ნაწილის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 388-ე მუხლით გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები. ამასთან, აღნიშნული ფაქტები გამოვლინდა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების საარტილერიო ბრიგადის მიზნობრივი შემოწმების შედეგად და რომ არა შემოწმების შედეგები, მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები საერთოდ რეაგირების გარეშე იყო დატოვებული, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და გავლენა მოახდინა სამხედრო ნაწილის ნორმალურ მოქმედებაზე, საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებასა და სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფაზე.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ფ–ს ადვოკატ გ. მ–ს საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც სადავო განაჩენის გაუქმების ან შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი