საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 12.10.2021
საქმის ნომერი
2კ-389აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.10.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002356563

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №389აპ-21 ქ. თბილისი

ბ. ზ. 389აპ-21 12 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძისა და მსჯავრდებულ ზ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ქ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ბ–ს, დაბადებული 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია;

- საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - განსაცდელში მიტოვებას, დაუხმარებლად იმის მიტოვებას, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება.

2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

- 2017 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. თ–ში, .......ის გზატკეცილზე, ზ. ბ–მ, რომელიც მართავდა ,,სუზუკი გრანდ ვიტარას“ მარკის ავტომანქანას, სარეგისტრაციო ნომრით .........., ყოველგვარი ხელშემშლელი პირობების გარეშე, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და შეეჯახა ქვეით გ. გ–ეს. აღნიშნული ქმედებით ზ. ბ–მ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა. გ. გ–ე საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით გადაყვანილი იქნა შპს ,,....... ჰოსპიტალში“, სადაც იმავე დღეს - 2017 წლის 18 ივლისს, გარდაიცვალა.

- ზ. ბ–ი, რომელსაც ევალებოდა დაჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულზე ზრუნვა, შეეძლო მისი დახმარება, ავტომანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და განსაცდელში მიატოვა დაზარალებული, რომელსაც შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით ზ. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

ზ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა ზ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მულის მე-5 ნაწილით და 128-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა და საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - ჯარიმის, მკაცრი სასჯელით - პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთით შეცვლა; დაცვის მხარემ ითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი (კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში) დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ და მსჯავრდებულ ზ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ქ–მ. პროკურორი საჩივრით ითხოვს ზ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მულის მე-5 ნაწილით და 128-ე მუხლით დამნაშავედ ცნობას და საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - ჯარიმის, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთით შეცვლას; ადვოკატი საჩივრით ითხოვს ზ. ბ–ს სრულად გამართლებას.

7. 2021 წლის 27 აპრილის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ქ–ს შუამდგომლობა გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ დაკმაყოფილდა და აღდგენილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადა.

8. ადვოკატმა თ. ქ–მ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვს მის განუხილველად დატოვებას, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და ზ. ბ–ს საქართველოს 128-ე მუხლში გამართლებას.

9. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც ზ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილში გამართლების, ისე საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლში მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს, რომ კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო მძღოლ ზ. ბ–ს მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, თუმცა ადასტურებს ზ. ბ–ს მიერ გ. გ–ს განსაცდელში მიტოვებას, მაშინ როცა, ზ. ბ–ს ევალებოდა ავტომანქანით დაჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, მაშინ როცა, თავად გ. გ–ეს შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად.

11. ბრალდების მხარე მსჯავრდებულს ედავება, რომ ზ. ბ–მ ყოველგვარი ხელშემშლელი პირობების გარეშე, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და შეეჯახა ქვეით გ. გ–ეს, რომელიც იმავე დღეს გარდაიცვალა.

12. ბრალდების მხარე საკუთარი ვერსიის დადასტურებას ცდილობს ტ. ს–ს, გარდაცვლილ გ. გ–ს ძმის - ო. გ–სა და ექსპერტების - კ. შ–სა და დ. დ–ს ჩვენებებით, ასევე სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, თუმცა განსხვავებულ შეფასებას აძლევს ამ უკანასკნელს.

13. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა უტყუარად იმ ფაქტის მტკიცების შესაძლებლობას, რომ ზ. ბ–მ ......ს გზატკეცილზე მოძრაობისას ავტოსაგზაო შემთხვევამდე: დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები; განახორციელა მანევრი (გასწრება) და უშუალოდ სავალი ნაწილების გამყოფ ზოლზე შეეჯახა ქვეითს.

14. იმ გარემოებაზე, რომ ზ. ბ–ი შეჯახებამდე ასრულებდა მანევრს - გასწრებას, რომლის შესრულებამდეც ევალებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დაცვა, კერძოდ: უნდა დარწმუნებულიყო, რომ არ შეუქმნიდა საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით - მიუთითა მოწმე ტ. ს–მ გამოკითხვის ოქმში (გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე) და განმარტა, რომ მან დაინახა „სუზუკის“ ფირმის ავტომანქანა, რომელიც გასწრების მანევრის შესრულებისას დაეჯახა გზის შუა ნაწილში, წყვეტილ ხაზზე, უმოძრაოდ მდგარი ორი ქვეითიდან ერთ-ერთს.

15. ასევე, ო. გ–მ ფაქტის აღწერისას განმარტა, რომ მის ძმას რ–ს მხრიდან მოძრავი ავტომანქანის გადასასწრებად საპირისპირო ზოლში გადასული ავტომანქანა დაეჯახა. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ო. გ–ს ჩვენება არ არის კატეგორიული, რადგან მოწმემ იმავე დაკითხვისას განმარტა, რომ შეჯახების მომენტი და შეჯახების ადგილი არ დაუნახავს, კერძოდ: ძმასთან ერთად გზაზე გადასვლისას, მან გ. გ–ს გადაასწრო, ხოლო, როდესაც შეჯახების ხმაზე უკან მიიხედა, გ. გ–ე უკვე ჰაერში ავარდნილი დაინახა.

16. ამდენად, ტ. ს–ს და ო. გ–ს ჩვენებები არ არის თანხვდენილი, კერძოდ, ტ. ს–მ, დაადასტურა, რომ გ. და ო. გ–ები უმოძრაოდ იდგნენ წყვეტილ ხაზზე (ზ. ბ–ი გასწრების დროს დაეჯახა მხოლოდ გ. გ–ეს), ხოლო ო. გ–მ კატეგორიულად გამორიცხა შეჯახების დროს ძმასთან ერთად საავტომობილო გზის შუაში, წყვეტილ ხაზზე დგომა და განმარტა, რომ ძმას გადაასწრო და მხოლოდ შეჯახების ხმაზე მიიხედა უკან.

17. მოწმე დ. ბ–მ დაკითხვისას კატეგორიულად გამორიცხა ზ. ბ–ს მხრიდან მანევრის - გასწრების და მსჯავრდებულის მხრიდან საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანების ზოლში გადასვლის ფაქტი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ზ. ბ–ს საგზაო შემთხვევიდან დაახლოებით 1-1,5 კმ-ში წამოეწია და სიგნალით ანიშნა გაჩერებულიყო. ეს უკანასკნელი შეჩერდა, უთხრა, რომ შემთხვევის ადგილზე არ გაჩერდა, რადგან იქ მყოფი ხალხის აგრესიის შეეშინდა. ამასთან, სთხოვა საპატრულო პოლიციაში დარეკვა და მომხდარის თაობაზე განაცხადის გაკეთება.

18. ზ. ბ–მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ რ–ს მხრიდან თ–ს მიმართულებით მოძრაობდა საკუთარი ავტომანქანით, დაახლოებით 40-50 კმ/სთ სიჩქარით. მოძრაობდა გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ გზასთან ახლოს, დაახლოებით ერთი მეტრის მანძილზე, როცა მის წინ მოულოდნელად გაჩნდა მამაკაცი, რომელიც მანამდე არ დაუნახავს. ავტომანქანის დამუხრუჭება ვეღარ მოასწრო და მამაკაცს შეეჯახა. შეეშინდა, ადგილზე მყოფ ადამიანებს მის მიმართ აგრესია არ გამოეხატათ და დატოვა შემთხვევის ადგილი, თუმცა გადაწყვიტა პოლიციას ჩაბარებოდა.

19. სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 30 აპრილის N......... დასკვნის (ექსპერტები: კ. შ–სი და დ. დ–სი) თანახმად:

- გამოძიებით დადგენილ საგზაო სიტუაციაში, ავტომობილ „სუზუკი გრანდ ვიტარა“, .........-ს მძღოლ ზ. ბ–ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;

