საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№489აპ-21 ქ. თბილისი
ღ. გ., 489აპ-21 15 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ღ-ს ბრალი დაედო: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ძარცვაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 10:30 საათზე, წ-ში, ხ. უ-ში, 2. მ-ის ტერიტორიაზე მდებარე ნ. ა-ის ოჯახის კუთვნილ თხილნარში მყოფმა გ. ღ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. ა-ს – რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი სხეულის სხვადასხვა ადგილას, ასევე დაარტყა ხელი მკლავზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2019 წლის 7 აგვისტოს, დილის საათებში, გ. ღ- წ-ში, ხ. უ-ში, 26 მ-ის ტერიტორიაზე მდებარე ი. ა-ის კუთვნილი თხილნარიდან აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა გაურჩეველი თხილის ნაყოფს, რის შედეგადაც ი. ა-ს მიადგა 70 ლარის ქონებრივი ზიანი.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით გ. ღ, – - – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, 2019 წლის 7 აგვისტოდან იმავე წლის 12 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მარიამ ქორიძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განაჩენის შეცვლას, გ. ღ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის შესაბამისი, კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა მსჯავრდებულ გ. ღ-ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ღ-ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დავა მიწის ნაკვეთზე (სადაც გ. ღ. დაეუფლა თხილს). გ. ღ-მ იცოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი იყო თავისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის განუყოფელი ნაწილი და სასამართლოს გადაწყვეტილებითაც მას ჰქონდა მიკუთვნებული. შესაბამისად, მას არ ჰქონდა სხვისი ნივთის მისაკუთრების განზრახვა და მიიჩნევდა, რომ საკუთარი მიწის ნაკვეთიდან კრეფდა თხილს. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 7 იანვრის №------------- გადაწყვეტილებით გ. ღ-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ადრე ი. ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დარეგისტრირდა გ. ღ-ს სახელზე, საკადასტრო კოდით – ----------.
9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
10. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ღ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას.
11. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მოტივი და მიზანი, დამდგარი შედეგი და გ. ღ-ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილი სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქმეში წარმოდგენილ მსჯავრდებულ გ. ღ-ს საკასაციო საჩივარზე საკასაციო სასამართლო არ მსჯელობს, რადგან იგი შეტანილია საქართველოს სსსკ-ის მე-300 და 302-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე