საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002275875
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №335აპ-21 ქ. თბილისი
ბ. გ.335აპ-21 7 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძისა და მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის განაჩენით გ. ბ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5000 ლარი ჯარიმა.
2. გ. ბ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 04:10 საათზე, თ–ში, ც–ს ქუჩაზე, #... საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ბ., რომელიც მართავდა ავტომანქანა „BMW X5-ს“, სარეგისტრაციო ნომრით ........., დაეჯახა ქვეითებს, გ. გ–სა და დ. გ–ს. შეჯახების შედეგად, გ. გ. გარდაიცვალა, ხოლო დ. გ–მ დაკარგა გონება და გადაყვანილ იქნა „........... კლინიკაში“. გ. ბ., რომელსაც ევალებოდა დაჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულებზე ზრუნვა და შეეძლო მათი დახმარება, ავტომობილით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და დაზარალებულები მიატოვა განსაცდელში, რომლებსაც შესაძლებლობა არ ჰქონდათ, მიეღოთ ზომები თავის დასაცავად. საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, გ. გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ. გ–მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ და მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც–მ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის განაჩენი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ და მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც–მ.
პროკურორი მარინე ლომიძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას და გ. ბ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის - დანიშვნას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
დაცვის მხარე ითხოვს გ. ბ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 86-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ხოლო, თუ ბოლო თვეს არ აქვს შესაბამისი რიცხვი - ამ თვის ბოლო დღე-ღამეს. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენზე პროკურორის მიერ ელექტრონული საშუალების(ელექტრონული ფოსტა) გამოყენებით საკასაციო საჩივარი შეტანილია გასაჩივრების 1 თვიანი ვადის დაცვით - 2021 წლის 5 მარტს (იხ. ტ. 3, ს.ფ. 67).
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც–ს არგუმენტებს, რომ გ. ბ–ს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რადგან დაზარალებულებზე შეჯახების მომენტი არ დაუნახავს და შესაბამისად, არ იცოდა, თუ რას ან ვის შეეჯახა, მეორე მხრივ კი მას არ შეეძლო დაზარალებულთა იმავდროული დახმარება, გ. გ. შეჯახებისთანავე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ. გ–მ მიიღო დაზიანება, რომელიც სახიფათო არ არის სიცოცხლისათვის.
9. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დაცვის მხარის მოცემული მსჯელობა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - განსაცდელში მიტოვება ფორმალურ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება და დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც პირს წარმოეშვა დახმარების აღმოჩენის ვალდებულება. დამდგარ შედეგს(განხორციელებულია თუ არა ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში შედეგი, სათანადო დახმარების შემთხვევაშიც დადგებოდა სიკვდილი თუ არა) ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პასუხისმგებლობის საფუძველია განსაცდელში მყოფი ადამიანის დაუხმარებლობის ფაქტი.
10. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს გ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით მსჯავრდების თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება გ. ბ–სათვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია პიროვნების გამოცხადების ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ ქ. თბილისის, პოლიციის მთავარი სამმართველოს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახურში გამოცხადდა გ. მ–ს ძე ბ. და განაცხადა, რომ საკუთრებაში ჰყავს ავტომობილი „BMW X5” სახელმწიფო ნომრით ........... და აღნიშნული ავტომობილით დაახლოებით 04:20 სთ-ზე მოძრაობდა ც. დ–ს ქუჩაზე, რა დროსაც დაეჯახა ქვეითად მოსიარულეებს, ასევე განაცხადა, რომ ქვეითებზე შეჯახების შემდეგ ძლიერ აღელდა, შეეშინდა და ვერ გაჩერდა. სახლში მისვლის შემდეგ გადაწყვიტა გამოცხადებულიყო საგამოძიებო ორგანოში. მითითებული ოქმი მხარეთა მიერ ცნობილ იქნა უდავო მტკიცებულებად, დაცვის მხარემ გ. ბ–ს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ „უდავო მტკიცებულება ნიშნავს მტკიცებულებას, რომელიც გამოკვლევას არ საჭიროებს, პრეიუდიციაა და გამოკვლეულად არის მიჩნეული, პრეიუდიციად მიჩნეული ნებისმიერი ოქმი, წერილობითი დოკუმენტი, ითვლება, რომ მასზე ხელმოწერა სადავო არაა, მხარეს მის შინაარსთან არანაირი პრეტენზიები არ გააჩნია. გამოცხადების ოქმი არის უდავოდ ცნობილი მტკიცებულება, რომელსაც დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის“ (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის სხდომის ოქმი 19:03:28 – 19:05:00).
11. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის განაჩენი იგივე არგუმენტებით გაასაჩივრა სააპელაციო წესით და კასატორის არგუმენტებს სააპელაციო სასამართლომ ამომწურავი პასუხები გასცა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო წარმოდგენილ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული რაიმე ახალი გარემოების ან ფაქტის შესახებ, რაც საჭიროებს სასამართლოს მხრიდან შეფასებას;
12. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
13. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ გ. ბ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძისა და მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
შ. თადუმაძე