- გამოძიებით დადგენილ საგზაო სიტუაციაში, გადაწყვეტა საკითხისა, დარღვეული აქვს თუ არა ქვეითად მოსიარულე გ. გ–ს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, დადებით შემთხვევაში - რომელი მუხლი, არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და გადაწყვეტილი უნდა იქნეს თვით საგამოძიებო ორგანოების მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია: ვინაიდან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და მასზე თანდართულ სქემაში არ არის დაფიქსირებული შემთხვევის ადგილზე ავტომობილის მიერ დატოვებული რაიმე სახის (დამუხრუჭების, მოცურების და სხვა) კვლები და მიწის წვრილი ნაწილაკების ჩამონაყარი, განსაზღვრა იმისა თუ სავალი ნაწილის რომელ უბანზე, რა სიჩქარით და როგორი ტრაექტორიით მოძრაობდა ავტომობილი „სუზუკი გრანდ ვიტარა“ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე და სად მდებარეობს ავტომობილის ქვეითზე დაჯახების ადგილი, ე.ი. თუ როგორ განვითარდა საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი, ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის გზით დადგენა შეუძლებელია.

20. მოცემული საქმის მასალებით საკითხის დადგენა თუ სად და როგორ მოხდა შეჯახება, შეუძლებელია, ხოლო ექსპერტმა კ. შ–მ განმარტა, რომ სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ეყრდნობა გამოძიების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას; ავტოსაგზაო შემთხვევა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ გასწრების მანევრის დაწყებამდე ზ. ბ–ი არ დარწმუნდა მის უსაფრთხოებაში, რითაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები დაარღვია.

21. მოწმე კ. შ–მ დაკითხვისას ასევე განმარტა, რომ საღებავისა და სხვა ჩამონაყარის ადგილმდებარეობით შეჯახების ადგილის დადგენა შესაძლებელი არ არის, უმეტეს შემთხვევაში იგი მიწის წვრილი ნაწილაკების კვლევით დგინდება. მოცემულ შემთხვევაში ავტომანქანის მიერ დატოვებული რაიმე სახის (დამუხრუჭების, მოცურების და სხვა) კვლები არ იყო, შესაბამისად შეჯახების მექანიზმი - რა სიჩქარით და როგორი ტრაექტორიით მოძრაობდა ავტომანქანა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე და სად მდებარეობდა ავტომანქანის ქვეითზე დაჯახების ადგილი, ვერ განისაზღვრა.

22. დ. დ–მ განმარტა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმის დანართის - ნახაზის თანახმად, წყვეტილი ხაზიდან ქვეითად მოსიარულეთა გზამდე არის 8,6 მეტრი. თუ ზ. ბ–ი ღერძულა ხაზზე დაეჯახა ქვეითად მოსიარულეს, ნამსხვრევები ვერ მოხვდებოდა მარჯვენა მხარეს გვერდულიდან (ქვეითად მოსიარულეთა გზიდან) 1,4 მეტრში (იხ. სასამართლო სხდომის 2020 წლის 3 აგვისტოს ოქმი 53:30). აქედან გამომდინარე, ექსპერტმა დაადასტურა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენა თუ სად და როგორ მოხდა შეჯახება, საქმეში წარმოდგენილი მასალებით შეუძლებელია.

23. იმ პირობებში, როდესაც: ზ. ბ–ს გვერდზე და უკან ავტომანქანით მოძრავმა დ. ბ–მ გამორიცხა ზ. ბ–ს საწინააღმდეგო ზოლში გადასვლის ფაქტი; მანვე, დაადასტურა, ზ. ბ–ს მოძრაობა სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლში, ანუ ქვეით მოსიარულეთა ბილიკის მხარეს; მძღოლის ავტომანქანის პლასტმასის და საღებავის ნამტვრევები ნახაზის მიხედვით ყრია ქვეითთა ბილიკთან 1,4 მეტრში, ხოლო ექსპერტები ადასტურებენ, რომ სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც: მძღოლ ზ. ბ–ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, ემყარება მხოლოდ გამოძიების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის ვერსიას, რომ მოწმეების ტ. ს–ს და ო. გ–ს ჩვენებები ექსპერტ დ. დ–სის ჩვენებასთან ერთად ადასტურებს, რომ შეჯახება მოხდა ავტომანქანების სავალი გზის გამყოფ ზოლზე, რა დროსაც ზ. ბ–ი ახორციელებდა მანევრს, კერძოდ, გასწრებას, რა დროსაც მან დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. გარდა იმისა, რომ ექსპერტმა დ. დ–სმა მიმოიხილა გამოძიების მიერ დაშვებული ვერსია, მას არ დაუდასტურებია შეჯახების კონკრეტული ადგილი, საპირისპიროდ გამორიცხა წყვეტილ ხაზზე შეჯახება, იმ პირობებში, როცა დადასტურებულია, რომ ავტომანქანის ნამსხვრევები ყრია ქვეითთა ბილიკიდან 1,4 მეტრში, რადგან ასეთ შემთხვევაში შეჯახების შემდეგ მძღოლი უნდა დაბრუნებულიყო იმავე კოორდინატებში, სადაც ჩამონაყარია დაფიქსირებული, რაც წარმოდგენილი მასალებით უტყუარად არ არის დადასტურებული.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ ზ. ბ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

25. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს; ხოლო საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალებაში გამართლების თაობაზე.

27. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ტ. ს–ს 2018 წლის 18 ივლისის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ რ–ს მხრიდან გ–ს ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც დაეჯახა ქვეითს, დატოვა შემთხვევის ადგილი.

28. საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა მ. წ–მ დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე არც მძღოლი და არც ავტომანქანა არ დახვედრია. მძღოლის ადგილსამყოფელი შეტყობინების ინიციატორის დახმარებით გახდა ცნობილი, რომელიც ავტოავარიის შემდეგ მიმალულ მძღოლს დაედევნა.

29. მოწმე დ. ბ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ „სუზუკის“ ფირმის ავტომანქანა დაეჯახა ქვეითად მოსიარულე მამაკაცს და გზა განაგრძო. დაახლოებით 1-1,5 კილომეტრში დ. ბ–ე წამოეწია ზემოაღნიშნულ ავტომანქანას, რომლის მძღოლსაც სიგნალით ანიშნა გაჩერებულიყო. მძღოლმა ავტომანქანა გააჩერა და უთხრა, რომ შემთხვევის ადგილზე არ გაჩერდა, რადგან იქ მყოფი ხალხის აგრესიის შეეშინდა. მანვე (ზ. ბ–მ), საპატრულო პოლიციაში დარეკვა და მომხდარის თაობაზე განაცხადის გაკეთება სთხოვა.

30. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზ. ბ–ს მცდელობა შეჩერებულიყო და დახმარება აღმოეჩინა გ. გ–სათვის, რა დროსაც ადგილზე მყოფმა პირებმა მის მიმართ რაიმე სახის აგრესია გამოიჩინეს; ასევე არ დასტურდება, რომ ზ. ბ–ს არ ჰქონდა რეალური შესაძლებლობა მიეღო ზომები გ. გ–ს დასახმარებლად.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ზ. ბ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - განსაცდელში მიტოვება, ე.ი. დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება.

32. პროკურორი საკასაციო საჩივრით ასევე ითხოვს საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში სასჯელის დამძიმებას და უთითებს, რომ ზ. ბ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 2000 ლარი არის ლმობიერი. პროკურორი ყურადღებას ამახვილებს, რომ მსჯავრდებულმა სრულად არ აანაზღაურა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი და დღემდე არ ცნობს თავს დამნაშავედ.

33. საკასაციო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთ გარემოებაზე, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას კანონი მას არ ავალდებულებს; დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის N51აპ-19 განჩინება).

34. მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარება ან/და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეწყობა წამახალისებელი ნორმებია და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას. არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 5 იანვრის N641აპ-20 განჩინება). ბრალის აღიარება, საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადება და თანამშრომლობა წამახალისებელი ნორმებია, რაც პირს არაფერს ავალდებულებს, პირიქით, საკანონმდებლოს დონეზე და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებულია დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დუმილის უფლება და უფლება კანონით ნებადართული ყველა საშუალებით დაიცვას საკუთარი ინტერესები. ამდენად, არასწორია ვალდებულების არ არსებობისას პირის მიერ მისთვის კანონით მინიჭებული უფლების გამოყენების პასუხისმგებლობის დამამძიმებელად მიჩნევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის N932აპ-09 განჩინება).

35. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სრულყოფილად შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და მსჯავრდებულის ასაკის გათვალისწინებით, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

36. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც სასამართლოც ეთანხმება.

37. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესს, რომლის თანახმად - ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე“.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

39. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძისა და მსჯავრდებულ ზ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ქ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე