შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 28.03.2022
საქმის ნომერი
2კ-1001აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.03.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120003797245

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1001აპ-21 ქ. თბილისი

ხ. ი., 1001აპ-21 28 მარტი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ხ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ხ., - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2019 წლის 21 ოქტომბერს, თ. დ., სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ი. ხ-ს გადასცა „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ორი ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით - ........ და სახელმწიფო ნომრით - ........), რომლებსაც ი. ხ. გააქირავებდა და ყოველთვიურად გადაუხდიდა თანხას - 2100 ლარს. ი. ხ., რომელიც მოქმედებდა დანაშაულებრივი განზრახვით, 2020 წლის აპრილიდან, დ. ხ–ს მანქანების გაქირავების თანხა არ გადაუხდია; „ტოიოტა პრიუსის" მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ........, ი. ხ–მ დ. ხ–ს ნებართვის გარეშე, დაშალა და ნაწილები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, ხოლო ,,ტოიოტა პრიუსის" მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით - ......, ადგილსამყოფელი უცნობია. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულ დ. ხ-ს მიადგა 26 746 ლარის - დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

2.2. 2020 წლის 1 ივნისს, თ–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ხ.შეუთანხმდა ი. -, რომ 2020 წლის 2 ივნისს, 22:30 საათამდე, იქირავებდა მის კუთვნილ, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით - ..... 50 ლარად. შეთანხმებისამებრ, ი. ფ-მ იმავე დღეს გადასცა ი. ხ-ს კუთვნილი ავტომანქანა და მისი ტექნიკური მოწმობა, თუმცა, ი. ხ., რომელიც მოქმედებდა დანაშაულებრივი განზრახვით, 2020 წლის 7 ივნისს ავტომანქანა დაშალა და ნაწილები, კერძოდ - აკუმულატორი, ფარი, ე.წ. „აბეესის“ ბლოკი და ელემენტები, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულ ი-ს მიადგა 3550 ლარის - მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2.3. 2019 წლის მარტში, თ–ში, ........ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. ხ. შეუთანხმდა ბ. გ-ს, რომ გააქირავებდა მის კუთვნილ ,,ტოიოტა პრიუსის” მარკის ავტომანქანებს, რის შემდეგაც მისგან წაიყვანა,,ტოიოტა პრიუსის” მარკის 13 ავტომანქანა. ი. ხ., რომელიც მოქმედებდა დანაშაულებრივი განზრახვით, 2020 წლის 24 მაისს ბ. გ. მიუყვანა ყველა კუთვნილი ავტომანქანა, გარდა ლურჯი ფერის „ტოიოტა პრიუსის,“ სახელმწიფო ნომრით -....... და რუხი ფერის „ტოიოტა პრიუსის,“ სახელმწიფო ნომრით - ...... ავტომანქანებისა, რომლებიც, ბ. გ-ს თანხმობის გარეშე, დაშალა. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულ ბ. გ-ს მიადგა 46 130 ლარის - დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

2.4. 2020 წლის 28 მაისს, დაახლოებით შუადღის საათებში, თ-ში, ე.წ „.......... მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ნ–ს სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, დღიური საფასურის გადახდის მიზნით, ი. ხ-ს გადასცა ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსი,“ სახელმწიფო ნომრით - ........., თუმცა ი. ხ., რომელიც მოქმედებდა დანაშაულებრივი განზრახვით, გ. ნ-ს კუთვნილ ავტომანქანას მოხსნა ფარი და კვების ელემენტი, რითაც მოტყუებით დაეუფლა ავტომანქანის ნაწილებს. ი. ხ-მ დანაშაულებრივი ქმედებით გ. ნ-ს მიაყენა 2490 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2.5. 2019 წლის 21 ოქტომბერს, თ–ში .............. სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ი. ხ-ს გადასცა „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ორი ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით - ...... და სახელმწიფო ნომრით - .....), რომლებსაც ი. ხ. გააქირავებდა და ყოველთვიურად გადაუხდიდა 2100 ლარს. ი. ხ., რომელიც მოქმედებდა დანაშაულებრივი განზრახვით, 2020 წლის აპრილიდან დ. ხ. მანქანების გაქირავების თანხა არ გადაუხდია. „ტოიოტა პრიუსის" მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - ......., დ. ხ-ს ნებართვის გარეშე, დაშალა და ნაწილები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, ხოლო „ტოიოტა პრიუსის" მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - ......., 2019 წლის ოქტომბერში, თ-ში, ............., მიჰყიდა დ. შ-ს, რომელიც მოატყუა და უთხრა, რომ ავტომობილი იყო მისი საკუთრება და გაფორმებული იყო მისი მეუღლის სახელზე. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულ დ. შ-ს მიადგა ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენით ი. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ. ხ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. ფ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ბ. გ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ნ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა - 4 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა - 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ. შ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა - 4 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, დაზარალებულ ბ. გ-ს ეპიზოდისთვის, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ი. ხ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

მსჯავრდებულ ი. ხ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 11 ივნისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ხ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ჯ-მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ბ. გ-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ. შ-ს ეპიზოდი) - ი. ხ-–ს უდანაშაულოდ ცნობა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ. ხ-ს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი. ფ-ა და გ. ნ. ეპიზოდები) - წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ხ-ს ადვოკატმა გ. ჯ–მ, რომელიც ითხოვს: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ბ. გ-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ. შ-ს ეპიზოდი) - ი.- ხ-ს გამართლებას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ. ხ-ს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი. ფ-ს და გ. ნ. ეპიზოდები) - წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დაზარალებულების - დ. შ-ა და ბ. გ. ეპიზოდებში ი. ხ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო დაზარალებულების - დ. ხ., ი. ფ-ა და გ.- ნ–ს ეპიზოდებისთვის წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირებას - საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლზე (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). დაცვის მხარის მტკიცებით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა განაჩენის დადგენისას გაიზიარეს მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებები, რომლებიც არ არის გამყარებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით; საქმეში არ არის წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნები და კონკრეტული ნივთების ღირებულების განსაზღვრისას სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულთა ჩვენებებს; ამასთან, დაზარალებულ დ. ხ-ს ეპიზოდთან მიმართებით სასამართლოში გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება არ არის სანდო და უტყუარი, მათ შორის - ავტომობილის ღირებულებასთან დაკავშირებით; დაზარალებულ დ. შ-ს ეპიზოდთან მიმართებით გამოკვეთილი არ არის თაღლითობის კონსტრუქციული ელემენტი - მოტყუება, რადგან მყიდველმა იცოდა ის ფაქტი, რომ ავტომანქანის მესაკუთრე იყო არა ი. ხ., არამედ - დ. ხ.; ბ. გ-ს ეპიზოდთან მიმართებით საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და არცერთი სხვა პირდაპირი მტკიცებულება; გ. ნ-ა და ი. ფ. ეპიზოდებთან მიმართებით, დაცვის მხარის მტკიცებით, მართალია, ი. ხ-მ ამოიღო ნაწილები მითითებული დაზარალებულების ავტომანქანებიდან, მაგრამ მას არ გააჩნდა მითვისების მიზანი, რაც აუცილებელია ქმედების თაღლითობად კვალიფიკაციისათვის.

3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით არ არის წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი. ხ-ს მიერ თაღლითობის (5 ეპიზოდის) ჩადენას; ასევე არ იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ბ. გ-ა და დ. ხ. ეპიზოდებთან მიმართებით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში (თაღლითობის დიდი ოდენობით ჩადენის ნაწილში), თუმცა იზიარებს ამავე განაჩენის მოტივაციას მსჯავრდებულ ი. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დ. შ., ი. ფ-ა და გ. ნ. ეპიზოდებთან მიმართებით მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის: მოწმეების - დ. ხ., გ., დ-ს შ-ს, ბ. შ-ს, ზ-ს ჩვენებები, ი. ფ., გ. ნ-ს გამოკითხვის ოქმი, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, პირის ამოცნობის ოქმი, ამოღების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, სასაქონლო ექსპერტიზის 2020 წლის 2 ივლისის დასკვნა, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი. ხ-მ ჩაიდინა მითითებული დანაშაულები; საკასაციო სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმეების - ბ. გ., ხ., დ. ხ-ა და გ-ს ჩვენებებით, ამოღების ოქმებითა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი. ხ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები ბ. გ-ა და დ. ხ-ს მიმართ.

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. ხ-ს მსჯავრი დაედო, მათ შორის - თაღლითობისთვის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (ბ. გ-ა და დ. ხ-ს ეპიზოდები), ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, მითითებული დანაშაულისათვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით, ამავე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მითითებული დანაშაულისათვის მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში ბ. გ-ა და დ. ხ. ეპიზოდებთან მიმართებით საქმეში არ არის წარმოდგენილი მიყენებული ზიანის შესაფასებლად ან/და დაზარალებულების მიერ მითითებული ზიანის მოცულობის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება, მათ შორის - სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნულ ეპიზოდებთან მიმართებით, საქმეში ნივთმტკიცებად ამოღებული ნივთების რაოდენობისა და სახეობის, დაზარალებულების ჩვენებების მიუხედავად, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის ან/და ნივთების ზიანის კონკრეტული ოდენობის დამადასტურებელი რაიმე უტყუარი მტკიცებულების არარსებობის პირობებში დაუდგენელია, ი. ხ-მ მითითებულ დაზარალებულებს მიაყენა თუ არა 10 000 ლარზე მეტი ზიანი, თუმცა ნივთების სახეობის გათვალისწინებით, უტყუარად დგინდება, რომ დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 150 ლარს, რის გამოც ი. ხ-ს ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

5. გ.- ნ-ს ეპიზოდთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გარდა დაზარალებულის გამოკითხვის ოქმისა, რომელიც დაცვის მხარემ უდავო მტკიცებულებად ცნო, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 2 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზაზე წარდგენილი, 2005 წელს გამოშვებული „TOYOTA PRIUS-ის“ (სახელმწიფო ნომრით - №......) წინა მარცხენა მაშუქისა და ჰიბრიდული სისტემის აკუმულატორების საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს 2440 ლარს. შესაბამისად, სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ი. ხ-ს, დაზარალებულ გ. ნ-ს ეპიზოდში, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში.

6. ი. ფ-ს ეპიზოდებთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ი. ფ-ს გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, ი. ხ-მ ერთი დღით იქირავა მისი ავტომანქანა, თუმცა მეორე დღეს არ მოუყვანა და ტელეფონი გათიშა. მოგვიანებით დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი ავტომანქანიდან ამოიღო ძრავის ელემენტი, ხოლო ავტომანქანა დატოვა ......ს ზღვის შემოვლითი საავტომობილო გზის მიმდებარედ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ი. ხ-ს, დაზარალებულ ი. ფ-ს ეპიზოდში, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში.

7. რაც შეეხება დ. შ-ს ეპიზოდს, დაზარალებულმა განმარტა, რომ ი. ხ-სგან 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად, შეიძინა „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - ........; 3500 ლარი გადაიხადა, ხოლო დანარჩენი თანხა, შეთანხმების შესაბამისად, გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა. ავტომანქანა დ. ხ-ს სახელზე იყო გაფორმებული, თუმცა მსჯავრდებულისაგან იცოდა, რომ ის მისი მეუღლე იყო. ი. ხ-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა 1700 აშშ დოლარისა და 450 ლარის მატერიალური ზიანი, რომელიც დღეის მდგომარეობით ანაზღაურებული არ არის. ავტომანქანაში პირველ ეტაპზე 3500 ლარის გადახდა დაადასტურა ასევე დ. შ-ს მამამ, ბ. შ-მ. იმის გათვალისწინებით, რომ კასატორი აღნიშნულ ეპიზოდში მსჯავრდებულის გამართლებას ითხოვს იმაზე მითითებით, რომ დაზარალებულისათვის თავიდანვე ცნობილი იყო ავტომანქანის მესაკუთრის ვინაობა და მან გარიგება დადო არამესაკუთრესთან - მხარეებს შორის დავის საგანია, მოატყუა თუ არა ი. ხ–მ დ. შ. ავტომანქანის გაყიდვისას. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას რომ არ არის გამოკვეთილი მოტყუების ელემენტი, ვინაიდან დ. შ-ს ჩვენებით დგინდება, რომ ის ენდობოდა ი. ხ-ს, რომელიც არწმუნებდა, რომ დ. ხ. (ვის სახელზეც იყო რეგისტრირებული ავტომანქანა), იყო მისი მეუღლე და თანხის სრულად დაფარვის შემდეგ ავტომანქანას გადაუფორმებდა. დაზარალებულის მიერ გარიგების დადება არამესაკუთრესთან a priori არ გამორიცხავს მის მიმართ თაღლითობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულმა დაზარალებულს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია ავტომანქანის მესაკუთრესთან მისი ურთიერთობის ხასიათის შესახებ.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას. ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011), გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილული იქნა საქმის არსებითი საკითხები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no. 21447/11, no. 35839/11, §65, 66; 27/02/2020).

9. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს, ასევე დაზარალებულ გ. ნ-ს ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას, რომ მას ი. ხ-ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივრის არარსებობისა და საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით (საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში), ი. ხ-ს სასჯელის სახედ და ზომად, უნდა განესაზღვროს გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. ხ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

2.1. ი. ხ-ს ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ბ. გ-ს ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

2.2. ი. ხ-ს ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ. ხ-ს ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

2.3. ი. ხ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (5 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ბ. გ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ. ხ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. ფ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ. შ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა - 4 წლით;

- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ნ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გაუნახევრდეს და განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა - 2 წლით;

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, დაზარალებულ ბ. გ-ს ეპიზოდისთვის, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი ეპიზოდებისთვის დანიშნული თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ხ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით;

3. მსჯავრდებულ ი. ხ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 11 ივნისიდან;

4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე