შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 12.07.2021
საქმის ნომერი
2კ-340აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.07.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002764274

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№340აპ-21 ქ. თბილისი

გ–ი დ., 340აპ-21 12 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ირაკლი კოძახიძის

ადვოკატ - ი. გ–ს

მსჯავრდებულ - დ. გ–ს

მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ დ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. გ–სა და მ. ნ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენზე და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ირაკლი კოძახიძის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენით დ. გ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა დ. გ–ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. გ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 2 სექტემბრიდან.

2. დ. გ–ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქალაქ ქ–ში, ........ის ქუჩა №..-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, წარსულში პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმისათვის ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრდებული დ. გ–ი, პოლიციელების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავს დაესხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილ „შკოდა ოქტავიას“ მოდელის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით ....., რომელშიც იმყოფებოდნენ დანაშაულის თაობაზე შეტყობინების საფუძველზე ზემოაღნიშნულ მისამართზე გასული პატრულ-ინსპექტორები - ტ. ხ–ი და ვ. ო–ი. თავდასხმის შედეგად დ. გ–მ ფეხის რამდენჯერმე დარტყმით დააზიანა საპატრულო პოლიციის ავტომანქანის წინა საქარე მინა და ძრავის სახურავი.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. გ–მ და მისმა ადვოკატებმა - ი. გ–მ და მ. ნ–მ, რომლებმაც მოითხოვეს განაჩენის გაუქმება და დ. გ–ს გამართლება.

5. 2021 წლის 5 ივლისს პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროს ირაკლი კოძახიძეს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

6. 2021 წლის 5 ივლისს პროკურორმა ირაკლი კოძახიძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ დ. გ–ს შორის 2021 წლის 5 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ:

დ. გ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს დ. გ–ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 3531-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე კვლავ ჩაეთვალოს პირობით.

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. გ–ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი.

ნივთიერი მტკიცებულებები - სამი ცალი დისკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების სურათები, №... სამხრეკამერის ვიდეოჩანაწერი და №... ბორტკამერის ვიდეოჩანაწერი, რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით

7. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა დ. გ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ–მ საკასაციო საჩივართან მიმართებით დააზუსტეს მოთხოვნა და იშუამდგომლეს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არ იქნეს განხილული საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენზე დ. გ–ს მიმართ.

8. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ირაკლი კოძახიძემ, მსჯავრდებულმა დ. გ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ–მ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება: სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ირაკლი კოძახიძესა და მსჯავრდებულ დ. გ–ს შორის, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.

3. საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ამავე მუხლის მე-61 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარმოდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.

4. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას დ. გ–ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; მსჯავრდებულის განმარტებით, მას ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო ადვოკატებისაგან ეფექტური დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების, ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე. საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის - ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; სრულად აცნობიერებს დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ დ. გ–ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულისათვის ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; ასევე ისიც, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, საპროცესო შეთანხმებაში ასახულია მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა. დ. გ–ი და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. დ. გ–ი ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

5. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები და პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ. გ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

6. სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები არის სწორი. სასამართლო ასევე იზიარებს პროკურორის არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ ბრალდებულს გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან.

7. დ. გ–ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით: საქმეზე დაზარალებულად ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის - მ. ლ–სა და მოწმეების - ვ. ო–ს, ტ. ხ–ის, ი. თ–ს, მ. თ–ს, მ. ც–სა და გ. გ–ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ტრასოლოგიურ-სასაქონლო ექსპერტიზის №..... დასკვნით, ავტომობილის ვიდეოკამერის ჩანაწერის დათვალიერების ოქმით, სამხრეკამერის დათვალიერების ოქმით, სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №...... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობით.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის მეშვეობით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მოტივს. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

9. ამდენად, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ირაკლი კოძახიძის შუამდგომლობა მსჯავრდებულ დ. გ–ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს კასატორების - დ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. გ–ს მიერ სასამართლო სხდომაზე საკასაციო საჩივრის დაზუსტებულ მოთხოვნას და საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ დანაწესს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ირაკლი კოძახიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ირაკლი კოძახიძესა და მსჯავრდებულ დ. გ–ს შორის;

4. დ. გ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს დ. გ–ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 3531-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე კვლავ ჩაეთვალოს პირობით;

6. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. გ–ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;

7. მსჯავრდებულ დ. გ–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადა აეთვალოს 2018 წლის 2 სექტემბრიდან;

8. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

9. მსჯავრდებულ დ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. გ–სა და მ. ნ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენის გაუქმების შესახებ არ იქნეს განხილული, კასატორების მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

11. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე