დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 07.12.2021
საქმის ნომერი
50აგ.-2021
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
07.12.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142221700146219

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №50აგ-21 7 დეკემბერი, 2021 წელი

ტ-ი ზ, 50აგ-21 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენით:

ზ. ტ-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდება.

ზ. ტ, - დაბადებული .... წლის .. თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ და ,,ი’’ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

ზ. ტ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყება დაკავების მომენტიდან.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ტ-ის ინტერესების დამცველ, ადვოკატ მ. ლ-ის შუამდგომლობა გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

3. 2021 წლის 12 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ზ. ტ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ლ-ემ და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით:

მსჯავრდებულ ზ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ლ-ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. მსჯავრდებულის ადვოკატმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის განსახილველად დაშვება.

5.1. კასატორის მითითებით, ვინაიდან ზ. ტ. 2006 წლის 11 მარტიდან ცხოვრობს და მუშაობს უცხოეთში, მან გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის განაჩენის თაობაზე მხოლოდ 2021 წლის 22 მარტს შეიტყო; აღნიშნულის შემდეგ, მეორე დღესვე (ე.ი. 2021 წლის 23 მარტს), მიმართა ნოტარიუსს და დაამოწმებინა განცხადება და მინდობილობა, რომელიც საქართველოში 2021 წლის 14 აპრილს ჩამოვიდა. ზ. ტ-მა გამოიყენა გორის რაიონული სასამართლოს განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება – მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე, მაგრამ, ვინაიდან გაცდენილი ვადა არ აღუდგა (რასაც დაცვის მხარე აგრეთვე არ ეთანხმება), შესაბამისად, ვადის აღდგენის თაობაზე შუამდგომლობასთან ერთად წარდგენილი სააპელაციო საჩივარი გორის რაიონულმა სასამართლომ განსახილველად არ გადააგზავნა სააპელაციო სასამართლოში. მაშასადამე, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი (რომელიც არ საჩივრდება). რამდენჯერმე განაჩენის გასაჩივრების უფლებას კი, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს იმ გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს, როდესაც დასაშვებია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ, ხსენებული მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. როგორც საქმის მასალებით დგინდება, გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენით ზ. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ და ,,ი’’ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). მართალია, იმ დროისათვის ზ. ტ. იყო ძებნილი, მაგრამ, ხსენებული საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები - მ. დ და გ. ტ, რომელთათვისაც ცნობილი გახდა მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მსჯავრდების ფაქტი.

4. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კასატორის, ადვოკატ მ. ლ-ის მტკიცებით, მის მიერ შუამდგომლობაზე თანდართული მასალით დგინდება, რომ მსჯავრდებულმა ზ. ტ-მა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენის თაობაზე შეიტყო - 2021 წლის 22 მარტს. აღნიშნულის შემდეგ, დაცვის მხარემ დაახლოებით ერთ თვეში, კერძოდ, 2021 წლის 20 აპრილს, გორის რაიონულ სასამართლოში შეიტანა სააპელაციო საჩივარი და შუამდგომლობა - გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ლ-ის შუამდგომლობა (ე.ი. რომელიც შეეხებოდა გაცდენილი ვადის აღდგენას) არ დაკმაყოფილდა და განჩინებაში მიღებული გადაწყვეტილების მოტივად მიეთითა - საქართველოს სსსკ-ის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული დანაწესის დაუცველობა (გაცდენილი ვადის აღდგენის შუამდგომლობა სასამართლოში წერილობით უნდა იქნეს შეტანილი საპატიო მიზეზის აღმოფხვრიდან 1 კვირის განმავლობაში). ვინაიდან გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება, შესაბამისად, დაცვის მხარემ მიიჩნია, რომ მას უკვე ამოწურული ჰქონდა სააპელაციო წესით განაჩენის გასაჩივრების უფლება. ამასთან, რადგან საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით განაჩენის გადასინჯვის საფუძველი იკვეთებოდა, შესაბამისად, ადვოკატმა 2021 წლის 12 ივლისს სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა - და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2021 წლის 16 ივლისის განჩინებაში მიუთითა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრების ყველა სამართლებრივი მექანიზმი ამოწურული არ იყო, რის საფუძველზეც დაუშვებლად ცნო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა. საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეთანხმება და იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.1. საქართველოს სსსკ-ის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვეში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

5.2. მოცემულ შემთხვევაში, როგორც გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენით დგინდება, ზ. ტ. გადაწყვეტილების გამოტანის დროს იყო მიმალული. შესაბამისად, მოცემული სისხლის სამართლის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან ზ. ტ. დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან სარგებლობს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით, მის მიერ კანონით დადგენილი განაჩენის გასაჩივრების მექანიზმი სრულყოფილად არ ამოწურულა.

6. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით უთითებს, რომ ის მასალები, რომლებიც დაცვის მხარემ შუამდგომლობას დაურთო (ზ. მ-ის, ე. ბ-ის, პ. დ-ის, მ. ბ-ის გამოკითხვის ოქმები), არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. ხსენებული ქვეპუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯოს, წარდგენილი უნდა იყოს ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.

7. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატმა გამოკითხა ე. ბ. (მსჯავრდებულის და), რომელმაც მიუთითა, რომ შემთხვევის დღეს ის, ძმასთან (ზ. ტ-სთან) და მეუღლესთან (ზ. მ-სთან) ერთად მივიდა საკუთარ მშობლებთან. მათ აღნიშნეს ღვთისმშობლობა და 12 საათზე, როდესაც წამოსვლა გადაწყვიტეს, ის და მისი მეუღლე გამოემშვიდობნენ ზ-ს, რომელიც იყო ნასვამი. ე. ბ-ის გორის რაიონული სასამართლოს შესახებ ახლა გახდა ცნობილი. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები მიუთითა ე. ბ-ის მეუღლემ - ზ. მ-ემ. რაც შეეხება პ. დ-სა და მ. ბ-ს, ადვოკატის მიერ შედგენილ გამოკითხვის ოქმებში მითითებულია, რომ მათ ახლა შეიტყვეს, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაყრდნობით გაამტყუნა ზ. ტ. გორის რაიონულმა სასამართლომ. პ. დ-სა და მ. ბ-ს არ მიუთითებიათ ზ. ტ-ზე, როგორც მათი ჯგუფის წევრზე. შემთხვევის დღეს, 2004 წლის 21 სექტემბერს, ზ. მათთან ერთად არ ყოფილა და არც ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანის საჭესთან მჯდარა.

8. პ. დ-სა და მ. ბ-ის აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენის სამოტივაციო ნაწილში ნათლად არის მითითებული, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 იანვრის განაჩენით უტყუარად იყო დადგენილი მ. ბ-სა და პ. დ-ის მიერ სწორედ ზ. ტ-სთან ერთად საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,გ,“ ,,ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ანალოგიურად, ხსენებული პირები მოხსენიებულნი არიან გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენის საბრალდებო დასკვნის მიმოხილვის ნაწილში. შესაბამისად, მტკიცება, რომ ჯგუფის წევრებმა ახლა შეიტყვეს, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაყრდნობით გამტყუნდა ზ. ტ, უსაფუძვლოა. ამასთან, გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებაში მიმოხილულია ის მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც ზ. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ. მათ შორისაა - დაზარალებულ ლ. ე-ის ჩვენება, რომელიც მიუთითებს ზ. ტ-სა და მისი ,,ოპელის“ ავტომანქანის საჭესთან ჯდომის ფაქტზე; ამასთან, დაზარალებული შემთხვევის დღედ მიუთითებს - 2004 წლის 21 სექტემბერს. დაზარალებული ე. ი. კი აღნიშნავს, რომ მანქანა, რომელშიც თავდამხსმელები ისხდნენ, ზ. ტ-ს ეკუთვნოდა და სოფელში მსგავსი, სხვას არავის ჰყავდა.

9. ამდენად, ადვოკატის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილი შუამდგომლობა, მასზე თანდართული მასალის შინაარსი, ისევე, როგორც საკასაციო საჩივარი, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის არამხოლოდ ,,ზ“ ქვეპუნქტის, არამედ სხვა, დანარჩენი საფუძვლის მოთხოვნებსაც.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ზ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ლ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი