საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.12.2021
საქმის ნომერი
2კ-655აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.12.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№655აპ-21 ქ. თბილისი

გ-ი დ-ი, 655აპ-21 13 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძისა და მსჯავრდებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დ. გ-ი, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ხოლო 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 7 აპრილიდან.

2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ დ. გ-მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, გ-ი, ვ. გ-ის ქ. №--ის მიმდებარედ არსებულ ავტოფარეხში ყოფნის დროს, შელაპარაკების ნიადაგზე, დ. გ-მა მამას – პ. გ-ს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი ცხვირისა და ნეკნების არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. იმავდროულად, დ. გ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას – პ. გ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება: დ. გ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 7 აპრილიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორი ნიკა მახარაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას, დ. გ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის გამკაცრებას, ხოლო მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. გ-ი ითხოვს გამამტყუნებელ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და დ. გ-ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს (მაგ. სუსგ №140აპ-21, №65აპ-20).

9. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ, ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, წარმოუდგენელია იმის დადგენა, ნამდვილად გაუჩინა თუ არა ბრალდებულის მუქარამ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველ საქმეშიც დაზარალებულმა პ. გ-მა (ბრალდებულის მამამ) საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და შვილის წინააღმდეგ სასამართლოს არ მისცა ჩვენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის განხორციელების შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მითუფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.

10. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დ. გ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და დ. გ-ი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

11. რაც შეეხება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ. გ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დადასტურებულია შეტყობინებით, მოწმე გ. ო-ის ჩვენებით, რომელშიც მითითებულია, რომ პ. გ-ი პირადად გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში და განმარტა, რომ შვილმა – დ. გ-მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა; ნ. გ-ის ჩვენებით, რომლითაც დადგენილია, რომ 2020 წლის 4 აპრილს მამამთილმა – პ. გ-მა უთხრა, რომ შვილმა – დ. გ-მა გ-ის ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა; მიყენებული დაზიანებების გამო პ. გ-ი სამი დღე ვერ დგებოდა საწოლიდან, ასევე – უჩიოდა ტკივილს გულმკერდისა და მუცლის არეში; რამდენიმე დღის შემდეგ მან მიმართა პოლიციას; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 7 აპრილის №-დასკვნითა და ექსპერტ მ. მ-ის ჩვენებით, რომლებითაც დადასტურებულია, რომ პ. გ-ს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევების სახით, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს; 2020 წლის 6 აპრილის №- შემაკავებელი ორდერითა და თანდართული ოქმით, რომლებში აღწერილი გარემოებები ხელმოწერით დაადასტურა დაზარალებულმა პ. გ-მა.

12. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებები, რომლებიც ურთიერთშეთანხმებულია და ავსებს ერთმანეთს, დაზარალებულის ჩვენების გარეშეც, საკმარისია დ. გ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად (იხ. სუსგ: №443აპ-20, №118აპ-20). საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, დაცვის მხარის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა, რის გამოც მისი გამეორება საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

13. მოწმეთა დაკითხვასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ ამავე კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად, „მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება“. საპროცესო კანონმდებლობით, თუ ბრალდების მხარემ არ წარადგინა რაიმე მტკიცებულება, დაცვის მხარეს შეუძლია, შეიყვანოს დასაკითხ პირთა სიაში და მოითხოვოს იმ მოწმეთა დაკითხვა, რომლებსაც, შესაძლოა, მსჯავრდებულის უდანაშაულობა ემტკიცებინა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

14. ადვოკატი საკასაციო საჩივარში უთითებს საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმესთან მიმართებით არარელევანტურია და ვერ გახდება განაჩენის გაუქმებისა და მსჯავრდებულის გამართლების საფუძველი.

15. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ დ. გ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს და მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.

16. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძისა და მსჯავრდებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე