საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №843აპ-19 თბილისი
გ-ი ლ-ნ, 843აპ-19 30 აპრილი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია ყიფიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ. გ-ს ბრალი დაედო კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 12 მარტს მ. ქ-მა სოციალურ ქსელ „ფ-ის“ პირად გვერდზე განათავსა საჯარო განცხადება, რომ სჭირდებოდა ტექნიკური დახმარება „ეფლის“ ფირმის ძველი „აიფონ 6-ის“ მოდელის მობილურ ტელეფონში არსებული მონაცემთა ბაზის - ე.წ. „iCloud-ის“ იმავე ფირმის ახალ „აიფონ 7-ის“ მოდელის მობილურ ტელეფონში გადმოსატანად. ლ. გ-მა, რომელიც დარეგისტრირებული იყო ხსენებულ სოციალურ ქსელში, განიზრახა, მოტყუებით დაუფლებოდა მ. ქ-ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს. კერძოდ, მ. ქ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონის მონაცემთა ბაზაში უნებართვო შეღწევით დაებლოკა მობილური ტელეფონი და თითქოსდა განბლოკვის მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა მას. ლ. გ-ი სოციალურ ქსელ „ფ-ის“ მეშვეობით იმავე დღეს შეეხმიანა მ. ქ-ს და აღუთქვა დახმარება. ლ. გ-მა მ. ქ-ს გაუგზავნა „ფიშერული“ პროგრამის ე.წ. „ლინკი“ (ბმული), რომელსაც იყენებდა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მიზნით. აღნიშნულით ლ. გ-მა მოიპოვა ავტორიზაცია მ. ქ-ის ე.წ. „iCloud-ის“ ელფოსტასა და პაროლზე, რომლებიც უნებართვოდ შეცვალა, რის შემდეგადაც მ. ქ-მა დაკარგა წვდომა კუთვნილ მობილურ ტელეფონზე. ლ. გ-მა მ. ქ-ს უთხრა, რომ დაეხმარებოდა ტელეფონის ბლოკის მოხსნაში, რაც მან დაიჯერა. ამ მიზნით, 2018 წლის 14 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, თ-ში, შ-ოს ქუჩა №--ში მდებარე ტექნიკის მაღაზიასთან ლ. გ-ი შეხვდა მ. ქ-ს, რომელსაც მოტყუებით, თითქოსდა ბლოკის მოხსნის მიზნით, გამოართვა 1000 ლარად ღირებული, მისი კუთვნილი „ეფლის“ ფირმის „აიფონ 7-ის“ მოდელის მობილური ტელეფონი, თავისივე ყუთითა და საგარანტიო ფურცლით. ამის შემდეგ ლ. გ-მა მ. ქ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონი 950 ლარად ჩააბარა თ-ში, პ-ის ქუჩა №--ში მდებარე ლომბარდში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით:
· ლ. გ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
· ლ. გ-ი, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 აგვისტოსა და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენებით შეფარდებული სასჯელები და საბოლოოდ ლ. გ-ს განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2019 წლის 11 ივნისიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრისა და 4 ოქტომბრის განაჩენებით მოხდილი სასჯელები.
4. განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 12 მარტს მ. ქ-მა სოციალურ ქსელ „ფ-ის“ პირად გვერდზე განათავსა განცხადება, რომ სჭირდებოდა ტექნიკური დახმარება „ეფლის“ ფირმის „აიფონ 6-ის“ მოდელის მობილურ ტელეფონში არსებული მონაცემთა ბაზის - ე.წ. „iCloud-ის“ იმავე ფირმის ახალ „აიფონ 7-ის“ მოდელის მობილურ ტელეფონში გადასატანად. ლ. გ-მა, რომელიც დარეგისტრირებული იყო ხსენებულ სოციალურ ქსელში, განიზრახა, მოტყუებით დაუფლებოდა მ. ქ-ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს. ამ მიზნით, 2018 წლის 14 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, თ-ში, შ-ოს ქუჩა №--ში მდებარე ტექნიკის მაღაზიასთან ლ. გ-ი შეხვდა მ. ქ-ს, რომელსაც მოტყუებით, თითქოსდა ბლოკის მოხსნის მიზნით, გამოართვა 1000 ლარად ღირებული, მისი კუთვნილი „ეფლის“ ფირმის „აიფონ 7-ის“ მოდელის მობილური ტელეფონი, თავისივე ყუთითა და საგარანტიო ფურცლით, რომელიც 950 ლარად მალევე ჩააბარა თ-ში, პ-ის ქუჩა №--ში მდებარე ლომბარდში.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია ყიფიანმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ლ. გ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის ქმედების პროპორციული, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენით პროკურორ ია ყიფიანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია ყიფიანმა, რომელიც საჩივრით ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ლ. გ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის ქმედების პროპორციული, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
8. ლ. გ-ი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
11. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ლ. გ-ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
12. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ლ. გ-ს განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სანქცია, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
13. ამასთან, სააპელაციო პალატამ ამომწურავად მიუთითა იმ გარემოებებზე (მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის პრაქტიკაზე), თუ რატომ არ დაუმძიმა სასჯელი ლ. გ-ს და რატომ მიიჩნია მიზანშეწონილად მისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის უცვლელად დატოვება, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია ყიფიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე