განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003016765
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №142აპ-21 ქ. თბილისი
მ–ე ნ., 142აპ-21 21 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას,პროკურორ - ირაკლი კოძახიძის,მსჯავრდებულ - ნ. მ–ს,ადვოკატების - გ. გ–სა და გ. შ–ს
მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ირაკლი კოძახიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე ნ. მ–ს მიმართ.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. მ–ს, - დაბადებულის 19.. წელს,- ბრალად ედებოდა: 1. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების მიზნით და გამოყენება (N..... ვეტერინარულ მოწმობის ეპიზოდი); 2. ყალბი საგადასახადო დოკუმენტის (ელექტრონული სასაქონლო ზედნადების) დამზადება, გამოყენების მიზნით და გამოყენება; 3. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების მიზნით და გასაღება (მიღება-ჩაბარების N.. აქტის ეპიზოდი), რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; 4. მომხმარებლის მოტყუება ე.ი. მომხმარებლისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნა საქონლის სამომხმარებლო თვისებების შესახებ, რამაც მომხმარებელი მნიშვნელოვნად დააზიანა (ცხენის ხორცის მიწოდების ეპიზოდი) და 5. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების მიზნით და გამოყენება (N..... ვეტერინარული მოწმობის ეპიზოდი).
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენით ნ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში სსკ-ის) 219-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ნ. მ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით;
მსჯავრდებულ ნ. მ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 თებერვლიდან.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. მ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: შპს ,,.......ს“ დირექტორმა ნ. მ.მ, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 26 იანვრის N.. ხელშეკრულების შესაბამისად ახორციელებდა ააიპ ,,...........ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანებისათვის“ საქონლის ხორცის მიწოდებას, განიზრახა აღნიშნული ორგანიზაციისათვის ნაცვლად საქონლის ხორცისა მიეწოდებინა ცხენის ხორცი.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ნ. მ.მ თავდაპირველად გააყალბა ხორცის წარმოშობის დამადასტურებელი 2018 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებული ვეტერინარული მოწმობა (N....) - ფორმა N.. და მისი თანხმლები ეტიკეტები. კერძოდ, მან აღნიშნულ დოკუმენტაციაში გადაასწორა ხორცის წონის აღმნიშვნელი ციფრი და ნაცვლად ფორმა 2-ის დედანში მითითებული 53 კგ-სა ფორმა 2-ის მეორე პირში დააფიქსირა 153 კგ, რითაც შესაძლებლობა მიეცა ბაგა-ბაღებში შეეტანა 100 კილოგრამი ვეტერინარული გზით შეუმოწმებელი ხორცი.
აღნიშნულის შემდეგ, იმისათვის, რომ შპს ,...ს“ დირექტორ ნ. მ–ს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული თითქოსდა სწორად შედგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოეხდინა ცხენის ხორცის ტრანსპორტირება და შემდგომ ააიპ ,,........ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანებაში“ შემავალ ს-ს N.., N.. და სოფელ დ–ის N.. ბაგა-ბაღებისათვის მიწოდება, შემოსავლების სამსახურის ელექრონულ ვებ. გვერდის WWW.RS.GE-ის მეშვეობით 2018 წლის 16 ოქტომბერს გამოწერა ყალბი N.......; N....... და N..... ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, სადაც ტრანსპორტირების დაწყების ადგილად - ქ. ბ–ი, ხოლო საქონლის დასახელებად - ,,საქონლის ხორცი (ძროხის)“ მიუთითა, ნაცვლად რეალურად ტრანსპორტირებული ცხენის ხორცისა. აღნიშნული ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით განხორციელდა 20,5 კგ. ცხენის ხორცის მიწოდება - საერთო ღირებულებით - 287 ლარი.
საბოლოდ, მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,........ს“ დირექტორმა ნ. მ–მ მოატყუა მომხმარებელი, ე.ი. ააიპ ,,........ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანებაში“ შემავალ ........ის N.., N.. და სოფელ ........ის N.. ბაგა-ბაღების წარმომადგენლები, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის და შენიღბვის მიზნით შეადგინა ყალბი 2018 წლის 5 ნოემბრით დათარიღებული საერთო მიღება-ჩაბარების N..... აქტი ააიპ ,,........ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანების“ დირექტორ ხ. გ–სთან, სადაც მიუთითა, რომ თითქოს მის მიერ 2018 წლის ოქტომბრის თვეში გაერთიანებაში შემავალი ყველა ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული იქნა საქონლის (ძროხის) ხორცი, საერთო წონით - 504,045 კგ. აღნიშნული მონაცემი ასევე ასახავდა მიწოდებული ცხენის ხორცის რაოდენობასაც. 2018 წლის 5 ნოემბრით დათარიღებული ყალბი მიღება-ჩაბარების N... აქტის გამოყენებით - შპს ,,.........“ დირექტორმა ნ. მ.მ - ააიპ ,,........ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანებიდან“ მიიღო, მიწოდებული 20.5 კგ. ცხენის ხორცის ღირებულების თანხა - 287 ლარის ოდენობით, რამაც ააიპ ,,........ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება“ მნიშვნელოვნად დააზარალა და მისი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
შპს ,,.......ს“ დირექტორმა ნ. მ.მ გააყალბა 2018 წლის 11 სექტემბრით დათარიღებული ვეტერინარული მოწმობა (N......) - ფორმა N.. და მისი თანხმლები საქონლის ხორცის ორი ცალი ეტიკეტი. კერძოდ, დოკუმენტებში გადაასწორა თარიღი და ოდენობა, ნაცვლად ფორმა N..-ის დედანში რეალურად მითითებული თარიღი - 11 სექტემბრისა, მის მიერ ფორმა 2-ის მეორე პირში დაფიქსირდა 14 სექტემბერი, ასევე, ნაცვლად ფორმა N...-ის დედანში რეალურად მითითებული - 100 კგ. ხორცისა, მის მიერ ფორმა 2-ის მეორე პირში დაფიქსირდა - 180 კგ. ხორცი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატებმა - გ. შ–მ და გ. გ–მ და ითხოვეს განაჩენის გაუქმება და ნ. მ–ს გამართლება, იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. შ–ს და გ. გ–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
ნ. მ. ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილით და გამართლდა;
ნ. მ. ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და გამართლდა;
ნ. მ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ნ. მ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;
ნ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
ნ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ნ. მ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;
მსჯავრდებულ ნ. მ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 თებერვლიდან.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა ირაკლი კოძახიძემ და საკასაციო საჩივრით ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და ნ. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში.
7. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ნ. მ–ს ადვოკატმა გ. გ–მ და ითხოვა არ დაკმაყოფილდეს პროკურორის მოთხოვნა, რადგან ბრალდების მხარის ვერსია აგებულია ეჭვებსა და დაუსაბუთებელ ვარაუდებზე, რაც არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით.
8. 2021 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა ნ. მ.მ საკასაციო სასამართლოს მომართა განცხადებით, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა ირაკლი კოძახიძემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
10. დაცვის მხარე არ დაეთანხმა პროკურორის საკასაციო საჩივარს, რადგან თვლის რომ ის არის დაუსაბუთებელი, აგებულია ეჭვებსა და დაუდასტურებელ ვარაუდებზე. ადვოკატმა და მსჯავრდებულმა განმარტეს, რომ ნ. მ. თავს ცნობს დამნაშავედ მხოლოდ გულგრილობაში - მიღება-ჩაბარების N... აქტის ეპიზოდთან მიმართებით, იმ შემთხვევაში თუ უტყუარად დადგინდება, რომ ბაღებს ნამდვილად ცხენის ხორცი მიეწოდათ; ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ნაწილში, ვეტერინარული მოწმობების ეპიზოდებთან (2 ეპიზოდი) მიმართებით, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება, რომ კონკრეტულ დოკუმენტებზე ნ. მ.მ შეცვალა კონკრეტული მონაცემები.
11. ბრალდების მხარემ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის N325-ე დადგენილების შესაბამისად, ვეტერინარის მიერ შევსებული - ფორმა N.. არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. ფორმა N.. ივსება ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება გამცემ პირთან და 3 წლის განმავლობაში ინახება სურსათის ეროვნულ სააგენტოში. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის N118 დადგენილებით დამტკიცებულია ტექნიკური რეგლამენტი საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის შესახებ, რომელიც სავალდებულო წესით ითვალისწინებს საქონლის ხორცის ეტიკეტის შედგენას სასაკლაოზე ფორმა N..-თან ერთად. ეტიკეტი მაგრდება უშუალოდ პროდუქტზე. ამავე დადგენილებით, თუ სასაკლაოზე არ ხდება ტანხორცის დაჭრა, მაშინ ტანხორცზე უნდა განთავსდეს (დამაგრდეს) ერთი ეტიკეტი, ამასთან, თუ ხორცის დაჭრა არ ხორციელდება იმ სასაკლაოზე, სადაც დაიკლა ცხოველი, მაშინ ეტიკეტს ასევე ადგენს ის ბიზნესოპერატორი, რომელიც ამუშავებს ხორცს. მოცემულ შემთხვევაში ნ. მ.მ შეადგინა ეტიკეტი, რომელზეც შესაბამისად დასმულია შპს ,,.......ს“ ბეჭედი.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა მსჯავრდებულ ნ. მ–ს სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარის მოთხოვნების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ნ. მ–ს მიერ ბრალად წარდგენილი თითოეული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გამონაკლისია - მიღება-ჩაბარების N... აქტის ეპიზოდთან მიმართებით, მნიშვნელოვანი ზიანის ნაწილი.
3. მოწმე დ. ჩ-მ განმარტა, რომ არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი. სურსათის ეროვნული სააგენტოდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შესული შეტყობინების მიხედვით ს-ს მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში, ჩატარებული შემოწმებისას გამოვლინდა დარღვევები. შპს ,,.......მ“, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ბაღებისთვის ხორცის მიწოდება, პროდუქტი შეიტანა გაურკვეველი დოკუმენტაციით. კერძოდ, ფორმა N..-ში აღნიშნული იყო ხორცის რაოდენობა - 153 კილოგრამი, რაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია საეჭვოდ, რადგან ფორმა N.. გაიცემა მხოლოდ ერთ საქონელზე (ხბოზე), ერთი საქონელი (ხბო) კი 153 კილოგრამს ვერ ავსებს. აღებული ნიმუშები გაიგზავნა კვლევით ლაბორატორიაში, შედეგად კი დადგინდა, რომ ხორცში იყო ცხენის დნმ. შესაბამისად ბაღების გაერთიანებიდან გამოითხოვეს სხვა დოკუმენტაცია, თუმცა წინა თვეში შეტანილი ხორცის ნიმუშის აღება ვერ მოხერხდა, რადგან ბაღების გაერთიანების მიერ სრულად იყო დახარჯული. ბაგა-ბაღების გაერთიანებიდან ამოიღეს ფორმა N..-ები, რომლებიც არ შეესაბამებოდა დედნებს, გადაკეთებული იყო საქონლის ხორცის წონები და სხვა მონაცემები. საქმეზე გამოკითხეს ბაგა-ბაღების დირექტორები, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და სხვა პირები. მონაცემთა ბაზიდან ამოიღეს 3 ზედნადები, სადაც პროდუქციის დასახელებაში მითითებულია საქონლის ხორცი. გარდა ამისა, მიღება-ჩაბარების აქტი მოიცავდა ოქტომბერში მიწოდებულ საქონლის ხორცს, მასში კი შედიოდა ასევე ამოღებული ცხენის ხორცი.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიმართეს კითხვით შეეძლო თუ არა ჩაეტარებინა კონკრეტული კვლევა, რაც ჩატარებული ჰქონდა შპს ,,ხარისხის ლაბორატორიას“, თუმცა მიიღეს უარყოფითი პასუხი. შესაბამისად, დაეყრდნენ ლაბორატორიის გამოცდის ოქმს. შპს ,,......ს“ დირექტორს ზედნადებები არ გადაუკეთებია, ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ისინი ელექტრონულად იბეჭდება, თუმცა მან მითითებულ ზედნადებებში არასწორი მონაცემები შეიყვანა, ხოლო ჩასწორებები გაკეთებულია ორ ცალ ფორმა N..-ზე, აღნიშნული ჩასწორებები ხელით არის შესრულებული. იმის დასადგენად, ფორმა N..-ებში უშუალოდ ვინ ჩაასწორა ციფრები საექსპერტო კვლევა არ დანიშნულა და არ გამოკითხულა ა. ბ–ა (რომელიც ფიქსირდება ფორმა N..-ში), რადგან დოკუმენტი ნ. მ–მ გამოიყენა და მან იმ ეტაპზე აღიარა ქმედების ჩადენა. გარდა ამისა, გამოკითხვისას მძღოლმა აღნიშნა, რომ უშუალოდ ნ. მ–ს მიერ არ მომხდარა ბაგა-ბაღებში ხორცის მიტანა, თუმცა ნ–ს თანდასწრებით და მითითებით მოხდა მანქანის დატვირთვაც და შესაბამისი საბუთების ამოწერაც. ასევე, ბუღალტერმა განმარტა, რომ დოკუმენტი, რომელიც ხორცის შესყიდვას დაადასტურებდა (რათა გამოძიება გასულიყო მომწოდებელზე) არ ჰქონდა, რადგან არ ხდებოდა დოკუმენტაციის შევსება და ბუღალტერიაში წარდგენა. ის ეყრდნობოდა დირექტორის მითითებებს. ეჭვი, რომ ნ. მ–მ ზ. გ–ს გაატანა საქონლის ხორცი და ის მძღოლმა გამოცვალა ცხენის ხორცით, გამოძიებით არ გამოვლენილა. საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ ბაღების გაერთიანებამ სადავო ხორცი დაუბრუნა შპს ,,.......ს“.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ შპს “........ს“ წარმომადგებნელი მესამე პირებთან ურთიერთობაში იყო თავად ნ. მ., რომლის ხელმოწერა ფიქსირდება ყველა სასაქონლო საბუთზე, ხოლო ზედნადებზე ზოგადად შპს-ს დირექტორი არ ფიქსირდება, ფიქსირდება მხოლოდ თვითონ შპს.-ს სახელწოდება.
4. ზ. გ–მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ მძღოლის პოზიციაზე მუშაობდა შპს ,,...........ში“, რომლის ხელმძღვანელიც იყო ნ. მ.. მის მოვალეობაში შედიოდა ქ. ბ–ში მდებარე საწყობიდან ს-ში მდებარე საბავშვო ბაღებში ხორცის ტრანსპორტირება. საწყობში პროდუქტი ხვდებოდა გამზადებული - დაფასოებული, შესაბამის ბაღზე მითითებით, სადაც უნდა წაეღო კონკრეტული შეფუთვა.
მოწმე ზ. გ–ს განმარტებით, თვითონ რაიმე სხვა სახის პროცესში მონაწილეობას არ იღებდა, მას მხოლოდ დაფასოებული ხორცი მიჰქონდა კონკრეტულ ბაღებში, რაიმე შემხებლობა დოკუმენტების შედგენასთან ან პროდუქციის შეფუთვასთან მას არ ჰქონია. უმეტეს შემთხვევაში პროდუქციას აწვდიდა ნ. მ., თუმცა იყო შემთხვევები, როცა ის არ იყო ადგილზე. ასეთ დროს კარს უღებდა დარაჯი. კონკრეტულ დღეს მიწოდებული საქონელი, რომელიც აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ნ. მ–ს არ მიუცია, იმ დღეს ნ–ი საერთოდ არ უნახავს. საწყობში მისვლისას დარაჯმა - ნ. დ–მ გაუღო კარი. ზ. გ–მ თავად ჩატვირთა დაფასოებული საქონელი, აიღო წასაღები დოკუმენტები, საწვავის ფული და მარტო წავიდა ს-ში.
მოწმემ ასევე დაადასტურა გამოკითხვის ოქმის შინაარსი, სადაც აღნიშნულია, რომ ხორცის შესყიდვასა და დამუშავებასთან მას შეხება არ ჰქონდა, აღნიშნულს ახორციელებდა ნ. მ.. საწყობში ხვდებოდა თითოეული შეფუთვისათვის გამოწერილი სასაქონლო ზედნადები ამობეჭდილი სახით, ასევე ხორცის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი ფორმა N.. და ეტიკეტი. დოკუმენტებს ხელზე აძლევდა უშუალოდ ნ. მ.. ........ის ბაღებში ხორცის ჩაბარება ხდებოდა შემდეგი პროცედურით: პირველ ეტაპზე ბაღის წარმომადგენელი ამოწმებდა დოკუმენტაცია შევსებული იყო თუ არა სრულად, შემდეგ ვიზუალურად ამოწმებდა ხორცს. პროდუქტის ჩაბარებასთან დაკავშირებით რაიმე სახის დოკუმენტი არ დგებოდა.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ ჩატვირთვის შემდეგ ავტომანქანა არ ილუქებოდა, ამასთან არ დგებოდა არანაირი დოკუმენტი, რომ მან კონკრეტული პირისგან ჩაიბარა კონკრეტული საქონელი, კონკრეტული რაოდენობით (2019 წლის 21 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი, 15:09:43). ბაღებში მიტანისას ექიმი, დირექტორი ან გამგე ამოწმებდა საქონელს ვიზუალურად, ასევე საბუთებს. მათ პროდუქტი არასდროს დაუწუნებიათ. მგზავრობისას ძირითადად მარტო იყო, პერიოდულად მეგობარი მიჰყვებოდა (15:10:30). სურვილის შემთხვევაში ხორცის გამოცვლა შესაძლებელი იყო როგორც გზად, ასევე საწყობში, რადგან იქ დარაჯის გარდა იყვნენ სხვა თანამშრომლებიც, რომელთაც ასევე ჰქონდათ გასაღები, იმდენად რამდენადაც საწყობი მოწყობილი იყო 2 სართულიან შენობაში, სადაც ქვედა სართულზე არის საწყობი, ზედა სართულზე კი საქორწილო დარბაზი, შესაბამისად საწყობში ასევე შედიოდა მზარეული (15:11:11). გარდა ამისა, კომპანიაში მასთან ერთად მუშაობდნენ სხვა თანამშრომლები, მათ შორის ბუღალტერი, თუმცა, პროდუქტის გადაზიდვას მხოლოდ თავად ახდენდა, ნ. მ–ს სპეციალური ავტომანქანით. გაწეული სამუშაოსათვის მართალია ხელფასს არ იღებდა, თუმცა დავალების შესრულების შემდეგ სარგებლობდა ნ. მ–ს ავტომანქანით, ასევე საჭიროებიდან გამომდინარე ის პატივს სცემდა (15:14:47). დოკუმენტებს და ზედნადებებს როგორც იცის ადგენდა ბუღალტერი. სად ყიდულობდა ნ. მ. ხორცს არ იცის, თუმცა შესწრებია მის სატელეფონო საუბარს, როცა რეალიზატორს სთხოვდა იდეალურ ხორცს, რადგან სჭირდებოდა ბავშვებისთვის (15:13:05). იმავდროულად, განმარტა, რომ არასოდეს იცოდა იმ ხორცის წარმომავლობა რომელიც მიჰქონდა ობიექტებზე რადგან ეს მას არ ევალებოდა.
5. მოწმე ნ. ჯ–მ განმარტა, რომ არის ბუღალტერი და მუშაობს შპს ,,......ში“, რომელიც ტენდერის საფუძველზე სხვადასხვა რეგიონში ბაღებს აწოდებდა ხორც-პროდუქტს. ნ. მ. საქონელს ყიდულობდა ფიზიკური პირებისაგან, რაზეც დგებოდა შესყიდვის აქტები. ნ. მ–ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის (ტრანსპორტის, მძღოლის, საქონლის რაოდენობის და სახეობის შესახებ ინფორმაცია) საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად ავსებდა ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებს, რეალიზაციის დროს - მომწოდებლების მიერ შეკვეთების მიღებისა და ხორცის დაფასოებისას (2019 წლის 19 სექტემბერის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:30:00). მოწმემ განმარტა, რომ ნ. მ–სთან ასევე მუშაობდნენ მძღოლები, რომლებიც ახდენდნენ ტრანსპორტირებას. საწყობში მოწყობილი იყო დასაფასოებელი ტერიტორია, სადაც ხდებოდა ხორცის დანაწევრება, რადგან კონკრეტულ ობიექტზე ზუსტი წონა უნდა შეეტანათ. მოწმემ განმარტა, რომ ზედნადების ამოწერას ახდენდა თავად, თუმცა ნ. მ–ს ჰქონდა წვდომა და შესაბამისად მასაც შეეძლო. მოწმემ არ გამორიცხა სხვისთვისაც ეთხოვა ამოწერა, რადგან ზედნადები 0600 საათზე უნდა ყოფილიყო ატვირთული, თავად კი პერიოდულად იმყოფებოდა საზღვარგარეთ (16:10:33 სთ.). ზედნადებები, რომლითაც შპს-მ ხორცი მიაწოდა ბაღებს და რომელზეც შეიქმნა პრობლემა, ამოღებული და დაყოვნებული იქნა იმავე დღეს გაერთიანების ყველა ბაღიდან, შესაბამისად საბოლოოდ უკან აიტვირთა დაბრუნების ზედნადებები და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში ამ თანხით შეიმცირეს რეალიზაცია, შესაბამისად, შპს ფინანსურ ზიანს ვერ მიაყენებდა ბაღების გაერთიანებას. მოწმემ განმარტა, რომ საბავშვო ბაღების გაერთიანების ბუღალტერი დაუკავშირდა და უთხრა, რომ შეეძლოთ ამოღებული და გაჩერებული ხორცი დაებრუნებინათ, ამის შემდეგ ატვირთეს ზედნადები და 31 ოქტომბერს უკან წამოიღეს მათ მიერ მიწოდებული ხორცი.
6. მოწმის ნ. გ–მ განმარტა, რომ არის სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი. 2018 წლის 18 ოქტომბერს თანამშრომლებთან გ. ნ–სთან ერთად ასრულებდა გეგმიურ ინსპექტირებას ს-ს N... ბაგა-ბაღში. ხორცის დამადასტურებელ დოკუმენტ - ფორმა N..-ში აღმოაჩინეს, რომ ხბოს წონად მითითებული იყო 153 კილოგრამი, რაც ერთი ხბოს პირობებში შეუძლებელია. შესაბამისად, ინფორმაცია მიაწოდეს სამსახურის უფროსებს, ასევე გააფრთხილეს ააიპ „.........ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება“ ბაღებს არ გამოეყენებინათ საეჭვო ხორცი. საბოლოოდ, დაახლოებით 59 კგ. ხორცი დაილუქა დადგენილი წესით და მოთავსდა N.. ბაგა-ბაღის მაცივარში. 2018 წლის 19 ოქტომბერს კი სამი ბაღის ხორციდან აიღეს 3 ნიმუში, რასაც ესწრებოდა გამგე ხ. გ–ა. ნიმუშის აღების დაწყებამდე ნ. მ. დაუკავშირდა ნ. გ–ეს. საუბრისას შეთავაზებას - დასწრებოდა ნიმუშის აღებას, ნ. მ–მ განუმარტა, რომ დარწმუნებული იყო მის მიერ შეტანილი ხორცის სახეობაში, კერძოდ იმ ფაქტში, რომ ბაღებს მიაწოდა საქონლის ხორცი, რის გამოც შეეძლოთ პროცედურა მის გარეშე ჩაეტარებინათ. აღებული ნიმუშები გადაიგზავნა აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, სახეობითი კვლევისთვის, რათა დადგენილიყო რამდენად შეესაბამებოდა ხორცი ფორმა N..-ში მითითებულ მონაცემებს, ასევე გამორიცხულიყო მასში ცხენის და ვირის დნმ-ის არსებობა. 2018 წლის 26 ოქტომბერს ლაბორატორიის კვლევის შედეგად აღებულ ნიმუშებში გამოვლინდა ცხენის ხორცის დნმ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ კვლევის შედეგის გაგების შემდგომ კვლავ ესაუბრა ნ. მ–ს და განუმარტა, რომ შედეგი იყო საბოლოო, ამასთან მას შეეძლო ხორცი თავადაც წაეღო ლაბორატორიაში და ჩაეტარებინა კვლევა. მოწმემ განმარტა, რომ რეფერენტული ნიმუში ინახებოდა 2019 წლის 14 იანვრამდე, შემდეგ კი განადგურდა - მექანიკური დაზიანებით. გარდა ამისა, ააიპ „.........ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა თხოვნით მიევლინათ სპეციალისტები ხორცის გასანადგურებლად, თავის მხრივ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა სატელეფონო საუბრისას უპასუხა, რომ თუ არ ექნებოდათ შერჩეული სპეციალური ტერიტორია და განადგურების მეთოდი, სპეციალისტები ვერ მივიდოდნენ. აღნიშნულის შემდეგ, 2019 წლის 24 თებერვალს მორიგი კონტროლისას აღმოჩნდა, რომ შენახული ხორცი ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გაატანა შპს ,,.....ს“. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ააიპ „...........ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ მიმართ გამოსცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დააჯარიმა 1000 ლარით, მითითებების შეუსრულებლობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაწილეობის გარეშე დალუქული ხორცის შპს-თვის დაბრუნების გამო. გარდა ამისა, ბაგა-ბაღებში დათვალიერდა სხვა დროს მიტანილი ხორცის ფორმა N.., ერთ-ერთში კი, აღმოჩნდა, რომ თარიღი და წონა იყო გადასწორებული.
7. იგივე ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა მოწმე გ. ნ–მ ( სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი) და ჩვენების მიცემისას დამატებით განმარტა, რომ ფორმა N..-ში შეუსაბამობის აღმოჩენისას დაუკავშირდნენ ...ის რაიონის სასაკლაოს ვეტერინარ ექიმს, რომელმაც დაადასტურა, რომ კონკრეტული ფორმა N.. გაცემული ჰქონდათ 53 კილოგრამ ხბოს ხორცზე. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მეორე ფორმა N..-ში გადასწორებული იყო დოკუმენტის გაცემის თარიღი და პროდუქტის წონა - საქონლის ხორცის წონა 100 კგ-ს ნაცვლად ეწერა 180 კგ. აღნიშნულ შემთხვევაშიც შესაბამისმა სასაკლაომ დაადასტურა ცდომილება. მოწმის განმარტებით, რეფერენტული ნიმუში ინახება 2 თვის ვადით.
8. მოწმის ქ. მ-ის ჩვენების თანახმად, ის არის სურსათის ეროვნული სააგენტოს ..........ის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი. 2018 წლის 18 თუ 19 ოქტომბერს ს-ს ბაგა-ბაღების გაერთიანების ქ. ..........ის N1 ბაგა-ბაღში მეწყვილესთან ლ. გ–თან ერთად მონაწილეობა მიიღო გეგმიური ინსპექტირებაში. დოკუმენტების შემოწმებისას აღმოაჩინეს, რომ კონკრეტულ ფორმა N..-ში ფიქსირდებოდა ხბოს ხორცი, წონით 153 კგ., რაც იყო საეჭვო, რადგან შეუძლებელია ერთი ხბოს წონა შეადგენდეს 153 კგ-ს. აღნიშნულის გამო, მეორე დღეს მისი და ბაღების დირექტორების თანდასწრებით ნ. გ–მ სამ ბაღში აიღო რეფერენტული ნიმუშები. ნიმუშის აღებისას ნ. გ–ე ესაუბრა ხორცის მომწოდებელს და აცნობა ნიმუშების აღების შესახებ.
9. იგივე ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ..........ის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტორმა ლ. გ–მ.
10. მოწმე ი. ჭ–მ განმარტა, რომ არის შპს ,,............-ის” დირექტორი. ლაბორატორია მოგებული ტენდერის საფუძველზე არის სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვეკონტრაქტორი, რომლის მიხედვით მათ ევალებათ მიწოდებულ ნიმუშებზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარება. კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაედგინათ საკვლევ ობიექტში იყო თუ არა ცხენის ან ვირის დნმ. სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიწოდებულ ნიმუშზე კვლევის შედეგად აღმოჩნდა ცხენის დნმ. მოწმემ განმარტა, რომ ლაბორატორია აკრედიტირებულია, შესაბამისად, აღნიშნული კვლევა ჩატარდა სრული ლაბორატორიული ეთიკისა და წესრიგის ნორმების დაცვით. ნიმუში, როგორც ლაბორატორიული სახელმძღვანელოთი არის გაწერილი, დაახლოებით ორ კვირაში განადგურდა. პირს, რომელმაც ჩაატარა კვლევა, აქვს შესაბამისი დიპლომი და გამოცდილება. კვლევაზე შედგა ლაბორატორიული გამოცდის ოქმი.
11. მოწმე ლ. დ–მ განმარტა, რომ 2018 წლის 1 მარტიდან არის შპს ,,...........“ ბიო-ტექნოლოგი და ევალება ნიმუშების კვლევა. 2018 წლის 22 ოქტომბერს, საღამოს წარედგინა 3 ნიმუში, დალუქულ მდგომარეობაში. მიმართვის თანახმად უნდა ჩაეტარებინა კვლევა ცხენის და ვირის დნმ-ის ნიმუშზე. შედეგად, 23 ოქტომბერს აღმოჩნდა, რომ წარდგენილი ნიმუშში - ხორცში იყო ცხენის დნმ-ი. 24 ოქტომბერს განმეორებით კვლევაზე იგივე დადასტურდა, კერძოდ საკვლევი ობიექტებში ცხენის დნმ-ის სახეობრივი მარკერი იყო დადებითი, ხოლო ვირის ხორცის მარკერი უარყოფითი. 2018 წლის 26 ოქტომბერს გაიცა გამოცდის ოქმი. რამდენადაც იცის საქართველოში აკრედიტაცია აღნიშნულ კვლევაზე სხვა არცერთ ლაბორატორიას არ აქვს. ხორცის ნიმუში ლაბორატორიაში შეინახეს საყინულეში, 2 კვირის მანძილზე, შემდეგ კი სპეციალურმა ორგანიზაციამ გაანადგურა. ცრუ დასკვნის გაცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილება ოქმში არ არის მითითებული, აღნიშნულზე დირექტორმა გაფრთხილდა სამსახურში - კონკრეტულ თანამდებობაზე აყვანისას.
12. ააიპ ,,ს-ს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღებისა და ბაგა-ბაღების) გაერთიანების“ დირექტორმა ხ. გ–მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის ოქტომბერში სურსათის ეროვნული სააგენტო ბაღებში ატარებდა მორიგ მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც მოითხოვეს სურსათის - ხორცპროდუქტების ეტიკეტები და ფორმა N... დოკუმენტების შემოწმებისას ინსპექტორებმა აღმოაჩინეს უზუსტობა, კერძოდ ფორმა N..-ში მითითებული იყო 153 კილოგრამი ხბოს ხორცი, მაშინ როცა ფიზიკურად, ერთი ერთეული ხბო შეუძლებელია იყოს 153 კილოგრამი. აღნიშნულის გამო სააგენტოს თანამშრომლებმა, მისი თანდასწრებით 3 ბაღის ხორცის ნაშთიდან აიღეს ნიმუშები და დალუქეს. ლაბორატორიაში კვლევისას აღმოჩნდა, რომ ხორცის დნმ-ი იყო ცხენის. მიმართეს ნ. მ–ს და შეწყვიტეს მასთან ხელშეკრულება, ასევე შპს ,,....“ დააჯარიმეს. მოწმემ განმარტა, რომ არასოდეს დაფიქსირებულა რომელიმე ბაღში ბავშვის მოწამვლის ფაქტი, შესაბამისად, შპს ,,.....ს“ მიმართ მათ რაიმე სახის პრეტენზია არ ჰქონიათ, მზარეულები და მმართველები ხორცის ხარისხით ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ბაგა-ბაღებში ხორცი მიჰქონდათ დისტრიბუტორებს, თვის ბოლოს კი ხ. გ–ა და ნ. მ. აფორმებდნენ მიღება-ჩაბარების აქტს, რასაც ადასტურებდნენ ხელმოწერით.
მოწმის განმარტებით დალუქული ცხენის ხორცი ინახებოდა N.. ბაღში, თუმცა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიუთითა, რომ გასანადგურებელი ტერიტორიის გამოსაყოფად უნდა მიემართა ........ის მუნიციპალიტეტის მერიისათვის. მერის წერილობითი მითითებით ხორცი შესაბამისი აქტის საფუძველზე გასანადგურებლად გადასცეს შპს ,,.....ს“ წარმომადგენლებს.
მოწმემ განმარტა, რომ ბაგა-ბაღების გაერთიანებისთვის მიყენებული ზიანი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ საქონლის ხორცის ნაცვლად ნ. მ–მ მიიტანა ცხენის ხორცი. ამასთან, ზიანის ის ნაწილი, რაც მოიცვა იმ ფაქტმა, რომ მომხდარის შემდეგ გარკვეული პერიოდი ბაღები ვეღარ მარაგდებოდნენ საქონლის ხორცით, შპს-ს დაჯარიმებით ფაქტობრივად ანაზღაურდა. კერძოდ, შპს ,,..........“ დააჯარიმეს 1 თვის განმავლობაში მიწოდებული ხორცის საფასურით - 20 000 ლარით, მიუხედავად იმისა, რომ უცნობია რა სახის ხორცი მიაწოდა მან ბაღებს მთლიანობაში. აღნიშნულის გამო აღარ ჩაურიცხეს, ანუ დაუკავეს 9000 ლარი, რომელიც უნდა გადაეხადათ შპს-თვის (მითითებულ თანხაში შედის ამოღებული ცხენის ხორცის საფასურიც - 287 ლარი), შესაბამისად ზიანის ნაწილში დარჩენილია ჯარიმის ნაწილი - 11 000 ლარი. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ფაქტის დადგომისთანავე დაუკავშირდა ნ-ს და აცნობა მომხდარი, მასვე სთხოვა მისულიყო და თავადაც ჩაეტარებინა ექსპერტიზა, თუმცა ნ. მ–მ საჭიროდ არ ჩათვალა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ კარგი ხორცი ჰქონდა მიწოდებული. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაგა-ბაღებიც დააჯარიმა 1000 ლარით, რადგან მათი დასწრების გარეშეე გაატანეს ხორცი გასანადგურებლად შპს „..........ს“.
13. ააიპ „.........ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ შესყიდვების კოორდინატორ ქ. ი–ს ჩვენების თანახმად, მის მოვალეობაში შედის შესყიდვებთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულება. 2015 წლიდან ბაგა-ბაღებს ხორცის და რძის პროდუქტებით ამარაგებდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს ,,......“. ნ. მ–სთან და მის წარმომადგენელ ზ. გ–სთან თანამშრომლობის პერიოდში არასდროს ყოფილა პრობლემა მომარაგებასთან დაკავშირებით, შპს ,,......ოს“ დისტრიბუტორს ზ. გ–ს ყოველთვის მიჰქონდა სათანადო დოკუმენტაცია. მიღებისას პროდუქტს ათვალიერებდნენ - მმართველი, ექთანი და მზარეული, ასევე მონიტორინგის ჯგუფი. კერძოდ, ვიზუალურად ამოწმებდნენ პროდუქტის ფერს, ვადას, სუნს და ა.შ. სასაკლაოდან გაცემული ფორმა N..-ში მითითებულია მონაცემი ხორცის ვარგისიანობისა შესახებ, თუმცა მასში შეტანილი მონაცემის სიზუსტის დადგენა ბაღის თანამშრომლებს არ შეუძლიათ. შპს ,,.......ს“ დირექტორს ეცნობა ხორციდან ნიმუშის აღების შესახებ და შეეთავაზა მონაწილეობის მიღება, თუმცა მან უარი განაცხადა და განმარტა, რომ დარწმუნებული იყო ხორცის ვარგისიანობაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგის მიღებისთანავე ნ. მ–ს კვლავ შესთავაზეს დარჩენილ ხორცის ნიმუშზე ჩაეტარებინა კვლევა, რაზედაც მან უარი განაცხადა, რადგან არ ჰქონდა იმედი, რომ საქართველოს ფარგლებში განსხვავებულ დასკვნას მისცემდა რომელიმე ლაბორატორია, ხოლო კვლევის ......ში ჩატარება ძვირი დაუჯდებოდა. სწორედ ლაბორატორიული კვლევის შედეგის საფუძველზე შპს ,,.........სთან“ გაწყვიტეს ხელშეკრულება და დააჯარიმეს 20 000 ლარის ოდენობით. 9000 ლარის დაქვითვა მოხდა პირდაპირ, რადგან 2018 წლის 16 ოქტომბრამდე შეტანილი ხორცის გამო შპს ,,...........ს“ ეკუთვნოდა აღნიშნული თანხა ბაღების გაერთიანებისგან, შესაბამისად თანხის დარიცხვა აღარ მოხდა შპს-ს ანგარიშზე და გაიქვითა ჯარიმაში. დარჩენილი 11 000 ლარი შპს-ს უნდა გადაეხადა ბიუჯეტის სასარგებლოდ. შპს ,,........ს“ მიერ ოქტომბერში შეტანილი ხორცის, მათ შორის სადავო ხორცის თანხა, რომელიც შემდეგ განადგურდა, კომპანიისათვის არ ჩაურიცხავთ (2019 წლის 28 ოქტომბერის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:53:07 სთ. და 14:54:17 სთ.).
14. მოწმე ნ. თ–მ განმარტა, რომ არის ააიპ „...........ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ N.. ბაგა-ბაღის ექთანი. სხვა მოვალეობებთან ერთად მის ფუნქციაში შედის მმართველთან ერთად ბაღებისათვის მიწოდებული პროდუქტების მიღება და ვიზუალური დათვალიერება. 2015 წლიდან შპს ,,........ს“ სახელით ზ. გ–ს კვირაში ერთხელ ბაღში შეჰქონდა ხორცის პროდუქტი, შეფუთული და დაფასოებული, ვეტერინარული შემოწმების ბარათი ფორმა N..-ით. მომწოდებლის მხრიდან არასდროს ყოფილა უხარისხო პროდუქტის ან არასწორი დოკუმენტის მიწოდების ფაქტი. ამასთან, მიწოდებული პროდუქტით არავინ მოწამლულა.
15. მოწმე ნ. დ-მ განმარტა, რომ არის ..........ის მე-.. ბაგა ბაღის მმართველი. ბაღს ხორცის და რძის პროდუქტით ამარაგებდა შპს ,,.......“, მიღებისას პროდუქტს ათვალიერებდა ექთანთან და მზარეულებთან ერთად. კომპანიის მხრიდან რაიმე სახის დარღვევა არასდროს დაფიქსირებულა, ამსათან, მის წარმომადგენელს ყოველთვის ჰქონდა საჭირო დოკუმენტაცია. 2018 წლის ოქტომბერში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შემოწმების მიზნით ხორცის ნაშთიდან აიღეს ნიმუშები, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საკვლევი ობიექტი იყო ცხენის ხორცი.
16. მოწმე მ. შ–მ განმარტა, რომ არის ქ. .........ის N.. ბაგა-ბაღის მმართველი. ბაღს ხორცის და რძის პროდუქტით ამარაგებდა შპს ,,.......ს“ წარმომადგენელი ზ. გ–ა. კომპანიის მხრიდან რაიმე სახის დარღვევას ხორცის ან რძის პროდუქტის შეტანისას ადგილი არ ჰქონია. მიწოდებულ პროდუქტს მასთან ერთად ვიზუალურად ათვალიერებდა ექთანი და მზარეული, ამოწმებდნენ ხორცის ვიზუალურ მხარეს და სუნს, ასევე, დოკუმენტაციას - ფორმა N.. და ზედნადებს. 2018 წლის ოქტომბერში სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გეგმიური შემოწმებისას ფორმა N..-ის მონაცემის მიიჩნიეს საეჭვოდ, თუმცა პირველ ბაგა-ბაღის საწყობში აღარ ჰქონდათ ხორცი - ნაშთი შეტანილი იყო სამზარეულოში. რადგან იმ დღეს ხორცის გამოყენება არ აეკრძალათ მოამზადეს კერძი და გამოკვებეს ბავშვები. რამდენიმე დღეში, კვლევის შედეგით დადგინდა, რომ მიწოდებული ხორცი იყო ცხენის. ბაღში არ დაფიქსირებულა ბავშვების მოწამვლის საეჭვო ფაქტი.
17. მოწმე თ. ჩ–მ განმარტა, რომ არის .....ის პირველი საბავშვო ბაღის მმართველი. დაახლოებით 2015 წლიდან შპს ,,.......“ საბავშვო ბაღს ამარაგებდა რძისა და ხორცის პროდუქტებით წარმომადგენელ ზ. გ–ს საშუალებით, რომელსაც ბაღში პროდუქტთან ერთად მიჰქონდა საბუთები: ზედნადები, რომელშიც აღწერილი იყო პროდუქტის დასახელება და რაოდენობა, ფორმა N., რომელშიც მითითებული იყო ხორცის ვარგისიანობა და შესაბამისი ეტიკეტი. მითითებული კომპანია კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ მოვალეობას და პრობლემა არასდროს ჰქონიათ. მიწოდებულ პროდუქტს თ. ჩ. და ექთანი ამოწმებდნენ ვიზუალურად, ფერის და სუნის მიხედვით. არასოდეს დაუწუნებიათ შპს ,,.......ს“ წარმომადგენლის მიერ მიწოდებული პროდუქტი, ამასთან, ბავშვები არასდროს მოწამლულან. 2018 წლის ოქტომბერში თ. ჩ–ს დაურეკეს ააიპ „..........ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებიდან“ და უთხრეს ხორცი არ გამოეყენებინა, რადგან ჰქონდათ ეჭვი, რომ იყო ცხენის. მომხდარის გამო შპს ,,.......“ დაჯარიმდა.
18. მოწმე ი. კ-მ განმარტა, რომ არის ქ. ............ის N ბაგა-ბაღის მმართველი. 2018 წელს ხორცის პროდუქტით ბაღს ამარაგებდა ტენდერში გამარჯვებული შპს ,,.......“, წარმომადგენელ ზ. გ–ს საშუალებით, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენით. მიწოდებულ ხორცპროდუქტებს ვიზუალურად ი. კ–ე ამოწმებდა მზარეულებთან და ექთანთან ერთად. დოკუმენტში არასდროს შეუნიშნავთ ჩასწორებები. ამასთან, კომპანიის მხრიდან არასდროს გამოვლენილა დარღვევა. შპს ,,.......სგან“ ხორც-პროდუქტების მიწოდება შეწყდა მაშინ, როდესაც ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა დაურეკა და უთხრა, რომ ხორცი იყო საეჭვო სახეობის და არ მოეხდინა მისი რეალიზაციაში ჩაშვება.
19. მოწმე ც. კ–მ განმარტა, რომ არის ...........ის რაიონის სოფელი ტ-ს საბავშვო ბაღის მმართველი. საბავშვო ბაღს რძის და ხორცის პროდუქტებით ამარაგებდა ნ. მ–ს კომპანია და მისი წარმომადგენელი ზ. გ–ა. კომპანიას არასოდეს დაურღვევია პროდუქტების შენახვის, შეფუთვის და სხვა რაიმე მოთხოვნები, არასოდეს მოწამლულან ბავშვები. შესაბამისად, ბაღში არასდროს დაუწუნებიათ ხორცი ან თანდართული დოკუმენტი. მიღებისას მზარეულთან და ექთანთან ერთად, ვიზუალურად ათვალიერებდა პროდუქტს, კერძოდ, ამოწმებდნენ ხორცის ფერს, სუნს და ა.შ.
20. მოწმე დ. დ–მ განმარტა, რომ არის სურსათის ეროვნული სააგენტოს ..........ის სამმართველოს უფროსი. შპს ,,.......“ გაცემული ფორმა N.. სასამართლოს განჩინების საფუძველზე გადასცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. მანვე განმარტა, რომ ფორმა N..-ის გაცემა ხდება შემდეგი წესით: საქონელს სასაკლაოზე დაკვლამდე და დაკვლის შემდეგ შინაგანი ორგანოების ჩათვლით ვიზუალურად ამოწმებს ვეტერინარი. მოცემულ შემთხვევაში ვეტერინარი იყო თ. ი–ი. შემოწმების შემდეგ დგება ფორმა N.., რომელის ერთ პირი გადაეცემა საქონლის გამტანს, ხოლო მეორე პირი თვის ბოლოს მიდის სურსათის ეროვნულ სააგენტოში. საქონელი იწონება სასაკლაოზე და მისი ზუსტი წონა ფიქსირდება ფორმა N..- ში.
21. მოწმის სახით დაკითხულ სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმის მწარმოებელ ნ. ჯ–ს ჩვენების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა 2019 წლის თებერვალში სასამართლოს განჩინების საფუძველზე მისგან ამოიღო ფორმა N..-ის სააგენტოს ეგზემპლარი. აღნიშნული დოკუმენტის შევსებაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ ვეტერინარი.
22. გამომძიებლებმა - მ. ქ–მ, ი. ა–მ, გ. ძ–მ და ა. გ–მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.
23. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზ. ჩ–ს წერილის თანახმად, 2018 წლის 18 ოქტომბრის სსიპ სურსათის სააგენტოს .........ის რეგიონალური სამმართველოს 2018 წლის 11 ოქტომბრის დავალებით ააიპ ,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანების“ დაქვემდებარებაში შემავალი .......ის N.. და N.. ბაგა-ბაღის გეგმური ინსპექტირებისას გამოვლინდა შეუსაბამობა. კერძოდ, ........ის მუნიციპალიტეტის ააიპ ,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანებისათვის“ ხორცის მიმწოდებელი არის შპს ,,.......“, რომელმაც 2018 წლის 16 ოქტომბერს ბაღებში ეტიკეტის მიხედვით შეიტანა 83 კგ. დარბილებული ხორცი. ამავე ხორცზე ....ის რაიონის სოფელ .........ში მდებარე ცხოველთა სასაკლაო შპს ,,.....ის“ მიერ გაცემულ ეტიკეტში დაფიქსირებულია საქონლის ხორცი - ხბო, წონით 153 კგ. ხოლო მრპ-ს ხორცის თანმხლებ ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტში - ვეტერინარული მოწმობა ფორმა N..-ში, აღნიშნულია ხბოს ტანხორცი წონით 153 კგ. ნედლეულის მიმართულება არის ქ. ბ–ს აგრარული ბაზარი, ა. ბ–ა. ამასთან, ჩანაწერის გადამოწმების მიზნით ..........ის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტორი ზ. პ–ე გაესაუბრა სასაკლაოს ვეტერინარ ექიმს - თ. ი–ს. ამ უკანასკნელმა დააზუსტა, რომ ვეტერინარული მოწმობა ფორმა N.. – 8...., გაცემულია 53 კგ. ხბოს ტანხორცზე.
24. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ნიმუშის აღების N......, N..... და N..... აქტების თანახმად ......ის N.., ასევე N.. და N.. ბაგა-ბაღებიდან აღებული იქნა დარბილებული საქონლის ხორცის ნიმუშები 300 გრ. ოდენობებით.
25. შპს ,,.........ის” 2018 წლის 26 ოქტომბერს გაცემული გამოცდის N..., N... და N...-ის ოქმების თანახმად ხორცის სამი ნიმუშის კვლევისას გამოვლინდა ცხენის დნმ-ის სახეობრივი მარკერი - დადებითი, ხოლო ვირის დნმ-ის სახეობრივი მარკერი - უარყოფითი,26. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზ. ჩ–ს წერილის თანახმად ........ის N.. და N.. ბაგა-ბაღების გეგმიური ინსპექტირების ფარგლებში აღმოჩნდა, რომ ვეტერინარული მოწმობა N..... სააგენტოს მიერ აღნიშნული ნომრით გაცემულ ვეტერინარული სერტიფიკატის იდენტური არ არის. კერძოდ, შეცვლილია თარიღი: ნაცვლად 2018 წლის 11 სექტემბრისა, მასზე მითითებულია 2018 წლის 14 სექტემბერი. ასევე, შეცვლილია ხორცის რაოდენობა და 100 კგ-ის ნაცვლად, როგორც ფორმა N2-ში, ასევე ხორცის ეტიკეტზე მითითებულია რაოდენობა 180 კგ.
27. ააიპ „..........ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებიდან“ ამოღებული საქონლის ვეტერინარული მოწმობის (N....) - ფორმა N..-ის თანახმად, მოწმობა მიეცა ა. ბ–ას. პროდუქტის სახე - ხბოს ტანხორცი, რაოდენობა - 1 (ერთი), 153 კგ. პროდუქტი მიემართება ქ. ბ–ს აგრარულ ბაზარში.
28. ააიპ „..........ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებიდან“ ამოღებული საქონლის ხორცის ეტიკეტის თანახმად, ,,საქონლის დარბილებული ხორცი, ახალი გაციებული“ მწარმოებელი შპს ,,.......“. დამზადების თარიღად მითითებულია 2018 წლის 16 ოქტომბერი, ხოლო წონა - 83 კგ. ფორმა N2-ის ნომერი - ....
29. ააიპ „........ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებიდან“ ამოღებული საქონლის ხორცის ეტიკეტის თანახმად, საქონლის წონად აღნიშნულია 153 კგ. დამზადების თარიღად მითითებულია 2018 წლის 15 ოქტომბერი. აგრეთვე ეტიკეტზე დაბეჭდილ ,,საქონლის ხორცის“ გვერდზე დამატებულია კალმით მიწერილია სიტყვა - ,,ხბო“.
30. სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოდან ამოღებული ვეტერინარული მოწმობის (N............) - ფორმა N..-ის თანახმად, ხბოს ტან-ხორცის რაოდენობაში აღნიშნულია 1 (ერთი) და 53 კგ. მოწმობა მიეცა ა. ბ–ას.
31. ააიპ „..........ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებიდან“ ამოღებული ვეტერინარული მოწმობის (N.....) - ფორმა N..-ის თანახმად, წონის გრაფაში მითითებულია 180 კგ, ხოლო გაცემის თარიღად აღნიშნულია 14 სექტემბერი. საქონლის ხორცის ეტიკეტის თანახმად, „საქონლის დარბილებული ხორცი ახალი გაციებული“ მწარმოებელი შპს ,,.......“. დამზადების თარიღად მითითებულია 2018 წლის 14 სექტემბერი, ხოლო წონა - 180 კგ. ასევე, ააიპ „..........ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებიდან“ ამოღებული საქონლის ხორცის ეტიკეტის თანახმად, წონად მითითებულია 180, ხოლო დაკვლის თარიღად - 2018 წლის 14 სექტემბერი.
32. სურსათის ეროვნული სააგენტოს ........., ..........ის რეგინალური სამმართველოდან ამოღებული ვეტერინარული მოწმობის (N.....) - ფორმა N..-ის თანახმად, წონის გრაფაში მითითებულია 100 კგ, ხოლო გაცემის თარიღად აღნიშნულია 11 სექტემბერი.
33. ელექტრონული მონაცემთა ბაზის დათვალიერების შესახებ 2018 წლის 21 თებერვლის ოქმის თანახმად დათვალიერდა შპს ,,.......ს“ მიერ 2018 წლის 16 ოქტომბერს გამოწერილი სამი ცალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, ააიპ „...........ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანებისათვის“ საქონლის ხორცის (ძროხის) მიწოდების შესახებ.
ზედნადებებითა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 16 ოქტომბერს სასაქონლო ზედნადებით მიწოდებული აქვს: 1. საქონლის ხორცი, 3 კგ. ტრანსპორტირების დასრულების მისამართი: სოფ. ..........ის N.. ბაგა-ბაღი; 2. საქონლის ხორცი, 2,5 კგ. ტრანსპორტირების დასრულების მისამართი: N.. ბაგა-ბაღი, ქ. ........ა; 3. საქონლის ხორცი, 15 კგ. ტრანსპორტირების დასრულების მისამართი: N.. ბაგა-ბაღი ქ, ...........ა, .........ის N...
34. 2018 წლის 26 იანვრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N.. ხელშეკრულების თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შპს ,,.......ს“ მიერ ააიპ „.........ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანებისათვის საქონლის ხორცისა და ქათმის ფილეს მიწოდება. ჯამური ღირებულება - 68 484 ლარი. მოქმედების ვადა 2019 წლის 31 იანვრამდე პერიოდი.
35. ააიპ ,,........ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღებისა და ბაგა-ბაღების) გაერთიანების“ დირექტორ ხ. გ–ას და შპს ,,.......ს“ დირექტორ ნ. მ–ს შორის 2018 წლის 5 ნოემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი N....-ის თანახმად 2018 წლის ოქტომბერში შპს ,,.......ს“ მიერ მიწოდებული საქონლის ჯამური ღირებულება შეადგენს 9021,75 ლარს, კერძოდ: შპს ,,.......ს“ მიერ მიწოდებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ხორცი - 504,045 კგ და 276 კგ. ქათმის ფილე. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის სისწორე დადასტურებულია ხ. გ–ას და ნ. მ–ს ხელმოწერებით.
36. ააიპ ,,ს-ს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღებისა და ბაგა-ბაღების) გაერთიანების“ დირექტორ ხ. გ–ას 2019 წლის 23 იანვრის წერილის თანახმად, მან მიმართა .......ის მუნიციპალიტეტის მერს - ვ. ფ–ს და სთხოვა ტერიტორიის გამოყოფა 2018 წლის 22 ოქტომბერს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ამოღებული და დალუქული საეჭვო წარმომავლობის ხორცის გასანადგურებლად.
37. ..........ს მუნიციპალიტეტის მერის - ვ. ფ–ს პასუხის თანახმად, საეჭვო წარმომავლობის ხორცის განადგურების ვალდებულება აქვს შპს ,,.......ს“, რის შესახებაც შპს-ს გაეგზავნა შესაბამისი მიმართვა.
38. ერთი მხრივ, გაერთიანების დირექტორ ხ. გ–ას, N.. ბაღის მმართველ ნ. დ–ს, ექთან ქ. ბ–ს, ხოლო მეორე მხრივ შპს ,,.......ს“ წარმომადგენლების ზ. გ–სა და პ. მ–ს, ხელმოწერით შედგენილი 12 თებერვლით დათარიღებული აქტის თანახმად, ხელმომწერი პირები ადასტურებენ, რომ საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ამოღებული და დასაწყობებული საქონლის ხორცი 35 კგ. გადაეცა შპს ,,.......ს“ დირექტორის წარმომადგენლებს ზ. გ–ს და პ. მ–ს გასანადგურებლად, დალუქულ მდგომარეობაში.
39. ბრალდებულის დაკავების 2019 წლის 27 თებერვლის ოქმის თანახმად დაკავებული იქნა ნ. მ..
40. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 მარტის წერილის თანახმად ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ცხოველის დნმ-ექსპერტიზა არ ტარდება.
41. უდავო ცნობილი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულის ბიუროს 2019 წლის 4 ივნისის წერილის თანახმად: ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საპრეციპიტაციო შრატების გამოყენებით შესაძლებელია დადგინდეს თერმულად დაუმუშავებელი ხორცის ნიმუში მიეკუთვნება მსხვილი რქოსანი პირუტყვის, თუ ცხენის ხორცს.
42. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი ააიპ ,,....ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანება“.
43. საკასაციო საჩივრის განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ ითხოვა ნ. მ–ს გამართლება საქართვეოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ( 2018 წლის სექტემბრის და ოქტომბრის ეპიზოდები) გათვალისწინებულ დანაშაულში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაცვის მხარის მიერ არ იყო გასაჩივრებული და აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენი არ არის გასაჩივრებული არც ბრალდების მხარის მიერ. შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო შეზღუდულია საკასაციო საჩივრის ფარგლებით, სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის შუამდგომლობის განხილვის შესაძლებლობას მით უფრო, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა ეჭქვეშ დააყენოს ნ. მ–ს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი).
44. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბრის და ოქტომბრის ეპიზოდები) მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001), ასევე იმ გარემოებას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009) და მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენებში მოყვანილი დასაბუთების გამეორება.
45. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ნ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილია და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობის, ასევე ნ. მ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში.
46. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენით დადგენილ ფაქტად მიიჩნევს, რომ ნ. მ. ხელშეკრულების საფუძველზე საქონლის ხორცს აწვდიდა ააიპ ,,ს-ს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანების“ ბაღებს; ლაბორატორიული კვლევის შედეგად ბაღებიდან ამოღებული ხორცის სამი ნიმუშის კვლევისას გამოვლინდა ცხენის დნმ-ის სახეობრივი დადებითი მარკერი, რაც ადასტურებს, რომ ბაღებში არა საქონლის, არამედ ცხენის ხორცი იქნა მიწოდებული.
47. სააპელაციო სასამართლო საეჭვოდ არ მიიჩნევს შპს ,,.............ის” კომპეტენციას და უფლებამოსილებას, ასევე მის მიერ გაცემულ აქტებს - გამოცდის N...., N... და №.....-ის ოქმებს, რაც დადასტურებულია საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით, თუმცა სააპელაციო სასამართლო დაუდასტურებლად მიიჩნევს ნ. მ–ს უშუალოდ მონაწილეობას ცხენის ხორცის ბაღებისათვის მიწოდებაში და სადავოდ ხდის იცოდა თუ არა საერთოდ მსჯავრდებულმა ასეთი ხორცის არსებობის შესახებ.
48. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შპს “.........ს“ დირექტორს, რომლის სახელითაც ხდებოდა (უნდა მომხდარიყო) საქონლის ხორცის მიწოდება ააიპ ,,............ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანების“ ქვემდებარე ბაგა-ბაღებისთვის, წარმოადგენდა ნ. მ..
49. მართალია, ნ. მ–ს შპს ,,.......ში“ დასაქმებული ჰყავდა: ბუღალტერი - ნ. ჯ–ე, მძღოლი - ზ. გ–ა და დარაჯი, თუმცა მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ მათ შორის ფუნქციები პოზიციების მიხედვით იყო განაწილებული. კერძოდ: ნ. ჯ–ე, ადგენდა საჭირო ოფიციალურ დოკუმენტებს; ზ. გ–ა, მისაწოდებლად გამზადებულ (შეძენილ, დაფასოებულ და მომხმარებელთან ჩასაბარებლად გამზადებულ, შესაბამისი საჭირო დოკუმენტებით - ამოწერილი სასაქონლო ზედნადებით, ფორმა N.., ეტიკეტით) ხორც-პროდუქტის ტრანსპორტირებას, ხოლო დარაჯი, მისი უფლებამოსილების ფარგლებში ასრულებდა მხოლოდ ტექნიკურ მოვალეობებს. ამასთან, თითოეული დასახელებული პირის მოვალეობა არ მოიცავდა ხორცის შესყიდვას ან/და დამუშავება-დაფასოების პროცედურას, რაც დაცვის მხარის ეჭვს, სხვა პირის მიერ ხორცის გამოცვლის შესახებ, გარკვეულ დამაჯერებლობას შესძენდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბუღალტერი ნ. ჯ–ე, მხოლოდ დირექტორის მითითებით ადგენდა ხორცის შესყიდვა-რეალიზაციის შესაბამის ოფიციალურ დოკუმენტებს, ხოლო მძღოლ ზ. გ–ს თავის მხრივ, ხელი არ მიუწვდებოდა მითითებული დოკუმენტების შინაარსობრივ მხარეზე. კერძოდ:
50. ნ. ჯ–მ დაადასტურა, რომ ნ. მ. ფიზიკური პირებისაგან ყიდულობდა საქონლის ხორცს. თავად კი დირექტორის მიერ მიწოდებული ინფორმაციის (ტრანსპორტი, მძღოლი, საქონლის რაოდენობა, სახეობა) საფუძველზე, კანონის სრული დაცვით ავსებდა ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებს. მოწმემ დაადასტურა, რომ ზედნადების ამოწერას ახდენდა თავად, თუმცა ნ. მ–საც ჰქონდა მასზე წვდომა.
51. ზ. გ–მ დაადასტურა, რომ გამზადებულ (დაფასოებულ) პროდუქტს, იმ კონკრეტულ ბაღზე მითითებით, სადაც უნდა წაეღო კონკრეტული შეფუთვა და შესაბამის დოკუმენტებს, უმეტეს შემთხვევაში, ხელზე აძლევდა უშუალოდ ნ. მ.. იყო შემთხვევები, როცა ის არ იმყოფებოდა ადგილზე, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც საწყობში პროდუქტი ხვდებოდა წასაღებად გამზადებული, საჭირო დოკუმენტებით. მოწმემ კატეგორიულად დაადასტურა, რომ მას ხორცის შესყიდვასა და დამუშავებასთან შეხება არ ჰქონია, აღნიშნულს ახორციელებდა ნ. მ.. საწყობში ხვდებოდა თითოეული შეფუთვისათვის გამოწერილი სასაქონლო ზედნადები ამობეჭდილი სახით, ასევე ხორცის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი ფორმა N.. და ეტიკეტი. სად ყიდულობდა ნ. მ. ხორცს არ იცის, თუმცა შესწრებია მის სატელეფონო საუბარს რეალიზატორთან.
52. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ შპს ,,.......ში“ სხვა პირი, რომელსაც ჰქონდა უფლებამოსილება შპს “.........ს“ სახელით ემოქმედა - ხორცთან დაკავშირებით გაეცა რაიმე მითითება ან დავალება არ იკვეთება, ისევე როგორც პირი, რომელსაც შეიძლება შეხება ჰქონოდა პროდუქტის შეძენა-დაფასოებასთან, რაც მატერიალური გამორჩენის მიზნით მისცემდა საშუალებას საქონლის ხორცი ჩაენაცვლებინა ცხენის ხორცით.
53. მოწმეთა ჩვენებებით, უტყუარად დგინდება, რომ ორგანიზაციის სახელით ხორცის შესყიდვას, მის დასაწყობებას, მომხმარებლისთვის მიწოდებასა და მიწოდებისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარმოებას ახორციელებდა და უზრუნველყოფდა მხოლოდ შპს ,,.......ს“ დირექტორი - ნ. მ.. შესაბამისად, დაცვის მხარის ვერსია, რომ ვინმე სხვა, გარეშე პირი (საწყობის თანამშრომელი, დარაჯი ან მძღოლი) შეიძლება ჩარეულიყო ნ. მ–ს მიერ შპს “.........ს“ სახელით წარმოებულ სასაქონლო ოპერაციაში - გაეყალბებინა დოკუმენტები და იმავდროულად გამოეცვალა საქონლის ხორცი ცხენის ხორცით, არადამაჯერებელია, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება სხვა პირის არსებობა, ვისაც ნ. მ–ს გარდა ექნებოდა პარალელურ რეჟიმში ერთდროულად ვეტერინარული მოწმობების - ფორმა N.. და მისი თანხმლები ეტიკეტების გაყალბების და ასევე მისაწოდებელი საქონლის ხორცის ცხენის ხორცით ჩანაცვლების შესაძლებლობა.
54. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გარდა საბუღალტრო ოპერაციისა და ტრანსპორტირებისა, რასაც ნ. მ–ს დავალებით ახორციელებდა შესაბამისად ბუღალტერი და მძღოლი, უშუალოდ პროდუქტთან დაკავშირებულ მოქმედებებს ასრულებდა თავად ნ. მ.. მისთვის ცნობილი იყო კონკრეტული ბაღისათვის მისაწოდებელი საქონლის ხორცის რაოდენობა და ამ საჭიროების შესაბამისად ყიდულობდა და აფასოებდა პროდუქტს, ბუღალტერს კი ამზადებინებდა რეალიზაციისათვის და ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტებს მის მიერ მითითებული მონაცემებით, ხოლო მძღოლი ახდენდა ნ. მ–ს მიერ განსაზღვრული უკვე დაფასოებული პროდუქტის და დოკუმენტების ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე. სწორედ ნ. მ. უზრუნველყოფდა მთლიან პროცესს: ყიდულობდა, ასაწყობებდა და ანაწილებდა ხორცს. ამდენად, საკასაციო სასამართლოსათვის არასარწმუნოა დაცვის მხარის ვერსია, რომ მსჯავრდებულმა არაფერი იცოდა ცხენის ხორცის არსებობის და ამ ხორცით საქონლის ხორცის შეცვლის შესახებ ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება (დაცვის მხარეს საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია) რომ ხორცის შეძენას და დამუშავებას ახდენდა უშუალოდ ნ. მ.. არც ერთი მოწმის ჩვენებით არც პირდაპირ და არც ირიბად არ დგინდება რომ ხორცის დამუშავებასთან შეხება ჰქონდა სხვა პირს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს შპს თანამშრომელთა სიმცირეს და მათ შორის ფუნქციათა მკაფიოდ გამიჯნვას (მძღოლი, დარაჯი, ბუღალტერი).
55. საქმის მასალებით ასევე არ დგინდება, სხვა დაინტერესებული პირის არსებობა, ვისაც ხორცის გამოცვლის პარალელურად დოკუმენტში პროდუქტის გაზრდილი მოცულობის მითითების ინტერესი შეიძლება ჰქონოდა. დაცვის მხარის მიერ ჩამოთვლილ საეჭვო პირთა წრიდან მხოლოდ ნ. მ–ს ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ხორც-პროდუქტით მოემარაგებინა ობიექტები, ვეტერინარულ მოწმობაში მონაცემის შეცვლა - წონის გაზრდა კი მას აძლევდა შესაძლებლობას შეუმოწმებელი (დაბალ ფასიანი) ხორცი შეეტანა ბაღებში სარგებლის მიღების მიზნით.
56. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ნ. მ–ს მის მიერ ბაღებისათვის მიწოდებული ხორციდან ნიმუშების აღების და შემოწმების თაობაზე ეცნობა როგორც ააიპ-ის, ისე სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ; მასვე, შეეთავაზა როგორც მონაწილეობა ნიმუშების აღების პროცესში, ასევე ალტერნატიული კვლევის ჩატარება, ეცნობა გამოცდის შედეგები და ნ. მ–ს ჰქონდა ალტერნატიული კვლევის ჩატარების ობიექტური შესაძლებლობა (გამოცდის ოქმი გაიცა 2018 წლის 26 ოქტომბერს, ხორცის ნიმუში ლაბორატორიაში ინახებოდა 2 კვირის მანძილზე (იხ. მოწმეთა: ლ. დ–ე და შპს ,,....-ის” დირექტორ ი. ჭ–ს ჩვენება), რეფერენტული ნიმუში ინახებოდა 2019 წლის 14 იანვრამდე და მხოლოდ შემდეგ განადგურდა - მექანიკური დაზიანებით (იხ. მოწმე ნ. გ–ს ჩვენება); ამავე დროს ბაღებიდან და ბაგა-ბაღებიდან სარეალიზაციოდ ჩაშვებული ხორცის ნაშთი, საიდანაც აიღეს ნიმუშები, უკან დაუბრუნდა შპს “.........ს“. შესაბამისად, ნ. მ–ს ჰქონდა შესაძლებლობა თავად ეწარმოებინა კვლევა და დაედგინა ამოღებული ხორცის კუთვნილება). აღნიშნულის მიუხედავად, ნ. მ–ს არც სურვილი გამოუთქვამს და არც მონაწილეობა მიუღია არც ნიმუშების აღებაში და არც მოგვიანებით - დამოუკიდებელი კვლევა არ ჩაუტარებია (ხორცის სახეობის გადამოწმების მიზნით) მიუხედავად იმისა, რომ სწორედ აღნიშნულ დასკვნას დაუკავშირდა შპს“ .......სთვის“ ნეგატიური ფინანსური შედეგები ( ჯარიმა, ხელშეკრულების შეწყვეტა).
57. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ნ. მ. ინფორმირებულ იქნა ყველა განხორციელებული მოქმედების შესახებ და ჰქონდა შესაძლებლობა თავად ჩაეტარებინა დამოუკიდებელი კვლევა, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ნ. მ. თავდაპირველად დარწმუნებული იყო მის მიერ მიწოდებული ხორცის სახეობაში და ხარისხში, ამასთან, მის მიმართ არ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა, რის გამოც არ ჩათვალა საჭიროდ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება, რადგან ნ. მ.მ მას შედეგაც, რაც შეიტყო, რომ მის მიერ მიწოდებული ხორცი იყო არა საქონლის, არამედ ცხენის - არაფერი მოიმოქმედა მიუხედავად იმისა რომ, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მას როგორც კვლევის ჩატარებამდე, ასევე კვლევის შემდეგაც ხელი მიუწვდებოდა ნიმუშების მოპოვებაზე, სადავო არ გაუხდია ლაბორატორიული კვლევის შედეგები და არ უცდია ალტერნატიული კვლევის ჩატარება მათ შორის არც ააიპ „ს-ს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის 2018 წლის 7 ნოემბრის მიმართვის შემდეგ, რომლითაც გაერთიანების დირექტორმა აცნობა რომ შეწყვეტილი იქნა 2018 წლის 26 იანვრის N.. ხელშეკრულება და შპს „ .......ს“ დაეკისრა ჯარიმა 20545.20 ლარის ოდენობით.
58. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ. მ–ს მხრიდან მომხმარებლის მოტყუების განზრახვა. საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებული ნ. მ. ბრალად წარდგენილ ქმედებებს - ვეტერინარული მოწმობების - ფორმა №..-ისა და მათი ეტიკეტების გაყალბება, ყალბი ზედნადებების დამზადება და ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანა, ყალბი მიღება-ჩაბარების №.. აქტის შედგენას - ახდენდა წინასწარ მოფიქრებული გეგმის შესაბამისად ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.
59. გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა რომლის თანახმად, სასამართლომ ნ. მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ( 2018 წლის სექტემბრის და ოქტომბრის ეპიზოდებში) გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენაში (2018 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებული N ..... ვეტერინარული მოწმობის ფორმა N.. და მისი თანმხლები ეტიკეტების და 2018 წლის 11 სექტემბრით დათარიღებული N.... ვეტერინარული მოწმობის ფორმა N.. და მისი თანმხლები საქონლის ხორცის 2 ცალი ეტიკეტის) და იმავდროულად უდანაშაულოდ მიიჩნია 2018 წლის 5 ნოემბრით დათარიღებული ააიპ „.......ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორ ხ. გ–ას და შპს “.........ს“ დირექტორ ნ. მ–ს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების N... აქტის გაყალბებაში, რომლის თანახმად თითქოს შპს “.........ს“ მიერ 2018 წლის ოქტომბრის თვეში გაერთიანებაში შემავალი ყველა ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული იქნა საქონლის (ძროხის) ხორცი საერთო წონით 504,045კგ ( იხ. ტ.1, ს.ფ.332) შემდეგ გარემოებათა გამო:
2018 წლის 5 ნოემბრით დათარიღებული ზ/ა მიღება-ჩაბარების N... აქტის შედგენისას ნ. მ–სთვის უკვე ცნობილი იყო სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ოქტომბრის მონიტორინგის შედეგები და შპს „........” ჩატარებული კვლევის შედეგები, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად მის მიერ მიღება-ჩაბარების სადავო აქტში მითითებული იქნა 2018 წლის ოქტომბრის თვეში მიწოდებული საქონლის ხორცის სრული საერთო წონა (504,045კგ) რაც მოიცავდა 2018 წლის 16 ოქტომბერს ბაღებისა და ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული ცხენის ხორცის რაოდენობასაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, არ არსებობს ნ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში (აღნიშნულ ეპიზოდში) გამართლების კანონისმიერი საფუძველი.
60. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,.......ს“ დირექტორმა ნ. მ.მ, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით გააყალბა ხორცის წარმოშობის დამადასტურებელი 2018 წლის 15 ოქტომბრის ვეტერინარული მოწმობა (N...) - ფორმა N.. და მისი თანხმლები ეტიკეტები. კერძოდ, ფორმა N..-ის მეორე პირში ციფრი ,,1-ის“ ჩამატებით, ხორცის წონა ნაცვლად 53 კილოგრამისა, დააფიქსირა 153 კილოგრამი. აღნიშნული ქმედებით ნ. მ.მ თავის ბალანსზე დამატებით აიყვანა 100 კილოგრამი საქონლის ხორცი, რომელიც რეალურად არ შეუძენია კონკრეტული ვეტერინარული მოწმობის ფარგლებში, რითიც მიეცა შესაძლებლობა ბაგა-ბაღებში შეეტანა ვითომდა ვეტერინარული გზით შემოწმებული, რეალურად კი შეუმოწმებელი, სხვა გზით მოპოვებული 100 კილოგრამი ხორცი, ცხენის ხორცი გაესაღებინა, როგორც შემოწმებული საქონლის ხორცი;
აღნიშნულის შემდეგ, იმისათვის, რომ ჰქონოდა ხორცის ააიპ ,,.......ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანებაში“ შემავალ ......ის N.., N.. და სოფელ .........ს .. ბაგა-ბაღებისათვის მიწოდების და შესაბამისად ტრანსპორტირების შესაძლებლობა, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდის WWW.....-ის მეშვეობით 2018 წლის 16 ოქტომბერს გამოწერა ყალბი N......; N.... და N.... ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, სადაც პროდუქტის დასახელებაში მიუთითა - საქონლის ხორცი (ძროხის), ნაცვლად რეალურად ტრანსპორტირებული და მიწოდებული ცხენის ხორცისა.
ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით ნ. მ.მ მძღოლ ზ. გ–ს საშუალებით 20,5 კგ. ცხენის ხორცი მიაწოდა ააიპ ,,..........ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანებაში“ შემავალ ......ის N.., N.. და სოფელ .........ს N.. ბაგა-ბაღებს, რითიც მოატყუა მომხმარებელი.
ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების (ვეტერინარული მოწმობების გაყალბებისა და ცხენის ხორცის ბაღებისათვის მიწოდების) შემდგომ, ნ. მ.მ ასევე შეადგინა ყალბი - 2018 წლის 5 ნოემბრით დათარიღებული, საერთო მიღება-ჩაბარების N... აქტი ააიპ ,,........ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანების“ დირექტორ ხ. გ–სთან, სადაც მიუთითა, რომ თითქოს მის მიერ 2018 წლის ოქტომბერში გაერთიანებაში შემავალი ყველა ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული იქნა საქონლის (ძროხის) ხორცი, საერთო წონით - 504,045 კგ. მიუხედავად იმისა, რომ მითითებული რაოდენობის ხორცი ასახავდა მის მიერ მიწოდებული ცხენის ხორცის რაოდენობასაც.
ნ. მ–ს მიერ გაყალბებული იქნა ასევე 2018 წლის 11 სექტემბრით დათარიღებული ვეტერინარული მოწმობა (N........) ფორმა N.. და მისი თანხმლები საქონლის ხორცის ორი ცალი ეტიკეტი. კერძოდ, დოკუმენტებში გადასწორებული იქნა თარიღი და ოდენობა: ნაცვლად ფორმა N..-ის დედანში რეალურად მითითებული თარიღისა (11 სექტემბერი) ფორმა 2-ის მეორე პირში დაფიქსირდა 14 სექტემბერი, ხოლო 100 კგ. ნაცვლად დაფიქსირდა - 180 კგ. ხორცი.
61. ამდენად, ნ. მ. მოქმედებდა კომპლექსურად - მას თანხვედრაში მოჰყავდა ყველა დოკუმენტი თავისსავე მოქმედებებთან - საქონლის ხორცის ცხენის ხორცით ჩანაცვლებასთან - დანაშაულებრივი ქმედების შესანიღბად.
62. საქართველოს სსკ-ის 219-ე მუხლი გულისხმობს მომხმარებლისათვის მცდარი წარმოდგენის შექმნას - საქონლის სამომხმარებლო თვისების შესახებ, რამაც მომხმარებელი მნიშვნელოვნად დააზიანა. რა უნდა ჩაითვალოს მომხმარებლის მნიშვნელოვან დაზიანებად დამოკიდებულია კონკრეტული საქმის გარემოებებზე, არ არის კანონმდებლობით ცალსახად და წინასწარ განსაზღვრული, უკავშირდება როგორც მატერიალურ ზიანს, რაც შესაძლოა მისდგომოდა ან მიადგა კონკრეტულ სუბიექტს, ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს არამატერიალური ხასიათის ზიანსაც.
63. ნ. მ–ს ქმედებებმა - ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებამ, მათმა გამოყენებამ/გასაღებამ და თავად იმ ფაქტმა, რომ ბავშვებს საკვებად მიეწოდათ ცხენის ხორცი, ნაცვლად მოთხოვნილი საქონლის ხორცისა, ერთის მხრივ შექმნა ფინანსური ზიანის საფრთხე, ხოლო მეორე მხრივ, ასევე საფრთხის ქვეშ დააყენა ბავშვების ჯანმრთელობა ბაგა-ბაღებში ვეტერინარული გზით შეუმოწმებელი ხორცის შეტანით - დადგენილია, რომ ნ. მ–ს ქმედების შედეგად, არაერთმა ბავშვმა საკვებად მიიღო საქონლის ხორცის ნაცვლად შეუმოწმებელი ცხენის ხორცი.
64. მატერიალური სიკეთის მიღების სურვილით ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდებისას და მიწოდებისათვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებისას, შესაძლოა ნ. მ–ს არ ჰქონდა მომხმარებლის, ბაგა-ბაღებისა და მათი აღსაზრდელების მნიშვნელოვნად დაზიანების სურვილი, მაგრამ ვეტერინარულად შეუმოწმებელი ხორცით მომარაგებისას, ის შეგნებულად უშვებდა ან მინიმუმ გულგრილად ეკიდებოდა ამგვარი ზიანის დადგომას, თუმცა, რადგან ბრალდების მხარე ნ. მ–ს ედავება არა ბაღების აღსაზრდელებისათვის ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხის შექმნას, არამედ მიწოდებული 20.5 კგ. ცხენის ხორცის ღირებულების თანხას - 287 ლარს, სასამართლო შეზღუდულია ბრალდების ფარგლებით და მოკლებულია ქმედების ამ ასპექტში შეფასების შესაძლებლობას.
65. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ააიპ ,,..........ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ მნიშვნელოვნად - 287 ლარით დაზარალების შესახებ, რადგან მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ააიპ ,,..........ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას“ მითითებული თანხა არ აქვს გადახდილი. კერძოდ, ააიპ ,,..........ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღებისა და ბაგა-ბაღების) გაერთიანების“ დირექტორმა ხ. გ–მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მომხდარის შედეგ შპს ,,.......“ დააჯარიმეს - 20 000 ლარით, ამასთან მიუხედავად იმისა, რომ უცნობია რა სახის ხორცი მიაწოდა მან ბაღებს მთლიანობაში, აღნიშნულის გამო აღარ ჩაურიცხეს 9000 ლარი, რომელიც უნდა გადაეხადათ შპს-თვის. მითითებულ თანხაში შედის ამოღებული ცხენის ხორცის საფასურიც - 287 ლარი. ასევე, ააიპ „.........ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ შესყიდვების კოორდინატორ ქ. ი–ს ჩვენების თანახმად, ლაბორატორიული კვლევის შედეგის საფუძველზე შპს ,,.......სთან“ გაწყვიტეს ხელშეკრულება და დააჯარიმეს 20 000 ლარის ოდენობით. 9000 ლარის დაქვითვა მოხდა პირდაპირ, რადგან 2018 წლის 16 ოქტომბრამდე შეტანილი ხორცის გამო შპს ,,.......ს“ ეკუთვნოდა აღნიშნული თანხა ბაღების გაერთიანებისგან, შესაბამისად თანხის დარიცხვა აღარ მოხდა შპს-ს ანგარიშზე და გაიქვითა ჯარიმაში.
66. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დაზარალებულმა მხარემ მოცემულ შემთხვევაში ვერ მიიღო ფინანსური ზიანი, ხოლო ბრალის დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე ნ. მ–ს ედავება მხოლოდ მატერიალური ხასიათის ზიანს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. მ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ნ. მ.მ გაასაღა მის მიერ დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტი (მიღება-ჩაბარების N... აქტი), სახეზე არ არის მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მაკვალიფიცირებელი გარემოება - მნიშვნელოვანი ზიანი.
67. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას ნ. მ–ს გამართლების შესახებ, რადგან მისი პოზიცია არ გამომდინარეობს გამოკვლეული მტკიცებულებების საერთო ანალიზიდან. სამართლებრივი თვალსაზრისით ლოგიკურ ბმაშია ერთმანეთთან დოკუმენტების გაყალბების თითოეული ეპიზოდი და ცხენის ხორცის მიწოდება, რომლის პირველ საწყის რგოლს წარმოადგენს ხორცის შემოწმების თაობაზე ვეტერინარული მოწმობის ფორმა №..-ის და მათი თანმხლები ეტიკეტების გაყალბება ნ. მ–ს მიერ, რასაც არც სააპელაციო სასამართლო უარყოფს (დაცვის მხარის მიერ არც ამ ნაწილში იქნა გასაჩივრებული განაჩენი საკასაციო წესით).
68. საკასაციო სასამართლოს სამართლებრივად არასწორად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. მ–ს ვეტერინარული მოწმობის გაყალბების ნაწილში გამტყუნების და იმავდროულად მომხმარებლის მოტყუების ნაწილში მისი გამართლების შესახებ, რადგან ასეთ შემთხვევაში პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, რაში სჭირდებოდა ვეტერინარული მოწმობა - ფორმა N.. და მის თანხმლებ ეტიკეტებში ხორცის მოცულობის გაყალბება (კილოგრამების მეტობით მითითება). ასევე, გაუგებარია ზედნადებების გაყალბების ნაწილში განზრახვის გამორიცხვის და ქმედების გულგრილობად დაკვალიფიცირების შესახებ გადაწყვეტილება, რადგან გაუგებარია რა უნდა მოემოქმედა ზედნადების შედგენისას მონაცემთა სიზუსტის დასაცავად ნ. მ–ს, თუ მისთვის საერთოდ არ იყო ცნობილი ცხენის ხორცის არსებობა, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მისი მხრიდან დაშვებას, რომ შესაძლებელია სადავო ზედნადებებში უთითებდა არასწორ ინფორმაციას.
69. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება: მსჯავრდებული ნ. მ. ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 362–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (რაშიც სააპელაციო სასამართლოს მიერ გამართლდა) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 362–ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო მის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ–ის 2201 მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ამასთან, ნ. მ–ს მსჯავრდება საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის ეპიზოდები) უნდა დარჩეს უცვლელად.
70. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას. ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011), გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no. 21447/11, no. 35839/11, §65, 66; 27/02/2020).
71. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
72. სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს და ითვალისწინებს, მათ შორის მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი ქმედების ხასიათს, დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდგომ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების არ არსებობას ასევე ითვალისწინებს, რომ ნ. მ. დადებითად ხასიათდება საქმეზე გამოკითხული პირების მიერ და მიაჩნია, რომ ნ. მ–ს სასჯელის ზომა უნდა განესაზღვროს, შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალურთან მიახლოვებული ხანგრძლივობით.
ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. მ–ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მითითებული სასჯელი, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ირაკლი კოძახიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
ნ. მ. ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 5000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. მ–ს სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;
3. მსჯავრდებულ ნ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 თებერვლიდან;
4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე