საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 25.05.2021
საქმის ნომერი
2კ-914აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.05.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120003499743

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №914აპ-20 ქ. თბილისი

კ–ი ვ., 914აპ-20 25 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. კ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: ვ. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება გენდერული ნიშნით, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, გენდერული ნიშნით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის ივნისის ეპიზოდი;

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, გენდერული ნიშნით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2019 წლის დეკემბრის ეპიზოდი.

2. წარდგენილი ბრალდების არსი გამოიხატა შემდეგში:

- ვ. კ–ი წლების განმავლობაში, თანაცხოვრების პერიოდში, მათ შორის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, 2020 წლის 8 იანვრის ჩათვლით, ქ. თ......ში, ........ის ქუჩა N..-ში და ...........ის ქუჩა N..-ში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ყოფილ მეუღლეს ა. ვ–ს. კერძოდ: ლანძღავდა, აგინებდა, ძალადობდა დისკრიმინაციული ნიშნით, მიმართავდა, რომ იყო ქალი და უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა მას როგორც მამაკაცს, სისტემატურად მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და მიადგა მორალური სახის ზიანი;

- 2019 წლის ივნისის დასაწყისში, ქ. თ........ში, .........ის ქუჩა N..-ში ვ. კ–მ განახორციელა ძალადობა მეუღლეზე ა. ვ–ზე. დაარტყა ხელები სახის არეში რამდენჯერმე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი;

- 2019 წლის 30 დეკემბერს, ქ. თ.......ში, ..........ის ქუჩა N..-ში ვ. კ–მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, განახორციელა ძალადობა ყოფილ მეუღლეზე ა. ვ–ზე. ანთებული სიგარეტი დააწვა მარცხენა ხელზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო დაზიანება და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის განაჩენით ვ. კ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ივნისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

ვ. კ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან (2019 წლის 30 დეკემბრის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ვ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 30 დეკემბრის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 1 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე სრულად დაემატა მოუხდელი დამატებითი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 60 (სამოცი) საათი და ვ. კ–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 60 (სამოცი) საათი.

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 იანვრის განჩინებით ვ. კ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 8 იანვრიდან.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 30 დეკემბერს, თ..........ში, ..........ის ქუჩა N..-ში ვ. კ–მ ყოფილ მეუღლეზე ა. ვ–ზე განახორციელა ძალადობა. კერძოდ, ანთებული სიგარეტი დააწვა მარცხენა ხელზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო თერმული დაზიანება და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა და ითხოვა მის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. მსჯავრდებულმა - ვ. კ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი და ითხოვა 2019 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდში გამართლება. კასატორის პოზიციით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორი სამართლებრივი შეფასებები მისცეს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და შესაბამისად მიიღეს უკანონო გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. კ–ს მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების და 2019 წლის ივნისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტების გამეორება.

3. გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, 2019 წლის 30 დეკემბერს, თ.........ში, ........ის ქუჩა N..-ში ვ. კ–მ განახორციელა ძალადობა ყოფილ მეუღლეზე ა. ვ–ზე - ანთებული სიგარეტი დააწვა მარცხენა ხელზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო თერმული დაზიანება და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით აღნიშნული დანაშაულში ვ. კ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

5. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას (იხ. Bevacqua and S. v. Bulgaria, no. 71127/01, §§ 64-65, ECtHR, 12/06/2008; Hajduová v. Slovakia, no. 2660/03, § 46, ECtHR, 30/11/2010; Volodina v Russia, no. 41261/17, §72, ECtHR, 09/07/2019) და იმ სირთულეებს რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი.... გამოწვევა დაუძლეველი ხდება მსხვერპლისთვის, რომელმაც თავად უნდა შეაგროვოს მტკიცებულებები და ამავდროულად განაგრძოს მოძალადესთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, მისგან ანგარიშსწორების შიშში და მასზე ფინანსურად დამოკიდებულმა (Volodina v Russia, no. 41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019).

6. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი(Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

7. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვება, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ სსსკ–ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე.

8. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება მოწმეების - ლ. ზ–ის, ს. გ–ის და ექსპერტის - ე. ჩ–ის ჩვენებებს. ამასთან, მოწმეების ლ. ზ–ის და ს. გ–ის ჩვენებების თანახმად: 2020 წლის 8 იანვარს იმყოფებოდნენ ა. ვ–თან სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა დაზარალებულის ყოფილი მეუღლე ვ. კ–ი. სტუმრებმა: ლ. ზ–მ და ს. გ–მ დაზარალებულის ხელზე შენიშნეს თერმული დაზიანება - დამწვრობა. დაზარალებულმა ორივეს უამბო, რომ რამდენიმე დღით ადრე ყოფილმა მეუღლემ ვ. კ–მ შელაპარაკებისას, ხელზე ჩააწვა ანთებული სიგარეტი. ამასთან, მოწმე ს. გ–ს განმარტებით, ა. ვ–მ ასევე უთხრა - ,,ისეთი დათრგუნული ვიყავი, წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი“. მოწმეთა ჩვენებით ვ. კ–ი ლ. ზ–ს და ს. გ–ს თანდასწრებით, ა. ვ–ს მიმართ გამოხატავდა აგრესიას, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა.

9. ექსპერტმა ე. ჩ–მ სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის N........... დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ შესამოწმებელმა პირმა საექსპერტო კვლევის პროცესში მიაწოდა ინფორმაცია დაზიანების წარმოშობის მექანიზმზე და მიმყენებელ პირზე. კერძოდ განუცხადა, რომ მეუღლემ 29-30 დეკემბერს, შეკამათებისას ხელზე დაზიანება მიაყენა ანთებული სიგარეტით.

10. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მოქალაქე ა. ვ–ს სხეულზე სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (........... 12:49 საათი) აღენიშნებოდა უსწორნაპირებიანი ნაწიბური მარცხენა წინამხრის არეში, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ამავე მიდამოში დამწვრობითი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს, განვითარებული რაიმე მაღალი ტემპერატურის მქონე საგნის (შესაძლებელია ანთებული სიგარეტის) ადგილობრივი მოქმედებით, ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

11. დაზარალებულმა ა. ვ–მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. უარის გაცხადებისას პირველი ინსტანციის სასამართლოში მანვე აღნიშნა, რომ შიშის ფაქტორი არ აქვს, ბავშვის გამო არ იძლევა ჩვენებას. ამასთან, არავის ურჩევია მისთვის თავი შეეკავებინა ჩვენების მიცემისაგან; ეს არის დამოუკიდებლად მიღებული, დაფიქრებული და გააზრებული გადაწყვეტილება; სამომავლოდ არ გრძნობს საფრთხეს; სასამართლო სხდომაზე პროკურორმა დაადასტურა, რომ არ ფლობს რაიმე ინფორმაციას, რაც შესაძლოა ხელს უშლიდეს დაზარალებულს ჩვენების მიცემაში.

12. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოწმის (დაზარალებულის) მიერ ჩვენების მიცემაზე უარი თავისთავად არ ნიშნავს მისი მონაწილებით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგების უგულებელყოფას და ავტომატურად არ აბათილებს ამ მოქმედებებით დადგენილ ფაქტებს, თუ გამოკვეთილი არ არის ისეთი მტკიცებულება, რომელიც ფაქტობრივად (შინაარსობრივად) არის მოწმის (დაზარალებულის) ჩვენების ან მიწოდებული ინფორმაციის შემოწმება, რომელიც ასახულია გამოკითხვის ოქმში(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20). აღნიშნულის მიუხედავად მსგავს ვითარებას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

13. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება 2020 წლის 10 იანვრისათვის ა. ვ–ს სხეულზე დამწვრობითი ჭრილობის შეხორცების შემდგომი კვალის არსებობა, რომელიც შესაძლებელია განვითარებულიყო ანთებული სიგარეტის ზემოქმედებით.

14. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ირიბია მოწმის ის ჩვენება რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამდენად, მოწმეების - ლ. ზ–ს, ს. გ–ს, ე. ჩ–ს ჩვენებები, რომლებსაც ეფუძნება ვ. კ–ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან ისინი ფაქტს - მაღალი ტემპერატურის მქონე საგნის (შესაძლებელია ანთებული სიგარეტის) ადგილობრივი მოქმედებით დამწვრობითი ჭრილობის მიყენებას თავად არ შესწრებიან და ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისგან. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

15. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20). ,,შესაძლებელია პირდაპირი მტკიცებულება, მათ შორის პირდაპირი ჩვენებაც ასახავდეს მომხდარ ფაქტს, მაგრამ არა მთლიანად, არამედ მხოლოდ მის ერთ, თუმცა მნიშვნელოვან მონაკვეთს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება N626აპ-17 საქმეზე, პუნქტი 34)“.

16. მოწმეების - ლ. ზ–ს და ს. გ–ს ჩვენებების ნაწილი პირდაპირი ჩვენებაა, რადგან შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მათ საკუთარი თვალით ნახეს. კერძოდ, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენება პირდაპირ ჩვენებას წარმოადგენს იმ ნაწილში, რაც ეხება მათი თანდასწრებით ვ. კ–ს მიერ დაზარალებულისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას და აგრესიულ დამოკიდებულებას. ასევე, მათ თავად ნახეს დაზარალებულის მდგომარეობა და პირადად დაინახეს დაზარალებულის ხელზე თერმული დაზიანება, თუმცა ინფორმაციის ძირითადი და ამავე დროს მნიშვნელოვანი ნაწილი - დაზიანების გამომწვევი მიზეზი, დრო, ადგილი, ვითარება ან/და დაზიანების შესაძლო მიმყენებელი პირის ვინაობა, მათთვის ცნობილი გახდა დაზარალებულისაგან. კერძოდ მოწმეებმა აღნიშნეს, რომ მათ 2020 წლის 8 იანვარს დაზარალებულმა უამბო, რომ რამდენიმე დღით ადრე ყოფილმა მეუღლემ ვ. კ–მ შელაპარაკებისას, ხელზე ჩააწვა ანთებული სიგარეტი.

17. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს N97აპ-20 განაჩენში მოცემული მსჯელობა. მითითებულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა არ მისცა სასამართლოს მეუღლის მამხილებელი ჩვენება, ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარდგენილი იყო სხვა მამხილებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა პირის მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

18. მოცემულ შემთხვევაში სსიპ ,,112-ს“ დახმარებისათვის თავად ა. ვ–მ არ მიმართა და მისამართზე პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ დაზარალებულის მეგობრის - ს. გ–ს შეტყობინების საფუძველზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არც შეტყობინება და არც მოწმეთა ჩვენება (მათ შორის არც შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული პოლიციის თანამშრომელთა, ასევე სახლში მყოფი დაზარალებულის მამის ჩვენება) არ წარმოადგენს პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას თერმული დაზიანების წარმომავლობასთან მიმართებით.

19. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, ამიტომ ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №766აპ-19; 627აპ-19). მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ბრალეულობა დამოკიდებულია დაზარალებულის მამხილებელ ჩვენებაზე. ამიტომ ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სხვა პირდაპირი მტკიცებულებები - უტყუარად ვერ დგინდება თერმული დაზიანება წარმოადგენდა თუ არა ძალადობის შედეგს, ასეთის არსებობის შემთხვევაში კი ვინ და რა ვითარებაში იძალადა დაზარალებულზე და იყო თუ არა მოძალადე მსჯავრდებული ვ. კ–ი.

20. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტის დასკვნით დასტურდება დაზარალებულის სხეულზე მოწმეების მიერ მითითებულ ადგილას თერმული დაზიანება, ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა. შესაბამისად ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი. აქედან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ვერ მიიჩნევა ვ. კ–ს მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის მამხილებელ მტკიცებულებად, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

21. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა სასამართლოს არ აძლევს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ვ. კ–მ ა. ვ–ს მიმართ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული: 2019 წლის 30 დეკემბერს ქ. თ.........ში, ..............ის ქუჩა N..-ში ვ. კ–მ განახორციელა ძალადობა ყოფილ მეუღლეზე ა. ვ–ზე - ანთებული სიგარეტი დააწვა მარცხენა ხელზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო დაზიანება და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ვ. კ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი ვ. კ–ს მიმართ;

3. ვ. კ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

4. ვ. კ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;

5. გამართლებულ ვ. კ–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე