განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141221004273216
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№411-21 22 თებერვალი, 2021 წელი
ჭ–ე ი., 411-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ჭ–ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ი. ჭ–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი, 273-ე მუხლით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ივლისის განაჩენით ი. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 18 სექტემბრის ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (2013 წლის 8 ოქტომბრის ეპიზოდი) - 7 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მას მიესაჯა 7 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ამ განაჩენით აღნიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი. ჭ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 6 ნოემბრიდან. მასვე საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი.
ი. ჭ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განაჩენით ი. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2014 წლის 4 ივლისის განაჩენით ი. ჭ–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2014 წლის 4 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი. ჭ–ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 17 აპრილიდან იმავე წლის 25 აპრილის ჩათვლით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ი. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273–ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობილობის დროს სასჯელის დანიშვნისას ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა ამ განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარი და დანაშაულთა ერთობილობით ი. ჭ–ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 20 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის ჩათვლით მოხდილი და 2016 წლის 26 სექტემბრიდან იმავე წლის 20 დეკემბრის ჩათვლით მოხდილი სასჯელი.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
5. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. ჭ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ჭ–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ჭ–ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
8. მსჯავრდებულმა ი. ჭ–ემ საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ი. ჭ–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია). 2015 წლის 31 ივლისს ამოქმედდა სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები, რომლითაც არსებითად შეიცვალა სსკ-ის 260-ე მუხლის სტრუქტურა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ი. ჭ–ე დამნაშავედ იქნა ცნობილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებდა 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მოქმედი რედაქციით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნარკოტიკული ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე (მძიმე კატეგორიის დანაშაული).
4. სასამართლო განმარტავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი ვრცელდება იმ დანაშაულებზე, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ნაწილით ან ქვეპუნქტით არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მისი მოქმედება ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მოქმედ რედაქციაზე, ხოლო ი. ჭ–ე (იმ მომენტისთვის ნასამართლობის არმქონე) ნასამართლევია სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება და შენახვა დიდი ოდენობით, 2013 წელს მოქმედი რედაქცია), რაც არ არის შესაბამისობაში მოყვანილი დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის ნორმასთან. ამდენად, ვიდრე ზემოაღნიშნული მუხლი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესის თანახმად, შესაბამისობაში არ მოვა მოქმედ კანონმდებლობასთან (სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედ რედაქციასთან), საკასაციო სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, იმსჯელოს მსჯავრდებულ ი. ჭ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენებაზე (მაგ.იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N4I-15).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 დეკემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ივლისის განაჩენებით ი. ჭ–ს მსჯავრი დაედო ასევე საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
6. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული; ამავე კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე.
7. შესაბამისად, მსჯავრდებული ი. ჭ–ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
8. ი. ჭ–ე ასევე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ივლისის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. მასვე „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად უნდა აღუდგეს აღნიშნული განაჩენით დანიშნული „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლის ვადით ჩამორთმეული უფლებები გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლების შეზღუდვისა.
9. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205-ე მუხლით, 2051 მუხლით ან 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
10. მოცემულ შემთხვევაში ი. ჭ–ე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებლის მიერ დანაშაულთა შემადგენლობების განსაზღვრა განხორციელდა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით მკაფიოდ და ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. შესაბამისად, ვინაიდან ქმედება მოიცავს ერთდროულად სისხლის სამართლის კოდექსის იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებასაც, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება (პირს განესაზღვრა ერთიანი სასჯელი სსკ-ის ერთიდაიგივე მუხლის ერთიდაიგივე ნაწილის სხვადასხვა პუნქტებით), სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამნისტიის აქტის მოქმედება განავრცოს და გამოიყენოს იმ შემთხვევების მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული(მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება N191-21) .
11. რაც შეეხება საბოლოოდ მსჯავრდებულ ი. ჭ–სათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ი. ჭ–ს საბოლოო სასჯელი შეეფარდა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანამდე, მსჯავრდებულ ი. ჭ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 ივლისის განაჩენზე და 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელზე ვერ მოახდენს გავლენას საბოლოოდ დანიშნულ სასჯელზე, რის გამოც მას საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი. ჭ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებული ი. ჭ–ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ივლისის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან.
4. მსჯავრდებულ ი. ჭ–ეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამავე კანონის შესაბამისად, აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ივლისის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა);
5. მსჯავრდებულ ი. ჭ–ეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
7. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე