საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100120003436670
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№768აპ-20 ქ. თბილისი
ბ. ლ., 768აპ-20 29 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა, ითხოვს მის შეცვლასა და ლ. ბ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე და საზოგადოებრივი საშიშროება; გამოყენებული სასჯელი არის მსუბუქი და, ერთი მხრივ, არ შეესაბამება ჩადენილ დანაშაულსა და მსჯავრდებულის პიროვნებას, ხოლო, მეორე მხრივ, ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 მარტის განაჩენით ლ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა ჯარიმა - 2000 ლარი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 1500 ლარი.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ბ-მა ჩაიდინა დაზარალებულის მოსყიდვა ცრუ ჩვენების მიცემისა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, რასაც ერთვის მისთვის ქონებრივი სარგებლის შეთავაზება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ... მდებარე რესტორან ,,ი. ო-ში’’, ბრალდებულ გ. ა-ს დედის დამ - ლ. ბ-მ მიმართა დაზარალებულ ფ. ა. ჯ-ს, რათა მას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე გ. ა-ს და ა. დ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვისას სასამართლოში მიეცა ცრუ ჩვენება ბრალდებულთა სასარგებლოდ და შეეცვალა გამოკითხვისას, გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, ასევე სთხოვდა, თავი აერიდებინა სასამართლოში გამოცხადებისათვის და არ მიეცა ჩვენება, რისთვისაც დაზარალებულ ფ. ა. რ. ჯ-ს შესთავაზა და გადასცა - 500 აშშ დოლარი.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ლ. ბ-სათვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უსამართლოა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ლ. ბ-ს სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის გამკაცრება სასჯელის მიზნების მისაღწევად არ არის აუცილებელი.
9. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი