საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 030100119003321935
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№323აპ-21 ქ. თბილისი
მ–ე ა., 323აპ-21 1 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. მ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ხ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. მ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოაკტმა ზ. ხ–მ, რომლებიც ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან; გასაჩივრებულ განაჩენს საფუძვლად არ დასდებია უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტის შესაბამისი სანდო და სარწმუნო მტკიცებულებები და იგი დაფუძნებულია ირიბ სამხილებსა და ვარაუდებზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებს; დაზარალებულ ჟ. ბ–ს და მოწმეების - მ. ჩ–სა და ბ. ხ–ს ჩვენებებით დგინდება მხოლოდ დაზარალებულის კუთვნილი მსხვილფეხა პირუტყვის დაკარგვის ფაქტი, ხოლო შინაარსიდან გამომდინარე არის - ირიბი და შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს; სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოწმეების - ზ. თ–ს, ა. კ–სა და ს. კ–ს ჩვენებები, რომლებითაც დასტურდება, რომ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დროს ა. მ–ე იყო საკუთარ სახლში, რომელიც შემთხვევის ადგილიდან 15 კილომეტრით არის დაშორებული; ა. მ–ს მსჯავრდებას საფუძვლად დაედო ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა, რომ საექსპერტო კვლევით ვერ დადგინდა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის ლაქისა და ა. მ–ს ავტომანქანიდან ამოღებული სისხლის ლაქის იდენტურობა და უყურადღებოდ დატოვა ის ფაქტი, რომ ა. მ–ე საქონლის ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული, რამაც განაპირობა მის შარვალზე საქონლის სისხლის აღმოჩენა; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პოლიეთილენის ბოთლის თავსახურზე ა. მ–ს ბიოლოგიური მასალის არსებობა დამაჯერებლად ახსნა თავად მსჯავრდებულმა, რომელმაც განმარტა, რომ საქონლის შესაძენად იგი ხშირად დადიოდა ხობის რაიონის სოფლებში, ამასთან, დაკავებისას პოლიციაში მას ჩაანერწყვებინეს ჭიქაში, რაზეც არანაირი დოკუმენტი არ შედგენილა და რაც, ერთად აღებული, საეჭვოს ხდის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნას; სასამართლომ ა. მ–ს მსჯავრდება ძირითადად დააფუძნა მოწმეების - გ. ტ–სა და ვ. ნ–ს გამოქვეყნებულ ჩვენებებს, რითაც, ერთი მხრივ, არასწორად განმარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის დანაწესი, ხოლო, მეორე მხრივ, შეეწინააღმდეგა გამოქვეყნებულ ჩვენებებთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ სტანდარტს; მოწმეების - გ. ტ–სა და ვ. ნ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები მოკლებულია სანდოობას, ვინაიდან არ არის თანხვდენილი საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან.
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 აპრილის განაჩენით ა. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, დაემატა დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 2500 ლარი და საბოლოოდ განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2500 ლარი; მსჯავრდებულ ა. მ–ს სასჯელი აეთვალა 2019 წლის 8 ოქტომბრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 22 აპრილიდან 2016 წლის 3 მაისის ჩათვლით და დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 23 სექტემბრიდან 2019 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. მ–მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ა. მ–ე 2019 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 06:00 საათზე, ხ–ს მუნიციპალიტეტის .....ის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ჟ. ბ–ს ეზოდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ფარულად დაეუფლა ერთ სულ პირუტყვს, რითაც დაზარალებულს მიაყენა - 700 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. მ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ხ–მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტების, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია ა. მ–ს ბრალეულობა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ჟ. ბ–ს, მოწმეების - მ. ჩ–ს, ბ. ხ–ს, ზ. ფ–ს, ბ. ტ–ს, შ. ი–ს, თ. ყ–ს, მ. ქ–ს, ფ. დ–ს,ზ. ფ–სა და რ. რ–ს ჩვენებებითა და მოწმეების - გ. ტ–სა და ვ. ნ–ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ბინის ჩხრეკის, ნიმუშის აღებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმებით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით (დაადასტურეს ექსპერტებმა -მ. ა–მ და ე. ფ–მ), ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განაჩენითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: დაზარალებულ ჟ. ბ–ისა და მოწმეების - მ. ჩ–ს, ბ. ხ–ს, მ. ქ–სა და ზ. ფ–ს ჩვენებებით ცალსახად დადგენილია, რომ ჟ. ბ–ს ჰყავდა მოწითალო მოზვერი, რომელიც 2019 წლის 22 სექტემბერს ეზოში არსებული პირუტყვის სადგომიდან მოჰპარეს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და დაზარალებულ ჟ. ბ–ს და მოწმეების - ბ. ხ–ს, შ. ი–ს, თ. ყ–ს, მ. ქ–სა და თ. რ–ს ჩვენებებით დასტურდება, რომ დაზარალებულის ეზოს მახლობლად აღმოაჩინეს პირუტყვის სისხლის ლაქები, პოლიეთილენის ბოთლი და სისხლიანი თოკი; მოწმეების - გ. ტ–სა და ვ. ნ–ს გამოკითხვის ოქმებითა და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმებით ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ შემთხვევის დილას ჟ. ბ–ს ეზოსთან მათ დაინახეს ორი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ა. მ–ე, რომელსაც იქვე გაჩერებული ავტომანქანის მიმართულებით თოკით მიჰყავდა პირუტყვი; ნიმუშის აღების ოქმითა და მოწმეების - ზ. ფ–სა და თ. რ–ს ჩვენებებით ირკვევა, რომ ა. მ–ეს მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ხ–ს მონაწილეობით ექსპერტმა პირის ღრუდან აუღო ნერწყვის ნიმუში, რომელიც დაილუქა №....... პაკეტში; ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით უპირობოდ დადგენილია, რომ, ერთი მხრივ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო-მოყავისფრო, მბზინავი ზედაპირის მქონე ლაქები აღმოჩნდა მსხვილფეხა პირუტყვის სისხლი, ხოლო, მეორე მხრივ, დასტურდება, რომ ა. მ–ს ჯინსის შარვალზე არსებული მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ასევე მსხვილფეხა პირუტყვის სისხლს (მსხვილფეხა პირუტყვის სისხლის იდენტიფიკაცია ექსპერტიზის ბიუროში არ ტარდება), ხოლო შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბოთლის თავსახურზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა. მ–ეს; ამავე ბოთლის ზედაპირზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მინორული წილი ეკუთვნის ასევე ა. მ–ეს. საყურადღებოა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, დალუქული №........ პაკეტის მთლიანობა, რომელშიც მოთავსებული იყო ა. მ–ს ბიოლოგიური მასალა, დარღვეული არ ყოფილა. ამდენად, კასატორების მითითება, რომ ა. მ–ე შემთხვევის დროს შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა და მინიშნება, რომ სამართალდამცავებმა მისი მაიდენტიფიცირებელი კვალი (რომელიც, თითქოსდა, საპროცესო დამაგრების გარეშე მოტყუებით აიღეს მსჯავრდებულისგან) ხელოვნურად დაატანეს ნივთმტკიცებაზე, ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ ცალსახა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლითაც სარწმუნოდ დგინდება მის მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
9. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ თითქოსდა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ძირითადად დაფუძნებულია მოწმეების - გ. ტ–სა და ვ. ნ–ს გამოქვეყნებულ ჩვენებებზე, რომლებიც დაცვის მხარის მონაწილეობით ჯვარედინად არ დაკითხულან და იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას საქმეზე ,,ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ შემუშავებული პრინციპების მიხედვით, აუცილებელია სამ ეტაპად იქნეს შესწავლილი სამართალწარმოების შესაბამისობა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ და მე-3 (დ) პუნქტებთან, როდესაც სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების სახით გამოყენებულ იქნა იმ მოწმის ჩვენება, რომელიც არ ესწრებოდა სასამართლო პროცესს და არ დაუკითხავთ. სასამართლომ უნდა შეისწავლოს: (i) არსებობს თუ არა მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზი და შედეგად შესაძლებელია თუ არა დაუსწრებელი მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენებების გამოყენება; (ii) არის თუ არა დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი, ან გადამწყვეტი საფუძველი;
(iii) არსებობს თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის - ქმედითი პროცესუალური გარანტიები, რათა დაცვისთვის გადაუმოწმებელი მტკიცებულებების დაშვებით მიყენებული ზიანი დაბალანსდეს და უზრუნველყოფილი იყოს მთლიანი სასამართლო განხილვის სამართლიანობა (იხ.: Schatschaschwili v. Germany [GC], no 9154/10, §§105-107, 113; ECHR 2015).
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებობდა მოწმეების - გ. ტ–სა და ვ. ნ–ს გამოკითხვის ოქმების გამოქვეყნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობა, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. დადგენილია, რომ საქმის არსებითად განხილვისას მოწმეები არ გამოცხადდნენ ჩვენებების მისაცემად, ხოლო სასამართლოს განჩინება მათი იძულებით მიყვანის თაობაზე ვერ აღსრულდა. ამასთან, არსებობდა საკმარისი ქმედითი პროცესუალური გარანტიები, რათა დაცვისთვის გადაუმოწმებელი მტკიცებულების დაშვებით მიყენებული ზიანი დაბალანსებულიყო - სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რა დროსაც დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, ედავა და საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოს წინაშე საეჭვოდ გაეხადა ამ სამხილების უტყუარობა და დამაჯერებლობა ან წინასასამართლო სხდომაზე წარედგინა შუამდგომლობა გამოკითხვის ოქმების დაუშვებელ მტკიცებულებებად ცნობის შესახებ, ასეთის წინაპირობების არსებობის შემთხვევაში; და ბოლოს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მოწმეების - გ. ტ–სა და ვ. ნ–ს ჩვენებები არ ყოფილა არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი მტკიცებულებები, ვინაიდან ა. მ–ს ბრალეულობის დასადასტურებლად, გარდა ამ მოწმეების პირდაპირი განმარტებებისა, რომლებიც, თავის მხრივ, არის ერთმანეთთან და მათივე მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებთან თანხვდენილი, სასამართლოს წარედგინა ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც უპირობოდ ადასტურებს ა. მ–ს ბრალეულობას და რომელსაც, ამ მტკიცებულების ბუნებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ სამხილების შეფასებისას აქვს უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. მ–ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - კანონიერია და სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა არ იკვეთება.
11. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულ ა. მ–ს სასჯელი აუთვალეს 2019 წლის 8 ოქტომბრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინა - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განაჩენით პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 22 აპრილიდან 2016 წლის 3 მაისის ჩათვლით, რაც არ არის მართებული, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ა. მ–სათვის ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილის მთლიანად ან ნაწილობრივ დამატება იმთავითვე გამორიცხავს მოხდილი სასჯელის ხელმეორედ ჩათვლას, მაგრამ, იმის მხედველობაში მიღებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან მიიღოს მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის საჩივრის საფუძველზე და ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ განაჩენს მსჯავრდებულის მიმართ არასწორად ჩათვლილი სასჯელის ნაწილში საუარესოდ ვერ შეაბრუნებს, საამისოდ აუცილებელი საპროცესო საფუძვლის - ბრალდების მხარის მოთხოვნის არარსებობის გამო.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. მ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ხ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი