დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 27.02.2020
საქმის ნომერი
35აგ.-2019
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №35აგ-19 თბილისი

ბ. შ., 35აგ-19 27 თებერვალი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ბ.-ს ადვოკატ გ. ფ.-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენით შ. ბ., - დაბადებული წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 მაისის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. ბ.-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2017 წლის 28 აპრილიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ შ. ბ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: შ. ბ.-ს ბრალდებიდან ამოერიცხა 2017 წლის 25 აპრილს ლ.-ს რაიონ სოფელ გ.-ში მდებარე, თ. მ.-ს კუთვნილი სათადარიგო ნაწილების მაღაზიაში ყალბი 200-ლარიანი კუპიურის გასაღების ეპიზოდი. შ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 მაისის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. ბ.-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2017 წლის 28 აპრილიდან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის პირველი მაისის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ბ.-ს ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. 2019 წლის 14 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ შ. ბ.-ს ადვოკატმა გ. ფ.-მ, რომელმაც მოითხოვა შ. ბ.-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მისი გამართლება საქმის ერთ-ერთი მოწმის - ბ. ს.-ს ახალი ჩვენების საფუძველზე. წარმოდგენილ ჩვენებაში მოწმე უთითებს, რომ შ. ბ. უდანაშაულოა წარდგენილ მსჯავრდებაში და მისთვის შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებები თვითონ ბ. ს.-მა ჩაიდინა, ხოლო გამოძიებასა და სასამართლოში მიცემული ჩვენებების არადამაჯერებლობა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მას სურდა საპროცესო შეთანხმების დადება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ შ. ბ.-ს ადვოკატ გ. ფ.-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. ბ.-ს ადვოკატმა გ. ფ.-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინებისა და შ. ბ.-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ შ. ბ.-ს გამართლებას საქმის ერთ-ერთი მოწმის - ბ. ს.-ს ახალი ჩვენების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ შ. ბ.-ს ადვოკატ გ. ფ.-ს შუამდგომლობა, ვინაიდან საქმის ერთ-ერთი მოწმის - ბ. ს.-ს შეცვლილი ჩვენება არ შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებასა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

5. რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ თითქოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2019 წლის 16 აგვისტოს განჩინება გამოიტანა საქმის დეტალურად გაცნობისა და სიღრმისეული შესწავლის გარეშე, საკასაციო პალატა არ იზიარებს ადვოკატის პრეტენზიას და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის დეტალურად გაცნობა და სიღრმისეული შესწავლა ნათლად არის ასახული განჩინების დასაბუთებაში, კერძოდ: სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად ჩამოაყალიბა მსჯავრდებულ შ. ბ.-ს ადვოკატ გ. ფ.-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის საფუძველი, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ შ. ბ.-ს ადვოკატ გ. ფ.-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ შ. ბ.-ს ადვოკატ გ. ფ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ შ. ბ.-ს ადვოკატ გ. ფ.-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი