განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
2კ-877აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001378068

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №877აპ-19 ქ. თბილისი

ჯ. დ., 877აპ-19 22 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

სხდომის მდივან -კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ვლადიმერ თურმანიძის

ადვოკატ - ბ. ბ-ს

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის პროკურორმა დავით ჭარბაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ერთი მხრივ, დ. ჯ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრად შერაცხული დანაშაულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას; კასატორის მტკიცებით, დ. ჯ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციები იყო სწორი და შეესაბამებოდა მის მიერ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებებს, შესაბამისად, სასამართლომ მსჯავრდებული უსაფუძვლოდ გაამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ჯ-ს - დაბადებულს ... წლის 9 მაისს, - ბრალად დაედო: ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, დიდი ოდენობით და ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2015 წლის 3 თებერვალს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მეწარმე სუბიექტად და ბიზნეს ოპერატორად დარეგისტრირდა შპს ,,დ.“ (ს/ნ ..). საზოგადოების ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორი გახდა დ. ჯ. კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია საქართველოში. სულ შპს ,,დ-მ’’ 2015 წლის საანგარიშო პერიოდში შეასრულა - 9988137 ლარის ღირებულების ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი. დ. ჯ-მ, როგორც შპს ,,დ-ს’’ დირექტორმა, 2015 წლის 11 ივნისიდან 2015 წლის 29 ივნისის ჩათვლით შეასრულა 45 სასაქონლო-საბაჟო ოპერაცია, რომლებზეც გაანგარიშდა იმპორტის გადასახდელი - 306 201 ლარი. აღნიშნული სასაქონლო-საბაჟო ოპერაციები შეირჩა იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულებების შესრულების რისკის პროფილით და ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ’’ ინსტრუქციის შესაბამისად გათვალისწინებული საშეღავათო (იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას იმპორტის გადასახდელები გადაიხდება: ა) საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა) პერიოდის გარეშე შპს ,,დ-ს’’ განესაზღვრა კუთვნილი იმპორტის გადასახდელების საბაჟო გაფორმების დროს გადახდა. დასახელებულ პერიოდში დ. ჯ-მ დაამზადა შპს ,,დ-ს’’ კუთვნილი იმპორტის გადასახდელების - 249 214 ლარის გადახდის დამადასტურებელი ყალბი საგადასახადო დავალებები: ..... რომლებიც გამოიყენა იმპორტირებული საქონლის საბაჟო პროცედურების შესრულებისას, იმპორტის გადასახდელების ,,ინტერნეტბანკინგით“ სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხვის დასადასტურებლად, რითაც მოატყუა სსიპ ,,შემოსავლების სამსახური“, რომ 2015 წლის 11 ივნისიდან 2015 წლის 29 ივნისის ჩათვლით შესრულებული - 45 სასაქონლო-საბაჟო ოპერაციით იმპორტირებული საქონლისთვის გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელი - 249 214 ლარი თითქოსდა, სრულად ჩარიცხა სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე, რაც რეალურად არ მომხდარა და რამაც სახელმწიფოს (სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“) 249 214 ლარით ქონებრივი დაზიანება გამოიწვია.

3. დ. ჯ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. ბ. საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენით დ. ჯ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ მიესაჯა ჯარიმა - 3000 ლარი.

5. ბ. საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის პროკურორმა დავით ჭარბაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და დ. ჯ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და კანონიერი სასჯელის შეფარდებას.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლი ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს განეკუთვნება და იგი დამთავრებულად ითვლება მასში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედების (ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება ან შეძენა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი) ჩადენისთანავე.

3. არც მხარეები ხდიან სადავოდ და საკასაციო სასამართლოსაც მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (დაზარალებულის წარმომადგენლის - მ. კ-ს მოწმეების - გ. ლ-ს, ი. დ-ს, ჯ. კ-ს, ნ. თ-ს, თ. ჯ-ს, თ. მ-ს, გ. ც-სა და დ. ჯ-ს (აღიარებს მსჯავრად შერაცხულ ქმედებას) ჩვენებები; შპს ,,დ-ს“ საბაჟო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტები; სსიპ ,,შემოსავლების სამსახურიდან“ და საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი დოკუმენტაცია და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები), რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ. ჯ-მ ნამდვილად ჩაიდინა ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება და, ამდენად, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით არის კანონიერი.

4. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს დ, ჯ-ს სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში, რადგან მიიჩნევს, რომ წარმოდგენილია უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც ცალსახად ადასტურებს დ. ჯ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.

5. იმისათვის, რათა სამართლებრივად სწორად შეფასდეს მხარეთა შორის დავის საგნად ქცეული ქმედების კვალიფიკაცია, უნდა განიმარტოს, როდის იკვეთება დანაშაულის - მოტყუებით ქონებრივი დაზიანების შემადგენლობა და სარწმუნოდ დადგინდეს, მსჯავრდებულის განზრახვა შემოიფარგლა მხოლოდ გაყალბებული საგადასახადო დავალებების წარდგენით საბაჟო გაფორმების ზონიდან იმპორტირებული საქონლის გატანით, როგორც ეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, თუ მისი განზრახვა მოიცავდა იმპორტირებული საქონლისთვის გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელებისაგან მოტყუებით (ყალბი საგადასახადო დავალებების წარდგენით) თავის არიდებასა და მიუღებელი შემოსავლის სახით სახელმწიფოსათვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენებას.

6. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, თავად დ. ჯ. საგადასახადო დავალებების გაყალბებასა და მათ გამოყენებას აღიარებს, თუმცა სახელმწიფოს ქონებრივ დაზიანებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ.

7. საკითხის მართებულად გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს იმ დანაშაულის შემადგენლობას, რომელსაც ბრალდების მხარე დ. ჯ-ს ედავებოდა და რომლის ჩადენასაც მსჯავრდებული აღიარებს - ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება და არა - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, როგორც ამაზე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს თავის განაჩენში და რამაც განაპირობა სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის ქმედების არასწორად შეფასება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა არ მოიცავს ისეთ სავალდებულო ობიექტურ ნიშანს, როგორიც არის - მნიშვნელოვანი ზიანი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას შედეგად მოჰყვება სხვისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება, ქმედება სცდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ფარგლებს და ცალკე კვალიფიკაციას საჭიროებს.

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს განზრახ დანაშაულს და ობიექტური მხრივ, მოიცავს ორ ელემენტს - მოტყუებასა და მესაკუთრისთვის ან ქონების მფლობელისთვის ზიანის მიყენებას ანუ დამდგარი ზიანის არსებობას. ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, ვინაიდან აღნიშნული დანაშაული შედეგიან დელიქტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებელმა ცალსახად მიუთითა, რომ დამნაშავის მიერ ჩადენილ ქმედებაში არ უნდა იკვეთებოდეს თაღლითობის ნიშნები, რადგან, თავის მხრივ, თაღლითობისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების შემადგენლობები ჰგავს ერთმანეთს, ორივე შემთხვევაში ამსრულებელი დანაშაულებრივ ქმედებას სჩადის მოტყუების საშუალებით, მაგრამ თაღლითობის დროს ამსრულებელი მოტყუების გზით ეუფლება სხვის ნივთს, რის შედეგადაც მსხვერპლი კარგავს უშუალოდ მის აქტივში არსებულ ქონებას და ამით მცირდება მისი ქონებრივი მასა, ხოლო მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისას ქონების მესაკუთრეს ან მფლობელს ადგება ზიანი აცდენილი ქონებრივი სარგებლის სახით, რომელიც მას უნდა მიეღო კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის საფუძველზე და ამით უნდა გაზრდილიყო მისი აქტივი.

9. ამდენად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს ორ აუცილებელ ელემენტს - მოტყუებასა და მესაკუთრისათვის/ქონების მფლობელისათვის ზიანის მიყენებას და თავის მხრივ, ეს ზიანი მოცული უნდა იყოს დამნაშავის განზრახვით, იმის გამოსარკვევად, დ. ჯ-მ ჩაიდინა თუ არა ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, უნდა დადგინდეს, ერთი მხრივ, ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით მოატყუა თუ არა მან სახელმწიფო და, მეორე მხრივ, მიაყენა თუ არა ქონებრივი ზიანი.

10. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, ხოლო ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი გადასახადია – გადასახადი (დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, იმპორტის გადასახადი), რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება.

11. ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებითა და ამავე ბრძანებაში 2015 წლის 5 ივნისის ცვლილებებით, იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას იმპორტის გადასახდელები გადაიხდება: საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა; საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულებების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საქონელი გაიშვება გარანტიის წარდგენით. საქონლის გაშვება აგრეთვე შესაძლებელია კუთვნილი იმპორტის გადასახდელების სრულად გადახდით ან იმპორტის გადასახდელების ნაწილზე გარანტიის წარდგენითა და დანარჩენ ნაწილზე თანხის გადახდით.

12. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2015 წლის 3 თებერვალს შეიქმნა შპს ,,დ.“, რომლის დამფუძნებელი, 100 % წილის მფლობელი და დირექტორი იყო დ. ჯ., ხოლო შპს-ს საქმიანობის ტიპად განისაზღვრა - ხილის, ციტრუსების, კაკლოვნების, ბოსტნეულის, მწვანილის, მარცვლეულის, სოკოს, ყურძნის, სუბტროპიკული, ტექნიკური, ბაღჩეული, პარკოსანი, ზეთოვანი, დახურული გრუნტის, ფქვილისა და ფქვილოვანი კულტურების იმპორტი, საწყობი, სათავსი და სხვა.

13. დაზარალებულ სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის - მ. კ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ შპს ,,დ-ს“ იმპორტირებული ტვირთის საბაჟო დეკლარირებისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №290 ბრძანების შესაბამისად, მოსთხოვეს, საშეღავათო პერიოდის გარეშე გადაეხადა კუთვნილი იმპორტის გადასახდელები ან წარმოედგინა გარანტია. შპს ,,დ-ს“ სახელით იმპორტის საბაჟო ოპერაციებს ახორციელებდნენ შპს-ს დირექტორის - დ. ჯ-ს მინდობილი პირები - გ. ლ. და ი. დ. რომლებმაც, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 2015 წლის 11 ივნისიდან ამავე წლის 29 ივნისის ჩათვლით, წარადგინეს ,,კორ სტანდარტ ბანკის“ ,,ინტერნეტბანკინგის“ 49 საგადასახადო დავალება, რომ, თითქოსდა, შესრულებული სასაქონლო-საბაჟო ოპერაციით იმპორტირებული საქონლისთვის გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელი - 249 214 ლარი იყო გადარიცხული, თუმცა დადგინდა, რომ შესაბამისი თანხები ხაზინის ანგარიშზე არ ჩარიცხულა. შესაბამისად, სახელმწიფოს მოტყუებით მიადგა - 249 214 ლარის ზიანი, რომელიც არ ანაზღაურებულა.

14. სსიპ შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბ.“ სასაქონლო ოპერაციების განყოფილების უფროსის - ჯ. კ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ საბაჟო ოპერაციების დროს შპს ,,დ-ს“ მიერ შევსებული სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციები შეირჩა იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულებების შესრულების პროფილით და საქართველოს ფინანსთა მინისტრის №290 ბრძანების შესაბამისად, მოსთხოვეს, რომ საშეღავათო პერიოდის გარეშე გადაეხადა კუთვნილი იმპორტის გადასახდელები ან წარმოედგინა გარანტია. შპს ,,დ-ს“ სახელით, მინდობილობის საფუძველზე მოქმედმა - გ. ლ-მ და ი. დ-მ 2015 წლის 11 ივნისიდან იმავე წლის 29 ივნისის ჩათვლით საბაჟო ოპერაციების განხორციელებისას წარადგინეს ,,კორ სტანდარტ ბანკის“ ,,ინტერნეტბანკინგით“ გადახდილი ელექტრონული საგადასახადო დავალებები, რომელთა მიხედვით, ხაზინაში გადარიცხული იყო - 249 214 ლარი, თუმცა გაირკვა, რომ წარმოდგენილი 49 ქვითარი იყო გაყალბებული და მითითებული თანხები ხაზინის ანგარიშზე არ ჩარიცხულა, რითაც დაზიანდა სახელმწიფოს ინტერესი. ამასთან, იმპოტის გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალებების წარდგენის გარეშე იმპორტირებული საქონელი სამოქალაქო ბრუნვაში არ გაიშვებოდა.

15. სსიპ შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბ.“ მებაჟე-ოფიცრების - თ. ჯ-სა და ნ. თ-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ შპს ,,დ-ს“ სახელით, იმპორტირებული საქონლის განბაჟებისას, კუთვნილი იმპორტის გადასახდელების გადახდის დამადასტურებელ საგადასახადო დავალებებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარადგენდნენ გ. ლ. და ი. დ., რომლებიც უფლებამოსილებას ახორციელებდნენ შპს ,,დ-ს“ დირექტორის - დ. ჯ-ს მინდობილობის საფუძველზე. როგორც მოგვიანებით ჩატარებული მოკვლევით დადგინდა, შპს ,,დ-ს“ მიერ წარმოდგენილი 49 საგადასახადო დავალება იყო ყალბი, რის შედეგადაც სახელმწიფოს მიადგა - 249 214 ლარის ზიანი. გაფორმების ეკონომიკურ ზონაში იმპოტის გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალებების წარდგენის გარეშე იმპორტირებულ საქონელს სამოქალაქო ბრუნვაში არ გაუშვებდნენ.

16. მოწმეების - გ. ლ-სა და ი. დ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი საბაჟო-საგადასახადო მომსახურებას უწევდნენ შპს ,,დ-ს“, რომლის დირექტორი იყო დ. ჯ., კერძოდ, მინდობილობის საფუძველზე შპს-ს სახელით ახორციელებდნენ იმპორტირებული ტვირთის საბაჟო-საგადასახადო პროცედურებს. 2015 წლის ივნისში, იმპორტირებული ტვირთის საბაჟო დეკლარირებისას, გაფორმების ეკონომიკურმა ზონამ მოითხოვა იმპორტის გადასახდელების გადახდა 5-დღიანი საშეღავათო პერიოდის გარეშე. შპს-ს დირექტორი დ. ჯ. გ. ლ-ს ელექტრონული ფოსტით უგზავნიდა ,,კორ სტანდარტ ბანკის” ,,ინტერნეტბანკინგის“ იმპორტირებული საქონლისთვის გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელების საგადასახადო დავალებებს, რომელთა წარდგენის საფუძველზე ხდებოდა იმპორტირებული ტვირთის საბაჟო დეკლარირება. მოგვიანებით გაირკვა, რომ დ. ჯ-ს მიერ გაგზავნილი 49 საგადასახადო დავალება იყო გაყალბებული.

17. ,,კორ სტანდარტ ბანკის“ ბ. ფილიალის ოპერაციების მენეჯერის - თ. მ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ მონაწილეობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ამოღებული შპს ,,დ-ს“ წარმომადგენლების მიერ 2015 წლის ივნისში გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენილი საგადასახადო დავალებებისა და სს ,,კორ სტანდარტ ბანკიდან“ გამოთხოვილი შპს ,,დ-ს“ საბანკო ანგარიშის დათვალიერებაში, რა დროსაც საგადასახადო დავალებები მასზე მითითებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით შედარდა შპს ,,დ-ს“ იმავე პერიოდის საბანკო ანგარიშის ამონაწერთან და დადგინდა, რომ საგადასახადო დავალებებში მითითებული საბანკო ტრანზაქციები არ შეესაბამებოდა შპს ,,დ-ს“ საბანკო ანგარიშის ამონაწერში მითითებულ საბანკო ტრანზაქციებს, კერძოდ, ისინი საერთოდ არ ფიქსირდებოდა ამონაწერში, რაც ცხადყოფდა, რომ საგადასახადო დავალებები იყო გაყალბებული და რეალურად მითითებული თანხები სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე არ ჩარიცხულა.

18. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის № წერილით დადასტურებულია, რომ შპს ,,დ-ს’’ მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ: 2.... საგადასახადო დავალებებზე ბიუჯეტში თანხა არ ჩარიცხულა.

19. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ობიექტური მხრივ, გამოიხატება მოტყუებაში, რის შედეგადაც მესაკუთრეს ან ქონების სხვა მფლობელს ქონებრივი ზიანი ადგება. ამასთან, დამნაშავის ქმედებაში არ უნდა იყოს თაღლითობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები; ქონებრივმა ზიანმა მესაკუთრისათვის იმ ქონების მიღება უნდა გამორიცხოს, რაც წესით უნდა მიეღო. ამასთან, დამნაშავე ან უკანონოდ იყენებს მისთვის მინდობილ ქონებას, ითვისებს იმ შემოსავალს, რომელიც მესაკუთრისათვის უნდა გადაეცა, ან თავს არიდებს მის გადაცემას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენი №511აპ-17 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 3). საკითხის იმგვარად შეფასება, როგორც ეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ დ. ჯ-ს განზრახვა მოიცავდა მხოლოდ გაყალბებული საგადასახადო დავალებების წარდგენით საბაჟო გაფორმების ზონიდან იმპორტირებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებას, ეწინააღმდეგება ობიექტურ რეალობას და სამართლებრივი რეაგირების მიღმა ტოვებს დამნაშავის ქმედებასთან აშკარა მიზეზობრივ კავშირში მყოფ სახელმწიფოსათვის მიყენებულ დიდი ოდენობით ზიანს.

20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის XXV თავით გათვალისწინებულ, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ ისეთ დანაშაულთა ქმედების შემადგენლობებში, როგორიცაა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება და გაფლანგვა, ქონებრივი დაზიანება მოტყუებით და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება, ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს მათი ჩადენა დიდი ოდენობით (მხედველობაშია: საქართველოს სსკ-ის: 177-ე და 178-ე მუხლების მე-4 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტები, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 181-ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 182-ე მუხლისა და 185-ე მუხლის მე–3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტები, 186-ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) ანუ როდესაც ნივთის (დანაშაულის საგნის) ღირებულება აღემატება 10 000 ლარს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განაჩენი №236აპ-12 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი).

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ჯ-მ იმპორტირებული საქონლის საბაჟო პროცედურების შესრულებისას, შემოსავლების სამსახურში გაყალბებული საგადასახადო დავალებების წარდგენის გზით, განზრახ მოატყუა სახელმწიფო, რომ, თითქოსდა, 2015 წლის 11 ივნისიდან 2015 წლის 29 ივნისის ჩათვლით შესრულებული - 45 სასაქონლო-საბაჟო ოპერაციით იმპორტირებული საქონლისთვის გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელი - 249 214 ლარი სრულად ჩარიცხა სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე, რითაც სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით - 249 214 ლარის ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით და მიუხედავად იმისა, რომ დ. ჯ. უარყოფს განზრახვის არსებობას, საქმის მასალებით დადასტურებულ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ცხადყოფს, რომ მის ქმედებაში ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილია დანაშაულის - მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების - შემადგენლობა.

22. ამდენად, დ. ჯ. ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

23. რაც შეეხება სასჯელებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

24. სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

25. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. ჯ-ს ამ დანაშაულისათვის სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის დამძიმება, როგორც ამას პროკურორი ითხოვს საკასაციო საჩივრით, არ არის მიზანშეწონილი. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის განსაზღვრას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს (ანგარება), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია მძიმე კატეგორიის ეკონომიკური დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ყალბი საგადასახადო დავალებების წარდგენით სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“ მოტყუება და სახელმწიფოსათვის 249 214 ლარის ქონებრივი ზიანის მიყენება), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (გამოკვეთილია დანაშაულთა სიმრავლე - ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა თავით გათვალისწინებული ორი დამოუკიდებელი დანაშაული), მის პიროვნებას (არის სპორტის ოსტატი, ხასიათდება დადებითად) და მიაჩნია, რომ დ. ჯ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. დ. ჯ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) ჯარიმა - 4000 ლარი;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა - 4000 ლარი და დ. ჯ-ს საბოლოოდ მიესაჯოს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. დ. ჯ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 19 აპრილიდან 2016 წლის 22 აპრილის ჩათვლით;

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენი ყადაღისა და ნივთმტკიცებების ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი